უღირს თუ არა საქართველოს "ევროვიზია" 802 100 ევროდ?

Posted 1:58 PM by Nina in თემები , , , , , ,

md_portret

 

Bookmark and Share

 

by ლიბერალი

ორი აზრი

 

მომხრე

ნათია უზნაძე

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი

natia uznadze 2

"ევროვიზია" ქვეყნის პრეზენტაციის ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან საერთაშორისო სიმღერის ამ კონკურსს, სხვა კონკურსებთან შედარებით, ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. კონკურსის მსვლელობისას მაყურებელთა რაოდენობა 100 მილიონს აღემატება. ძალიან ეფექტური და კარგი შანსია, ქვეყანას რეკლამა მაშინ გაუკეთო, როდესაც ამდენი ადამიანი ადევნებს თვალს შენი ქვეყნის წარმომადგენელს. გარდა ამისა, იმ ქვეყანაში, სადაც კონკურსი ტარდება, ჩადიხარ 12-14 დღით ადრე. ამ ხნის განმავლობაში გაქვს რამდენიმე პრესკონფერენცია, ცნობილ გამომცემლობებში, გაზეთებში და ტელევიზიით შუქდება შენი ქვეყნის წარმომადგენლის იქ ყოფნა. წელს "ევროვიზიაში" 39 ევროპული ქვეყანა მონაწილეობს. თუ საქართველომ გაიმარჯვა, შემდეგი "ევროვიზიის" კონკურსი საქართველოში გაიმართება. მინიმუმ 39 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა, თითოს კი 50 წევრი მაინც ჰყავს. გარდა ამისა, "ევროვიზიაზე" ჩადიან სხვადასხვა ქვეყნის ფანები, რაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობასაც დიდად ზრდის. საქართველოს გამარჯვება ნიშნავს იმასაც, რომ შემდეგი "ევროვიზიისთვის" ევროპის მაუწყებელთა კავშირის მხრიდან იმ საკონცერტო დარბაზს, სადაც გაიმართება კონკურსი, სრული უზრუნველყოფა ექნება. "ევროვიზიას" ის თავისებურებაც ახასიათებს, რომ სამი კონცერტი თუ არის დაგეგმილი, ბილეთები იყიდება ექვსი კონცერტისთვის, რადგან მაყურებელი გენერალურ რეპეტიციებსაც ესწრება. მთლიანობაში კი ეს არის დიდი ინვესტიცია ქვეყნისთვის. "ევროვიზიაში" მონაწილეობა ფინანსურად ძალიან მომგებიან პროექტში ფულის ჩადებას ნიშნავს და, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის პრესტიჟს ზრდის. გარდა ამისა, წინა წლებში ჩვენმა წარმომადგენლებმა საინტერესი წინადადებები მიიღეს. დიანა ღურწკაიას გორან ბრეგოვიჩმა შესთავაზა რამდენიმე სიმღერის დაწერა. "ევროვიზია" არის ყველაზე გამოუცნობი კონკურსი, რადგან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: როგორ წარვადგენთ, როგორ მიიღებს მაყურებელი, და როგორი მხარდაჭერა გვექნება უცხოელებისგან. პირველ წელს საქართველომ აიღო მე-12 ადგილი, მეორე წელს _ მე-11. ახლა შეიცვალა "ევროვიზიის" წესები. გადაწყვეტილების მიღებაში მაყურებელთან ერთად ჟიურიც მონაწილეობს. ანუ, ჩვენ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, წელს კარგი შედეგი ვაჩვენოთ. წლიდან წლამდე ვვითარდებით და ალბათ უფრო დახვეწილ და კარგ შოუს წარვადგენთ. დამდგმელი რეჟისორი საფრანგეთიდან მოვიწვიეთ. სასცენო ვერსია, რითაც სოფო ნიჟარაძე "ევროვიზიაზე" წარდგება, სწორედ მან დადგა. სოფოსთან ერთად იცეკვებს სამი ფრანგი მოცეკვავე, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ; სოფოსთან ერთად სცენაზე იდგება ორი ქართველი ბექვოკალისტი. სოფოს თითქმის ყოველდღიური ჩართვები აქვს უცხოეთის სხვადასხვა რადიოში, ურთიერთობა აქვს ჟურნალისტებთან და "ევროვიზიაზე" გამგზავრებამდეც ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. "ევროვიზია" ქვეყნის შიგნითაც ეხმარება შოუბიზნესის განვითარებას. მაგალითად, შარშან და შარშანწინ გაიმართა მასშტაბური კონცერტები ფილარმონიასა და სპორტის სასახლეში. ამ პერიოდში ყოველთვის იწერება ახალი სიმღერები და იდგმება შოუები, რაც ქართული შოუბიზნესისთვისაც გარკვეული სტიმულია. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ამ თანხის გამოყოფა "ევროვიზიაზე" ქართველი მომღერლის და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის გამართლებულია. კონკურსში მონაწილე ყველა ქვეყნის მთავრობა გარკვეულ ინვესტიციას დებს "ევროვიზიაზე" საკუთარ წარმომადგენელში. ჩვენთვის ფასეულია არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ მონაწილეობაც, ხოლო თუ "ევროვიზია" მოვიგეთ, გარწმუნებთ, რომ ეს თანხა ძალიან დიდი ინვესტიციით დაგვიბრუნდება უკან.

