ისტორია: ჟურნალი "ავტოპილოტი" არის რამდენიმე წლის წინ დაწყებული ერთჯერადი ონლაინ და ბეჭდვითი ესემეს და ლოგ-პროექტების გაგრძელება ამჯერად პერიოდული გამოცემის სახით. ძველი პროექტები შეგიძლიათ იხილოთ "გლობალ დარკნეს პაბლიშინგის" პორტალზე: http://zigota.wordpress.com
ფუნქცია: “ავტოპილოტში” ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია ონლაინ გაცვლილი ტექსტური მიმოწერა ყოველდღიური ესემესების, იმეილების, ფორუმების პოსტებისა და სხვადასხვა მესინჯერებიდან შენახული ლოგების სახით.
იხილე სრული ტექსტი

"ველური დღეების ქრონიკები" ვითარდება ტიპიურ თბილისურ რედაქციაში, რომელიც გაურკვეველი სახის ბეჭდური პროდუქციის გამოშვებითაა დაკავებული. წიგნის მთავარი გმირი - სოსო, ცდილობს მედიატორის როლის შესრულებას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა რედაქციაში არსებული სიურრეალისტური ქაოსისა და სასურველი დისციპლინის შეჯვარებას, რისთვისაც იგი, დღის განმავლობაში, რუტინული საკითხების მოგვარებასთან ერთად, თვითრეფლექსიური ტექსტის წერითაა დაკავებული. თერაპიის ამგვარი ხერხით, სოსო ცდილობს დაალაგოს მის გარშემო არეული უწესრიგობა, თუმცა რეალობის მოთოკვა, მისი კოლეგებისა და ამავდროულად მეგობრების წყალობით, უფრო და უფრო რთულდება.
https://saba.com.ge/books/

(პიესაა, რაღა თქმა უნდა)
მოქმედი პირები:
თუმოროფობი
თუმოროფობი
რეპლიკა ვ სტორონუ
უხილავი ხელი, სავარაუდოდ გოსპოძი
სურათი პირველი
დიდი ბანერი წარწერით: გაზაფხულის პირქუში დღე, ვაააახ, აღარ დათბა, ნუუუუ!!!!!!
გამოდიან თუმოროფობი და თუმოროფობი.
თუმოროფობი:
ოოოოხ მიგრძნობს ტანი რაღაცას ავსა და
რაღაც ავსა მიგრძნობს მე ტანი.
თუმოროფობი:
ტვინი წაიღე, წაიღე ტვინი
აჰა, წაიღე, წაიღე ტვინი.
აწვდის ტვინს თუმოროფობს. თუმოროფობი ტვინს ართმევს და ჭამს.
იხილე ვრცლად
"ლელა & გალა"
ავტორი: მჩხაპნელი
შესავალი:
ქალაქი ცხელისი (გლობალური დათბობის ერამდელი “თბილისი”)
2013 წელი მ.გ–დან (“მიშას გადადგომიდან”)
ძვ.თემქის სამეფოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია უძველესი (სავარაუდოდ, “მხედრული”) ანბანით თხელ ქაღალდზე (ერთგვარი საწერი მასალა, რომელსაც საუკუნეების წინ იყენებდნენ. ამჟამად გვხვდება მუზეუმებსა და ანტიკური ქალაქების ნანგრევებში) შესრულებული ჩანაწერი. მესიჯ–ლათინურ ანბანზე გაზრდილი ქართველი მკვლევარები ჯერჯერობით ამაოდ ცდილობენ ტექსტის გაშიფვრას. ერთადერთი დადგინდა ის, რომ უწინ ამ ადგილზე საშუალო სკოლა მდებარეობდა.
გალაკტიონისა და ლელა წურწუმიას შედარებითი დახასიათება
დიდი ქართველი მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის (“ყველა ადამიანის ბიოგრაფია იმ ეპოქაში რატომღაც ამ სიტყვებით იწყებოდა” – მკვლევარის შენიშვნა) ლელა წურწუმიას აღმასვლა ჩვენი ქვეყნის იმ ბედკრულ პერიოდს დაემთხვა, როდესაც “ჟიგულის“ ”ჟიგულობის” მიუხედავად, ქართველ ერს არამხოლოდ ქადა, ორი ხელით საჭმელი სხვა ბევრი ნუგბარიც არანაკლებ ენატრებოდა. სწორედ ამიტომ გასაკვირი აღარ არის ის პესიმიზმი და სევდის ზეობა, რომელიც ლელას სიმღერებიდან ხშირად გამოსჭვივის (“ღამდება, ცივა, ზაფხულის წვიმა, თითქოს დაიკლავს თავს”). რა თქმა უნდა, ცოტა რთული წარმოსადგენია ის, თუ როგორ იღებს წვიმა ცულს და ირტყამს მას კისერში (რამდენჯერმე), მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ იმ ეპოქის ქართული სიმღერების ტექსტებში წვიმას ერთმნიშვნელოვნად საკრალური დატვირთვა ჰქონდა და ხშირად მას მაგიურ თვისებებსაც მიაწერდნენ ხოლმე (“წვიმა მოგონებებს ასველებს…” – ვ.ტურაშვილი).
თუმცა, მკვლევართა მეორე (და უფრო სანდო) ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ თავისი მოღვაწეობის მწვერვალზე ლელა ცნობილი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ფაქტის დასადასტურებლად რამდენიმე მაგალითიც მოაქვთ:
“ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი…”
(გალაკტიონი)
“ღამე ქუჩას მი–ვუ–ყვე–ბი,
წვიმს და სევდა მე–მა–ტე–ბა”
(ლელა წურწუმია)
"წვიმს და სევდა მემატება"
“ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი?
რომელი საათია? რომელი საათია?” – გ.ტ.
“გათენებას ველოდები,
წვიმაც გადაიღებს ალბათ…” – ლ.წ.
როგორც სჩანს, გალაკტიონის სიმაღლეზე ასვლის სურვილი ბევრი სხვა შემოქმედის მსგავსად ნელ–ნელა ლელა წურწუმიაშიც გაღვივდა… >>> იხილე გაგრძელება >>>doin.ge
via ტაბულა
აქა ამბავი ბრინჯაოს თავისა
...არადა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ (ნახევრად ექსპერიმენტულად, ნახევრად იუმორით თუ ირონიით) თავადაც გამოაქვეყნებდა სტატუსს fb-ზე: — დაედგათ თუ არა მისი ძეგლი მისსავე ქალაქში და მერე მემარჯვენეების, ლიბერალების, ინტელიგენტებისა თუ ინტელექტუალების მიერ დაყრილ ქოქოლას სიამოვნებით ჩააქოლინებდა საკუთარ თავს. მას იზიდავდა პროვოკაციული არტი და სოციალური ქსელის სივრცეს, მსგავსი პროვოკაციისთვის ალბათ შესანიშნავად გამოიყენებდა. დანამდვილებით ვერავინ იტყვის რა იქნებოდა, მაგრამ სავარაუდოდ ეს ჭეშმარიტად მის საქციელს ჰგავს.
წარმოიდგინეთ, რომ fb-ზე მისი ძველი „ბლოგებია” და გადაშალეთ მისი ავტორომანი „მშვიდი ცურვა”, ირაკლი ჩარკვიანს ძეგლების და ძეგლომანიის არ ეშინია. ის უკიდურესად რეალისტურად და ირონიით შეჰყურებს თუ დაჰყურებს ზევიდან საკუთარ ძეგლს:
„... როგორც წესი , რაღაცის მოხდენა გოიმებს ესაჭიროებათ (ყურადღების მიქცევის მიზნით, რა თქმა უნდა), თორემ ჩვენ რა, ვინც გენეტიკურად ყურადღების ღუმელში ვიწვით და საზოგადოება ხან ნავთს მოგვასხამს, ხან ბენზინს, რომ უფრო მეტად ვიგიზგიზოთ, ჩავიფერფლოთ. მერე კი, უკეთეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტის სამსახურში, ვინმე ნარკომან მოქანდაკეს წამლის ასაღებ ფულს გადაუხდის, რომ მან ჩემი მელოტი თავი ბრინჯაოსგან გამოაქანდაკოს და რომელიმე ბაღში (ეს საუკეთესო შემთხვევაში) ორმოცდაათიოდე კრეტინის თანდასწრებით დადგას. ეს ამ ავტორომანის ფინალური სცენა არ გეგონოთ, რადგან მტრედი, რომელმაც სწორედაც რომ ჩემ მომავალ თავზე უნდა მოისაქმოს, მდედრ მტრედთან სექსით არის დაკავებული და ამიტომ ამ ბოლო კადრში ვერ ხვდება...” ( ირაკლი ჩარკვიანი, 2006 წ. „მშვიდი ცურვა”, გვ 57)
ვერაფერს იტყვით - მისი წარმოსახვის უნარი და თვითირონია კულმინაციას აღწევს და, მიუხედავად ამისა, საკუთარ ძეგლს ის მაინც ამ ქალაქის ლანდშაფტში ხედავს.
