by 24 საათი
საფრანგეთის ნაკრების სამი ფეხბურთელი სექსუალურ სკანდალში გაეხვია
ფრანგულ გამოცემა L’Equipe-სა და ტელეარხ channel M6-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების სამი ფეხბურთელი სექსუალური სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
ჯერჯერობით ფეხბურთელთა ვინაობა არ სახელდება. უბრალოდ, ითქვა, რომ ერთ-ერთ პარიზულ ღამის კლუბში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა მეძავი "მოხსნა" და მასთან სექსი ჰქონდა. ამ ფაქტში კრიმინალური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - მეძავი არასრულწლოვანი ყოფილა.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია კომენტარისგან თავს იკავებს. რაც შეეხება სამეულს, მათი ვინაობა არ კონკრეტდება, მაგრამ ცნობილია, რომ ორი მათგანი უცხოურ კლუბში თამაშობს, ერთი კი საფრანგეთის სამხრეთული გუნდის წევრია.
channel M6-ის მტკიცებით, ერთ ფეხბურთელს, რომელსაც სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა არასრულწლოვან მეძავთან, შეიძლება დიდი პრობლემები შეექმნას. კერძოდ, თუ ფეხბურთელის ბრალეულობა დამტკიცდა, მას სამწლიანი პატიმრობა ემუქრება, ამასთან ერთად, ჯარიმის - 45 ათასი ევროს გადახდაც. დანარჩენი ორი ფეხბურთელი ჯერჯერობით მოწმის სტატუსით გადის საქმეში.
როგორც უკვე ვთქვით, სამივე ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების წევრია და რაიმონ დომენეკს სამივეს სამხრეთ აფრიკაში წაყვანა ჰქონდა დაგეგმილი.
მუნდიალის დაწყებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა. თუ ფრანგულ მედიას დავუჯერებთ, "სამფეროვანთა" მწვრთნელს, რომელსაც ისედაც ბევრი საკადრო პრობლემა აქვს, სასწრაფოდ სჭირდება ამ სამი ფეხბურთელის შემცვლელები, რადგან მუნდიალზე მათი გამგზავრება შეუძლებელი იქნება…