Sacrificium ანუ მაცალე ტირილი!
Posted 6:45 PM by anano in თემები zurriuss, თეატრი, მუსიკა, ცხოვრების სტილი
ავტორი – zurriuss
ეძღვნება ათასობით მსხვერპლშეწირულს
_ ყოფილხარ კაცი?…
_ ჰა? აქ კაცებიც შემოდიან და ქალებიც. რაღაცას ბოდავ.
_ არაჰ. ყოფილხარ კაცი, რომელიც თავისსავე ნიჭს გადააყოლეს და მსხვერპლად შეწირეს?
_ ყვერები ხომ არ დაგაჭრეს, ბიჭო?
_ აუ, მოკეტე და მომისმინე, თუ არა და დაახვიე და სხვა დროს მოეხვიე! ეგ არც მე მემუქრება და არც შენ. ჩვენთვის უკვე დაგვიანებულია. უბრალოდ, ჩვენ არ ვყოფილვართ მსხვერპლშეწირულნი, ისევე, როგორც არავინ, ვინც ამ ბლოგს სტუმრობს. ასეთების ეპოქა წავიდა. დღეს ვცდილობთ, რაც შეიძლება, ნაკლები დავთმოთ უკეთესი შედეგის მიღების სანაცვლოდ, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო…
***
დეკემბრის ერთ-ერთ საღამოს სპეციალურად შენთვის გაყიდული ბილეთები ხელიდან ხელში გადააქვთ, შენთვის იმოსებიან ყველაზე ექსტრავაგანტული და მოხდენილი ტანისამოსით, შენთვის ავსებენ ლოჟებს. ორკესტრიც შენთვის უკრავს, დირიჟორიცს შენთვის უძღვება მუსიკოსებს. შენზე 10 კილოგრამის ოდენობის მოოქროვილი მოსასხამი, მაქმანებიანი ჟაბო, კრიალა აბრეშუმის კამზოლი, და ძვირფასეულობაა ასხმული. მაგრამ ვერაფერი დაამძიმებს შენს სუნთქვას. სუნთქვას, რომელიც ტაძრის თლილ ბოძებზე უფრო ძლიერი საყრდენია. სუნთქვას, რომელიც სამ ოქტავას მოიცავს. სუნთქვს, რომლის ხმოვან არომატს დარბაზი ჭკუიდან გადაჰყავს…
დაპუდრული, ვარდისფერმკერდიანი ქალები შენგან მიღებული სიამოვნებით კვნესიან, იკრუნჩხებიან, ფრჩხილებით სკამების ჩუქურთმებს კაწრავენ, დნებიან, გული მისდით. ამ დროს შენ მეფე ხარ. მზის, მუსიკისა და ვნების ღმერთი. თვალებით სერავ მაყურებელთა თითო-თითო რიგს და ასე ადიხარ უფრო და უფრო მაღლა, თეატრის თაღისაკენ. მესამე ოქტავის ”დო”-ც და მსწრაფლ დახურული, ოქროთი ნაქარგით დახუნძლული ფარდა ძლივს უმკლავდება მაყურებლის ექსტაზირებულ “ბრავოს”…
***
კასტრატების ანუ საჭურისი ვაჟების ეპოქა მე-17 საუკუნიდან იწყება და დაალხოებით 300 წელს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში წელიწადში 4000-ზე მეტი ვაჟის მომავალი შეეწირა თავის ხმას.
***
წარმოდგენა დასრულებულია. მქუხარე ტაში ავანსცენისაკენ გექაჩება, სადაც უკვე ვარდის ფურცლების ზვავია. ღვთაებრივი ზეიმი და მაყურებლის ცრემლნარევი ხმით ნასროლი, ვარდებს გამოსკვნილი “ბრავო” – ეს შენი ყოველდღიურობაა. კულისებიდან პირად საგრიმიოროში დაღლილი მიდიხარ. დერეფანში “ჰელიოსს” ჯერ მოსასხამი სძვრება, შემდეგ მზის მუზარადი, შემდეგ ყელსახვდვი და ხელთათმანები… ასე ნაწილ-ნაწილ იშლება შენ მიერ აგებული გმირი, რომლის ნამღერიც სულ ცოტა ხნის წინ თაღის ფრესკებს ხვეულების სინატიფეში ედრებოდა.
***
კასტრაციას, ძირითადად, ღარიბი ოჯახები მიმართავდნენ. ბავშვებს გარდატეხის დაწყებამდე, 7-8 წლის ასაკში ასაჭურისებდნენ. ამის შემდეგ მათი ხორხი თითქის არ იცვლებოდა და სასიმღერო ხმა ქალურ ჟღერადობას ინარჩუნებდა. მშობლები იმედოვნებდნენ, რომ თუკი თავიანთ ვაჟს კარგი ხმა აღმოაჩნდებოდა, მისი დასაჭურისებითა და კარგ მომღერლად გაზრდით, გამდიდრდებოდნენ. ხშირად, რა თქმა უნდა, ასე არ ხდებოდა. ბევრი საჭურისი ნერვიულობისაგან გაგიჟდა, ბევრმაც თავი მოიკლა. კასტრატი ბიჭები ხშირად აფრთხილებდნენ თავიანთ ტოლებს, შენი სიკვდილი შენს ხმაშიაო…
***
კაკუნი არ წყდება. კარზე არა ერთი და ორი ხელი ურტყამს. კაკუნი ისტერიკულ ბრახუნში გადის. ოთახის ბოლოდან ყრუდ შემოსულ ხმაში ქალების ვნება ყვირის, რომელსაც შენთან მოახლოება სწადია. კარის ქვემოდან შემოცურებული მაქმანები, ყელსაბნევები, სასიყვარულო ბარათები მანამ ეყრება, სანამ კიდევ ერთი ვნებიანი ხმაური უშედეგოდ არ მიწყნარდება და სანამ მსახური არ აკრეფს მათ.
