ქართული რეკლამის მეორე ფესტივალი
Posted 2:05 PM by Nina in თემები დაჯილდოვება, კონკურსი, ნეტგაზეთი, რეკლამა, ფესტივალიავტორი: ნინო ძანძავა
აპრილის მიწურულს კლუბმა „ქალაქური“ რეკლამის ფესტივალს „ოქროს ვაშლი“ უმასპინძლა. 120-ზე მეტი სარეკლამო პროდუქტი 12 ნომინაციაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. მათი შეფასების შესაძლებლობა ჟიურის გარდა ინტერნეტის მომხმარებლებსაც ჰქონდათ.
ყველა ნამუშევარი ჯიემსი ჯგუფის ვებ-გვერდზე იყო განთავსებული, სადაც სამი დღის განმავლობაში ფესტივალის ონლაინ მონაწილეები ფავორიტებს ქულებს უწერდნენ. ჟიური ცხრა სხვადასხვა პროფესიის ადამიანისგან იყო დაკომპლექტებული. ფსიქოლოგი, დიზაინერი, მარკეტოლოგი, კომპოზიტორი, სოციოლოგი, კინომცოდნე, რეჟისორი, ჟურნალისტი და პიარის სპეციელისტი ნამუშევრების ავკარგიანობას ხედვის განსხვავებული კუთხით საზღვრავდნენ.
„ოქროს ვაშლის“ ორგანიზატორი კრეატიული სტრატეგიების კომპანია „იდეა იმპერა“ (Idea Impera), მხარდამჭერი კი თბილისის მერიაა. წლევანდელ კონკურსში 25-მდე სარეკლამო კომპანიის 2009 წლის პროდუქცია იყო წარდგენილი. კონკურსი ღია იყო არა მხოლოდ სატელევიზიო, არამედ სხვა კატეგორიებისთვისაც, როგორიცაა პოლიგრაფიული რეკლამა და აუთდორი. თუმცა, წელს ყველა ნომინაცია მხოლოდ სატელევიზიო სარეკლამო რგოლებს ითვალისწინებდა. ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც პოლიგრაფიული ნაწარმისთვის არც ერთი ნომინაცია არ გამოცხადებულა. ამის მიზეზი საკონკურსოდ წარდგენილი განაცხადების რაოდენობრივი სიმცირე გახდა. უფრო მეტიც, ნომინაციები არც ინტერნეტ-რეკლამებს ხვდათ წილად. მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორი, ბესიკ წულაძე თვლის, რომ საქართველოში უკვე საკმარისად დიდი ბაზარია იმისათვის, რომ მომდევნო წელს კონკურსში ინტერნეტ-რეკლამებიც ჩართონ.
ფესტივალი პროდუქციის წინასწარ სელექციას არ აკეთებს და ყველა განმცხადებელი კონკურსის მონაწილე ავტომატურად ხდება. კონკურსის შესახებ ცნობები სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდება. ორგანიზატორები თავად უკავშირდებიან საქართველოში არსებულ ყველა სარეკლამო კომანიას და საფესტივალო პროგრამაში ჩართვას სთავაზობენ. „სარეკლამო კომპანიების რაოდენობა დაახლოებით იგივეა. ორი კრიზისული წელი გავიარეთ. კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა ძალიან არ გაზრდილა, მაგრამ შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი იყო“ - ამბობს ბესიკ წულაძე.
„ოქროს ვაშლის“ 2010 წლის გამარჯვებულები:>>>იხილეთ აქ>>>netgazeti.ge