შემეძლო, გნებავთ ეს ჩემი აღსარება, გნებავთ ნაამბობი, კომპოზიციურად სხვაგვარად დამეწყო და დამელაგებინა. ბოლო თავისკენ მექნა, თავი ბოლოსკენ. თითქოს კეკლუცად გაშიშვლებული წელი კი ლამაზად შემემოსა და ისე დამეკავშირებინა დანარჩენთან, საწყისთან და სასრულთან, მაგრამ თანმიმდევრობა ვამჯობინე. მით უმეტეს, რომ ჩემი ,,სუფთა ჰაერზე” გატარებული ცხოვრების ნაწილის ეს სამი პატარა, მაგრამ ჩემის აზრით ფრიად საგულისხმო ეპიზოდი ქრონოლოგიურ ჭრილში უფრო გასაგები და აშკარად დასანახია მცირე ლირიული და არც თუ ისე ლირიული გადახვევებით.
სხვადასხვა ტიპის გადახვევებზე რა მოგახსენოთ, ერთი კი ვიცი, იდეაა მთავარი. ყოველთვის იდეას უნდა დაეყრდნო კაცი. ის გახლავთ პირველადი, ყველაზე ღირებული. მაგრამ ფრიად პარადოქსული შედეგიც შეიძლება მიიღო თურმე ამ ,,ღირებულიდან”. და თუ ერთი ჭკვიანი კაცის აზრს გავიზიარებთ, რომელმაც ოდესღაც იმ მწერებზე ისაუბრა, განაყოფიერების შემდეგ რომ იხოცებიან, და მერე იქვე რომ დაამატა - ,,სამწუხაროდ ჩვენი სიხარულიც ასეა, უდიდესი ნეტარების მომენტი... და უკვალოდ ქრებაო” - პარადოქსული რეზულტატების შესაძლო არსებობაშიც დავრწმუნდებით. მოკლედ, ქრება თუ რჩება ეს თავად განსაჯეთ. საკუთარი გამოცდილება მოიშველიეთ...
მე კი საერთოდ, მუცელზე ძილს ვარ მიჩვეული. რატომ? საკუთარმა ცხოვრებამ დამიწესა ასე, წლების მანძილზე გამომიმუშავა ეს ჩემთვის სასარგებლო ჩვევა. არც მარჯვენა, არც მარცხენა გვერდზე, არც ზურგზე. მკაცრად მხოლოდ მუცელზე და მორჩა. ხელები ბალიშის ქვეშ, ნიკაპიც იქვე ჩარგული. ყურები ლოკატორებივით მომართულ-დაცქვეტილი. ამ პოზიდან წამოხტომა ელვის სისწრაფით შემიძლია. უბრალოდ წელი, მუხლები და იდაყვები უნდა მოხარო სწრაფად, ძლიერად და რაც მთავარია სინქრონულად. ძილის პროცესიც ფრთხილი მაქვს, ისეთი, როგორც უღრან ტყეში, ღრმადგათხრილ ბუნაგში ჩაწოლილ ნადირს.
