ფრიდა კალოს და ლევ ტროცკის რომანი

Posted 6:00 PM by Nina in თემები , , , ,

fridakahlo1

By zazagabunia

მთარგმნელისაგან

მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი (1907-1954) _ კოიოაკანში დაბადებული მექსიკელი მხატვარი. მისი ცხოვრება და შემოქმედება ერთგვარი გამოხატულებაა დაუდეგარი, რევოლუციური ფანტაზიისა, იდეისა – შეცვალოს სამყარო; ფრიდა კალო _ სულით ხორცამდე ,,მგრძნობიარე რევოლუცია’’ ფილოსოფიისა, სიყვარულისა და ვნებისა. 22 წლის ასაკში ოცი წლით უფროს მექსიკელ მხატვარსა და ფერმწერ, დიეგო რივერაზე ქორწინდება. ვნებიანი და დაუცხრომელი ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო ღალატს, ფრიდას ლესბოსურ თავგადასავლებს, შემოქმედებით ზეწოლას, განქორწინებას, მეორედ ქორწინებას, ფრიდას სნეულებასა და უშვილობას. ,,ჩემს ცხოვრებაში ორი საბედისწერო შემთხვევა მოხდა: ერთხელ, როცა ავტობუსისა და ტრამვაის შეჯახებისას მიწაზე დავენარცხე და ხეიბრად ვიქეცი, მეორედ, როცა დიეგო რივერას შევხვდი და ემოციურად გამოვცარიელდი,’’_ განაცხადა ერთხელ ფრიდა კალომ. ფრიდას 143 ნამუშევრიდან 55 ავტოპორტრეტია. შეკითხვაზე, თუ რატომ ქმნიდა ამდენ ავტოპორტრეტს, ფრიდა პასუხობდა: ,,მე ჩემს თავს ვხატავ, რადგან ყოველთვის მარტო ვარ, საკუთარი თავი კი ჩემთვის ყველაზე ნაცნობი თემაა’’. მისი შემოქმედება ხომ წარმოსახულ კარნავალში მტანჯველი ტკივილებით აღსავსე პოეტურ-პოლიტიკური ნაშრომია. ფრიდას შემოქმედების სიურრეალისტური ობიექტურობა ,,მკვახეა და საოცრად ნაზი, რკინასავით მედგარი და პეპელასავით ფარფატა, პირმცინარი, სიღრმისეული და ცხოვრებასავით სასტიკი და დაუნდობელი,’’ _ ასე შეაფასა ფრიდა კალოს შემოქმედება დიეგო რივერამ. ხშირად ფრიდას ნამუშევრებს სიურრეალისტურად მოიხსენიებენ, თუმცა თავად ხელოვანი უარყოფს ამგვარ კლასიფიკაციას: ,,ფიქრობენ, რომ მე სიურრეალისტი ვარ, რაც არასწორია; საკუთარ ფანტაზიებს არასდროს ვხატავ. ვხატავ საკუთარ რეალობას.’’ 1953 წელს მექსიკაში გამართულ გამოფენაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა კრიტიკოსმა განაცხადა: ,,შეუძლებელია ამ ექსტრაორდინალური პიროვნების შემოქმედება და ცხოვრება ერთმანეთისაგან გამიჯნო. მისი ტილოები მისივე ბიოგრაფიაა”.
ფრიდა კალო და დიეგო რივერა მექსიკის კომუნისტური პარტიის აქტივისტები იყვნენ. 1954 წელს ფრიდა უკანასკნელად გამოჩნდა კომუნისტთა მანიფესტაციაზე. 1954 წლის 13 ივლისს 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრიდამ დაიბარა: ,,დაწვით ჩემი სხეული… არ მინდა დამკრძალონ, ისედაც დიდი ხანია მწოლიარე ვარ… უბრალოდ დაწვით ჩემი სხეული!”
ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ქალღმერთი, ტეკილასა და უკბილო ხუმრობების მოყვარული, ბისექსუალი, რომელიც ჩინებულ, აბორიგენული სტილის კაბებში გამოწყობილი კოჭლობით დასეირნობდა ბოჰემურ ბაღში და პომპეზურ წვეულებებს უმართავდა ლევ ტროცკის, ჩილელ პოეტს _ პაბლო ნერუდას, ნელსონ როკფელერსა და რასაკვირველია, მეუღლეს _ დიეგო რივერას. ფრიდას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დიეგო რივერამ მათი საცხოვრებელი სახლი მექსიკის მთავრობას გადასცა. 1958 წლის 12 ივლისს კი ეს სახლი სახელწოდებით ,,Casa Azul’’ (,,ლაჟვარდისფერი სახლი’’) ოფიციალურად ფრიდა კალოს სახლმუზეუმად იქცა.

——————-

ლევ ტროცკი მთელი მსოფლიოსათვის უღირს და საძრახის პიროვნებადაა მოხსენიებული თუნდაც იმ მტრული ფაქტების გამო, რაც არასდროს ჩაუდენია, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკურ სამყაროში ვლადიმერ ლენინის გარდაცვალების შემდგომ უდაოდ ის ყველაზე გამორჩეული და ბრწყინვალე ფიგურაა. ტროცკის გონიერება თავის დროზე მარქსიზმის, პროლეტარიატის, რევოლუციისა და თავად სოციალიზმის საზღვრებსაც სცდებოდა. ფაქტია და საკამათოც არაფერია, რომ ტროცკის ყველაზე დაუნდობელ მოწინააღმდეგეთა წყალობით კონტრრევოლუციონერობა და იმპერიალიზმის აგენტობა დასწამეს. რა სისასტიკეა! ფაშიზმის დაუნდობელი ურჩხული _ ჰიტლერიც კი ტროცკის ისე უფრთხოდა, როგორც მელა მასზე გაცილებით დიდი ზომის ცხოველს.
ტროცკიმ და მისმა განუყრელმა მეუღლემ, ნატალია სედოვამ მექსიკაში გენერალ ლასარო კარდენასის მმართველობის ხანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. საბჭოთა კავშირიდან განდევნილმა, პატიმრობისა და იზოლაციის, საშინელებათა სერიის მომსწრე ტროცკიმ სახელოვანი მხატვრის, ფერმწერის – დიეგო რივერასა და მისი მარად მოტრფიალე ფრიდა კალოს სახლში დაიდო ბინა.
დიეგო რივერას მეუღლე და იმავდროულად ხელოვანი, ფიზიკური ტრამვის შედეგად მარადიული ტკივილისათვის განწირული, გულწრფელობითა და მედგარი ხასიათით გამოირჩეოდა. დრომოჭმული ტრადიციების მოწინააღმდეგე, ზოგჯერ სატირული განწყობით და ხანდახან მოჩხუბარიც, ბრწყინვალე ნიჭის მატარებელი გახლდათ.
ფრიდა ქვეყანას ძალადობის ხანაში მოევლინა, გენერლების ემილიანო საპატასა და პანჩო ვილიას რევოლუციური მოძრაობის ეპოქაში. ალბათ ამიტომაც იფეთქა მის ძარღვებში რევოლუციურმა სისხლმა…

იხილეთ ვრცლად>>> zazagabunia.wordpress.com



0 comment(s) to... “ფრიდა კალოს და ლევ ტროცკის რომანი”