კიდევ ერთ ნაწყვეტს მოვიყვან მისი ავტორომანიდან ”მშვიდი ცურვა”:… >>> იხილე გაგრძელება >>> www.tabula.ge
ავტორი: lobzhanidze
“დარწმუნებული ვარ, რომ ზემოდან ვიღაც გვიყურებს, სამწუხაროდ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მთავრობაა.” - ვუდი ალენი -
1948 წელს (დაიბეჭდა 1949 წელს) ჯორჯ ორუელმა საკულტო წიგნი “1984” დაწერა. სხვადასხვა მკლევარებმა და კრიტიკოსებმა ამ წიგნს არაეთგვარი ინტერპრეტაცია მისცა (იმის და მიხედვით თუ რა პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგა), ზოგიერთი წიგნში აღწერილ უტოპიურ და ტოტალიტარულ გლობალურ სახელმწიფოს საბჭოთა კავშირის პროტოტიპად მიიჩნევდა, ზოგიერთიც ამ წინგში მომავალ ბრიტანეთს (ანუ თანამედროვეს) ხედავდა. დღესდღეობით გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში კამერების რაოდენობით ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას, ქუჩაში დამონტაჟებული კამერები ადამიანს შეიძლება ყოველ ნაბიჯზე შეხვდეს და პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი ადგილის პოვნა სადაც თქვენი ქმედება შეუმჩნეველი დარჩება.
კამერებს რა თქმა უნდა საკუთარი დანიშნულება გააჩნიათ, ისინი გვიცავენ დანაშაულისგან და ხშირად შეიძლება სიკვდილს გადაგვარჩინონ. თუმცა, ასეთ პრევენციულ ზომებსაც უარყოფითი მხარე გააჩნიათ, უფრო კონკრეტულად კი ინდივიდების პირადი ცხოვრება მინიმუმამდეა დაყვანილი, თუ ზოგიერთს ეს არ აღელვებს სხვა პირად ცხოვრებაში ასეთ შემოჭრას გულახდილად განციდის.
დავუბრუნდეთ ორუელის რომანს, “1984” წარმოადგენს იმ საზარელ და ყოვლად დაუშვებელ სამყაროს, რომელიც არ აღიარებს ინდივიდს და ფეხ ქვეშ თელავს ყველას ვინც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, ეს კი პირველ რიგში პირად ცხოვრებაში შეჭრაში გამოიხატება, რომანში აღწერილ სახელმწიფოში ადამიანის ყოველი ნაბიჯი კონტროლის ქვეშაა, რაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საშუალებას არავის აძლევს. თუმცა, რამდენად რეალურია და არა უტრირებული ორუელის მიერ აღწერილი სამყარო? >>> იხილე გაგრძელება >>> lobzhanidze.wordpress.com
ავტორი: Lord Vader
დოჩანაშვილისეულ ფოტოგრაფ კეჟერაძეს ძლიერ უყვარდა ლიტერატურა, მწერალ მელისა პანარელოს / მელისა პი-ს (Melissa Panarello / Melissa P.) კი ძლიერ უყვარს თავისი ვაგინა, იმდენად, რომ პირველი რომანი “ჯაგრისის 100 გადასმა ძილის წინ” (100 colpi di spazzola prima di andare a dormire) მას მიუძღვნა. ეს არის დღიური, სადაც ღიად და თამამადაა აღწერილი თხუთმეტი წლის გოგონას სექსუალური ცხოვრება და ფანტაზიები. არა მგონია, იოლი იყოს იტალიელთა გაკვირვება ეროტიკული ნაწარმოებით, მით უმეტეს კი – შოკირება. ბოლოს და ბოლოს სწორედ აქ, რამდენიმე საუკუნის წინ შეიქმნა “დეკამერონი”, მაგრამ “ჯაგრისის 100 გადასმის” ავტორი მხოლოდ 17 წლისა იყო, მთავარი გმირი კი, როგორც ვთქვი – სულ რაღაც თხუთმეტის. ამასთან, მელისა პანარელო სიცილიელია, კატანიას პროვინციის პატარა ქალაქ აჩი კასტელოდან, სიცილია კი დღემდე რჩება პატრიარქარულ ტერიტორიად ევროპაში.
სიცილია უკიდურესობათა მხარეა. აქ არ არსებობს მეორეხარისხოვანი. სიციალია ბევრს გასცემს, მაგრამ უკან ყოველთვის ორმაგს ითხოვს და გართმევთ კიდეც ორჯერ მეტს იმისა, რაც გიბოძათ.
მელისა პი. ინტერვიუ ინტერნეტ-გამოცემას Three Monkeys Online
(ამ სიტყვებიდან, შემთხვევით, რაღაც ხომ არ გეცნოთ?)
ასე იყო თუ ისე, მელისა პანარელოს რომანი იტალიაში მილიონ ეკზემპლიარზე მეტი გაიყიდა (რითიც მხოლოდ 1958 წელს გამოცემულ ჯუზეპე დი ლამპედუზას “ლეოპარდს” ჩამორჩა) და მალევე ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე. 2005 წელს კი რეჟისორმა ლუკა გუადანინიომ ფილმადაც გადაიღო. ფილმს Melissa P. ჰქვია და ქართულ ინტერნეტ სივრცესა შიგან სძევს… თუმცა, მისი მიხედვით რომანზე მჯელობა არასწორია – მეტისმეტად თავისუფალი ინტერპრეტაციაა და ცოტა რამ აქვთ საერთო.
ნაწარმოებში მელისა პანარელო აღწერს საკუთარი სხეულისა და ეროტიკული შეგრძნებების შეცნობის პროცესს. ის ხან უცოდველი სკოლის მოწაფეა, ხან – საბედისწერო ქალი, ხან მორჩილი და მიმნდობია, ხანაც – მკაცრი დომინა. ყველა თავის სექსუალურ ფანტაზიას აღისრულებს, ჯგუფურ სექსშიც მონაწილეობს კატანიას მთავარი ტაძრისა და ეპისკოპოსიის რეზიდენციის მახლობლად და ერთ-ერთ მამაკაცს ფალოიმიტატორით უკანალშიც ხმარობს… მაგრამ, ავტორის თქმით, სექსი მხოლოდ ხერხია და არა საგანი. ნაწარმოების მთავარი თემა კი “იტალიურ საზოგადოებაში გამეფებული ფარისევლობა და პირმოთნეობაა”.
ბევრმა ჩემს წიგნს მხოლოდ ზერელედ გადაავლო თვალი და სიღრმეებში ჩახედვა არ ისურვა, რაც სრულიადაც არ მახარებს. კრიტიკოსები და ჟურნალისტები იოლ გზას გაჰყვნენ – საუბრობენ სექსზე, სკანდალზე, თითქოს ეს ერთადერთია, რაც წიგნში ყურადღებას იმსახურებს.
