არაკატატონიური კატატონია ანუ ერთი დღე მარინა აბრამოვიჩთან, @-სა და სხვებთან ერთად
Posted 8:00 PM by Nina in თემები azrebi.ge, ამერიკა, შეერთებული შტატებიავტორი: ია მერკვილაძე
როცა ვგრძნობ, რომ ჩემი ნიუ-იორკული დაღლილობა კატატონიის ზღვარს ნაზად კი არ უკაკუნებს, არამედ დასაპატიმრებლად მოსული ზომბი პოლიციელებივით, რომლებსაც არ უღებენ, ისინი კი კარის შემომტვრევამდე გამაფრთხილებლად ტეხენ ბრახუნს . . . აი, ისე ურახუნებენ ჩემს ყინულივით გაქვავებულ ტვინს, თავქუდმოგლეჯილი MoMA–ში (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) გავრბივარ. არასანირვანოდ. იმისთვის, რომ უკან, გულსა და უწესრიგობას დავუბრუნდე. თუ ჩემნაირი კატატონიკი ვიპოვე, ხომ კარგი - ავიყოლიებ, თუ არა და – მარტო, რათა მერე იქ სართულიდან სართულზე უთავბოლოდ ვიბორიალო/ვიბორიალოთ და კიდევ უფრო მეტად დავიქანცო/დავიქანცოთ და მერე ჩემი (სხვისას არ ვეხები) პოპცხოვრება ჩარჩოში ჩასმულ პოპ თუ არაპოპარტულ ცხოვრების სამუზეუმო ნაკუწებს შევადარო და ამის შედეგად ან უფრო დავკატატონიკდე ანდა განვკატატონიკდე.
ამ ქალაქში დაღლილობას პირში სულ სხვა გემო აქვს, ვიდრე, მაგალითად, ავსტრალიურ კვისლენდში ან ჩადურ ნჯამენაში. აქაურ გახევებას სუნიც სხვაგვარი აქვს. გაჭყლეტილი მწვანე პომიდვრის. ბრუკლინურ – მეხუთეავენიური, მაღალი ტენიანობითა და სისხლძარღვებში გაშეშებული თრომბიციტებით. სიზმარს სახლზე და იქაურ სველი მტვერის სუნზე სულაც არა ჰგავს. არც იქაური ინსტალაციაა. რაღაცნაირია, სინდრომულ - მემარცხენე – ბუმერანგულ – მზიან – უტოპიურ - მონოლოგურ – პროვინციულ – თუთიყუშურ - მტრედისფერი . . . ჰო, ეგოისტურიც. იმ დღესაც ნამეტანი მუქ მტრედისფრად მომეჩვენა და ამიტომაც დენდაკრულივით გარეთ გავვარდი. MoMA-ში შარშან სექტემბრის მერე ის ფილმები გადის, რომელსაც ვერც ტელევიზიით და ვერც კინოთეატრში იხილავ. მაგალითად, ჩინური “გაზაფხული პატარა ქალაქში” (1948), რომელიც არ მომეწონა; კანადური “მხოლოდ” (2008), რომელიც ასევე არ მომეწონა და ამერიკული კომედია “მიტოვებულ ზონა” (1982), რომელზეც ერთხელაც არ გამეცინა. მგონი, იმ დღეს სინემას ხასიათზე სულაც არ გახლიდით, ამიტომ ბოლომდე ვერცერთს გავუძელი. ერთს - სიძველის ხათრითაც კი. ფილმებს შორის ენდი უორჰოლის Campbell’s Soup - ის 24 კონსერვს, თიმ ბარტონის დაკემსილ ხაზ-ფიგურებს, ჯასპერ ჯონსის, პიკასოს, რენე მაგრიტის, ჯექსონ პოლაკის სურათებსა და მერილინ მინთერის ვიდეოარტ “მწვანე ვარდისფერ ხიზილალას” შორის დავბორიალებდი. თან ვეძებდი ჩემს პერსონალურ In Presence-s. წინასწარ გეტყვით, რომ ვერ ვიპოვე. 