Inception – ნოლანის ფანტაზიის მსხვერპლთათვის

Posted 7:00 PM by anano in თემები , , , ,

 

ავტორი – Leonard Shelby

 

კრისტოფერ ნოლანმა სამყარო გააოცა. უმეტესობა სასიამოვნოდ, უმცირესობას გული დაწყვიტა. ისეთი ტრეილერი ჰქონდა და ეს რა ფილმი არისო. მეტი ფანტაზია უნდა გამოეყენებინაო. არადა ფილმის დასაწყისში არტური ხსნის, რომ რაც უფრო ნაკლებად შეცვლი სიზმარს მით უფრო ნაკლებად მიიქცევ ქვეცნობიერის ყურადღებას. მსგავსი უაზრო მოსაზრებები ბლომად გაჩნდა. ისევე როგორც კითხვები. მას შემდეგ რაც ფილმი ორჯერ ვნახე, შევეცდები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე ჩემეული მოსაზრება დავწერო. რომელიც ჩემი თეორიების, მეგობრების მოსაზრებებისა და რამდენიმე საინტერესო რევიუს შერწყმის შედეგად მიღებული აზრია. წაიკითხეთ მხოლოდ მათ ვინც ფილმი ნახა. ვისაც არ გინახავ ეწვიეთ კინოთეატრებს და ისიამოვნეთ 140 დიდებული წუთით.

Leonardo DiCaprio –   Cobb

Joseph Gordon-Levitt  -  Arthur

Ellen Page - Ariadne

Tom Hardy – Eames

Ken Watanabe  - Saito

Dileep Rao  -  Yusuf

Cillian Murphy  -  Robert Fischer

1)რა არის Inception(დასაწყისი) ?

ეს არის ადამიანის გონებაში ახალი იდეის ჩანერგვა. ასეთი რამ წარმოუდგენელად ითვლება, რადგან იდეა ადამიანის ქვეცნობიერში იბადება და მას იქ ვერავინ ”ჩადებს”. თუმცა დომ კობმა შეძლო შეუძლებელი, თავის მეუღლეს მალის გონებაში Inception მოახერხა. კობი და მალი ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ისინი ძალიან ღრმა ძილში, ცდილობდნენ ახალი, თავიანთი ოცნების სამყაროს შექმნას. არავინ იცის ისინი რეალური დროით რამდენ ხანს იყვნენ ლიმბოში(ქვემოთ ლიმბოზე დაწვრილებით ვისაუბრებ ), ცნობილია მხოლოდ ის რომ ილუზიაში მათ ათწლეულები გაატარეს, სადაც თავიანთ შექმნილ სამყაროში ”ღმერთები” იყვნენ. კობს რეალურ სამყაროში დაბრუნება სრუდა, თუმცა მალი იმდენად იყო ჩაფლული ლიმბოში, რომ დაკარგა რეალობის აღქმა ის მიიჩნევდა, რომ სამყარო რომელშიც იც ცხოვრობდა რეალურია. ამის გამო კობმა მალს გონებაში ”ჩაუნერგა” იდეა, რომ სამყარო სადაც ისინი ცხოვრობენ სიზმარია. ინსეფშენი თავიდან წარმტებით განხორციელდა, წყვილმა თავი მოიკლა და რეალურ სამყაროს დაუბრუნდა, თუმცა… ინსეფშენი ძალინ რთული პროცესია და მალის შემთხვევაში ცუდად დასრულდა. რეალობაში დაბრუნებულმა ქალმა ვერ მოახერხა სიზმრისა და რეალობის გარჩევა, ის კვლავ იმ იდეის გავლენის ქვეშ იყო რომ ილუზიაში ცხოვრობდა და რეალურ სამყაროს მხოლოდ თავის მოკვლის შემთხვევაში იხილავდა.

2)რა არის Kick ?

