გოგი გვახარია, კინოს სამყარო და მე

Posted 3:39 PM by Nina in თემები , , , ,

Gogi Gvaxaria

ავტორი: როდრიგო

ეს არც ფანატიზმია, არც სნობიზმია, არც ჰორმონები მაწუხებს და არც გადახრები, არც პირფერობაა, არც გაიდეალება, არც გეჭედვა და არც გამოჭედვა. ეს სულ სხვა რამაა, ჩემი დამოკიდებულება გოგი გვახარიას (და კინოს) მიმართ. ძალიან არანორმალურად ჟღერს, მაგრამ რა გინდათ, ან მე რა მინდა ნეტა ვიცოდე.
ახლა, გოგი რომ კითხულობდეს ამ პოსტს, საბოლოოდ ჩაიქნევდა ხელს ქართულ საზოგადოებაზე, მაგრამ ბატონო გოგი, თუკი ვწერლუკინო ვისკონტზე, ფელინზე, პაზოლინზე, საყვარელ ფილმებზე და ვუყურებ კლასიკას, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თქვენ შემაყვარეთ კინემატოგრაფია და აი როგორ მოხდა ეს:
ჩემს ცხოვრებაში პირველი იყო “ფსიქო”, რა თქმა უნდა. თუმცა ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს, ზოგჯერ მშობლებიც მიკრძალავდნენ ყურებას და ჩუმად ვახერხებდი ნახვას, თან გვიან გადიოდა, პატარა ვიყავი და მეძინებოდა. არც მესმოდა რა ხდებოდა და რატომ შფოთავდა საზოგადოება მეორე დღეს. ბოლოს გაქრა “ფსიქო” ეკრანებიდან. ფსიქო კი გაქრა, მაგრამ ჩემს ფსიქიკაში საბოლოოდ დამკვიდრდა 14 ასოსგან შემდგარი სიტყვა:
კ ი ნ ე მ ა ტ ო გ რ ა ფ ი ა !
ცოტა რომ გავიზარდე და დამეწყო გარდატეხის ასაკი, როცა შემძულდა მთელი სამყარო და გული მერეოდა ყველაფერზე, ერთადერთ ხსნად კინოკლასიკის ყურება მომევლინა. ჩავრთავდი ყოველ საღამოს დესიკას, ვისკონტის, პაზოლინის, დარდენების, ტავიანების, უაილდერის, კრამერის, ტრიერის, ალმოდოვარის ფილმებს, მოვიმარაგებდი ცხვირსახოცს და ვაღვარღვარებდი ცრემლებს... მძულდა სამყარო, და მიხაროდა ასეთი ფილმების არსებობა.
ასე აღმოვჩნდი “კინოსახლში”. როდესაც ჩემი თანატოლები ჰარი პოტერზე იხოკავდნენ ლოყებს და “ამირანსა” თუ “რუსთაველში”, პუნიკურ ლაშქრობებს აწყობდნენ პოპკორნების ჭამით, მე კინოსხლისკენ მივემართებოდი და ფელინისა და სხვათა ფილმებს ვუყურებდი მარტოდმარტო და გულაჩუყებული. მსიამოვნებდა, რომ დარბაზში ცოტანი ვიყავით და 10 კაციდან (ხშირად ათზე ნაკლებიც) ზოგჯერ მხოლოდ მე ვგრძნობდი კინოს ჯადოსნობას.

იხილე სრულიადში>>>popularpopcorn.blogspot.com



0 comment(s) to... “გოგი გვახარია, კინოს სამყარო და მე”