„ახალი ღვინის ფესტივალი“ – "ღვინის კლუბის" დღესასწაული

Posted 6:00 PM by Nina in თემები , ,

n113108285392649_1640

ავტორი: ალეკო ცქიტიშვილი

გინახავთ ერთად სხვადასხვა ცნობილი თუ იშვიათი ქართული ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინოები? „საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“, „ჩინური“, „ალადასტური“, „კლარჯული“, „ციცქა“, „ცოლიკოური“, “ჩხავერი”, „უსახელოური“, „ოცხანური საფერე“, „კრახუნა“, „ქისი“, „ხიხვი“, „ალექსანდროული“... ამ და კიდევ სხვა მრავალი დასახელების ღვინოებს სულ რაღაც ათ დღეში დააგემოვნებთ.

new_wine_festival-1

8 მაისს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ახალი ღვინის ფესტივალს“ უმასპინძლებს. ფესტივალის ინიციატორია „ღვინის კლუბი“, რომელიც ღვინის მოყვარულმა ენთუზიასტებმა გასული წლის ზაფხულში დააფუძნეს. ტრადიციული ლექცია-სემინარების, ექსპედიციებისა და დეგუსტაციების შემდეგ კლუბში მასშტაბური ფესტივალის ჩატარების იდეაც მომწიფდა. იდეასქალაქ თბილისის მერიამ დაუჭირა მხარი, შემდეგ კი ეროვნული მუზეუმიდა სხვა მხარდამჭერებიც ჩაერთნენსაქმეში.

ერთი წლის განმავლობაში „ღვინის კლუბში“ აქტიურად განიხილებოდა ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების გადარჩენისა და მეღვინეობაში მათი დაბრუნების საკითხი. ჯერ კიდევ კლუბის დაარსებამდე რამდენიმე ენთუზიასტმა ბაკურციხეში ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთიც შეიძინა, სადაც მომავალი წლიდან ვაზის იშვიათი კახური ჯიშების გაშენება იგეგმება. ამ საქმეში კლუბი აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ „ღვინის კლუბში“ ჯერ ქართლის, შემდეგ კი იმერეთის რეგიონის მეტად საინტერესო ღვინოების დეგუსტაცია მოეწყო. ჩინურის, თავკვერის, ასურეთული შავის, ოცხანური საფერეს, ალადასტურის, ძელშავისა თუ კრახუნას ღვინოებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გამოიკვეთა, რომ ქართულ მეღვინეობას იმაზე ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს წარმოგვიდგენია. უბრალოდ, საჭიროა ამ პოტენციალის წარმოჩენა და საზოგადოების დაინტერესება არა მხოლოდ წარსულის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით – ქართული ვაზის ჯიშებით, არამედ სრულიად პრაგმატული მიმართულებით – მეღვინეობით, რომელსაც დიდი მოგების მოტანა შეუძლია ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს.

მეღვინეების გარდა „ღვინის კლუბი“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს – მევენახეებს, ჟურნალისტებს, იურისტებს, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებს, არქეოლოგებს, ლიტერატორებს, ფერმერებს და ა.შ. კლუბის მიზანია: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა. შ.

„ღვინის კლუბი“ აწყობს ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს რეგიონებში, სადაც იკრიბება ინფორმაცია მეღვინეობა-მევენახეობის შესახებ. პერიოდულად ტარდება ღვინის დეგუსტაციები სხვადასხვა ექსპერტების მონაწილეობით. კლუბის სემინარებზე კი მეღვინეები, მევენახეები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, სომელიეები, ჟურნალისტები, უცხოელი სპეციალისტები კითხულობენ ლექციებს კონკრეტულ თემებზე.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ „ღვინის კლუბის“ ერთწლიანი საქმიანობის ერთგვარი შეჯამებაცაა. 8 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საზოგადოებას საშუალება ექნება, კარგად ნაცნობი ღვინის კომპანიების გარდა, მცირე მარნებისა და ოჯახების ღვინოებიც დააგემოვნოს.  

იხილეთ ვრცლად>>>vinoge.com

ახალი ღვინის ფესტივალი facebook_ზე



0 comment(s) to... “„ახალი ღვინის ფესტივალი“ – "ღვინის კლუბის" დღესასწაული”