ერთი თვე ვენეციამდე
Posted 2:00 PM by anano in თემები 24saati.ge, ევროპა, იტალია, კინო, ფესტივალი, ფილმები, ხელოვნება
ავტორი – ია ვეკუა
კინოფესტივალს დარენ არანოვსკის “შავი გედი” გახსნის
ვიდრე ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, სად და როგორ გავატაროთ კუთვნილი შვებულება, ვენეციის კინოფესტივალის ორგანიზატორები გახურებულ მუშაობაში არიან. ზუსტად ერთი თვე რჩება იმ დღემდე, როდესაც იტალიის ამ “წყალწყალა” ქალაქის ხმელეთის პატარა მონაკვეთზე წითელ ხალიჩას გაშლიან და მთელი მსოფლიოს კინოს წარმომადგენლების მასპინძლობას დაიწყებენ - 1-დან 11 სექტემბრის ჩათვლით ვენეციის ა კლასის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება და ახალი სეზონის საუკეთესო ფილმებს დააჯილდოებენ.
ჯერჯერობით ფესტივალის პროგრამა ბოლომდე დაზუსტებული არაა, ამიტომ ვერ გეტყვით, რომელი ქართული ფილმი მოხვდება მის საკონკურსო თუ არასაკონკურსო ჩვენებაში, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უკვე გარკვეულია, ჩვენც მათ შესახებ მოგითხრობთ. პირველ რიგში, საბოლოოდ დადგინდა ფესტივალის ჟიურის შემადგენლობა. ის რომ, ჟიურის თავმჯდომარე კვენტინ ტარანტინო იქნებოდა, ეს ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ გახდა ცნობილი. იქვე ითქვა, რომ ამ ფაქტორის გათვალისწინებით წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული იქნება და ყველანაირი სიურპრიზს უნდა ველოდოთ. სწორედ ასე მოხდა 2004 წელს, როდესაც ტარანტინომ არად ჩააგდო ამერიკის მთავრობის განწყობა და კანის ფესტივალზე დოკუმენტური კინოს ნომინაციაში მთავარი პრიზი მაიკლ მურის “ფარენჰეიტ 9/11-ს” გადასცა. ჟიურის დანარჩენი წევრების შესახებ კი ორიოდე დღის წინ გახდა ცნობილი: მსახიობი ინგებორგა დაპკუნაიტე, კომპოზიტორი დენი ელფმანი, სცენარისტები და რეჟისორები არნო დეპლეშანი, გაბრიელ სალვატორესი, ლუკა გუადანინო და გილიერმო არიაგა.
ასევე ცნობილია ისიც, თუ რომელი ფილმები გახსნის და დახურავს კინოფორუმს. გახსნითი ფილმია დარენ არანოვსკის “შავი გედი” (მთავარ როლებში ნატალი პორტმანი, მილა კუნისი, უინონა რაიდერი და ვინსენ კასელი) - დრამისა და ტრილერის ნაზავი ნიუ იორკის საბალეტო დასის ორი წევრის, ნინასა და ლილის შესახებ, რომელთა შორისაც საბედისწერო კონფლიქტი “გედების ტბაში” განაწილებული როლების გამო იწყება, მსხვერპლის როლში კი ნატალი პორტმანის პერსონაჟი ნინაა. უინონა რაიდერს ვეტერანი ბალერინას როლი ერგო, რომელსაც დადგმაში პორტმანი ცვლის, ეს უკანასკნელი კი შავი გედის როლის მორგების შემდეგ საკუთარ თავში ბნელ მხარეს აღმოაჩენს. “შავი გედი” მარკ ჰეიმანისა და ანდრეს ჰეინცის სცენარის მიხედვითაა გადაღებული. მასზე მუშაობის დაწყებას არანოვსკი და პორტმანი ჯერ კიდევ 2000 წელს აპირებდნენ, თუმცა ამ სერიოზული სამუშაოსთვის მაშინ არც ერთი აღმოჩნდა მზად. ნატალი პორტმანი იხსნებს კიდეც, რომ მისი 10 წლის წინანდელი გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა როლის დაძლევისთვის. ვენეციის კინოფესტივალის შემდეგ “შავი გედი” ტორონტოს ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი, მსოფლიო გაქირავების თარიღი კი ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.
ვენეციის ფესტივალს კი ჯული ტეიმურის მიერ უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით გადაღებული “ქარიშხალი” დახურავს, ჩვენება კი ამ ნაწარმოების შექმნიდან 400 წლის იუბილეს ეძღვნება. როგორც ფესტივალის საიტზეა აღნიშნული, ტეიმური შექსპირის ალტერნატიულ ხედვას გვთავაზობს, მეტიც, რამდენიმე პერსონაჟს სქესიც კი შეუცვალა. ჯული ტეიმურს შექსპირის ეკრანიზაციის გამოცდილება უკვე აქვს - მისი გადაღებულია ძალიან კარგი “ტიტუსი”, თუმცა უფრო “ფრიდასა” და “სამყაროს გარშემოს” ავტორობითაა ცნობილი. “შავი გედისგან” განსხვავებით “ქარიშხალი” ვენეციაში არასაკონკურსო ჩვენებაშია ჩართული.