“მტლაშამტლუშომანია” და რამდენიმე სხვა ეტიკეტური ნორმა
Posted 6:00 PM by anano in თემები doin.ge, Mchxapneli, საქართველო, ცხოვრების სტილი
ავტორი – მჩხაპნელი
ეტიკეტი – საზოგადოებაში მიღებული ადამიანთა ქცევის წესებისა და კარგი მანერების ერთგვარი კოდექსი.
კაცმა რომ თქვას, “ეტიკეტი” ზედმეტად არადემოკრატიული ცნებაა. მის გამო ადამიანთა უმეტესობა იძულებულია, რომ საჭმელი დანა-ჩანგლით მიირთვას, სუფრაზე ბოყინისგან თავი შეიკავოს, შორტზე პიჯაკი არ ჩაიცვას, ვისიმე ოჯახში პირველი სტუმრობისას სამლარიანი ”ბამბანერკა” იყიდოს, ცხვირი მაჯით არ მოიხოცოს, ნეკა თითზე გაზრდილი ფრჩხილით არ გამოიჩიჩქნოს, სხვის საქმეში არ ჩაყოს და სხვა…
მოკლედ, ამ ტიპის ნებისმიერ თვითცენზურას “ეტიკეტის” ეტიკეტი თამამად შეგვიძლია მივარტყათ. ისევე როგორც იმ ფრაზებს, რომელიც ანიდან ჰოემდე ეტიკეტურობითაა გაჟღენთილი:
- “-დიდი მადლობა, რომ მობრძანდით…
-პირიქით, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ…” - ”-საჩუქარზე არც იფიქრო, მე შენი მოსვლაც გამიხარდება” (ქვეტექსტით: “უსაჩუქროდ თუ მოხვალ, მეწყინება, მაგრამ არ შევიმჩნევ”)
- ”-წერილი გინდა თუ სიხარული?” – მარტივი გამოსავალი იმისა, რომ ადამიანს მისი თვალის მიდამოებში არსებულ მცირე უწესრიგობაზე ზრდილობიანად მიუთითო.
სხვისი არ ვიცი და საჯარო გამოსვლებისას ქართველები ხშირად “პარადოქსალურად ეტიკეტურები” ვართ. ჩვენს ამ თვისებას კი ისეთი ამონარიდებით გამოვხატავთ, როგორებიცაა: “ალბათ ყველამ იცით…”, “როგორც იცით…”, “ყველასათვის ნათელია”…
ასე მაგალითად, “ალბათ, ყველამ ვიცით ხომ რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულის ამბავი…” – ვამბობთ ჩვენ და მიუხედავად მსმენელთა სიჩუმისა (ზოგმა მართლა იცის და იმიტომ; ზოგსაც ჰგონია, რომ “წესით, უნდა იცოდეს”, რის გამოც არცოდნის გამხელა არ უნდა), გამომსვლელი მაინც აგრძელებს იმ ისტორიის მოყოლას, რომელიც მისი აზრით ისედაც ყველამ იცის – “როგორც გახსოვთ, რომეოსა და ჯულიეტას გვარები ერთმანეთს ემტერებოდნენ…”
ეტიკეტურები ვართ რჩევების გაცემისას მაშინაც, როდესაც ვიღაცის განცდების, პრობლემებისა და წუხილის საკიდად ჩვენი ფეხები გვინდა ვაქციოთ. ასეთ შემთხვევებში სიტუაციიდან თავის დასაძვრენად ორი ”ოქროს რჩევა” არსებობს:
1. ”დაიკიდე მოგეშვება” – არაპირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ეს ადამიანი თავისი პრობლემებიანად შეგეშვას
2. “რავიცი (ძმაო), შენი საქმისა შენ იცი” - პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ეს ადამიანი თავისი პრობლემებიანად შეგეშვას.
"ეტიკეტი იმასაც მოითხოვს, რომ ამ შეკითხვაზე არ გაგვეცინოს"
მოკლედ, ეს ყველაფერი იმიტომ წამოვიწყე, რომ ეტიკეტისადმი ჩვენი ერთგულება მეჩვენებინა და ერთი ტუჩებშიგამჯდარი ეტიკეტური ჩვევის – გადაკოცნის შესახებ მეთქვა. ამ ბოლო დროს ვაკვირდები, რომ ადამიანები იმდენად ხშირად “კავდებიან გადაკოცნით”, რომ ამ პროცესს უკვე ხელოვნურობის იერიც დაკრავს.
რამდენიმე სახის “უცნაური გადაკოცნა” არსებობს:
ა) “დაუოკებელი ვნება” - ამ კატეგორიაში შედის შემთხვევითი შეხვედრები “ვა-ა”-თი და შმაგური გადაკოცნით რომ იწყება და “კაი, აბა დავაი, ძმაო”-სა და განმეორებითი გადაკოცნით მთავრდება. (ალტერნატივა - ხელის გულითადი ჩამორთმევა)
ბ) “ჯგუფური ხვევნა-კოცნა” - როდესაც რაიმე მიზნისათვის შეკრებილ ნაცნობ ადამიანთა ერთობლიობას ამავე მიზნით შეპყრობილი ადამიანი მიუხალოვდება და ამ ჯგუფიდან სათითაოდ ყველას გადაკოცნას დაიწყებს. (ალტერნატივა – “გამარჯობა, ხალხო” )
გ) “ხელოვნური მტლაშა-მტლუში” – ამ კატეგორიაში მოიაზრებიან დაქალები, რომლებიც ყოველ ცისმარე დღეს ხვდებიან ერთმანეთს და რატომღაც დღეს ყოველთვის ერთმანეთის გადაკოცნით იწყებენ (ალტერნატივა – უბრალოდ ნუ გადაკოცნიან)
დ) “უტუჩო” – ამ შემთხვევაში “გადაკოცნა” პირობითი ნათქვამია, რადგან ტუჩმფლობელები ერთმანეთს მხოლოდ ლოყებს ადებენ (ალტერნატივა – თუ არ გინდათ, ვინ გაძალებთ, გენაცვალე?)
ყოველივე აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ ეს ეტიკეტური ჩვევა მინიმუმამდე დავიდეს და ერთ თვეზე ნაკლები პერიოდულობით შემხვედრ ნაცნობებს, მაქსიმუმ, გადაკოცნის უფლება ჩამოერთვათ და მინიმუმ ხელი…
პ.ს: ზოგი ეტიკეტი ნამდვილად ერთი (კარგი) კეტის ღირსია…