ავტორი: მალხაზ ხარბედია
ანუ გზა 48 გვერდიდან - 32-მდე
არ მინდა ეს წერილი მკითხველმა მხოლოდ ბაკურ სულაკაურის რეპლიკაზე პასუხად აღიქვას და არც რაიმე საპოლემიკო ინტრიგა მინდა დავთესო ჩემი გამოხმაურებით. უბრალოდ, დიდი სურვილი მაქვს, კარგად გავერკვეთ საკითხში, გავაცნობიეროთ, თუ რა დაემართა აგვისტოს შემდეგ ქართულ წიგნიერ კულტურას, რა ვითარებაა საგამომცემლო საქმეში, რა ბედი ეწიათ ქართველ მკითხველებს, მწერლებს, ბიბლიოფილებს, ადამიანებს, ვინც ბევრს კითხულობს, და არც ფულს იშურებს კარგი ახალი წიგნისთვის. ამ წერილში, მე ჩემს სიმართლეზე მეტად (რაშიც დარწმუნებული ვიყავი, რადგან ეს სიმართლე, რამდენიმე გამომცემლის სიმართლეს ემყარებოდა) რეალური სურათი მაინტერესებს, რომელიც ვითარებაში უკეთ გარკვევის საშუალებას მოგვცემს.
ამ სტატიისთვის მასალის შეგროვებამ დიდი ენერგია წაიღო, აქამდე არასდროს დამჭირვებია ციფრებთან მუშაობა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სულის მდგომარეობის ნაცვლად, გაყიდვების მაჩვენებლების აღწერა მომიწევდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან წიგნების გაყიდვების საკითხი არც მაინტერესებდა, მე უფრო ომი და მისი შედეგები მიმღვრევდა ხასიათს და რადგან გარშემო კარგს ვერაფერს ვხედავდი, გადავწყვიტე, სვეტიც დროის შესაფერისი დამერთო ნომრისთვის. მაშინ ამას დაემატა ჩემთვის ძალზე ძვირფას საქმიანობაში, წიგნების დაწერა-გამოცემა-წაკითხვაში ჩართული რამდენიმე ადამიანის ჩივილი, რამაც დამაწერინა კიდეც, რომ ომის შემდეგ ბევრი რამე უარესობისკენ შეიცვალა. იქ დახასიათებული სიტუაცია მემგონი ბევრისთვის არ იქნებოდა ახალი ამბავი. ომის გარეშეც ცხადად ჩანს, რომ “ლიტერატურა” ჩვენს ქვეყანაში არ იყიდება და განათლების რეფორმა და სახელმძღვანელოებისთვის გამოყოფილი გრანტები რომ არა, ნებისმიერ გამომცემლობას ძალიან გაუჭირდებოდა დღევანდელ საქართველოში. ომმა კიდევ უფრო ცხადი გახადა რაღაც-რაღაცეები, თუმცა, ამის მიუხედავად, უფრო ჩემს გარშემო გამეფებული უიმედობა და რადიკალური ეკზისტენციალური ცვლილებები მალაპარაკებდა, ცვლილებები, რომლებმაც დიდხანს მოწყვიტა ჩემი მეგობრები საყვარელ საქმიანობას.
ამასწინად რამდენიმე კოლეგას მივწერე თხოვნით, ერთ აბზაცში ჩაეტიათ ის, თუ რა გავლენა მოახდინა მათზე, როგორც მკითხველზე ომმა. რა შეიცვალა მათი, პროფესიონალი ლიტერატორების ცხოვრებაში აგვისტოს შემდეგ. ზოგს გაუჭირდა პასუხის გაცემა, ზოგმა კი საერთოდაც, ვერაფერი დაწერა ლიტერატურაზე, რადგან მთელი ეს ბოლო პერიოდი მის გარეშე მოუწია ცხოვრება. ლაშა ბუღაძისთვის ცხოვრება უკვე ორ ნაწილად გაიყო, იგი მწერდა ამასწინათ: “ჩემს ცხოვრებას ასე ვყოფ: აგვისტოს ომამდე და აგვისტოს მერე. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ვფიქრობ ამ ომზე და ასე განვიცდი ამ ომს. ომი საშინელებაა იმიტომაც, რომ მხოლოდ მასზე ხარ კონცენტრირებული. ამ ომმა მე წამართვა წიგნის კითხვის უნარი, გამიქრო მადა, შემიმცირა საურთიერთოდ ასატანი ადამიანების რიცხვი...