13 მარტს არც მეტროპილიტენ ოპერაში წავედი “ცხვირის” სანახავად – გერგიევი დირიჟორობდა და არც ხელოვნების მუზეუმში. ისე, MoMA-ში რომ წავსულიყავი – ამერიკულ ფილმს “მარსი უტევს” ვნახავდი, თანაც საღამოს რვა საათზე. მაგრამ იმ დღეს საქართველოცა და ამერიკაც ლამის დაინგრა. გუსტავ იუნგი ამგვარ საქმეთა ვითარებას სინქრონიზაციას მიაწერდა. ახლა ცოცხალი რომ იყოს სტრატეგიული სინქრონიზაციის თეორიასაც ჩამოარაკრაკებდა. იმ შაბათს ნიუ-იორკში ისეთი უსაშველო ქარიშხალი ამოვარდა, ჰაერში მარსიანებზე მძიმეწონიანები – ფესვებამოდღლეზილი ხეები დაფრინავდნენ, ამიტომ გარეთ ცხვირს არავინ ჰყოფდა. აი, ნამდვილი ვიდეოარტი, ექშენი, ინსტალაცია, პერფორმანსი და მოჰიჩკოკო “ფრინველები”. ამ უკანასკნელებმა მოკლეს კიდეც ხუთი ადამიანი. შაბათ-კვირა უშუქოდ და უინეტოდ გახლდით. მე - რა, ნახევარი მილიონი ამერიკელი. ზოგიერთი – უფრო მეტ ხანსაც - ერთი კვირა. სახლში სადღაც ძველისძველი ტრანზისტორი მოვძებნე და გარე სამყაროს ამბებს ისე ვისმენდი, როგორც ფრონტის ხაზს მოშორებული პარტიზანი. ყოველ ათ წუთში უკანასკნელ მეტეოროლოგიურ “ნიუსებს” გვამცნობდნენ. მობილურის შესაძლო გათიშვის გამო დაპანიკებული, თითო-თითო წამი ვსაუბრობდი. უცნაური გრძნობაა – წინადადების, სიტყვისა და ლამის მარცვლების წამების დეკადებად გადანაწილება. გეგონება უდაბნოში ხარ და სალაშქრო მათარაში წყლის წვეთებს, როგორც სიცოცხლის გარანტებს, ისე ითვლი. ქარბორბალური ტრანსიდან გამოსვლისთვის ვუდი ალენის ფილმის “ნეფრიტის მორიელის შერისხულობა” გამოყენებულ ტრიგერ სიტყვებს - “მაგადასკარსა” და “კოსნტანტინეპოლს” ვიხსენებ. ვმარცვლავ. ძალიან ნელა. მა – გა – და - ს – კა - რი. კონ – სტან – ტი – ნე – პო - ლი. ვგრძნობ, რომ ეს ხერხი ჩემზე არ მოქმედებს, ამიტომ საკუთარ თავს სიტყვა “უშგულს” ვეუბნები – რაც არ უნდა იყოს ზღვის დონიდან 2200 მეტრშია. უშგულმა როგორ არ უნდა გამომაცხოცხლოს? არ მშველის. კიდევ ერთი განწირული მცდელობა: სადღაც ამოწერილ ბანგკოკის ნამდვილ ტაილანდურ, ამავე დროს მსოფლიოში ქალაქის ყველაზე დიდ ოფიციალურ სახელწოდებას ვპოულობ: “კრუნგ ტეპ მახა ნაკორნ ამონ რატანაკოსინ მახანინდრა აიუტაია მაჰადილოკ პოპ ნოპრარატ რიტჩატანი ბრურომ უდომრატნივეტ აბონპიმან ავატანსატიპ საპკაკატია ვისანუკამპასიტ”. ჩვენებურად ნიშნავს _ “ანგელოზების ქალაქი, დიდი ქალაქი, ზურმუხტოვანი