მძინავს, ლამაზ-ლამაზ სიზმრებს ვხედავ, თან ყველა საქმის კურსში ვარ რაც ჩემს ირგვლივ ხდება. ერთი საეჭვო გაფაჩუნება, საეჭვო მოძრაობა სადარბაზოში, ეზოში თუ მის გარეთ და მომენტალურად ვკეცავ იმ ჩემს სიზმრებს ჭრელი, აზიური ხალიჩასავით და უზადო ტექნიკის წყალობით ერთ წამში ფეხზეც ვარ და ჩაცმულიც. სრულ მზადყოფნაში, ასე ვთქვათ. დანარჩენი კი უკვე ბედის და ჩემი მოხერხებულობის საქმეა. როგორც წესი მიმართლებს. აორთქლების დიდოსტატი ვარ. მაგრამ ზოგჯერ, რომ იტყვიან, თავს ზევით ძალა არ არის... მაგრამ ეხლა ყველაფერ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ფრიად არაორდინალურ სიტუაციაში ვარ და ამიტომ. გამოსავალს ვეძებ. იმდენად დინჯად და აუჩქარებლად, რამდენადაც ამას დროის სიმცირე და საფრთხის სიდიდე განაპირობებს. დინჯად თქო იმიტომ ვამბობ, რომ უკვე დიდი ხანია რაც საკუთარ ნერვებს თუ ნერვულ აშლილობებს დავემშვიდობე და აქედან გამომდინარე ჩემს გრძნობებსა და ემოციებს სრულად ვაკონტროლებ. პრინციპში, ესეც ტექნიკის და ჩვევის ამბავია, მუცელზე ძილის არ იყოს. აბა ვინმე ბატონ გრიშას კი არ უცხოვრია ჩემი ცხოვრებით. არც ,,კრესტების” თუ ,,ბუტირკის” პატიმრებით ,,გადაგრუზულ” კამერებში უსუნთქავს რიგრიგობით ფოლადივით დამძიმებული და ცნობილი ინგრედიენტებით ,,დო ატკაზა” გაჯერებული ჰაერით, არც გადარეული გერმანული ნაგაზების ეშვები ჩასობია ყინვისაგან გალურჯებულ წვივებში, სადღაც იქ, ზლატოუსტის ჭაობებთან. არც ექვსი საათის განმავლობაში დაუკიდიათ თავქვე როსტოვის кпз-ში ხის სკამის ფეხის აკომპონემენტის ქვეშ. არა, ეს ჩემი ცხოვრებაა, უფრო სწორედ მისი გარკვეული ნაწილი, ყველა თავის ქვეტექსტითა და წყალქვეშა დინებით. არც იგივე ბატონ გრიშას უხოხია თხუნელასავით ყინვისგან დამზრალ ორმოცმეტრიან გვირაბში, სამი დღე-ღამის განმავლობაში არ ურბენია და ულასლასია მშიერ-მწყურვალს ტაიგაში რკინიგზის ძებნაში და მერე ჭრელი ძროხებით სავსე საბარგო ვაგონით არ გადაუსერავს ნახევარი რუსეთი. არც ფული და სამოქალაქო ტანსაცმელი მოუპარავს მეისრის ჯიხურიდან და არც სამხრეთისკენ აუღია გეზი უკვე რბილი ვაგონით, ცხელი საუზმე-სადილის და მომხიბლავ ,,პრავადნიცასთან” უფრო ცხელი, თითქმის მდუღარე ფლირტის თანხლებით... ,,будет милочка шуметь подо мной, будет грудками греметь надо мной...” სწორედ ასე წავიღიღინე პირველად რომ დავინახე. კარგად მახსოვს. თქვენც ასე კარგად აგიხდეთ ყველაფერი...