მოწინააღმდეგე

ლადო ბურდული

კომპოზიტორი, მომღერალი

 

800 ათასი ევრო, თუ არ ვცდები, ორ მილიონ ლარზე მეტია. ჩემი აზრით, ძალიან დიდი თანხაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. არალოგიკურია ამხელა თანხის დახარჯვა თავის წარმოსაჩენად "ევროვიზიაზე", სადაც ათეულშიც კი ვერ ვახერხებთ მოხვედრას. სხვა უფრო კარგი პროექტებიც არსებობს, მაგრამ იმაში კაპიკს არ იხდიან. გასაგებია, რომ ქვეყნის იმიჯსა და პრესტიჟში იხდიან ფულს, მაგრამ პრესტიჟი არ არის, როცა ამხელა ფულს ხარჯავ და სამეულშიც ვერ ხვდები? მესამე წელია, ვმონაწილეობთ, და რაღაც გაკვეთილი ხომ უნდა გამოვიტანოთ. კიდევ ერთი რამ არის ჩემთვის გაუგებარი _ როგორ შეიძლება ჯერ ამხელა თანხები დახარჯო "ევროვიზიაში", და ამაზე ორჯერ მეტი თანხით აფინანსებდე ანტიევროვიზიას. შარშან "ალტერ ვიზია" ხომ სახელმწიფომ დააფინანსა. ფაქტია, რომ ვერც "ევროვიზიამ" და ვერც "ალტერ ვიზიამ" ვერ შეუწყო ხელი ქართველ შემსრულებლებს ვერც საქართველოში და ვერც მის ფარგლებს გარეთ. ჩემი აზრით, "ევროვიზიაში" ამხელა ფულის ხარჯვას, ჯობს ხელისუფლებამ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდების ემიგრაციის შეჩერებაზე იზრუნოს. უკვე მეოთხე თუ მეხუთე თაობა გადის ქვეყნიდან სამუშაოს ძიებაში. უკეთესი იქნება, თუ სახელმწიფო გონიერი ახალგაზრდების დასაქმებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაზე იზრუნებს; თუნდაც, შოუბიზნესის არსებობისთვის შექმნას ინფრასტრუქტურა, რომ შოუბიზნესის წარმომადგენლები დასაქმდნენ და შეიქმნას სისტემა, რომელიც ნიჭიერ ადამიანს გამოავლენს. ისინი, ვინც "ევროვიზიაზე" იმარჯვებდნენ, მაგალითად "აბბა" და "მუმიტროლი", გარკვეულ გარემოში იზრდებოდნენ და ქმნიდნენ მუსიკას. ამ ხალხს რაღაც სტრუქტურა ავლენს, და თუ ასეთი სტრუქტურა არ არსებობს, შეუძლებელია ასეთ სივრცეში ნიჭიერი ადამიანი გამოვლინდეს. ისიც ხომ ვიცით, რომ დღეს "ევროვიზიაზე", არა პროფესიული ნიშნით, არამედ პარტიული ნიშნით _ ნაციონალური პარტიის კანდიდატები მიდიან. კარგია, რომ "ევროვიზია" გამარჯვებული მომღერლის ქვეყანაში გაიმართება, მაგრამ იმდენად დაბალია ჩვენი შანსები, რომ არ ღირს ამხელა თანხების დახარჯვა. კერძო პირს შეუძლია ითამაშოს და მილიონი წააგოს, მაგრამ ქვეყანა რომ დებს ამხელა ფსონს, ისე რომ შიგნიდან აბსოლუტურად აუწყობელია, მაშინ ეს ხარჯი გაუგებარი ხდება. ახალგაზრდები სხვა ქვეყანაში მიდიან საცხოვრებლად, სამსახურს ვერ პოულობენ და შენ ერთ მომღერალში იხდი ორ მილიონ ლარს _ ამაში არანაირი ლოგიკა არ არის. თანაც რისი იმედი გვაქვს, როდესაც შოუბიზნესის მექაში ჩაგვაქვს მეოცე საუკუნის უხარისხო პროდუქტი, არ მესმის. ხმის ჩუქურთმებით ვცდილობთ ხალხის "დაბოლებას"? სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულმა ღონისძიებებმა კომუნისტების დროს ვერ გამოიღო შედეგი და არა მგონია, რომ ხელოვნური კვებით შექმნილ პროდუქტს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს მომავალში. ერთადერთი, რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს ამ სფეროს განვითარებისთვის და მისი ხელშეწყობისთვის, არის ბიზნესის გათავისუფლება პოლიტიკური გავლენისგან. ყველაფერი დამოუკიდებელ ბიზნესზეა აწყობილი. თუ დამოუკიდებელი ფული არ იტრიალებს ქვეყანაში, და ყველაფერი პოლიტიზირებული იქნება, თავისთავად მუსიკაც პოლიტიზირებული გახდება. დღეს პოლიტიკოსებს თავიანთი მუსიკოსები ჰყავთ და მათ უხდიან ფულს. ვინც ამ პოლიტიკაში არ შედის, იმას არ უხდიან. მე რამდენჯერმე შევეცადე ბიზნესის მოზიდვას, მაგრამ დიდ პრობლემებს წავაწყდი და მივხვდი, რომ თუ არ შეიცვალა მთავრობის დამოკიდებულება ხელოვნებისა და შემოქმედებითი აზროვნებისადმი, უფრო გაგვიჭირდება განვითარება.

წყარო>>>www.liberali.ge



0 comment(s) to... “უღირს თუ არა საქართველოს "ევროვიზია" 802 100 ევროდ?”