ავნე მავნე ჩვევებს – ტრადიციები “ცხვირიდან ქექვიდან მუცლის ფხანამდე და ქვემოთ…”
Posted 3:06 PM by Nina in თემები doin.ge, კულტურა, საქართველო, ტრანსპორტი, ცხოვრების სტილიავტორი: მჩხაპნელი
“დავიღალე! როდემდე უნდა ვიკვნიტო პირით ეს ფრჩხილები?!” - ლეონარდო და ვინჩი
“…და და ვინჩიმ გამოიგონა მაკრატელი” – მემატიანე
მაკრატლის პირველი აკრიჭინებიდან ხუთ საუკუნის გასვლის მიუხედავად, ზოგიერთი ”კანიბალი” საკუთარ ფრჩხილებთან დღესაც მაკნატუნურ დამოკიდებულებაში იმყოფება. არამკვნეტელთა განცვიფრებული საზოგადოება კი, ამ ქმედებას სხვაგვარ ახსნას რომ ვერ უძებნის (მაკრატელი იაფია, ფრჩხილები – უგემური), მას “მავნე ჩვევას” უწოდებს და ამ სიტყვათშეთანხმებით “ფრჩხილხრამუნებს” (ჭამის შემდეგ) თითქოს პირსაც სწმენდს.
თუმცა, მაშინ როდესაც სხეულის რქოვანი ნაწილების დაგემოვნება “მავნე” მხოლოდ დეგუსტატორისათვის შეიძლება აღმოჩნდეს, მის გვერდით ბევრი სხვა ისეთი მავნე ჩვევაც არსებობს, რომელთა სამარადისო აღმოფხვრა უკვე ზოგადსაკაცობრიო გამარჯვებად ჩაითვლებოდა:
1. “ფრჩხილგაფარჩხული ნეკი” – (იზრდება მოხუც მამაკაცებში და საზრდოობს სხეულისმიერი საბადოებით) – ათიდან ერთ, რომელიმე თითზე (და საკუთარ ნებაზე) მიშვებული ფრჩხილი თავისთავად მავნე ჩვევა სულაც არ არის. თუმცა, როდესაც ცხვირის ნესტო (ან, ყურის ლოკოკინა) მეტისმეტად ვიწრო, ან, გრძელია, არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად მასზე უფრო გამოსადეგ “ნიჩაბს” “ბარე ორს ვერ იპოვით”. ამ ქმედების ნირვანისეული მადლის შესაგრძნობად კი გათხრების შემდგომ ფრჩხილზე შემორჩენილი “საგანძურის” მეორე ხელის წკიპურტული ქმედებით გარემოში უდიერად მიმოფანტვაა საჭირო.
2. ”ღლარჭ” – (ამჯერად, გვხვდება ახალგაზრდული ყბების არეალში)
“კამეჩი წევს და იცოხნის” – ხალხური
საღეჭი რეზინის ღლარჭუნით მოლაპარაკე ადამიანზე საშინელი მოსასმენი, ერთადერთი მხოლოდ სანდრო ცნობილაძის რეპორტაჟები შეიძლება იყოს. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მღეჭველის უსაფრთხოების მიზნით, ცოტა ხანში, მათ ყბებზე ამორტიზატორების დაყენება, სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდება. თუნდაც არ ლაპარაკობდეს… ადამიანი, რომელიც კევს ხმამაღლა ღეჭავს, იმ გაფუჭებულ ონკანს ჰგავს, რომლიდანაც ნიჟარაში პატარა წვეთი პერმანენტულად, მაგალითისათვის ორ წამში ერთხელ ეცემა (შეგნებულად, აღარაფერს ვიტყვი – ბუშტის გაბერვის, ტუჩებზე შლეგური მიხეთქებისა და ორი თითით კევის ბუმერანგისეული წელვის მეთოდებზე).
"ეს–ესაა დაღეჭეს და გადმოაფურთხეს"
3. “მუცლის მოსაფხანად ხელები მექავება” – (იფხანება ბანჯგვლიანი ღიპის მფლობელი მამაკაცების მიერ)
რა შეიძლება იყოს იმაზე არაესთეტიკური, ვიდრე ეს ფილოსოფიური მზერით რაღაცას მიშტერებული კაცია, რომელსაც ცალი ხელით მაისური აუწევია და მეორეთი მუცელს ანგარიშმიუცემლად იფხანს:
ა) იგივე კაცი შიშველ მდგომარეობაში (მზერა უცვლელი);
ბ) ბოყინით ჩამქრალი სანთლები სადღესასწაულო ტორტზე;
გ) უნიტაზის ჩარეცხვის ხმა და საპირფარეშოდან ფხალის ამოზელვით გამომავალი დიასახლისი;
(თქვენ რა იფიქრეთ, არ ვიცი… მე, პირადად ისპანახის მიერ გამოყოფილი წვენის უნიტაზში გადასხმა ვიგულისხმე)
4. “სიგარეტის ყუროფი” (ხარობს მშრალ ნიადაგზე, საფეთქლების მიდამოებში)
ხანდახან მიხარია, რომ ადამიანებს ოცი ყური არ გვაქვს. სხვა თუ არაფერი, უბრალოდ, ცუდი შესახედავია ოცყურიანი ქართველი, რომელიც სიგარეტის კოლოფს კმაყოფილი სახით ჭმუჭნის და ამის მიუხედავად, ადგილს ოცივე ღერისათვის მაინც პოულობს.
5. ”ორი ნახევარსფერო” – (ბრენდის ირონია – შეინიშნება გარშემომყოფთა კომენტარებში)
ქართველებს უცნაური შარვლები გვახასიათებს. ცნობილი ბრენდის, მაგრამ მაინც უცნაური. საკმარისია ერთი ჩაკუზვა, ჩაჯდომა, დაჯდომა, ან, მსგავსი ქმედება და ჩვენს თვალწინ ეკვატორით (რომელსაც საბედნიეროდ, მხოლოდ საწყისი ნაწილი უჩანს) შუაზე გაყოფილი არცთუ სასიამოვნო პეიზაჟი გადაიშლება ხოლმე. ასეთი ტანისამოსის ყიდვაც მოდურად მავნე ჩვევაა.
"სად არის საქართველო?"
6. ”VS სამარშრუტო ტაქსის მძღოლები” (ისმინება აღნიშნულ ტრანსპორტში)>>> იხილე გაგრძელება>>>doin.ge