არც ის დამვიწყებია მაშინ, რომ ამ ,,სასიამოვნო გასეირნებას” არამც და არამც არ უნდა მოვედუნებინე. უშეცდომოდ, საკუთარი თავის ხელახლა, ცოცხლად არდამარხვის ურყევი გარანტიით უნდა მეცხოვრა ის ორიოდე დღე. თუმცა ,,ურყევ გარანტიას” პირობითად ვამბობ. ასეთი ტიპის გარანტიები ბუნებაში არ არსებობს. მით უმეტეს, ჩემთვის. მე ხომ ავაზაკი ვარ, თანაც პირწავარდნილი, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში იტყვიან, და კიდევ ბანდიტი, ყაჩაღი, ჯიბგირი... ხოლო თუ ვინმეს დაჭირდა, ავტორიტეტიც. ეს ,,ვინმეც” პირობითია. უფრო რომ დავაზუსტო, კრებით და საკმაოდ დიდ მასას მოიცავს. ფაქტიურად ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ,,საცეცები” დიდ თუ მცირე ფინანსებში აქვთ ჩაფლობილი და გაყოფა-გამოკლება-მიმატება ძილს უფრთხობს. ისე, სხვათაშორის, ზემოთ ხსენებული ,,მათემატიკურ-ზნეობრივი” პრობლემების ჩვენებურად გადაწყვეტის შემდეგ ყველაფერი ისევ თავის ადგილს უბრუნდება. ისევ ბანდიტი, ყაჩაღი, ჯიბგირი და ბოლოს ავაზაკი. ეს ბოლო სიტყვა კი განსაკუთრებით მომწონს. განუმეორებელი ჟღერადობა აქვს. ფსიქოლოგიურ-ემოციური და თქვენ წარმოიდგინეთ ფერწერული დატვირთვაც. აბა, თუ ხედავთ პატარა ბიჭუნას, აღტაცებულ-მონუსხული რომ დგას ერთ ადგილზე საათობით. მაჯისსიმსხო რკინის გისოსებს მიღმა კი დიდი კატა აუჩქარებლად, უხმო ნაბიჯით ზომავს თავისი სამყოფელის სიგრძე-სიგანეს. სამხრეთული ღამესავით შავი, გვიანი შემოდგომისფრად აელვარებს თვალებს. ძლიერი, ცბიერი, დაუნდობელი მარტოსული. სადღაც შორს მისი სამშობლოა. გაუვალი ჯუნგლები, უძირო ქვაბულები, სისხლიანი ნადიმები... აქ კი შარდის სუნით გაჟღენთილი ფიცარნაგი, გისოსები, სამეურნეო თუ სამეცნიერო სამსახურები, ადმინისტრაცია. მოკლედ ,,ნადზორი” და ,,რეჟიმი”. მწარედ, ყრუდ ამოიღრიალებს შიგადაშიგ ოთხ კედელში ავაზაკივით გამომწყვდეული ავაზა. სადღაც, რომელიღაც ფერმაში თავის სიკვდილით მომკვდარი ძროხის კანჭს დაყნოსავს დროდადრო, მძლავრი თათით გადააბრუნ-გადმოაბრუნებს ,,ბალანდასავით”* გაზეპილ ულუფას, მერე უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნებს რაღაცას თავის ენაზე და კვლავ სიარულს იწყებს იქეთ-აქეთ...
ის პატარა აღტაცებულ-მონუსხული ბიჭი მე ვარ. ინტერნაციონალურ ეზოში ლაღად გაზრდილი. ისე, დღემდე ვერ გამიგია რატომ ეძახიან ასეთ ეზოებს იტალიურებს. ნიკალაევიჩის საფლავს ვფიცავ, არც ერთ კარუზოს, მასტროიანის ან თუნდაც კორლეონეს აქ არ უცხოვრიათ. აი რობერტიკები, დომენტიკები და საშკები რამდენიც გინდა. ჰოდა ვზივართ ერთხელ მე, ერთ-ერთი რობერტიკა და ერთ-ერთი დომენტიკა ჩვენი სახლის სახურავზე, მოპარულ პაპიროსს ,,კრუგში” ვეწევით, გამუდმებით ვახველებთ და ვბჭობთ, ჩვენს შორის ვინ ვინ უნდა გახდეს. მე მეცნიერი უნდა გამოვიდეო თქვა მაშინ რობერტიკამ და უძირო ლაჟვარდს მიაპყრო მზერა. დომენტიკამ ჩაახველა და მენაგვის ფუნქცია იკისრა, ალალად, უყოყმანოდ, თანაც იქვე ახსნა საკუთარი ლტოლვა ზარის* შემოკვრის მიმართ, რომლის ხმაც თურმე ენითაუწერელ სითბოს უღვრიდა სულსა და გულში. ჯერი ჩემზე მიდგა და ორივე ბიჭი კითხვის ნიშანივით მოიხარა პასუხის