მელისა პი. ინტერვიუ ინტერნეტ-გამოცემას Three Monkeys Online
წიგნი, ალბათ, მოეწონებათ ფემინისტებს. >>> იხილე გაგრძლება >>> lifestylebox.wordpress.com
ავტორი: ანრი ბეილი
ნიუ-იორკიდან კანზასისკენ მიმავალი მატარებელი მთელი სიჩქარით მიექანება. ნაცრისფერი მთვარე ბნელ კუპეს ვერ ანათებს. თბილ პლედში გახვეულ მამაკაცს, შლიაპა საგულდაგულოდ აქვს ჩამოფხატული თავზე და სიგარას ექაჩება…. ტრუმენ კაპოტე ბოჰემური ნიუ-იორკიდან კონსერვატიულ კანზასში მიემგზავრება_ ჰოლკომბში_ქალაქში, სადაც კარებებს არავინ რაზავს, ყველა ერთმანეთს იცნობს… ქალაქი, რომელიც საზარელმა მკვლელობამ შეძრა.
ცნობილი ჟურნალისტი ფერმერისა და მისი ოჯახის სადისტურად ამოხოცვის გასაშუქებლად ჩადის. საფიქრალი ბევრი , აქვს, როგორ შეხვდება კონსერვატორული ქალაქი მის ღია ჰომოსექსუალობას, ხმამაღალ, მანერულ საუბარსადა ფერად კაშნეს? როგორ დაამყარებს ნდობას რესპონდენტებთან?
ფიქრები ერთმანეთში ირევა, კაპოტე სიზმრების სამყაროში ინაცვლებს.
”11 წლის ასაკში მე დავიწყე მართლაც სერიოზულად წერა. “სეროზულად”, ამას ვამბობ იმ თვალსაზრისით, რომ სხვა ბავშვები მიდიოდნენ სახლში, რათა ემეცადინათ პიანინოზე, ვიოლინოზე ან სხვა რამეზე, მე სკოლიდან ვბრუნდებოდი სახლში იმისათვის, რათა მეწერა დღეში სამი საათი. მე აკვიატებული მქონდა წერა”
წერით აკვიატებულ ტრუმენ კაპოტეს ჰქონდა საკუთარი სტილი, უყვარდა ტყუილების და ჭორების გავრცელება, ატარებდა ფერად-ფერად შარფებს და ყოველთვის გამომწვევად ქირქილებდა.
ხშირად ამტკიცებდა, რომ მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან, თუმცა მათ ცხოვრებაშიც არ შეხვედრია. თუმცა ეს არ იყო გასაკვირი, ბავშვობაც მძიმე და ტრაგიკული ჰქონდა, ალკოჰოლიკმა დედამ, საძილე აბებით თავი მოიკლა.ტრუმენმა თავისი სამყარო შექმნა, სადაც მხოლოდ კეთილი ადამიენები ცხოვრობდნენ, სადაც მას აფასებდნენ და უყვარდათ.
………………………
ბორტგამცილებლის მჭექარე ხმამ ტრუმენი გამოაფხიზლა… ჩემოდანს ხელი დასტაცა, თმაზე ხელი გადაისვა, ღრმად ჩაისუნთქა და ბაქანზე ჩამავალ ხალხს შეუერთდა, მიყრუებულ ქალაქში ციოდა… აქედან იწყება ტრუმენის თავგადასავალი კანზასში.
სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა
მდიდარი ფერმერი ცოლთან და ორ შვილთან ერთად დილით მოკლული იპოვეს. პოლიციამ მკვლელები მალევე დააკავა, დიკ ჰიკოკსა და პერი სმიტს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და სიკვდილმისჯილთა საკანში გამოკეტეს.
კაპოტეს ეს თემა საინტერესოდ მოეჩვენა და მისი გაშუქება გადაწყვიტა,
” არ ვიცი ამ ამბავს, რამდენი ხანი დასჭირდება, დღეები თვეები და შეიძლება წელიც კი, მაგრამ დამიჯერე კარგი მასალა გამოვა”_ აცნობა რედაქტორს. კაპოტე მალევე მიხვდა რომ ამ ამბისგან სტატია არ გამოვიდოდა, და წიგნის დაწერა გადაწყვიტა.
ცინიკური კომენტარები, ხალხისგან ამრეზი მზერა, ამ ყველაფრის გადატანა კაპოტეს ადგილობრივებისგან ყოველდღე უწევდა,>>>იხილე გაგრძელება>>> gaydgiuri.wordpress.com
ავტორი: gorgiladze
„უბანს ერთი გიჟი უნდა ჰყამდეს და ერთიც ქორფა ქალი, რომელიც თავს მოანდომებს დიდიან-პატარიანა ყველას“ – გაუჩერებლივ გაიძახოდა გიჟუა ბაგრატა და უბნის გიჟის მოვალეობას თავადვე პირნათლადა და დაუზარებლად ასრულებდა კიდევაც. განა ჩვენს უბანს მარტო გიჟუა ბაგრატა ებადა? სანდომიანი ბარიშნიაცა გვყამდა მე და ჩემმა მზემ – გრეტა რქმეოდა. იმის გვარი არ დამხსომებია. იმის გვარი ჩემს შაიკასა და უფროს შაიკებსაც იმაში ყველაზე ნაკლებად გვადარდებდა. ეგ მეათეხარისხოვანი გახლდათ.
გრეტა ეგრე ათი წლით მაინც იქნებოდა ჩემზე უფროსი და უბნის დიდ ბიჭებს ეამხანაგებოდა. სუსტი იყო და არც მაღალი ეთქმოდა. უფრო სიდაბლისკენ იწევდა, შავგვრემანი იყო, გუდრონივით შავი თმა ჩამოშლილიყო და სქლად ეფინა მხრებზე და კევის ღეჭვა უყვარდა ძლიერად.
გრეტას უბანში სიახლეები შემოქონდა. მერედა ჩვენსას ახლის მოტანას ეხუმრები? ძნელი საქმე იყო. მაშინ მითუმეტეს, მე რო თითის ტოლა ვიყავი. ჯერ იყო და ჩაცმა უყვარდა სხვა ელფერიანი. თხელ ნაჭრებს შემოიხვევდა ხოლმე – ისე რო წელიც გამოსჩენოდა. ის ამოშვერილი ძვლებიც დაითვლებოდა ხელხემალს რო მიუყვება კისრისკენ და გაუდის ნახელავს რო ჰგავს. დაბლა ჯინსებს და და კრასოვკებს იცვამდა, ოღონდ ერთი ჩვევა კი ჰქონდა: კრასოვკებსა და შარვლის ბოლოებს შორის მოსჩანდა კოჭები. ეს კოჭები იყო ძალიან ლამაზი და საყურებლად გემრიელი, ხოდა როცა გრეტა დიდ ბიჭებთან ერთად ბანქოს უბერავდა და ჩემი შაიკის ბიჭები შორიდან ვუცქერდით, რატომღაც მე სულ მის კოჭებს ვუყურებდი ხოლმე თვალმოუშორებლად. კოჭები მომწონდა. გრეტას სხვა იმპორტული ჩვევებიცა ჰქონდა: გვიანობამდე გარეთ ერთობოდა, ალალადაც ცუდრუკებდა და სასიყვარულო ამბებშიც იყო შემჩნეული ერთ-ორთან. ერთი სიტყვით თავქარიანი ვინმე იყო და ლაპარაკის მოყვარული დედაკაცების აზრიც ფეხებზედ ეკიდა… იხილეთ გაგრძელება>>>> gorgiladze.wordpress.com
ავტორი: ქეთი
დიდი ხანია მსურდა ცნობილ ნორვეგიელ მწერალზე - ”სიყვარულის ქალღმერთ”დაგნი იუელიზე დაწერა. ჩემდა გასაკვირად და გასახარად დაგნიზე ინფორმაციის შეგროვება რომ დავიწყე ქართულ ბლოგებზე ბევრ საინტერესო სტატიას წავაწყდი. ამიტომ არ ჩავთვალე საჭიროდ ახალი სტატიის დაწერა. მე მოკლე პოსტს გთავაზობთ და იმედი მაქვს დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად წაიკითხავთ დაგნიზე ვრცელ სტატიებს (ბმული იხილეთ პოსტის ბოლოს)
დაგნი იუელი პოლონელი მწერლის სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე იყო და სახელი გაითქვა არა თავისი შემოქმედებით, რამდენადაც საინტერესო ცხოვრებით. იგი გახლდათ მრავალი შემოქმედის შთაგონების წყარო და მუზა. მათ შორის ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის, რომლის ტილოების უმრავლესობაზეც, სწორედ, დაგნი იუელია გამოსახული.
