“დღეს სტუმარია ის ჩემი…”

Posted 6:00 PM by anano in თემები , , ,

ავტორი - მჩხაპნელი
Bookmark and Share

სოლის 
დარობა

"სოლის დარობა"

   საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა – უთავო მხედარსაც კი თავზე გადავყვებით… თუ გვესტუმრა. ჩვენთვის, წოდება „სტუმარი“ იმდენად ძვირფასია, რომ მის სქესს, მრწამსს, რასას, ორიენტაციას, სოციალურ სტატუსს და მსგავს რაღაცეებს, ყურადღებას საერთოდ აღარ ვაქცევთ. მოკლედ, „დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“ დამოკიდებულება საქართველოში ისევ მოქმედებს.
    სულ მინიმუმ, ჩვენს სტუმართ – მოყვარეობაზე ის მაინც მეტყველებს, რომ ამ ერთ პატარა აბზაცში სიტყვა „სტუმარი“ სხვადასხვა ფორმით ექვსჯერ ვახსენე.

    ამ გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობით კი, იმის გამო, რასაც სტუმარს ადვილად ვპატიობთ, შეიძლება ჩვენი მეგობარი, ნათესავი, თუ უბრალოდ თანამემამულე დავგმოთ და მიწასთან გავასწოროთ. დღეს, საქართველოში დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორიც რამდენიმე საუკუნისწინანდელ ამერიკაში. როცა ამერიკელები თანასწორობას იმ შემთხვევაში აღმერთებდნენ, თუ ეს ცნება  მხოლოდ თეთრკანიანებზე ვრცელდებოდა.

     „სოლიდარობის ბიუჯეტში“ ქართველებსაც შესამჩნევი გარღვევა გვაქვს. ხშირია შემთხვევა, რომ ეთნიკური უმცირესობები არ მოგვწონს და ამის შედეგად ჩნდება ისეთი უცნაური მიმართვები, როგორებიცაა „შე სომეხო“ და „შე თათარო“. თითქოს რომელიმე ეს ეროვნება სასირცხვილო და გასაკიცხი იყოს. საკითხისადმი ქართული მიდგომა ერთ-ერთ გადაცემაშიც კარგად გამოჩნდა, როდესაც  ჯიჯი რეჯინს „სომხურ წარმომავლობასა და მასთან დაკავშირებულ სირცხვილზე” ჰკითხეს. თუმცა, სოლიდარობის ნაკლებობა დროდადრო თავად ქართველებს შორისაც იგრძნობა, რასაც კუთხეებთან დაკავშირებული სტერეოტიპული შაბლონები: „იმერელი გაიძვერა“, „მეგრელი აფერისტი“, „სვანი“, „კახელი ხისთავიანი“ და მსგავსი შედარებები მოსდევს.

    ნაკლებია სოლიდარობა რელიგიური უმცირესობებისა თუ სექტებისადმი. პირიქით – რაც უფრო ცუდად მოვექცევით მათ, მით მეტად გვეამაყება და სამეგობროშიც თავმომწონედ აღვნიშნავთ: „აუ, დღეს იეღოველები შემხვდნენ და რომ იცოდეთ, რა ვეღადავე-ე“… ამ იეღოველს საერთოდ ერთი-ორსაც თუ ვუთავაზებთ, ეს ხომ უკვე თითქმის გმირობის ტოლფასია.

    ჩვენ გვეამაყება, რომ თბილისი ის ქალაქია, სადაც ერთმანეთის გვერდით ქრისტიანული ეკლესია, მუსლიმანური მეჩეთი და ებრაული სინაგოგა დგას. თუმცა, თუ ვინმე ჩვენი რელიგიისადმი კრიტიკულად განეწყობა მაშინვე „ათეისტის, სატანისტის, ურჯულოს“ სტატუსით ვამკობთ და „ღმერთი მაღალია, ყველაფერს ხედავს“ ფრაზით „საშინელი ზეციური რისხვის მოვლენას“ ვუწინასწარმეტყველებთ (რის შემდეგაც სანდომიანი სახით ვჭრით სამარხვო ნამცხვარს და მადიანად ვახრამუნებთ).

ცნობილი 
სკანდალის გამომწვევი ერთ-ერთი კარიკატურა

"ცნობილი სკანდალის გამომწვევი ერთ-ერთი კარიკატურა"

     ან, რა სოლიდარობაზეა ლაპარაკი, როცა სექსუალურმა უმცირესობებმა ლამისაა მადლობა გადაიხადონ, ამაყი ერი მხოლოდ „პიდარასტის“ დაძახებით თუ შემოიფარგლება. „ვაჟკაცი, მებრძოლი ბუნების მქონე ხალხში… ხალხში, რომელმაც დიდგორის ბრძოლა მოიგო, ასეთი რამე როგორ შეიძლება. ამნაირი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ!“ – მრისხანედ წამოიძახებს რომელიმე ქართველი და ელტონ ჯონის მუსიკის მოსმენით მაღაზიაში „დოლჩე და გაბანას“ ტანისამოსის საყიდლად გაემართება. ეს ისე… კვლავ უტრირებული სახით.

     დისტანციურია დამოკიდებულება ყოფილი პატიმრების მიმართაც.  პირდაპირ თუ არა,  ზურგს უკან მაინც ხშირად სახელზე უფრო მეტად „ნაციხარით“ მოვიხსენიებთ და ამით, თითქოს საზოგადოებაში რეაბილიტაციის გზებსაც ვუღობავთ.  იგივე შეიძლება ითქვას ნარკომანების შემთხვევაშიც: ზიზღნარევი მზერა + მასზე აღმატებულად რომ წარმოგაჩენს, იმ ტონით ნათქვამი სიტყვები: „ავადმყოფი ეგა“.

   არ ვიცი, უნახავობა დავარქვა თუ სოლიდარობის ნაკლებობა, მაგრამ ქუჩაში მიმავალ ფერადკანიანს, რატომღაც ისე ვაყოლებთ ხოლმე თვალს, თითქოს თავზე ცეცხლი ეკიდოს და რასისტულ წამოძახილები თუ არა, ფიქრები მაინც გვეძალება. უფრო თამამები კი  შედარებისთვის ზოგჯერ დარვინისეულ ჰიპოთეზებსაც იყენებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში მისტერ ჩარლზის შეხედულებებს, ვინც ამართლებს, ამგვარ „მაიმუნობაზე“ კარგად ეტყობა.

რასობრივი
 ჰარმონია

"რასობრივი ჰარმონია"

    საქართველო განსხვავებული მენტალიტეტის მქონე ქვეყანაა. ამდენად, დაჟინებით ვერავის მოსთხოვ ყველასა და ყველაფრისადმი სოლიდარულად განეწყოს. მიუხედავად ამისა, ადამიანის დაცინვა მხოლოდ იმის გამო, რომ „სპეტაკ“ და „ყოველთვის მართალ“ უმრავლესობას არ ეკუთვნის, კარგი ტონი ნამდვილად არ არის.

    ამ ყველაფრის ფონზე საკვირველი კი ჩანს მაგრამ  – სომხეთში დაბადებულ, შავკანიან ჰომოსექსუალისტ ნარკომან და ციხეში მყოფ იეღოველ ჩინელს ისე ვუმასპინძლებთ, რომ სამშობლოში დაბრუნებულს საქართველო საოცრად ენატრებოდეს.

     სტუმართმოყვარე ერი ვართ ქართველები და…



0 comment(s) to... ““დღეს სტუმარია ის ჩემი…””