არ ვიცი, ციფრები რას გვეუბნებიან, მე მარტო ის ვიცი, რომ ომი ჩვენც გვინდოდა და მერე ძალიან შეგვეშინდა სიკვდილის. ოღონდ ჩვენ სხვანაირი ომი გვინდოდა. ლამაზი და რიხიანი, ისეთი, როგორიც ჩვენს მილიტარისტულ მუსიკალურ ტელე-კლიპებში იყო. კარგი არაფერი მომხდარა 2008 წლის აგვისტოში. იმ პანიკურ შიშს, რომელიც ამ ომმა დამიტოვა, ჯერჯერობით, არაფერი მიქარწყლებს. მხოლოდ ის მამშვიდებს (ისიც შედარებით), როცა გულწრფელად ვყვები ჩემს შიშებზე. არაადეკვატური ოპტიმისტები კი საშინლად მაფრთხობენ. რატომ არ შეიძლება, რომ დამარცხების გაცნობიერების საშუალება მივცეთ ერთმანეთს? რამდენჯერ წავაგეთ და ყოველთვის იმას ვამბობდით, არ წაგვიგია, წაგვაგებინესო. წავაგეთ! წავაგეთ! ჩვენმა ილუზიებმა წააგეს, ჩვენმა იდიოტურმა სადღეგრძელოებმა წააგეს, ჩვენმა მუქარით მოქნეულმა მუშტებმა წააგეს, ბაქიბუქობამ და ინფანტილიზმმა! ამაზე ფიქრი, ამაზე ჩაფიქრება ადეკვატური მგონია, ყველაფერი დანარჩენი - არა-ადეკვატური და სახიფათო. ომში წაგება მძიმეა, მაგრამ, მგონი, არც მოგებაა კარგი. არ მინდა, რომ ომში მოგებული ქვეყნის მოქალაქე ვიყო. ომი საერთოდ არ მაწყობს - არც მოგებული, არც წაგებული. ამ ომმა ჩემი თავი დამაკარგვინა. მას დღემდე ვაკოწიწებ”.
საინტერესო დაკვირვებები ჰქონდა დათო პაიჭაძესაც: “როგორ დაეტყო ომის კვალი წიგნის გაყიდვას, ამაზე შემიძლია მხოლოდ სპეკულაციები შემოგთავაზოთ. მოულოდნელი მეჩვენა ბ-ნ ბაკურ სულაკაურის მტკიცება, რომ 2008 წელი ყველაზე წარმატებული იყო გაყიდვების თვალსაზრისით; მეუცნაურა ასევე ინფორმაცია, რომ წიგნის მყიდველს ბანკიდან კრედიტის აღება არ ჭირდება, ამიტომ ფინანსური კრიზისი წიგნის გაყიდვებს არ დაეტყო. ხშირად ვსტუმრობ წიგნის მაღაზიებს და შარშან ბოლო ოთხი თვის მანძილზე იქ მოქალაქეთა არც განსაკუთრებული მატება შემიმჩნევია და არც განსაკუთრებული კლება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი გამომცემლობების ერთი ნაწილი მომართულია სახელმძღვანელოთა გამოშვებაზე, რაც მათ ბიზნესს რენტაბელობას ანიჭებს. პოპულარულია საბავშვო გამოცემებიც. საკითხავია, ამ ორი წარმატებული მიმართულების გარდა სხვა აქტივობას - მოზრდილთათვის განკუთვნილი ქართული წიგნების ბეჭდვას, იმპორტირებული წიგნების გაყიდვას თუ მოჰქონდა მოგება? ჩვენი გამომცემლები კერძო და საჯარო საუბრებში აღნიშნავენ ხოლმე, რომ საქართველოში ცოტას კითხულობენ. ვგონებ, სწორედ ეს - კითხვის კულტურა, წიგნის ადგილი ქართულ კულტურაში არის გადამწყვეტი ფაქტორი იმის განსაზღვრისათვის, როგორ იყიდება წიგნები ამ ქვეყანაში და არა მაინცდამაინც ომი და ფინანსური კრიზისი. რადგან წიგნის ყიდვის საბჭოთა ”ტრადიცია” მოკვდა: წიგნი აღარც სამშვენისია, აღარც ”დაგროვების საშუალება” - დღეს მას მხოლოდ იმისთვის ყიდულობენ, რომ იკითხონ.”
ძალიან მტკივნეული იყო ბოლო თვეები გიორგი ლობჟანიძისთვისაც: “აგვისტოს ომის დროს, წიგნის მაღაზიაში წასვლა კი არა, ოჯახში წლების მანძილზე, რამდენიმე თაობის მიერ შეგროვილ ბიბლიოთეკასაც გულაყრილი, გაუცხოებული შევცქეროდი. ომმა ყველა ღირებულება თავდაყირა დააყენა და ჩემი სასოწარკვეთა პირველ რიგში წიგნებზე გავრცელდა. წიგნებზე, რომლებმაც ვერ მოახერხეს, მთელი თავიანთი სიკარგის მიუხედავად, სამყარო ოდნავ უკეთესი გაეხადათ.
ეს შეგრძნება დიდხანს გამყვა და მხოლოდ ცოტა ხნის წინათ მოვახერხე, წიგნის მაღაზიებისაკენ მიბრუნება. იქ კი საშინლად გაძვირებული ბეჭდური პროდუქცია დამხვდა. ვიცი, ვინმე შემომედავება: ყველაფერი ძვირდება და რაღა წიგნის ფასები გიკვირსო, მაგრამ წიგნის ფასებზე მეტად ჩვენი ზოგირთი გამომცემლის პოზიცია მაკვირვებს. სხვათა შორის, მწერლობა, რითაც ზოგადად პატიოსანი გამომცემლები ფულს შოულობენ, სულ სხვა რამისთვისაა მოწოდებული: კრიტიკულად გაიაზროს არსებული სინამდვილე და აქტიურად იღვაწოს ამ სინამდვილის გასაუმჯობესებლად”.
მეც სწორედ ამ სინამდვილეს ვუტრიალებდი…
იხილე ვრცლად>>>arili2.blogspot.com