”დაგნი ბოჰემური ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, უყვარდა სმა და დროსტარება. იცვამდა ექსტრავაგანტულად, ყველასგან განსხვავებულად, თუმცა ელეგანტურად და მოხდენილად. ღიმილში კი, ისეთი უცნაური სითბო ჰქონდა გამომწყვდეული, რომ ერთიანად ატყვევებდა ირგვლივ ყველას.” სამოვარი
დაგნის ცხოვრების ტრაგიკული დასასრული აქვს ,იგი 1901 წლის 5 ივნისს თბილისის „ გრანდ ოტელის“ერთ-ერთ ოთახში მოკლეს.
”თბილისს არც უცხოელი სტუმრები უკვირდა და არც მკვლელობები, მაგრამ ამ შემთხვევამ ყველა ააფორიაქა – მოკლული ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი ქალი იყო, რომელზეც ვეროპაში ლეგენდებს ჰყვებოდნენ. მკვლელი, ჭიათურის მარგანეცის საბადოების მფლობელის ვაჟი, 25 წლის ვლადისლავ ემერიკი იყო. ეს მან დაპატიჟა დაგნი და მისი მეუღლე კავკასიაში სამოგზაუროდ, მაგრამ სტანისლავ პშიბიშევსკი, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე დაგნის სიყვარულის გამო ცოლ-შვილი მიატოვა, ახლა ერთდროულად ორი ქალით იყო გატაცებული და ბოლო მომენტში გადაიფიქრა კავკასიაში გამომგზავრება, დაჰპირდა, რომ მოგვიანებით შემოუერთდებოდათ. პოლონელ მწერალს საბედისწეროდ დააგვიანდა. და ახლა, თბილისური სასტუმროს ერთ ნომერში, რომელიც პატარა მდინარეს გადაჰყურებდა, იწვა ქალი, რომლის სახელი ევროპაში ხელოვნებასთან და ბოჰემურ ცხოვრებასთან ასოცირდებოდა. ”ბურუსი
იგი თბილისში კუკიის სასაფლაოზეა დაკრძალული. ”მისი მკვლელი ვლადისლავ ემერიკი წერდა : „ ის არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს , რადგან იყო ზედმეტად ნაზი და ჰაეროვანი სიმისოდ , რომ ვინმეს ამოეცნო მისი ნამდვილი ბუნება“ ლაშა ქავთარაძე
დაგნის შემოქმედებასა და ცხოვრების დაწვრილებით გასაცნობად იხილეთ სტატიები:>>>www.scandinavia.ge
ავტორი: მჩხაპნელი
“ქართული ენის სიღრმეებში წვდომა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე გატენილი სამარშრუტო ტაქსის უკანა სავარძლის უკიდურესად ხელმარცხნივ მდებარე ადგილიდან ჩამოსვლა” – მსუქანი ლინგვისტი
“ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს” – იოანე ზოსიმე
ქართული ენა ნამდვილი ყამირია (თუნდაც იმიტომ, რომ სიტყვა “ყამირი” ზოგიერთმა ახლა პირველად გაიგო). ამის გამო, მის “გათხრებს” თვით ასი “ჰაინრიხ შლიმანის” ტიპის ლინგვისტიც ძნელად თუ გასწვდება (“ასი” – ეს ტრადიციისამებრ, მეტაფორულად “ბევრის” აღნიშვნას რომ ლამობენ ხოლმე, თორემ იგივე წარმატებით ”ას სამოცდაჩვიდმეტი” შემეძლო მეთქვა). მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების დიდი ნაწილი წუწუნა მეზობლის მსგავსად ხახვივით (უკან რომ არ აბრუნებენ) ათასი (ან, ათას ას სამოცდაჩვიდმეტი) ენისგან გვაქვს ნასესხები, ეს ჩვენს “ზენას მიერ საქართვლოს მთებში შექმნილ პროდუქტს”, სრულიად არ აკნინებს.
ინგლისურ მოკეკლუცე ენას ქართული იმითაც სჯობს, რომ თუ იქ ერთ სიტყვას ცხრა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, აქ, პირიქით – ერთი სიტყვის ცხრანაირად გადმოცემაა შესაძლებელი (“სიტყვა გინდა?! მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა…”). ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად ერთმანეთთან მეტნაკლებად დაკავშირებული ისეთი სიტყვების გახსენებაც საკმარისია, როგორებიც – მეტიჩარა (სავარაუდოდ, “მეტი ჩარა არ აქვს და რა ქნას…”–გან ნაწარმოები), ბაქია, ტრაბახა, მკვეხარა და სხვა მსგავსია. თუმცა, იმ დროს როდესაც, თითოეულ ზემოხსენებულ ზედსართავ სახელს გარკვეული განმარტება შეიძლება მოვუძებნოთ, მათ ოჯახში ერთი ისეთი სიტყვა მაინც არსებობს, რომლის წინაშე განმარტებითი ლექსიკონიც კი ყდას მოკაკვავს.
- “რა მატრაკვეცობაა?!”
მატრაკვეცა – 1. გაურკვეველი წარმოშობის სიტყვა, რომელიც ქართულ ხასიათს შესანიშნავადაა მორგებული;
2. ასოთა სინთეზის კარგი ნიმუში, რომლის ახსნა ყველაზე უკეთ სიტუაციების ილუსტრირებითაა შესაძლებელი.
ასე მაგალითად, მატრაკვეცობაა როდესაც:
-
მრავლის დასწრების, სიხარულის, ჯანმრთელობისა და ულევი ბედნიერების უტოპიურ ნაზავზე რაიმე შაბლონურ ტექსტს ამზადებ, საათის ისრებს გაფაციცებით შესცქერი და ცდილობ, პოტენციურ კონკურენტებს თქვენი საერთო ნაცნობისათვის დაბადების დღის მილოცვა დაასწრო. მისალოც გზავნილს კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მიაყოლო მეორე, სიამაყენარევი პათოსით გამსჭვალული შეკითხვაც: “ჰა, ვიყავი პირველი თუ არა?”
- ვინმე უმნიშვნელო გრამატიკულ, ან, ფაქტობრივ შეცდომას დაუშვებს, ხოლო შენ კი, ბედნიერი იმით, რომ მასზე მეტი იცი, ამ შეცდომას თვითკმაყოფილი, მოირონიულო მზერით უსწორებ. თუმცა, შენი ქმედებით რაიმე სამყაროსეული ძვრები, რა თქმა უნდა, არ ხდება.
მსგავსი ”ცოდნადაუტეველი ადამიანებისათვის” ლექსიკური სამოთხეა კონტექსტურად ხშირად შეშლადი შემდეგი სიტყვები: “პლაგიატორი”, “პლაგიატი”, “ჩემ შესახებ”, “სპარტელი”, “აღვნიშნე” და სხვა. ასევე ხშირია იმ ტიპის შესწორებებიც, რომ “ბიზანტიის იმპერია 1453 წლის 28 მაისს კი არა, 1453 წლის 29 მაისს დაეცა”, ან, “სოკრატეს ცოლს ქსანთიპეს ნაცვლად ქსანტიპეს ეძახდნენ”.