ეს არის სიზმრიდან გამოსვლის ერთ-ერთი ხერხი. როგორც წესი Kick ხორციელდება წინასწარი გაფრთხილებით. გამაფრთხილებელი ნიშანი Edith Piaf-ის სიმღერა Non, Je ne regrette rien არის, რომელის გამოყენებაც არტურის იდეა იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა დონის ღრმა ძილშია ადამიანი, Kick მას ნებისმიერ შემთხვევაში გააღვიძებს. იუსუფის წამალი იმდენად ძლიერი იყო, რომ გაღვიძება სხვა მეთოდით(სიზმარში სიკვდილით) გამორიცხული იყო. სწორედ ამიტომ აგდებს იუსუფი მანქანას ხიდიდან, წყალთან შეჯახება გამოიწვევს დარტყმას, რომელიც ყველას გააღვიძებს. სწორედ ამიტომ არტური ლიფტის ტროსებს(:დ) აფეთქებს, რათა ლიფტის ჩავარდნამ Kick გამოიწვიოს.

3)რა არის ლიმბო?

ლიმბო ეს არის სიცარიელე. ეს არის ადგილი ქვეცნობიერში სადაც არაფერი არ არის, ადგილი სადაც სიზმარი ”კომაშია”. იუსუფის წამალი რომლითაც ყველამ დაიძინა თვითმფრინავში იმდენად ძლიერია, რომ გაღვიძების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი, სიზმარში სიკვდილი, შეუძლებელია. სიზმარში სიკვდილით ადამიანი ვერ გაიღვიძებს და ის გადავა ლიმბოში. ფილმიდან ვიგებთ რომ ლიმბო ეს არის ადგილი სადაც არაფერი არ არის, ეს არავის სიზმარი არაა. ლიმბოში გადასული ადამიანი ხედავს მხოლოდ იმას, რაც მის წინ იქ მყოფმა ადამიანმა ”ააგო”/”გააკეთა”. ეს მის წინ მყოფი ადამიანი, ”ლიმბოს მფლობელი”, მასთან სიზმარს უნდა იყოფდეს. ანუ ერთ აპარატზე უნდა იყვნენ შეერთებული, რომ ლიმბოში გადასვლის შემთხვევაში სრული სიცარიელე არ იყოს. ფილმში ერთადერთი ვინც ლიმბოში ყოფილა დომ კობია, შესაბამისად საიტო როდესაც კვდება ხვდება კობის კონსტრუირებულ ლიმბოში. ადამიანი როდესაც ლიმბოში ხვდება, მისი ტვინი იჯერებს რომ ის რეალურ სამყაროშია და არა ილუზიაში. უკან დასაბრუნებელი გზაც(რეალობაში) იმავე ხიდზე გადის, ანუ უნდა გჯეროდეს რომ ილუზიაში ხარ და რეალობა სხვაგანაა. რეალურ სამყაროში წამები ლიმბოში წლებია, წლები რომლებიც სულ უფრო გავიწყებს და გაშორებს რეალობას. ასე მოუვიდა მალს, საიტოს, კობს. მოქმედება რომელიც ფილმის ბოლოს ლიმბოში ვითარდება. იქ სადაც კობი და საიტოა, რეალურ სამყაროში სავარაუდოდ რამდენიმე წამია. ეს დრო ლიმბოში იმდენად დიდია, რომ საიტო ძალიან დაბერდა, მას თითქმის არაფერი არ ახსოვს. კობი კი რომელიც საიტოს შემდეგ მოკვდა მოხუცი არ არის, თუმცა აშკარად ეტყობა ასაკის მატება.

4) სიზმარი სიზმარში?!