ბუდის რეზიდენცია, დაუპყრობელი ქალაქი . . . ცხრა ძველებური ქვით მოპირკეთებული, მეფის უზარმაზარი სასახლეებით მდიდარი . . . სამოთხის საცხოვრებელს გაგონებს. . . ააშენა ვისანუკამმა”. ნეტავი “პოპ” რას ნიშნავს? არა, ნიუ-იორკი არაა სამეფო სასახლეების ქალაქი. მითუმეტეს - ანგელოზების. არც ლოს-ანჯელესი. ამერიკაში საერთოდ არ იციან რაა მეფე. ანგელოზები – სავსებით შესაძლებელია. ძველი სამყაროს ვინ რა არტეფაქტს გამოექცა - რა ჩამოთვლის - მათ შორის მშობლიურ მეფე-დედოფლებს. ამერიკაში კონტიტუციური კი არა რესპუბლიკურ – დემოკრატიულ - სუპერლიბერალული მონარქებიც კი არ უნდათ. ჰოდა, ჩემზე ტაილანდური “მანტრაც” ვერ მოქმედებს და ამიტომ გარეთ გავრბივარ. თან მაინც ვიმეორებ: გუ – ლი - უშ, უშ – გუ - ლი, უჰ – გუ - ლი, გუ – ლი - უჰ . . . MoMA-ს პირველ სართულზე ენა, ტუჩები ღია მოვარდისფრო ხიზილალაში გემრიელად იკლაკნება. მერე ეკრანს ებჯინება - თევზის ვერცხლისწყლის ფერი, პატარა, კიკნა, დრეკადი, ორნავ მომჟავო ბურთულაკები – ქვირითი ზედაცაა და გარშემოც. მართლა ლალაა და თანაც - ხიზი . . . ვმარცვლავ. ხი – ზი – ლა - ლა. ისეთ მდგომარეობას ჰგავს დაცვარული ტვინი 42 გრადუს ტემპერატურის შესაბამისად რომ ხურს, ხოლო სხეული შეხებასა და ამოსვრას გულისრევამდე დანაყრებით გრძნობს. წესით, უნდა დასრულდეს, რახან დანაყრდი, გაძღი და თანაც ყინულივით წყალი გწყურია. მაგრამ - არა. სქელტუჩებიანი პირიდან ხორციანი, ნასუქი დვრილებიანი ღია მოვარდისფერო ენა გამოდის და ხიზილალაში კვლავ ითხვრება, იგრიხება. ვიდეოხიზილალა შავის ბრენდია. წითლის – არა. მინდა დავინახო, როგორ კეთდება ყლუპი, როგორ მოძრაობს ხიზიხორხი თუ ლალაყრონტი, როგორ ჩადის მასში ცხიმის შენადედი – ქვირითის არგახარებული ბურთულაკი. მაგრამ - არა. ეს ვამპირის ენის მოძრაობაა არაა. კატატონიკის კვალობაზე საკმაოდ მალე ვშორდები. ვერ ვუძლებ.
მეორე სართულზე თიმ ბარტონთან გოთიკურად დაგვირისტებული ქალები წითელი თმებით, რქებიანი აქლემები, ბავშვებში ჩარჭობილი ნემსები და ქინძისთავები, ლურჯი სხეული, ჩონჩხები, ჩამომხრჩვალები, იმბეცილური, გამოთაყვანებული სახეები, დაჯღანული უცხოპლანეტელები, ზოლიანი წინდები და შავი კოსტუმები, ჯუჯა კაციჭამიები, სასაფლაოს გიგანტური ხვლიკები, ინფერნალური კომპლექსები, სუიციდალური იდეები, წვეტიანი და ხაზობრივი ფორმების ანიმაცია და მისთანანი. არა, ისევ ხიზილალა მირჩვენია. კიტჩია ისიც და ესეც. მაგრამ იქ სისხლიანი კიდურები მაინც არაა. დროზე გავრბივარ.