მოლოდინში. მე კი ამ დროს უკვე საწვიმარ მილს შემოხვეული ვეშვებოდი დაბლა, მაგრამ ერთი კი ამოვძახე ქვემოდან ავაზა-ავაზაკი მეთქი. ჩემი ეს სიტყვა შეისმინა რატომღაც ოხუნჯმა განგებამ, სახურავზე დარჩენილთა მიმართ კი გარკვეული კორექტივები შეიტანა... გავიდა წლები და დომენტიკა მეცნიერი გახდა, ასტრონომი თუ ფიზიკოსი, ზუსტად არ მახსოვს. აი რობერტიკა კი... რობერტიკა ,,ნააბაროტ”
მაშინ, საწვიმარ მილს შემოხვეულმა რომ ავძახე ბიჭებს, ის სიტყვა ისე ვთქვი, თითქოს უბრალოდ, გაუცნობიერებლად. მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბრალო ბრალიანი ხდება, გაუცნობიერებელი კი ცნობიერი. მოკლედ დამალული გაცხადდება ყოველთვის. მით უმეტეს, თუ ბედ-იღბალიც ხელს შეგიწყობს და რაიმე პაწაწინა, თვალით უხილავ მიზეზსა და გარემოებას მოგართმევს, თანაც ლანგარზე ლამაზად დაწყობილ-შეფუთულს. ჰოდა მეც მივიღე ეს ლანგარი თავის დროზე, კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ ადგილას. И пошлло поехало. არა, მთლად ასეც არ იყო. გარკვეული წესის და რიგის ქვეშ დავაყენე ყველა ჩემი ინტერესი, строго по графику. წიგნი, ტრენაჟორი, მუზეუმი, ,,საქმე”. ამ ,,რასკლადში” წიგნი დომინირებდა გარკვეულ მიზეზთა გამო და ეს მიზეზები ჩემს პატიოსან და მაღალინტელექტუალურ ოჯახში უნდა მეძებნა, რომელიც სისტემატურად მამარაგებდა იმ დროისათვის იშვიათი გამოცემებითა და ხშირი რჩევა-დარიგებებით. ლამის შექსპირისეული ენით ავმეტყველდი მაშინ, ზოგადსაკაცობრიო კითხვებითა და მათზე გაუცემელი პასუხებით შეპყრობილი. მაგრამ იმ რკინის გისოსებიდან რაღაც მაგიით გამომსხლტარი და ჩემს შიგანში სამუდამოდ ჩაბუდებული ის შავი ავაზაკი ნელ-ნელა აშიშვლებდა უმოწყალოდ ბასრ ბრჭყალებს, გვიანი შემოდგომისფერი თვალებიდან მწველ ცეცხლს აკვესებდა და ხშირი, ყრუ ამოღრიალების თანხლებით დამატარებდა თავის ნებაზე. ერთი სიტყვით, ბუნებამ გაიმარჯვა, მისმაც და ჩემმაც. უკვე ყველა ,,კაზიონი დომში” ,,არას” მიწერდნენ ყოველ ცისმარე დღეს... მერე ერთხელაც კოკა გატყდა იქ, სადაც ტყდება ხოლმე და ჩემს მიერ დაწესებული სქემა: წიგნი, ტრენაჟორი, მუზეუმი, ,,საქმე” სხვა სქემამ შეცვალა: кпз, კარანტინი, კამერა, ეტაპი, ზონა. თუმცა თუ საკითხს ოპტიმისტურად მივუდგებით, ამ ახალ სქემაში ძველის მოაზრებაც თავისუფლად შეიძლება. ხშირ შემთხვევაში წიგნის კითხვას და ვარჯიშს არავინ დაგიშლის, თუ მუზეუმი გინდა, ჩათვალე, რომ ყველაზე საინტერესო ,,ექსპონატებით” ხარ გარშემორტყმული. ,,საქმე” გინდა? კი ბატონო! ,,საქმეები” იქაც კეთდება და იქედანაც. ასე რომ პრობლემა არა მაქვს ერთის გარდა, თუ ამას პრობლემად ჩავთვლით. ,,ბლატნოი” ენას ვერ ვგუობ შინაგანად, ამიტომაც მუდმივ ხმარებაში არა მაქვს, მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ სიტუაციაში და წრეში ვიყენებ. ადრე, ვინმე არასასურველ პიროვნებას რომ არ გაეგო ლაპარაკის შინაარსი ერთი მასტის კაცებს შორის, იმიტომაც базарили на блатной манер, დღეს კი მესამე კლასელი ბავშვი ისე შეიძლება ალაპარაკდეს, ,,სხოდკაზე”... მოკლედ, ამ ენამ უკვე ფოლკლორში გადაინაცვლა, გარკვეულწილად აზრი დაკარგა, ჩვევა დარჩა მხოლოდ. ხშირად მიკამათია მეგობრულად ამ თემაზე დიდ პანკრატიჩთან, ის გაცხარდებოდა, გაცხარდებოდა, მერე კი ან დუმდებოდა, ან თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას ნაწყენი ბავშვივით. მე კი ჩემსაზე ვიდექი და ეხლაც აქ ვდგავარ. ასე რომ არ იყოს, ვიტყოდი: ,,ვქიმარობ ჩვეულ პოზაში და თავზე რკინა მადევს თქო”. თუმცა მეც კი ჩამომვარდება ხოლმე ,,ბლატნოი” სიტყვა ისე, როგორც გადაკეტილ ონკანს წყლის წვეთი, ეხლა მაინც ასე ვიტყვი: ,,ვწევარ ჩემთვის და თავზე უზარმაზარი, მონიკელებული ,,ჰეკლერ კოჰის” ლულა მაქვს მობჯენილი.” უკვე ზუსტად ერთი წუთია. შინაგანი საათი არასდროს მატყუებს. ამ სიტუაციამ ორი კითხვა შეიძლება დაბადოს. პირველი: როგორ ჩამოვაყალიბე საკმაოდ ვრცელი შინაგანი მონოლოგი ზუსტად ერთ წუთში? და მეორე: რატომ დუმს ,,ჰეკლერ კოჰი”? პასუხები ძლიერ მარტივია. აი მაგალითად, როცა ვიღაც დეგენერატი რაიმე ამბავს გიყვება, რომელიც სულაც არ გაინტერესებს, დრო ძალზედ ნელა გადის, წამი საუკუნედ გეჩვენება. არასასიამოვნო სიტუაციაში ხარ და იმიტომ. ეხლაც არასასიამოვნო სიტუაციაა და დროც აქედან გამომდინარე ისე ზლაზვნით გადის, რომ გაწელილი შინაგანი მონოლოგი კი არა, შეიძლება ტოლსტოის ,,ომი და მშვიდობა” გავიარო გონებაში... ეხლა რაც შეეხება ,,ჰეკლერ კოჰის” დუმილს: მსროლელი არ არის მისი პატრონი, кишка тонка. არ ვინძრევი, ცალი თვალის კუთხით ვათვალიერებ ,,სტუმარს”, უფრო სწორად, იმ ტერიტორიის ბატონ-პატრონს, სადაც ვიმყოფები. ,,ვიკროიკაზე” ეტყობა რო ,,ლოხია” მხოლოდ ქორწილებში ისვრის, ისიც გარკვეულ კონდიციამდე მისული, მაგრამ чем черт не шутит, სიკვდილი ჩემს გეგმებში არ შედის არანაირად, ტყვიამაც ქურდი და არიფი არ იცის, ამიტომაც უნდა ვიტექნიკურო და ჩემი ,,ჩორნი ხოდიდან” გავიდე, საღი და საღსალამათი.
,,ეგ ინსტრუმენტი ნაღდია?” აუღელვებლად ვეკითხები ,,სტუმარს”.
ვატყობ რომ ჩემი წყნარი ტონი აბნევს, მოუსვენრად ტოკვას იწყებს. კრიტიკული მომენტია.
,,ჩემთან რა პრეტენზია შეიძლება გქონდეს მეგობარო? ცხოვრებისეულ გაუგებრობაში მოხვედრილი ერთი პატარა კაცი ვარ, ამიტომ მოდი, სწორად შეაფასე სიტუაცია და ვინც დასასჯელი გყავს, ის დასაჯე...” იგივე ტონალობაში ვაგრძელებ და მეტი დამაჯერებლობისათვის სახის იდიოტურ გამომეტყველებას ვღებულობ. მცირე ყოყმანის შემდეგ ,,ჰეკლერ კოჰის” ლულა ნინკას შუბლისკენ ინაცვლებს. მეც ეს მინდოდა, სულ რაღაც ერთი წამის მოგება...