-
“ადნაკლასნიკებში” ნაცნობის გვერდზე შეხვალ და მხოლოდ იმის გამო, რომ მასთან მეგობრობა,სიყვარული, ან, გარკვეული ორგანოები გაკავშირებს, აბსოლუტურად ყველა სურათზე (თუნდაც ერთ–ერთზე დიდღიპიანი და ბანჯგვლიანი კოღო იყოს გამოსახული) დადებით შეფასებას დაუწერ;
…
ავტორი: ლევან შატბერაშვილი
წაკითხვამდე ნახეთ ეს ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=3YVvqtj3saA
პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ეს სტატია არც რეცენზიაა გარკვეული ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ, რადგან მე არ ვთვლი, რომ ნაწარმოები რომლსაც ქვემოთ ვახსენებ რამენაირად შეიძლება ლიტერატურად მოინათლოს. მეორე რასაც მინდა მკაცრად გავემიჯნო - მორალისტური შეხედულებებია ლიტერატურის შესახებ და არც ამ მხრივ მსურს ქვემოთ ნახსენებ პატივცემულ გვამებს შევუტიო. მესამეც, არც ის მინდა, რომ წიგნის ავტორმა და მისმა გუშემატკივრებმა ისე იფიქრონ, რომ მე "ამორალურ" ავტორს ვუპირისპირდები და მსურს, რომ ქართული პოსტმოდერნი თავისი ჯერ არც ძალუმი ფესვებიანით ამოვგლიჯო და კუდიგორის გზას გავუყენო (სად შემიძლია?). არამც და არამც ჩემო ჩემო მეგობრებო, როგორ ამოვგლიჯო ის რაც ჯერ არც გახარებულა? ან როგორ მივიჩნიო ვირი არაბულ ტაიჭად?
ამ სტატიაში ერთ მშვენიერ ფენომენს მინდა შევეხო , რომელსაც ზოგნი გოიმობას უწოდებენ, ჩემთვის კი ეს პროვინციალიზმი უფროა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ გეტყვით ჩემი გულის ნადებს:
ცოტა ხნის წინ, ჟურნალ "ტაბულაში" საინტერესო რეცენზია შემხვდა ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებულზე "საიდუმლო სირობა". სტატიის ავტორი ამბობდა, რომ ეს თამამი ახალგაზრდა ახალი ქართული ლიტერატურის ამომავალი ვარსკვლავია და რომ მისი ეპატაჟური სტილი შოკს გვრის ქართულ საზოგადოებას. მოკლედ რომ ვთქვათ ერელკე დეისაძე ქართველ მიშელ უელბეკად შერაცხეს და ისიც დაგვიდასტურეს რომ, მის სკანდალურ მომავალს ალტერნატივა არ აქვს. არაფერსაც არ დავწერდი, რომ არა ერთი გარემოება - მე ერეკლე დეისაძის ახალი წიგნი (ბროშურა რომელიც ალბათ დაახლოებით ოც ნაბეჭდ კომპიუტერულ გვერდს არ აღემატება) წაკითხული მაქვს და მეტსაც გეტყვით მქონდა პატივი პირადადაც კი შევხვედროდი ამამომავალ ვარსკვლავს.
პრეზენტაცია წიგნის მაღაზია-კაფე "ლიგამუსში" გაიმართა, ერეკლე ეპატაჟური სიმშვიდით ელოდა საღამოს დაწყებას, ამომავალი ვარსკვლავის ამფსონებს კი ასევე ეპატაჟური, მაგრამ არა სიმშვიდე, არამედ ეიფორია განფენოდათ სახეეებზე. რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში იყო ხალხი, ვიფიქრე ერეკლე დეისაძეს ისეთ ბომბი აქვს ჩვენთვის მომზადებული, რომ პრეზენტაციის შემდეგ განრისხებული ზეცა დაგვეცემა თავზე და აგვღგავს პირისაგან მიწისა მეთქი.
ერთი რამ მენიშნა, ერთი ანერვიულებული გოგო ხალხში ტრიალება და დრამატული ხმით ამბობდა, რომ ის რედაქტორი იყო და რომ მას სკამიც კი არ ჰქონდა ( ამაში იყო რაღაც სიმბოლისტური - ფრანგულ-პოეტური. როცა მალარმე გენიოსი იყო და პურის ფული არ ჰქონდა... რედაქტორს ბედის ირონიით სკამი არ ჰქონდა... ხანდახან როგორ მწარედ რბის დღეთა კამათელი........) ბოლოს და ბოლოს გვეღირსა და დაიწყო ის ნანინანატრი წუთები, ოდეს ჩვენ უნდა ვზიარებოდით ერელკეს პროზას. მაგრამ სანამ ერეკლე პროზავდა (პროზვა- პროზაული ნაწარმოების საჯაროდ კითხვა იხ. სულხან-საბა ორბელიანი "სიტყვის კონა"), შესავალი სიტყვა პოეტმა პაატა შამუგიამ წაიკითხა, მან გვითხრა, რომ იგი არ აპირებდა მოსვლას, მაგრამ მაინც მოვიდა, რომ ის ძალიან ცუდად იყო და რომ მას შაკიკი სტანჯავდა და ა.შ. და ა.შ. მოკლედ პაატა შამუგიამ ბოლო ბოლო გაათავა თავის სევდა- ჯანმრთელობანარევი მონოლოგი და ერეკლემაც პროზა. და რაჟამს ერელკემ განახვნა ბაგენი თვისნი, დარბაზი სმენად იქცა. ეკომ (როგორც მას მეგობრები და ჟურნალისტები იხსენიებენ და არამც და არამც უმბერტომ) დინჯად დაიწყო თავისი მოთხრობების კითხვა. თემატიკა მრავალფეროვანი იყო: გენიტალიები, ინცესტი, ონანისტური ეპიზოდები ოჯახური ცხოვრებიდან, სექსუალური ფანტაზიები ოჯახის წევრების შესახებ, პატრიოტთა ბანაკები, ჰომოსექსუალური კავშირები რეზერვისტებს შორის საქართველოს ჰიმნის ფონზე, ავტობუსში ჭყლეტვისგან გამოწვეული უნებლიე ერექციები, აფხაზეთი, მასობრივი მკვლელობები, მოკლედ რა გინდა სულო და გულო. ვუსმენდი და ვგრძნობდი, რომ რაღაც მისტიური ტრიალებდა ჩემს თავს. სულგანაბული დარბაზი კი გენიტალიების ყოველ ხსენებაზე დიონისურ სიცილში იძირებოდა. საკმარისი იყო ამომავალ ვარსკვლავს წარმოეთქვა სიტყვა "პენისი" და დამსწრე საზოგადოება მთვრალი ბახუსივით მორთავდა ხარხარს. და რადგან ასეთი სიტყვები ბევრი იყო, მსმენელი მთელი საღამოს განმავლობაში იუმორის თბილ ტალღებში ჭყუმპალაობდა. ავტორი სტოიკური მოთმინებით იტანდა სიცილს და სანუკვარი სიჩუმის ჩამოვარდნისთანავე გვაბრუნებდა მარადიული ლიტერატურის ოკეანეში. შიგადაშიგ გამომცემელი ბაკურ სულაკაური დარბაზს თხოვნით მომართავდა, რომ არავინ არ შემდრკალიყო "ამომავალის" გენიის წინაშე და თამამად დაესვათ კითხვები. კითხვები უმეტესად კომიკური ხასიათისა იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მცდელობა მაინც გამოიძებნა საიმისოდ, რომ უკეთ ჩავწდომოდით ეკოს ტალანტს. მაგალითად იყო შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა არის მისთვის ლიტერატურა, რაზეც გვიპასუხა, რომ ლიტერატურა და საერთოდ წერა ონანიზმი ყოფილა (ჩემდა სამარცხვინოდ უნდა გითხრათ, რომ ამ ფრაზის შემდეგ ცოტა შემეშინდა და მეყსეულად გადავიფიქრე ავტორისთვის ავტოგრაფის გამორთმევა).
