ავტორი: მაია წიკლაური
"Janachum, Janachum", - ("აღიარება, აღიარება"), "Mah Turkerin" ("სიკვდილი თურქებს") - ეს შეძახილები 23 აპრილს, ღამით ერევნის ქუჩებში ისმოდა. ასობით ახალგაზრდას გზად უფროსი ასაკის ადამიანები უერთებოდნენ. ერევნის თითქმის ყველა ფანჯარაში სანთელი ენთო. "Janachum!" - აივნებიდან პასუხობდნენ ერევნელები მომიტინგეებს.
ტრადიციული "ჩირაღდნების მარში" ყოველი წელს ერევნის ცენტრში იწყება და ციცერნაკაბერდის მთაზე, ერევნის გარეუბანში,"1915 წელს სომხეთის გენოციდის დროს დაღუპულთა მემორიალთან" სრულდება. უკვე ტრადიციად იქცა, რომ მსვლელობის დროს ყოველთვის წვიმს. აქაურები ამბობენ, რომ ბუნება გარდაცვლილებს ტირის.
"ჩირაღდნების მარშში" უმეტესად მხოლოდ ახალგაზრდები მონაწილეობენ. ამჯერად მსვლელობას ორგანიზება ოპოზიციური პარტიის "დაშნაკტცუცუნის" წევრებმა გაუწიეს. აქციის მონაწილეებმა ძლიერი წვიმის მიუხედავად გზა მემორიალამდე ფეხით ერთად, ხმაურით გაიარეს, გზადაგზა თურქეთის დროშებს წვავდნენ და ითხოვდნენ მხოლოდ ერთს - თურქების მიერ სომხეთის გენოციდის აღიარებას.
"1,5 მილიონი სომეხი 1915 წელს ქვეყანაში თურქი სამხედროების შემოსვლისას დაიღუპა", - მიყვება აქციის ერთერთი მონაწილე არამი - "ამის შემდეგ ჩვენი მიწები თურქეთის შემადგენლობაში გადავიდა. ტერიტორიები არაფერს ნიშნავს, ადამიანები დაიღუპნენ, ჩვენი მოძმეები და ეს არის მტკივნეული ჩვენთვის". არამის მეგობრები მეუბნებიან, რომ თურქებთან ურთიერთობის გაგრძელება სურთ. "მხოლოდ მას შემდეგ, რაც დანაშაულს აღიარებენ და გაიზიარებენ ჩვენს ტკივილს".
ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სომხური დიასპორის წარმომადგენლები ცხოვრობენ, იგივე მეორდება. აქციები თურქეთის საელჩოსთან იმართება. "Janachum"! - იქაც სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ერევანში მეორე დილით სიტუაცია იცვლება. 24 აპრილს სომხეთის დედაქალაქში სრული სიმშვიდეა. ამ დღეს ყველას ერთი მიმართულება აქვს - ციცერნაკაბერდისკენ. ხმამაღალი მუსიკა არცერთ ბარში არ ისმის. დისკოთეკები არ მუშაობენ. გადაკეტილია ცენტრალური გზები. ყველა სომხური არხი 1915 წლის ქრონიკებს, ან ციცერნაკაბერდის მემორიალთან მიმდინარე მოვლენებს გადმოსცემს. უჩვენებენ პრეზიდენტს, მის მეუღლეს, კათოლიკოსს, დიპლომატებს, სომხური დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ და მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, რომ პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას. თითოეული მათგანი მემორიალზე ორ ყვავილს დებს, წითელს და თეთრს.
გზა მემორიალისკენ დილიდანვე ივსება. ხალხის ნაკადი დღის ბოლომდე არ წყდება. ამ დღეს ხმამაღლა არ ყვირიან - "Janachum"! თუმცა ციცერნაკაბერდისკენ მიმავალ გზაზე ჩუმად ერთმანეთში მხოლოდ ამაზე საუბრობენ.
მოიწონე facebook_ზე ჩვენი გვერდი