მასტურბაციის მორიგი უშედეგო მცდელობა ოთახის ბოლოდან მომავალ აღტაცებულ ქალთა ხმაზე. დღეს განსაკუთრებით აღგზნებული ხარ. დღეს განსაკუთრებით არ გკიდია შენი ხმის ფანატიკოსთა ექსპრესიული სურვილები და ეროტიკული ფანტაზიები. დღეს შენი კასტრირებული ხმის 25-ე დაბადების დღეა.
**
კასტრაციის შემდეგ იწყებოდა ბავშვის ინტენსიური ვარჯიში. მას არა მხოლოდ ვოკალურ ტექნიკას ასწავლიდნენ, არამედ აკითხებდნენ უამრავ ლიტერატურასაც. კასტრატები თავიანთი თაობის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული წარმომადგენლები იყვნენ. ჩვეულებრივი მამაკაცებისაგან ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი სასქესო ორგანოების არქონასა და ბრწყინვალე ვოკალურ მონაცემებს.
მრავალწლიანი ინტენსიური ვარჯიშის შედეგად კასტრატებს უყალიბდებოდათ ზე-ძლიერი სუნთქვა და ხმის ფართო დიაპაზონი, რომელიც სამ ან სამნახევარ ოქტავას უტოლდებოდა. ამასთან ერთად იზრდებოდა ფილტვების მოცულობაც, რომელიც ზოგჯერ ჩვეულებრივი ადამიანისას აღემატებოდა. მამაკაცური ხმის სიძლიერეს დართული ქალური ხმის ჟღერადობა და ოსტატური მოქნილობა კასტრატის ხმას განუმეორებელ ფენომენად აქცევდა. ხოლო ყველა დროის კასტრატ-მოვლენას, ფარინელის, თავისუფლად შეეძლო, ერთი წუთის განმავლობაში ჩაუსუნქავად 150 ნოტი ემღერა. ასეთი იყო ჯილდო უმეტესობისათვის, ვისაც ხელოვნების სახელით მსხვერპლად შეწირავდნენ.
**
მდიდრულად მორთულ, სანთლებით სანახევროდ განათებულ ოთახში კლავესინი წკრიალებს. დო–დან დო–მდე, დო–დან რე–მდე, ოქტავათა პოლიფონია ვარიაციებში გადადის და, სანთლის შუქთან ერთად, ქოროსფრად ანათებს გობელენით დაფარულ კედლებს. ხმა, la voce, მრავალფეროვნად, ლოკონისებურად წკრიალებს და თავისუფლად დაჰქრის დო–დან დო–მდე, დო–დან რე–მდე. კომპოზიტორთა მიერ დაგებული მუსიკალური ფანდები შენთვის არაფერია. ყელმოღერებული ბგერები ინსტრუმენტს ჩრდილავს და მუსიკას სულისშეძვრამდე ჰარმონიულს ხდის. ვოკალიზი, შენი მუსიკალური ყოველდღიურობა, დასრულებულია.
***
ისტორიამ მხოლოდ ერთი კასტრატის ხმა შემოგვინახა. ალესანდრო მორესკი ბოლო კასტრატი და დასაჭურისებულ თაობათა უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. უნიკალური ჩანაწერი, რომელსაც ახლა მოუსმენთ, 1904 წელსაა გაკეთებული. აქ მომღერალი საკმაოდ დაბერებულია და ჩანაწერიც უსუფთაოა. თუმცა უკანასკნელი მსხვერპლშეწირულის ხმა მაინც შეუდარებლად გადმოსცემს საგალობლის სინატიფესა და საკუთარ ტკივილს.
***
_ მსხვერპლშეწირულო, შენი ხმა, ჩვეულებისამებრ, იდეალურ მდგომარეობაშია. ხვალ მას მთელი დარბაზი აპლოდისმენტებით, ყვავილებითა და ძვირფასი სამკაულებით კიდევ ერთხელ შეამკობს, დღეს კი… ოთახში სრულიად მარტო ხარ. ისევე, როგორც ცხოვრებაში. აბა, ვის რაში სჭირდება კასტრატი საკუთარი ხმის გარეშე? ვინ შეიძლება იყოს იმის მეგობარი, ვისი სიცოცხლეც, ნებით თუ უნებლიედ, მხოლოდ მუსიკას ეკუთვნის? ვერავინ, გარდა მუსიკისა. ეს შენც კარგად იცი. უკვე მერამდენედ იცი. განსაკუთრებით კი წარმოდგენის დასრულების შემდეგ იცი. მაშინ, როცა სრულიად მარტო რჩები მუსიკით მოცულ სამყაროში, კასტრატო…
_ მაცალე ტირილი!..