ბოლოს და ბოლოს დრომ თავისი გაიტანა და წიგნის პეზენტაციაც დამთვრდა. უცაბედად ვიფიქრე, რომ დამთავრება და რაღაც საშინელების დასაწყისი ერთი იქნებოდა, ვიფიქრე, რომ თუ ზეცა არ დაგვეცემოდა თავზე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი მაინც დაგვარბევდა, მაგრამ არაფერიც არ მომხდარა. ასეთი წვრილმანების გამო ზეცა ხომ არავის ეცემა თავზე. (ნურვინ დამძრახავთ, თუკი მიხვდებით, რომ ეს პასაჟი ზეცისა და წვრილმანების შესახებ ჯოზეფ კონრადის რომან "წყვდიადის გულიდან" მაქვს მოპარული). რადგან საღამოს ჩემეულ, უკიდურესად სუბიექტურ აღწერას მოვრჩი, მინდა რამდენიმე სიტყვით "ამომავალის" მწერლურ ტალანტსაც შევასხა ხოტბა. უნდა აღინიშნოს, რომ დეისაძის მოთხრობები ცოტა არ იყოს გაუგებარი რამაა ჩემი მოკლე ჭკუისთვის. სტილის თვალსაზრისით ისინი უფრო ლექსებისა და ოთხმოცდაათიანი წლების ქართული პორნოლიტერატურის ნაზავს უფრო გავს ვიდრე მოთხრობებს. გარდა ამისა სიუჟეტური თვალსაზრისით ისინი ძალიან ბანალურია და დაახლოებით მსგავსი ფრაზებით მთვარდება: "ჩვენ ერთად გავათავეთ" ან "მერე ერთმანეთს მოვუწუწნეთ". ენობრივი თვალსაზრისითაც დიდი ვერაფერი ხვითოა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორი გვარწმუნებს, რომ ბიჭობაში ქურდობაზე აცხადებდა პრეტენზიას, აშკარაა რომ ის და ქართული ჟარგონი ისე არიან ერთმანეთთან როგორც ვირი და თევზი. რაღაც ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე ქართველი კაი ბიჭი თავის "სიამაყეს" პენისად მოიხსენიებდეს, მომავალზე ხომ არაფერს ვამბობ. რა არამად ჩაუვლია ეკოს თავზე ქუჩის აკადემიას....
"ამომავალს" სხვათაშორის ტროპმეტყველებას უქებენ და ამაშიც დიდად ვერაფრით დაიკვეხნის, თავად წიგნის სათაურიც ხომ ტროპია, მაგრამ რათ გინდა? სახარებისეულ სიუჟეტთან საერთო არაფერი აქვს და არც მოთხრობების კრებულის შინაარსობრივ მხარეს აღწერს. რა საჭიროა შიშველი ტროპი, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს? მითუმეტეს ისეთ კრებულში რომელსაც რელიგიურ-სოციალურ-პოლიტიკური კრიტიკის პრეტენზია აქვს და სურს, რომ საზოგადოების გამოსაფხიზლებლად მის წყლულებს დააყაროს მარილი.
"ამომავალს" და მის გუშემატკივრებს პრეზენტაციაზე აშკარად ეტყობოდათ, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქმე ბოლო წლების ქართული ლიტერატურის უდიდეს ნოვაციასთან ჰქონდათ, მაგრამ აქაც მსურს იმედი გაგიცრუოთ. პორნოგრაფია თუ გსურთ იხილოთ გადახედეთ ქართულ პორნოგრაფიულ პრესას გაზეთები "ძინ-ძინის" და მისთანანის თამადობით. თუ ეპატაჟი გაინტერესებთ, თანაც ოჯახის წევრების თემაზე, ზაზა ბურჭულაძეს მიმართეთ. თუ მასობრივი მკვლეოლობები გხიბლავთ ნიკუშა ანთაძის "ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები" გადაიკითხეთ. სრულებითაც არ არის საჭირო შრომატევადი კვლევა იმის მისახვედრად, რომ "საიდუმლო სირობა" ნოვაციაა არაა, ამისთვის უბრალოდ მეხსიერების ოდნავი დაძაბვაც კი კმარა.
სტატიის ბოლოს, სტატიის დასაწყისს მინდა დავუბრუნდე, სადაც პროვინციალიზმზმე ვსაუბრობდი. აკი ვთქვი ჩემი მიზანი რეცენზიის დაწერა არ არის მეთქი. ჩემთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ ერეკლე დეისაძემ "საიდუმლო სირობა" დაწერა, არამედ ის, რომ ქართულ "მოწინავე" საზოგადოებას იმის შნოც კი არ აქვს, რომ მწერალი და „ლუზერი" ერთმანეთისგან განასხვავოს. ამის დასტურად კი კაფე "ლიგამუსში" პენისის ხსენებაზე ამტყდარი ხორხოცი კმარა. მხოლოდ იმიტომ, რომ უცენზურო სიტყვებს ხმარობ მწერალი ვერ გახდები, ვერც საზოგადოებისთვის მტკივნეული თემების უნიჭო გაბაიბურებით გახდები მწერალი. მწერლობა პირველ რიგში ენის ფლობას მოითხოვს. კარგად მესმის რომ აწმყო ისეთ პირობებს სთავაზობს გამომცემლებს, რომ ისინი იძულებულნი არიან "საიდუმლო სირობის" მსგავს წიგნებზე დადონ ფსონი და არა კლასიკაზე. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ თუ გამომცემელს სურს მომავალში საქართველოში ლიტერატურული პროცესი განვითარდეს, უპირველეს ყოვლისა ისეთი წიგნების გადმოქართულება უნდა დააფინანსონ, რომლებიც მსოფლიო კლასიკაა (ბოლო წლებში კი სამწუხაროდ ამის მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს თუ გავიხსენებ). ამის საშუალებით შესაძლებელი იქნება მართლაც თავისუფალი და კარგი მწერლობის გაჩენა საქართველოში. თუნდაც იმ დონეზე მაინც მივალთ, რომ პენისის ხსენება და იუმორი ერთმანეთის სინონიმები არ იქნება. ძალიან მწყდება გული, რომ ქართველი გამომცემლების უმეტესობა სრულებითაც არ ზრუნავს იმაზე, რომ გემოვნებიანი მკითხველი ჰყავდეს.
ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, რომელიც ალბათ ერთერთი ყველაზე მსხვილია საქართველოში, როგორც ჩანს მხოლოდ კომერციული პრინციპებით ხელმძღვანელობს, კომერცია კი აბა რა მწერლების საქმეა?
P.S.
იმისთვის რომ ძალიან არაობიექტური არ მოგეჩვენოთ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში აწ უკვე დაბეჭდილი "საიდუმლო სირობის" წიგნის ყდის უკანა მხარეს მიწერილ ანოტაციას გთავაზობთ, თუ დაგაინტერესებთ გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები:
"ერეკლე დეისაძის სადებიუტო კრებული, "საიდუმლო სირობა", ახალგაზრდული პროტესტის კლასიკური მაგალითია. ახალგაზრდა ავტორი დაუფარავად აშიშვლებს ჩვენი საზოგადოების ტაბუდადებულ თემებს და საკუთარი პოზიციის ხაზგასასმელად სოციალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ სატირას მიმართავს. ამ სამმაგი სატირის, დაუფარავი ამბოხისა და არაპოლიტკორექტულობის მიზანია, მკითხველს კრიტიკული თვალით დაანახოს არსებული ესთეტიკური და მორალური შეხედულებები. ეს პროვოკაციული წიგნი პრობლემატიკით ქართული სივრცის კუთვნილებაა, არსით კი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესს ეხმიანება - თხრობის ორიგინალურობით, მეტატექსტური თამაშებითა და ირონიული ტროპებით, ეპატაჟით გაჯერებული "საიდუმლო სირობა" ნამდვილ პოსტმოდერნისტულ კრებულად შეიძლება ჩაითვალოს."
ავტორი: ნასტასია
ზოგადად დაჯილდოებების ცერემონიალები დიდად არ მიყვარს, სულ მგონია რომ გაკვეთილის ჩაბარებასავით არის.
ვიღაცა კარგ ნიშანს იღებს, ვიღაც არა.
თან ყველა დაჯილდოების ცერემონიალი იდეაში მაინც წაუპომპეზურებს, წაუსნობებს და როგორც წესი მიკერძოებულია.
მეც ავდექი და გადავწყვიტე რომ არ მიყვარს.
არადა, სულ ტყუილად.
კაბების ფრიალს და სამკაულების კაშკაშს თუ არ მიაქცევ ყურადღებას, მსგავს ამბებზე დაკვირვებით გადასარევად მიხვდები, რა გარემოში ცხოვრობ რეალურად. რომელ წელს რა უყვართ და საერთოდ, რა იქმნება შენ გარშემო.
ხოოდა, ზუსტად ისევე, როგორც ელექტრონავტებზე ტუსიას ტრეკი ვიცოდი რომ გავიდოდა, ისე საბაზე ვფიქრობდი, რომ რატიანს აუცილებლად, აუცილებლად უნდა აეღო საბა.
