დათო - წიგნები, რომელმაც მის ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდიანა
Posted 5:00 PM by anano in თემები ბიბლუსი, ინტერვიუ, ლიტერატურა, ხელოვნებაავტორი - წაიკითხე წიგნები - უკეთესად იქნები !
"შინ რომ ვთქვი, ლექსი დავწერე-მეთქი, ეჭვი შეეპარათ. მე გამიხარდა - რაკი არ დამიჯერეს, ვიფიქრე, რომ კარგი იყო..." - ასე გაიხსენა თავისი პირველი ლექსი პოეტმა დათო მაღრაძემ, რომელიც 14 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტზე მდებარე წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" შეკრებილთ ლიტერატურულ სამყაროზე ესაუბრა. ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ, რას ამბობდნენ დამწყებ პოეტზე ნოდარ დუმბაძე და ზაურ ბოლქვაძე...
- წიგნი ცნობიერებაში ჯერ კიდევ იმ პერიოდში შემოდის, როცა კითხვა არ იცი. მე ბებია მიკითხავდა "ნაცარქექიას", "ხუთკუნჭულას"... შემდეგ, როდესაც თვითონ წაიკითხავ, ორმაგად საინტერესო და საყვარელი ხდება.
პირველი რომანი, რომელიც წავიკითხე, იყო სტენდალის "წითელი და შავი"...
- როგორ მოვიდა პოეტური მუზა დათო მაღრაძესთან?
- სკოლაში კარნავალი იმართებოდა და საზეპიროდ ლექსები დაგვირიგეს, მე კი ჩემით მოვიფიქრე. მახსოვს, მასში სიტყვა "ფერხული" იყო ნახსენები, რადგან მასწავლებელი სულ იმას იმეორებდა, ფერხულში უნდა ჩაებათო. შინ რომ ვთქვი, ლექსი დავწერე-მეთქი, ეჭვი შეეპარათ. მე გამიხარდა - რაკი არ დამიჯერეს, ვიფიქრე, რომ კარგი იყო...
მყავდა ქართული ენისა და ლიტერატურის შესანიშნავი მასწავლებელი - თამარ ბურჯანაძე. საოცრად შთამბეჭდავი ხმა ჰქონდა. არც ერთი მსახიობის წაკითხული ლექსი ისე არ მომწონებია... დიდხანს ვფიქრობდი, რით მიზიდავდა მის მიერ წაკითხული ლექსი, მერე მივხვდი - პოეტს არ ეხმარებოდა. მისი გავლენით ვცდილობ, ლექსის წერისა და კითხვისას არ გავიპრანჭო.
ლექსისადმი ჩემი დამოკიდებულება მას შემდეგ ჩამოყალიბდა, როცა ვაჟას შემოქმედებას ვეზიარე...
ჩემი მოწაფეობისას გამოდიოდა "ცისკრის" დამატება - "ნობათი". პირველად იქ დავბეჭდე ლექსები. ნოდარ დუმბაძემ რომ წაიკითხა, დაურეკა თავის მეგობარს, პოეტ ზაურ ბოლქვაძეს - დათომ წერა დაიწყო და "დაგიხია ფლაგებიო", - იყო ასეთი გამოთქმა. იმხანად ნოდარს ახალი გამოქვეყნებული ჰქონდა "თეთრი ბაირაღები". ახლა ზაურმა დაურეკა და ეუბნება, დათო პროზაზე გადადის და დაგიხევს მაგ თეთრ ფლაგსო. ასეთი იუმორით შეხვდა ლიტერატურული სამყარო ჩემს გამოჩენას.
საერთოდ, ხელოვნება დედალი ხალხის საქმე არ არის, ვაჟკაცობაა საჭირო, შენს ნაწერს იუმორით რომ შეხედო. ამას წინათ ერთი პოეტი შემხვდა - გავიგე, შენი წიგნი ინგლისურად ითარგმნა და ნიუ იორკში გამოდის, მართალიაო? ამას ისე მეკითხება, მივხვდი - რომ დავეთანხმო, გაგიჟდება. ვუთხარი, ტყუილია-მეთქი, შემეშინდა, რამე არ დამართოდა... ოთარ ჭილაძეს რომ აქვს "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", ასე წარმომიდგენია ნებისმიერი სახელოვნებო დარგი. შემოქმედმა მარტომ უნდა აკეთოს თავისი საქმე, ხელისუფლების დაქირავებულ "პუტანად" რომ არ იქცეს.
- რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?