სოციალური მედია ცეკვას ჰგავს – ხალხს აერთიანებს
Posted 4:00 PM by Nina in თემები ინტერვიუ, ინტერნეტი, მედია, ნეტგაზეთი, სოციალური ქსელიავტორი: ცირა გვასალია
ინტერვიუ მედიის განვითარების სესხების ფონდის ახალი მედიის კონსულტანტთან, დაგლას არელანესთან.
რა არის სოციალური მედია?
დიჯეი ვარ, რადიოშოუ მიმყავს პრაღაში, კლუბებშიც მიმუშავია წლების განმავლობაში და ძალიან ვამსგავსებ ერთმანეთს სოციალურ ქსელებსა და ცეკვას – ადამიანი მარტო ცეკვავს ხოლმე სცენის შუაგულში. პარადოქსია, მაგრამ არავის უნდა საცეკვაო არენის შუაგულში მარტო ყოფნა. ყველას მეგობრებთან ყოფნა ურჩევნია – რაც უფრო მეტი ხალხია გარეშემო, მით უკეთესი.
ასეა სოციალური მედიაც – მომხმარებლები იქ იყრიან თავს, სადაც სხვები ეგულებათ.
ორი რამ განაპირობებს ახალი მედიის წარმატებას: პირველ ან მეორე ადგილზე უნდა იყო ბაზარზე. თუ პირველი ხარ, ხალხი აუცილებლად მიგეჩვევა. თუ მეორე ხარ, აუცილებლად უნდა იყო ნოვატორი, ახალი რამ გამოიგონო, რასაც აუდიტორია მოიხმარს.
მაგალითად, დღევანდელი “ფეისბუქი” ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ის 3–4 წლიწ წინ იყო. “ფეისბუქი” მუდმივად პოულობს ახალ გზებს, რომ მომხამრებლის ყურადღება მიიქციოს. ისინი ყოველ 6 თვეში ერთხელ ცვლიან დიზაინს და ყველა წუწუნებს, რომ არ მოსწონს ახალი დიზაინი. მაგრამ ხალხი მალე ეჩვევა სიახლეს და კვლავ და კვლავ განაგრძობს სიახლის მოხმარებას.
და რატომაა ფეისბუქი ასეთი სასარგებლო? – იმიტომ, რომ იქ ჩვენი მეგობრები არიან.
ხომ არ დაიკლებს მოთხოვნა ჟურნალისტიკის სკოლებზე, როცა მედიას უკვე მხოლოდ ჟურნალისტები არ ქმნიან?
ჩემი აზრით, ჟურნალისტიკის სკოლებმა უნდა გადახედონ საკუთარ წარმოდგენას „ხარისხიან ინფორმაციაზე“ და ასევე შეცვალონ თავიანთი აზრი ჟურნალისტის ფუნქციაზე სოციალურ ქსელების თანამედროვე სამყაროში.
ინტერნეტის სამყაროში მკითხველს შეუძლია ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტის ნაშრომზე. ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტების როლი სხვანაირი ხდება.
ამბის მთხრობელზე მოთხოვნა დიდია დღევანდელ მსოფლიოში. მთხრობელებზე წარმოდგენა კი ახლა სხვანაირია, ვიდრე ეს იყო მაშინ, როცა პირველად შეიქმნა ჟურნალისტიკის სკოლა.
ზოგადად, ჟურნალისტური სკოლების დიდი ფანი არა ვარ. ბევრად უკეთესი იქნებოდა, ხალხი ერთ გარკვეულ საგანზე, როგორებიცაა ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა–
სპეციალიზდებოდეს და შემდეგ ამაზე წერა თვითონ დაიწყოს. ეს ბევრ ჟურნალისტურ სკოლას ავიწყდება.
თუმცა, ასევე არის მოთხოვნა პროფესიონალურ მასალაზე, რომელიც ჟურნალისტმა უნდა მოამზადოს. ამას კი ნამდვილად უზრუნველყოფს ჟურნალისტური სკოლა.
მაგრამ უნდა იყვნენ თუ არა ჟურნალისტები ჭეშმარიტების მონოპოლისტები? – არამც და არამც არ უნდა იყვნენ და არც იქნებიან.
სინამდვილეში, ყველას შეუძლია იყოს ამბის მთხრობელი – ამბავი არავის მიერ არ უნდა „გაიფილტროს,“ არ უნდა არსებობდნენ მედიატორი ინფორმაციასა და აუდიტორიას შორის – ასეთი მედია უფრო დემოკრატიულია.
ჟურნალისტები, ვისაც ესმით ეს, მუდმივარ სიახლის ძიებაში არიან იმისათვის, რომ ამბის მოყოლის უკეთეს გზებს მიაგნონ.
თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა ჩვეულებრივ ფიზიკოსს ისე მოყვეს სიახლე ფიზიკის სფეროში, რომ ეს გასაგები იყოს ჩვეულებრივი (არაფიზიკოსი) აუდიტორიისთვის?
ეს აუდიტორიამ უნდა გადაწყვიტოს. თუ ეს ფიზიკოსი ისე კარგად ყვება ამბავს ატომურ ფიზიკაზე, რომ იქცევს ყურადღებას, რატომაც არა? უფრო მეტი ძალაუფლება გადადის მის ხელთ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ახალ მედიას ტრადიციულ მედიასთან შედარებით: ესაა შესაძლებლობა დაითვალო, რამდენი ადამიანი კითხულობს შენს სტატიას ან უყურებს შენს მიერ გადაღებულ ვიდეოს. ეს გაძლევს სწრაფ უკურეაქციას შენს პროდუქციის მოხმარების შესახებ.
ძველად სხვანაირად იყო: სტატიაზე გამოხმაურება მხოლოდ იმით გამოიხატებოდა, რომ მკითხველი რედაქტორს მისწერდა სტატიის შესახებ. ან კოლუმნისტი დაწერდა სვეტს.
ახლა სიტუაცია შეცვლილია და სხვა საზომები გვაქვს სტატიის მოხმარების შესახებ.
როგორ უნდა მოიზოდონ ახალი მედიის მენეჯერებმა რეკლამის შემკვეთები და ხომ არ იქმნება საფრთხე, რომ ახალი მედიაც მალე გაკონტროლდება დამფინანსებლის მიერ?
მედია იცვლება, იცვლება რეკლამაც.
ამერიკაში ახლა ერთი სერიალი გადის „გიჟი კაცი,“ სადაც აღწერილია სარეკლამო სააგენტოს საქმიანობა 60–იან წლებში. სარეკლამო სააგენტოს მუშაობის პრინციპიც შეიცვალა და სააგენტოებმაც ახალი გზა უნდა იპოვონ, თუ როგორ უნდა მიაწვდინონ ხმა მათ აუდიტორიას ახალ სივრცეში და გაყიდონ თავიანთი თუ კლიენტების პროდუქტი.
იხილე სრულიადში>>> netgazeti.ge