აიღო და მე ეიფორიულად ბედნიერი ვარ.
იმაზე, როგორ და რატომ მიყვარს ზვიადი, ჯერ კიდევ თებერვალში დავწერე, "ნეგატივის" პრეზენტაციაზე. ახლა უბრალოდ, იმას დავამატებ, რომ არანორმალურად ხშირად მიბრუნებადია და რომ თუ გინდა ვინმე გიყვარდეს, იდეალური კანდიდატურაა.
მერე რა რომ უცნაურად სევდიანია და როცა უყურებ და კითხულობ, გგონია, შენც შეაწუხე როდესმე რამენაირად.
ხო, ნაირა გელაშვილზე "დედის ოთახი" და "ამბრნი, უმრნი და არაბნი" გამახსენდა, იმ ემოციებითურთ, როგორ მაშინ, როდესღაც ვკითხულობდი. ახლა როცა მახსენდება ხოლმე, სულ მაინტერესებს, ხელახლა რომ წავიკითხო, ისევ ისეთი ემოციური და სავსე იქნება თუ არა.
ავტორი - Margo
2 * * *
მისი თვალები მიყურებენ და მათბობენ. ვიძირები მის შავ თვალებში და თავი მავიწყდება. ესე ვდგავართ და ვუყურებთ ერთმანეთს ფიქრებში წასულები. ნუცა შემოვიდა... შეხედა... თვალებზე ეტყობა როგორ უყვარს. მართლა ჩემზე თბილად უყურებს? ჩემზე მეტად უყვარს?
ვისკი...
ნუცასთან ვმეგობრობ მხარს ვუბამ და ველოდები როდის წავა. ნუცა არ სვამს და აკვირდება ვინმეს რამე ხომ არ ეშლება. თან კახას ეხუტება და ყველას აჩვენებს რომ ის მხოლოდ მისია. წავიდეს და მე ვაჩვნებ ვინ ვისია...
ვისკი...
-- სად არის ჩემი სიგარეტი?..
ნუცა არ მიდის.
-- ჩვენ მეგობრობას გაუმარჯოს. კაი გოგო ხარ შენ...
ვისკი...
სულერთია როდის წავა კახას მაინც აქ დავიტოვებ... არ დარჩება უყვარს და არ მოატყუებს... ვთხოვ და დარჩება.
ვისკი...
უკვე ყველაფერი სულერთია. არ დარჩება და ნუ დარჩება რო წავლენ ყველანი მე ვიძინებ. რა უნდა ამ ხალხს ამდენი ხანი არ ეძინებათ ან არ თვრებიან...
ვისკი...
ნუცა მიდის
ვისკი
-- არ წახვიდე ახლა რა... რა პონტია დარჩი ცოტა ხანს
ვისკი!
მაინც მიდის, მაგრამ კახა რჩება. სხვებმა თხოვეს მეტ ხანს დარჩენა.
ჭიქით ხელში ვაცილებ ნუცას. კახა კოცნის... სახლში დავბრუნდი. ნუცას მანქანის კარი მიუკეტა და წამომეწია. უკნიდან ხელი მომხვია და მისკენ მიმწია...
ქეთი გამოვიდა.
-- აღარ შემოდიხართ?
-- არა! ნუცას მივყვებით ორივე!
ვისკი...
სიცილი.. ანეგდოტები... სიცილი... ყველანი მაგარი მთვრალები ვართ. კახას ვეყუდები, მეფერება. თვალები მეხუჭება.
-- წავედით ან..
-- კარი გაიკეტეთ რა
კახა:
-- მეც მივდივარ
-- აუუუუ
-- რა აუუ
-- მე ეხლა უნდა ავდგე?
-- აბა ისე რო ავდგე დავარდები.
-- გადამდე რა ...
ავდექი. ყველაფერი ტრიალებს. ქეთის ქმარს ხელი ჩამოვართვი
-- გამიხარდა რომ მოხვედი
ქეთას გადავეხვიე და წონასწოროიბს დაცვას შევეცადე.
-- მიყვარხარ მაგრა. გნახავ ხვალ..
გავედით კარებთან.
-- მე არ მემშვიდობები?
-- შენ არა. შენი გულისთვის ფეხზე ავდექი... კაი ხო მოდი გაკოცო.
გადამეხვია და კისერში მაკოცა. ნაზი სველი ტუჩებით აუყვა ჯერ ყურისკენ, მერე ლოყას და ნელ ნელა ტუჩს მიუახლოვდა. სუნთქვა შემეკრა და გავშეშდი მართალა მკოცნის.. ეს სიზმარი არ არის... შეეხო ჩემ ტუჩებს... მკოცნის... ვკოცნი... ვეხვევით ერთმანეთს...
ქეთამ კარი უხმოოდ გაიხურა.
ჯერ კიდევ მკოცნის...
სად არის ნეტა ჩემი ჭიქა....
ხელში ამიყვანა. სუნთქვა მეხუთება. იმ სამყაროში ვარ მის თვალებს რომ მივყავარ ხოლმე. სიზმარია? რა მნიშვნელობა აქვს, მაგარია...
ნელ ნელა საძინებლისკენ წავიდა და ლოგინზე დამაჯინა. ფეხები შემოვახვიე, ახლა არსად აღარ გავუშვებ.
გათენდა.
აუ თავი. რა მინდოდა გუშინ ამდენი რატო დავლიე. გუშინ... დავლიე... ნუცა... წავიდა და... კახა... კახა! კახას ტელეფონი რეკავს.
... ალო, ხო, მალე, მალე, ხო, კაი...
თვალებს არ გავახელ, ვითომ სიზმარია.
თვალები გავახილე.
-- დილა მშვიდობისა -- კახამ
-- ხო... სად არი ჩემი სიგარეტი?
მისაღებში ვეწეოდი იქ იქნება. მოვიტან. ტანზე არ მაცვია. ავდგე? არ ავდგე?
-- აი აგერ არი.
მოუტანია. გაახაროს ღმერთმა.
დიდი ნაფაზი დავარტყი და დავაკვირდი. ვიცი რომ ჩვენ ბავშვების მეგობრები ვართ. ვიცი ისევ ნუცას დაუბრუნდება.
-- ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააა.....რა დებილები ვათ...
თვითონაც ეცინება და ვიცი რომ არასდროს იქნება ჩემი.
გავაცილე, ყავაც არ დაულევია ისე წავიდა.
მაკოცა და ნუცასთან წავიდა.
მალე ქეთი მოვიდა.
ყავა.
რა ქენით გუშინ შენ და კახამ?!
თან ეცინება
ვქენით
მერე
არაფერი. წავიდა ნუცას უნდა შეხვდეს.
უნდა დაშორდეს?
არა კაცო. რატო?
მერე შენ?
მე რა.. მე რა შუაში ვარ... სამი წელია ერთად არიან...
შენ... გუშინ... შენ...
არ აქვს მაგას მნიშვნელობა.
შენთვის თუ მაგისთვის
ვიღაცისთვის... ნუცასვის...
ვერ გავიგე ვერაფერი, მარა არ ხარ შენ სწორი...
ვიცი...
მეცინება.
ვიცი რომ ეს ღამე მისთვისაც ისეთი მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩემთვის. ვიცი რომ თვითონაც დაბნეულია. ვიცი რომ რაღაც ნაწილს მასში ყოველთვის ვეყვარები.
ყოველთვის უნდა იბრძოლო შენი სიყვარულისთვის. არაფერი არ უნდა დაიშურო შენი ბედნიერების მოსაპოვებლად. ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სიყვარული. ჩემთვის არა. მე არ ვიბრძვი.
ვისკი...
სად არი ჩემი სიგარეტი..
ვისკი...
from - angel.ge
ბინდი-საგა - 43 მილიონი
ქარწარებულნი - 33 მილიონი
იფიქრე და დარგე სიმდიდრე - 30 მილიონი
ანა ფრანკის დღიურები - 27 მილიონი
გალაქტიკაში მოგზაურები - 17 მილიონი
ავტორი: ერეკლე დეისაძე
იოსიფ ბროდსკი წერდა, რომ არსებობს ორი რამ: შენი ცხოვრება და შენი პოეზია, ან ერთი უნდა ამჯობინო, ან მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ბროდსკიმ არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა, საბოლოოდ მაინც მოახდინა ცხოვრებისა და შემოქმედების სინთეზი, ალბათ ამიტომაც იქცა ის დიდ პოეტად.