ფილმიდან ჩანს რომ შესაძლებელია ერთ სიზმარში სხვა სიზმრის გაკეთება და იმაში კიდევ სხვის. ანუ რამდენიმე დონის/ლეველის შექმნა. რაც უფრო ღრმად მიდის ადამიანი თავის ქვეცნობიერში მით უფრო არამდგრადია სიზმარი. ფილმში შემდეგი დონეებია

1.ოპერაცია თვითმფრინავში იწყება. ყველა იძინებს. ყველა იუსუფის სიზმარშია, რომელიც არიადნეს დაპროექტებულია. თუმცა კობის ქვეცნობიერი ცდილობს ცვლილებების შეტანას(მატარებელი. ეს ის მატარებელია რომელმაც მოლი და კობი რეალურ სამაყროს დაუბრუნა), ასევე ფიშერის ქვეცნობიერის თავდაცვის მექანიზმი ირთვება, ანუ მისი პროექცია უბრალო ადამიანები კი არა, შეიარაღებული პიროვნებები არიან, რომლებიც ცდილობენ სიზმარში შემოჭრილები დახოცონ.

2.მეორე დონეზე იუსუფი აღარ არის. მას მანქანა მიჰყავს სხვა ყველა კი სიზმარშია, სასტუმროში. ეს არტურის სიზმარია. აქ ფიშერს უხსნიან, რომ ის სიზმარშია და ატყუებენ თითქმოს მამამისის თანაშემწის სიზმარში უნდა წაიყვანონ რათა მამამისის რეალური ანდერძი ნახოს, სინამდვილეში კი ფიშერს მის გონებაში შეუძღვებიან.

3.მესამე დონე სადაც ფიშერმა მამამისი უნდა ნახოს და კობის გუნდის გენიალური გეგმის მსხვერპლი უნდა გახდეს იმსის სიზმარია. ამ დონეზე მალი კლავს ფიშერს, რომელიც ჩემი აზრით არა სიზმრის მეოთხე დონეზე არამედ ლიმბოში გადადის. ე.წ სიზმრის მეოთხე დონე სადაც მალი, არიადნე, კობი და ფიშერი არიან ჩემი აზრით სიზმარი კი არა ლიმბოა. რადგანაც ფიშერი და არიადნე თავს იკლავენ. ისინი რომ სიზმარში იყვნენ სიკვდილს kick-ის ეფექტი არ ექნებოდა და ისინი ლიმბოში ჩარჩებოდნენ, მაგრამ რადგან ისინი კობის ლიმბოში არიან, თან აანალიზებენ რომ ეს ილუზიაა, ამიტომაც თვითმკვლელობას kick-ის ეფექტი აქვს და ისინი ავტომატურად უკან, წინა სიზმარში ბრუნდებიან.

5)რა არის ტოტემი?

ტოტემი ეს არის რაღაცა ნივთი, რომელსაც ადამიანი იყენებს რეალობისა და სიზმრის გასარჩევად. კობს ბზრიალა აქვს, არტურს კამათელი, არიადნე ჭადრაკის ფიგურა. ეს არის ნივთი რომელის წონა, სიგრძე და ა.შ მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მისმა მფობლემა უნდა იცოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აზრს კარგავს, რადგან სხვა შეძლებს მისით მანიპულირებას სიზმარში, შესაბამისად კონკრეტული პიროვნებისთვის ილუზიისა და რეალობის ერთმანეთში არევას.

6) როგორ დაბრუნდნენ გმირები უკან თვითმფრინავში?

არიადნე და ფიშერი ლიმბოში თავს იკლავენ და ბრუნდებიან მესამე ლეველზე. მეორე ლეველზე არტური ლიფტის აფეთქებით აღვიძებს მესამე ლეველზე მყოფთ:იიმს, არიადნეს, ფიშერს. კობი აიგნორებს kick-ს და საიტოს დასაბრუნებლად რჩება ლიმბოში. ამ დროს პირველ ლეველზე იუსუფი ხიდიდან აგდებს მანქანას. მანქანის წყალთან დაჯახება იწვევს kick-ს რომელიც მეორე ლეველზე მყოფთ აღვიძებს:არიადნე, არტური, იიმსი, ფიშერი. საიტო მკვდარია, კობი წყალში კვდება და ლიმბოში აგრძელებს საიტოს ძებნას. ერთი ვარიანტია(ყველაზე რეალური), რომ გმირები დაელოდნენ წამლის დროის გასვლას და თვითმფრინავში გაიღვიძეს. მეორე როდესაც საქმე ბოლომდე მიიყვანეს და სრულიად აანალიზებდნენ, რომ სიზმარში იყვნენ მათ ლიმბოში კი არ გაჭედავდა, არამედ თვითმფრინავში დააბრუნებდა.

