მე გაჩვენებთ, გიყვებით, გახსენებთ, როგორი იყო ეს სამყარო…

Posted 8:00 PM by Nina in თემები , , ,

pierpa4

ავტორი: თეო ხატიაშვილი

პიერ პაოლო პაზოლინი – Pier Paolo Pasolini (1922 – 1975)

თეო ხატიაშვილი – მე გაჩვენებთ, გიყვებით, გახსენებთ, როგორი იყო ეს სამყარო…

ჰომოფობიურ საზოგადოებაში, როგორადაც დღემდე რჩება, ქართული საზოგადოება, ჰომოსექსუალობა პოლიტიკური მკვლელობის ინსპირირების საუკეთესო “საშუალებაა”. უკანასკნელი წლების მანძილზე სამი გახმაურებული მკვლელობა (უფრო სწორედ ერთი მკვლელობა, მეორე- იძულებითი თვითმკვლელობა, მესამე – “უბედური შემთხვევა”) სწორედ ამ მიზეზით დარჩა ბოლომდე გაუხსნელი და აუხსნელი. მორალისტური კოდექსების ტყვეობაში მყოფ საზოგადოებას ურჩევნია მოახდინოს მსხვერპლის ჰეროიზაცია და მიზეზები ბუნდოვანი დარჩეს, ვიდრე პოპულარული სახე “ბინძური ჭორებით” რეპუტაცია-შელახული აღმოჩნდეს.
სხვა საკითხია, რომ როგორც წესი, ამ “რეპუტაციის” შესახებ ყოველთვის და ყველასთვის ცნობილია ხოლმე (ყოველ შემთხვევაში, ჭორის დონეზე მაინც), მაგრამ, მთავარია ის არ იყოს დეკლარირებული. ამგვარი ფარისევლური შეთანხმება რაღაცეების მიჩქმალვაზე, რათა საზოგადოების მორალურ სახეზე წარმოდგენა არ დაირღვეს, ჰომოფობიის კიდევ ერთი გამოვლენაა.ბოლო ხანების ყველაზე ანგაჟირებული მკვლელობაც (სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე), მედიით გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჰეტეროცენტრისტული ეგოიზმის შედეგია- ამ შემთხვევაში მსხვერპლი საკუთარ ჰომოფობიურ აგრესიას შეეწირა. ანუ აგრესიულ საზოგადოებაში მსხვერპლად ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იქცეს “უმრავლესობისადმი” და “უმცირესობისადმი” კუთვნილების მიუხედავად.

ჰომოსექსუალობა 1975 წელს მომხდარი ერთ-ერთი უსასტიკესი მკვლელობის მიზეზი გახდა – ყველა წმინდანისა და მიცვალებულის დღეს პიერ პაოლო პაზოლინის აკუწული სხეული რომის გარეუბანში, ოსტიის ერთ-ერთ ბუნკერში იპოვნეს. ეს ის ადგილი გახლდათ, სადაც რეჟისორი “სიყვარულის საძებნელად ხშირად დაეხეტებოდა მარტო”. იდუმალებით მოცული მკვლელობა… – ამბობდნენ, რომ პაზოლინიმ თითქოს თავად გამოიწვია მოწამეობრივი სიკვდილი, რითაც საბოლოოდ გაამართლა “მათეს სახარებაში” გამოყვანილ მეამბოხე ქრისტესთან იდენტიფიკაცია, რადგან მისი აზრით: “ან სიკვდილის საშუალებით უნდა გამოხატო საკუთარი თავი, ან უნდა იყო უკვდავი, ბოლომდე გამოუთქმელი.”

პაზოლინი თავისივე შემოქმედებაში გაიდეალებული ‘ლუმპენების’ მსხვერპლი გახდა. თუმცა, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მკვლელობას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა – სამოცდაათიანი წლების იტალიაში ნეო-ფაშისტების მკვეთრი გააქტიურება შეინიშნებოდა, რომელთაც რამდენჯერმე დაარბიეს კიდეც პაზოლინის სახლი. სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ დამკვეთები. უკვე დახურულ პროცესს, შარშან დამნაშავის ახალი აღიარება მოჰყვა, რამაც საბოლოოდ დაადასტურა ეჭვები: მკვლელები ( როგორც აღმოჩნდა, ის ერთი კი არა, ოთხი იყო) გაშმაგებულნი ურტყამდნნ რეჟისორს და თან დასძახოდნენ: “ესეც შენ, დამპალო კომუნისტო, შენი კომუნისტური იდეებისთვის”.

Pier Paolo Pasolini

პაზოლინის “გამომწვევი დამოუკიდებლობა” მხოლოდ ნეო-ფაშისტებს როდი აღიზიანებდა – მას ხშირად კიცხავდნენ მემარჯვენეებიცა და მემარცხენეებიც, კომუნისტებიცა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველი აქტივისტებიც, რადგან მისი წინააღმდეგობა არ იყო “კამპანიური” და ის ყოველთვის მარტოობაში გამოიხატებოდა. სამოციანი წლების სტუდენტური მღელვარების დროსაც კი, როცა უკვე ყველა დასავლელი ინტელექტუალი აშკარად გამოხატავდა თანადგომას, პაზოლინის სრულიად განსხვავებული პოზიცია დაიკავა და საწყალი პოლიციელების მხარე დაიჭირა, რომლებიც თავად არიან სისტემის მსვერპლნი, რადგან სახელმწიფო სამსახურში მოწოდების კი არა, თავიანთი მრავალსულიანი ოჯახებისათვის ელემენტარული საარსებო საშუალების მოსაპოვებლად დგანან.

იხილეთ გაგრძელება>>>burusi.wordpress.com



0 comment(s) to... “მე გაჩვენებთ, გიყვებით, გახსენებთ, როგორი იყო ეს სამყარო…”