მე ყოველთვის მიყვარს უტოპიური პარალელების გავლება, იმედია, ამის გამო არ დამძრახავენ ძვირფასი თანამემამულენი, ჭკუაულევთა რიგებიდან, ხოლო თუ დამძრახავენ, ჭირსაც წაუღია თითოეული მათგანი! ცხადია, უტოპიურ პარალელად მიმაჩნია ნიკო გომელაურისა და ბროდსკის შედარება, სწორედ ამაზე შეიძლება ითქვას, სად ერეკლე და სად ჩემი ... მაგრამ მოცემულ მომენტში პრეცენდენტი მაქვს მხედველობაში. ეს მართლაც ასეა, მსახიობმა, რომლისთვისაც წერა ჰობის დონეზე იყო, ხოლო შემდეგ ცხოვრების წესად იქცა, საკუთარი სენი მუზად აქცია და ჟარგონულად რომ ვთქვათ ( მით უმეტეს, ამის უფლებას ხსენებული პერსონა მაძლევს) მასას ,,აჭამა’’. აჭამა კულტურულად, მსუყედ..
მონელებამდე ჯერ კიდევ შორია, რადგანაც როცა ისეთი სატელევიზიო გადაცემა, როგორიც ,,პროფილია”, თავისი შინაარსითა და ფაბულით ბრაზილიურ – არგენტინული სერიალების მსგავსი, (თანაც რუსთავი 2 ხომ სერიალების სავანეა) სტუმრად იწვევს ნიკო გომელაურს, რათა კიდევ ერთხელ გაუღვივოს მასას სიბრალულის გრძნობა, ოღონდ ეს არ არის კლასიკური სიბრალულის მაგალითი, ეს ,,სხვანაირი’’ სიბრალულია, სამედიცინო ქვეტექსტით..
იგივე ქვეტექსტით მოიაზრება ბოლო დროის გახმაურებული და ყველაზე სკანდალური წიგნის ავტორი ერეკლე დეისაძეც, მაგრამ ერეკლეს სამედიცინო ქვეტექსტი ბევრად ღიაა და ამაზე ხალხი უფრო ხმამაღლა და აღშფოთებით საუბრობს ვიდრე ნიკოს სენზე. ამას წინათ, ფორუმ.ჯი-ზე სრულიად შემთხვევით გადავაწყდი შოკისმომგვრელ გამოკითხვას, შოკისმომგვრელი შედეგით.. კითხვა ასეთი იყო: ,,თვლით თუ არა რომ ერეკლე ,,ეკო’’ დეისაძე სულიერად დაავადებული ადამიანია?’’ რაზეც 63,37 % დადებით პასუხს აძლევდა. ხოლო თემა, რომელიც 48 გვერდს მოიცავდა, სავსე იყო ისეთი შეურაცხმყოფელი ტექსტებითა და ციტატებით, როგორიც ალბათ არასოდეს დაესიზმრებოდა ,,სიბილწით’’ გამორჩეულ მწერალ დეისაძეს. ყველაზე დამაფიქრებელი კი ერთ-ერთი ლუზერის სიტყვები იყო ,,საიდუმლო სირობის’’ ავტორზე:
,,ვაახ ჩემი, საკუთარ დედას როგორ აყენებს შეურაცხყოფას ჩემიდედამოვტყან’’ – წერდა აღშფოთებული მამულიშვილი, რომელსაც, ალბათ სამშობლოს ბედზე ფიქრით ღამეები არ სძინავს და მისი პატრიოტული ფიქრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდეა გადაშლილი..
ან იქნებ ის ერთ-ერთი იმათთაგანია, სიბრალულისაგან წარმოქმნილ სიყვარულს ნიკოს პოეზიის, ხოლო ზიზღისაგან წარმოქმნილ აგრესიას ეკოს პ(რ)ოზის მიმართ რომ ავლენს.
საინტერესოა ისიც, რომ ქართულ პოეზიაში, ,,მიახკიზნაკები’’ გაჩნდა, ქუჩური გაგების ელიტა დღეს თავგამოდებით იზეპირებს ნიკოს ლექსებს, ნიკოსეული ინტონაციით, რათა შემდეგ ყარაჩოღლური იერით ჩააქსოვოს სადღეგრძელოში, პოეზიის მოყვარულ გოგჩოებთან საუბრებში და ა.შ.
,,ყ’’, ,,ხ’’ ,,ტ’’ ,,ქ’’ ,,ჩ’’ ,,დ’’ – ეს ძირითადი ასოებია, რომლებსაც ,,უდარენიები’’ უნდა დაჰკრა ლექსის კითხვის დროს, ხოლო შემდეგ აღფრთოვანებულმა დააყოლო: ,,აუ რა მაგარია, ჩ’ემი დ’ედ’ა მოვტ’ყ’ან!!!’’
და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, საოცრად საინტერესო საზოგადოება ვართ, რადგან თუ 63% თვლის, რომ დეისაძე სულიერად დაავადებულია და მის პიროვნებას სამედიცინო ქვეტექსტით მოიაზრებენ, რატომ არა აქვთ ეკოს მიმართ ისეთივე თანაგრძნობა, როგორიც ნიკოს მიმართ ჰქონდათ. იქნებ ეკოს ე.წ. მუზებიც მისივე სენიდან გამომდინარეობს?
ერთი რამ ცხადია, ნიკოც და ეკოც ერთი საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები არიან, მათ ერთი სფერო აერთიანებთ, ორივეს სამედიცინო ქვეტექსტით განიხილავენ, მაგრამ ეკო ეზიზღებათ, ნიკო კი უყვართ.
პ.ს. თუმცა, ეგ არაფერი, როგორც ნიკო იტყოდა: ,,ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა!’’
რამდენიმე დღის წინ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული სადღეგრძელოების პირველი კრებული ,,ქართული სადღეგრძელოები – მსოფლიო ნადიმის მივიწყებული ხელოვნება” (TOASTY GRUZIŃSKIE ZAPOMNIANA SZTUKA ŚWIATOWEJ BIESIADY) გამოვიდა.
წიგნის ავტორი გახლავთ გიორგი მაღლაკელიძე, რომელიც უკვე 10 წელია, პოლონეთში ცხოვრობს. გიორგის თქმით, მას ხშირად უწევდა სხვადასხვა წვეულებებზე დასწრება და როგორც ქართველს, თამადობასაც სთხოვდნენ ხოლმე. პოლონელები მოიხიბლნენ თამადობისა და სადღეგრძელოების წარმოთქმის ქართული ტრადიციით, რამაც გიორგის სადღეგრძელოების ერთად თავმოყრა და წიგნად გამოცემა გადააწყვეტინა. სადღეგრძელოების შეგროვებას, თარგმნას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს ორწლიანი მუშაობა დაჭირდა. კრებულში სულ 56 ტრადიციული ქართული სადღეგრძელოა შესული. წიგნის გაფორმება ავტორმა საქართველოზე შეყვარებულ მხატვარს, ანა კულაკს მიანდო. მხატვარმა ქართულ თემატიკაზე 200 ილუსტრაცია შექმნა, მათგან წიგნში 80 ილუსტრაცია შევიდა. თავდაპირველად კრებულის 500 ეგზემპლარის გამოცემა იგეგმებოდა, მაგრამ ფირმა ,,მარანის” კეთილი ნების წყალობით წიგნის ტირაჟი 1000-მდე გაიზარდა. გიორგი მაღლაკელიძე იმედოვნებს, რომ ეს წიგნი კიდევ უფრო გააღრმავებს ქართველ და პოლონელ ხალხთა მეგობრობას, მათ დაინტერესებას ჩვენი ტრადიციებისადმი, რაც, თავის მხრივ, საქართველოში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
© ღვინის კლუბი/“Weekend“


