ცისფერ ლეგენდაში დაკარგული ყანწელთა დედოფალი

Posted 2:00 PM by anano in თემები , , ,

 

 

ავტორი – Agasfer

Bookmark and Share

პაოლო იაშვილი, ელენე დარიანი, ელენე ბაქრაძე..
დღემდე გაურკვეველია, ვინაა დარიანული ლექსების ავტორი. ამ პოსტში ლიტერატურის მუზეუმში და სხვადასხვა პირად არქივებში დაცული მასალით "შეკოწიწებულ" ერთ ლამაზ ისტორიას გთავაზობთ..
მაშ ასე, როგორ იწერებოდა აკრძალული ლექსები...
როგორ შეიქმნა "პირამიდებში", ვინ იყო ელენე ბაქრაძე, რა ურთიერთობა ჰქონდა პაოლო იაშვილთან და როგორ ცხოვრობდნენ ცისფერყანწელები...
1912 წელი...
  ზაფხული...
  საჩხერის მახლობლად, ლესევში...
  მჟავე წყლებზე სახელგანთქმული ფარმაცევტის, ჯიბრაელ იაშვილის, ოჯახი ისვენებდა...
  14 წლის ელენე ბაქრაძე, ჭალელი აბაშიძეების ნათესავი, ლესევში იყო სტუმრად.
  ერთ კუნაპეტ ღამეს ტყის სიღრმიდან განწირული ადამიანის ხმა შემოესმათ: “გულშემზარავი იყო ადამიანის, ეს ველური შიშით ამოხეთქილი, პირუტყვული ძახილი ბუნების ასეთ ატეხილ ქაოსში. ვინ გაბედავდა
ადგილიდან დაძვრას ან სად უნდა ეძებნათ იგი?.. იქვე იდგა პაოლოც. დროგამოშვებით გავარდებოდა წინ და უმალვე უკან იხევდა. ბოლოს მამას შეხედა და ჩირაღდნებივით ანთებული თვალებით თითქოს შეავედრა: - არ შეიძლება კაცის ასე მიტოვება, მამა! – და როცა ჯიბომ არაფერი უპასუხა, სწრაფად წამოავლო ხელი ნაბადს, მოიგდო მხრებზე, თავზე ყაბალახი მოიხვია, ხელში ფარანი აიღო, მიუხედავად დიდი შეძახილისა, გაიღო კარი და გარეთ გავარდა. სიბნელემ და ხმაურმა შთანთქა იგი... მახსოვს, როცა ყაბალახს იხვევდა, გაფითრებულმა გამიღიმა და... როგორ მინდოდა, მეც თან გავყოლოდი...”
  პაოლომ იმ ღამეს სიკვდილისგან იხსნა გზააბნეული, მხეცის აბრიალებული თვალებით გონდაკარგული ადამიანი.
  და აი, დაიბადა კიდეც 14 წლის გოგონას საოცნებო გმირიც. “ჩემთვის ამ ჩვეულებრივ ეპიზოდს მიეცა უზარმაზარი შინაარსი და, ალბათ, აქ დაეცა პირველად ის მარცვალი, რომელიც იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად გადაიშალა” – წერს ელენე.
  ბავშვობაში ელენეს ქართული ზღაპრის გმირის, ელიჯათხანის სახელით მიმართავდნენ და ახლა, მოულოდნელად, ელიჯათხანი – ელლით შეიცვალა. ასე მიმართა მას პირველად პავლე იაშვილმა, რომელიც თავადაც ქართული საზოგადოებისთვის შემდეგ პაოლოს სახელით გახდა ცნობილი.
  1914 წელი...
  დაიწყო პირველი მსოფლიო ომი... ელენეს ფიქრები გაუორკეცდა. ვაი, თუ ომში გაიწვიონ პაოლოც... ზეზეურად ჩამოხმა ელლი... მშობლები მის მელანქოლიას გაცრუებულ სიყვარულში ეძებდნენ... მალე სასიძოც გამოჩნდა... უსიყვარულოდ გაათხოვეს ელენე გოგი ბერიშვილზე...
  1915 წელს ელენე კვლავ შეხვდა თავის დენდს, პაოლოს, ქმრიანი ქალის მორიდებით მიესალმა... მაგრამ ბედი რას უმზადებდათ, ჯერ არ იცოდნენ...
  “ქუთაისი.
  აგვისტოს ღამის დამდეგი.
  ელლი! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო!
  ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის
უსაზღვრო სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში, მხოლოდ შენი ნათებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული.
  არა მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო.
  ჩემს ოთახში ყოველდღე ჩნდება ახალ-ახალი ყვავილები, მაგრამ მათში ვერ ვხედავ ჭეშმარიტ მშვენიერებას, რადგან ისინი შენი ხელით არ არის მოკრეფილი.
  ვიხსენებ შენს ალერსს და მგონია, რომ მის გარეშე ვცოცხლობ უსულო ბუნების ატმოსფეროში. გულანთებულს მსურს შენს ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. ვიხსენებ ჩვენი ტრფობის დილას. მითხარი, როგორ ვიცოცხლო უშენოდ მხოლოდ ამ მოგონებით?
  მე ვლოცავ მთვარიან ღამეს – ჩვენი სულიერი აღსარების მოწმეს. ასეთი ღამის განმეორება სიშმაგემდე მიმიყვანს. მე მსურს ასეთი სიგიჟე,
  ახალ შეხვედრამდე ჩემი სული დაიტანჯება, გამომეცხადე, სასურველო!
  ბნელი ღამე ჩამჩურჩულებს განახლებული ბედნიერების წუთებზე. მე ყურს ვუგდებ ღამის ზღაპრებს. შენც მოუსმინე ღამეულ ხმებს და მათში მოისმენ ჩემს ძახილს...
  გულმხურვალედ გეხვევი, ჩემო ღვთიურო!
შენი პავლე.”
  მსგავსი შინაარსის წერილებს ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე სწერდნენ ერთმანეთს. მათი წერილები, ლირიკული ახსარებები იქცა, იმ არაჩვეულებრივ, ქალური ვნებით დამუხტულ ეროტიკულ ლექსებად, რომლებიც მაშინდელმა საზოგადოებამ ძალიან ცუდად მიიღო.
  დაიწყო ცისფერყანწელთა სიგიჟმაჟე, უძილო ღამეები, მთვარეული ზმანებები... დაიბადა ლექსები, სონეტები, მინიატურული პროზის საუკეთესო ნიმუშები, ლექს-ტრიოლეტები. ერთი სიტყვით – ლიტერატურაში სიცოცხლის დიდი ეპოპეა... ეს ის დრო იყო, როცა ქუთაისი სუნთქავდა ცისფერი ლექსებით...

 

 

იხილეთ ვრცლად>>>www.zur.ge



0 comment(s) to... “ცისფერ ლეგენდაში დაკარგული ყანწელთა დედოფალი”