8)ფილმის ფინალი!!!!!!!

უმთავრესი და ურთულესი შეკითხვა, რომელზე ზუსტი პასუხის გაცემაც ერტადერთ ადამიანს კრისტოფერ ნოლანს შეუძლია. დასასრულის უამრავი ვარიანტი არსებობს, მე მხოლოდ საუკეთესოებს წარმოგიდგენთ

1.კობი ისევ ლიმბოშია

ფილმის ბოლოს კობი და საიტო პირისპირ საუბრობენ. ლიმბოში გატარებულმა დრომ, მათ თითქმის ყველაფერი დაავიწყა, თუმცა ნელ-ნელა იხსენებენ რა მოხდა. ბოლოს საიტო იღებს იარაღს და.. თუ საიტომ მხოლოდ კობი მოკლა, მაშინ იგი ლიმბოს უფრო ღრმა საფეხურზე გადავიდოდა, სადაც სავარაუდოდ თავისი ოცნების ილუზია ელოდა. ის ბრუნდება სახლში შვილებთან. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ როდესაც ის თავის შვილებს ხედავს ბავშვები ზუსტად იმ პოზაში და იმ ტანსაცმელში არიან, როგორც კობმა ისინი ბოლოს ნახა. მანამდე იგი არიადნეს ეუბნება, რომ ის თავის მოგონებებში ვერ ხედავს ბავშვების სახეს, რადგან ვერ მოასწრო ნახვა. ხოლო მალის ილუზიაში უარს ამბობს სახეების ნახვაზე, რადგან მიაჩნია რომ ილუზიაა. ლიმბოს ასეთ ღრმა საფეხურზე შეიძლება, მან შექმნა ილუზია სადაც ყველაფერი ისეა როგორც მას სურს. დააკვირდით ფილმის ბოლოს როდესაც კობი თავის ბზრიალას მაგიდაზე აბზრიალებს, ის არ ელოდება წაიქცევა თუ არა სათამაშო. მისთვის სულ ერთია ის ილუზიაშია თუ რეალობაში.

2.კობი ნამდვილად დაბრუნდა შვილებთან

თუ საიტომ გაანალიზა ის, რომ ისინი სიზმარში არიან, მოკლა კობი და შემდგე თავი მოიკლა, ეს სავარაუდოდ მათ ლიმბოდან პირდაპირ ყველა სიზმრის დონის გამოტოვებით(რადგან სხვა სიზმრები ”დანგრეული” იყო), მათ პირდაპირ თვითმფრინავში დააბრუნებდა. თუ გავითვალისწინებთ საიტოს სახეს როდესაც ის თვითმფრინავში ტელეფონზე რეკავს, ეს ვერსია საკმაოდ რეალურია. მე რამდენადაც გავიგე პროექციით მანიპულირება შეუძლებელია, ანუ გამორიცხულია, რომ კობის სპეციალურად ”გაეჩალიჩებინა” საკუთარი თავისთვის ასეთი დახვედრა. ასევე ვირაცის საინტერესო არგუმენტს წავაწყდი ამ თეორიაზე, რომელიც მე არ შემიმჩნევია. კობის ნიშნობის ბეჭედი მხოლოდ რეალურ სამყაროში უკეთია, სიზმარში ის მას არ ატარებს, ბოლოს სცენაში კი ის ბეჭდითაა.

3.Inception კობს გაუკეთეს

კიდევ ერთი მშვენიერი ვერსია რომელიც არაფრით გამოირიცხება. დააკვირდით კობის მამის საუბარს. პარიზში ის სთხოვს კობის რომ ”რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს”, აეროპორტში ეუბნება, რომ ”კეთილი იყოს მისი დაბრუნება”. შეიძლება მთელი გუნდი ცდილობს არა ფიშერის გონებაში იდეის ჩანერგვას არამედ კობის თავში ახალი აზრის შექმნას. ეს ყველაფერი შეიძლება იუსუფთან მიწისქვეშეთში დაიწყო. როდესაც იუსუფტან კობი სიზმრიდან გამოდის, სახეში წყალს ისხამს და ბზრიალას დახმარებით ცდილობს გაიგოს რეალურ სამყაროშია თუ სიზმარში, მას ბზრიალა უვარდა და მას შემდეგ ფილმში ფინალურ სცენამდე კობი ერთხელაც აღარ ჩანს იყენებს ბზრიალას. ანუ შეიძლება ის რაც იუსუფის შეხვედრის შემდეგ ხდება სიზმარია და კობის თავში იდეის ჩანერგვის მცდელობაა, ფიშერი შეიძლება იყოს გამოგონილი პიროვნება ან ადამიანი რომელიც უბრალოდ გამოიყენეს კობის გონებაში ღრმად შესაღწევად. ეს ვერსია კარგი იმ მხრივ, რომ არიადნემ კარგად იცის კობის პრობლემების შესახებ და შეუძლია მასთან ბრძოლა. შეიძლება კობის ჩაუნერგეს იდეა, რომ ის არ არის ცოლის სიკვდილში დამნაშავე და შესაბამისად მას შეუძლია ბედნიერად იცხოვროს(ფინალში როგორც ხდება), ან არიადნემ უბრალოდ ტანჯვა ააცილა კობის და ოცნების ლაბირინთი შეუქმნა, იდეალური პარადოქსი რომლიდანაც კობი ვერასოდეს გამოვა და ბედნიერი მოკვდება.

ძალიან დავიღალე ამდენი წერით. ბოლოს მხოლოდ ჩემს აზრს დავწერ ფილმის ფინალზე. რა მნიშვნელობა აქვს დასასრულს, ფაქტია რომ ნოლანმა მიზანს მიაღწია. ვინც ეს ფილმი ნახა ყველა მასზე საუბრობს, ყველა ცდილობს გაიგოს რა მოხდა, ფაზლი გონებაში ააწყოს და იდეალური სურათი მიიღოს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. არ არსებობს მასზე ერთი კონკრეტული პასუხი. ვერასოდეს გავიგებთ რა მოხდა სინამდვილეში, ისევე როგორც ვერ გავიგებთ მატრიცაში ნეო კვდება თუ არა, ვერ გავიგებთ ლეონარდ შელბი ცოლის მკვლელია თუ შეშლილი შურისმაძიებელი, ვერ გავიგებთ ”ყველაფერი კარგად იქნება” კამეჩის ფლოქვია თუ ნარდში შაში-ჩარით კარის ჩაკეტვის საუკეთესო საშუალება. ეს ფილმი არის იდეალური Inception რომელიც კრისტოფერ ნოლანმა ჩვენს გონებაში განახორციელა. შესანიშნავი ნამუშევარია, რომელიც რაღაც ახალი, სიცოცხლისმონტანია ამ უსიცოცხლო კინოეპოქაში. XXI საუკუნეს ორიგინალური სიზმრები ჭირდება. თორემ ამდენმა სიქველმა,რიმეიკმა, პრიკველმა და კომიქს-თამაშ-წიგნების ადაპტაციამ წალეკა კინო.

პ.ს კრისტოფერ ნოლანმა სახელებიც კი გენიალურად შეურჩია პერსონაჟებს. კოტიარის პერსონაჟი, მალი ეშმაკს თუ დემონს ნიშნავს. არიადნე მითოლოგიური პერსონაჟია რომელიც თეზევს მინოტარვის დამარცხებაში დაეხმარა ლაბირინთში. ამ ფილმში კი ელენ პეიჯის პერსონაჟს რა საერთო აქვს ლაბირინთებთან ყველამ კარგად ნახა.

წყარო>>>faukclub.wordpress.com



0 comment(s) to... “Inception – ნოლანის ფანტაზიის მსხვერპლთათვის”