ფერი რეკლამაში და PR

Posted 2:00 PM by anano in თემები , , , , ,

 

 

ავტორი - მაგდა შავშიშვილი

Bookmark and Share

გოეთე: ,,ფერები ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის სულზე:

მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი ემოციები და აზრები,

რომლებიც ჩვენ ან გვამშვიდებენ, ან გვაღელვებენ”.

ბუნებაში არსებული ფერები, დროთა განმავლობაში, ადამიანებმა ცხოვრებაშიც გადმოიტანეს.…თავიდან მათში ისინი აღტაცებას იწვევდა, რადგან ვერ აეხსნათ მათი არსებობა. როდესაც ცისარტყელას უყურებდნენ, ღვთისგან მოვლენილი სასწაული ეგონათ, მაგრამ ამ მოვლენას შემდეგ ნიუტონმა უპოვა ახსნა.

ფერები PR-შიც (Public Relations) გვხვდება. ზოგადად, PR არის მეცნიერებისა და ხელოვნების შერწყმა, რომელიც გამოიყენება ადამიანებს შორის ურთიერთობის დასამყარებლად. აქვე აღსანიშნავია, რომ მას მარტივი ფორმულა აქვს. კერძოდ, გამოვაჩინოთ ,,კარგი’’ და დავმალოთ ,,ცუდი’’, რაც დაეხმარება ამა თუ იმ პერსონას  ,,დადებითი იმიჯის’’  შესაქმნელად. ახლა კი განვიხილოთ ის ფერები, რაც დამახასიათებელია PR –ის ნეგატიური ტექნოლოგიებისთვის:

>>შავი PR – იგი  ასოცირდება ,,ბინძურ კამპანიასთან’’, რომელიც მიმათულია რეალური  მოწინააღმდეგისკენ.
>>თეთრი PR – მის დროს, კანდიდატი თავბრუდამხვევი აგიტაციით არწმუნებს მოსახლეობას, რომ კამპანიაში განპირობებულია უბრალო ხალხის სიყვარულით და მათზე ზრუნვით.
>>წითელი PR – მის დანიშნულებას წარმოადგენს, ის რომ ობიექტი, რომლის წინააღმდეგაც ტარდება კამპანია  ,,ცუდია’’.  ამით ქმნის  ,,მტრის ხატს”.

რა არის ფერი?

ფერი არის მატერიალური სამყაროს ობიექტების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი. ვერ დავასახელებთ ადამიანის პრაქტიკული საქმიანობის რომელიმე სფეროს, სადაც არ იქნება საჭირო მისი აღქმა და შეფასება.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეცნიერებმა საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეძლეს ცისარტყელის წარმოშობის ახსნა, ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ნიუტონმა იპოვა, ისიც ბევრი ცდისა და დაკვირვების საფუძველზე. ყოველივე ამის შემდეგ, იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თეთრი სინათლე წარმოადგენს, რთულ სინათლეს, რომელიც მრავალი ფერადი სხივებისაგან შედგება. ისინი პრიზმაში გავლისას მეტ-ნაკლებად გარდატყდებიან, შედეგად კი მიიღება ფერადი ზოლი. ნიუტონი წერდა, რომ: `სხვადასხვაგვარად გარდატეხილი სხივები გვაძლევენ სხვადასხვა ფერს. ყველაზე მეტად გარდატყდება მეწამული ან იისფერი, ყველაზე მცირედ წითელი, საშუალოდ კი მწვანე. ლურჯი იმყოფება მეწამულსა და მწვანეს შორის. ხოლო ყვითელი კი _ მწვანესა და წითელს შორის. შედეგად კი სხივები შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდებიან: წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და იისფერი, თავიანთი შუალედური ფერებით. თეთრი, შავი და ნაცრისფერი მიიღება ყველა ფერის უწესრიგო შერევით.~ ნიუტონმა მოგვცა ცისარტყელის, როგორც ბუნებრივი მოვლენის, შემდეგნაირი ახსნა, რომ მზის სხივები გარდატყდება წვიმის წვეთებში ისევე, როგორც პრიზმაში, ხოლო ცისარტყელა წარმოიქმნება თეთრი სინათლის ფერად სხივებად დაშლის შედეგად.

საერთაშორისო ტექნიკურ ლექსიკონში ფერი განიხილება ორი გაგებით:

>>ფერი არის აღქმადი ფერადი შეგრძნება - იგი წარმოადგენს აღქმის ობიექტს და დამკვირვებელს საშუალებას აძლევს გაარჩიოს სხვადასხვა ფერი, რომლებიც ერთმანეთისაგან  განსხვავდებიან სპექტრალური შემადგენლობით.
>>ფერი, როგორც სამ განზომილებიანი ვექტორული სიდიდე – რომელიც ახასიათებს ვიზუალურად განურჩეველ ჯგუფს.

თვალზე, რომელიმე ფერის ხანგრძლივი მოქმედებისას მცირდება ამ ფერის აღქმის უნარი. ეს განსაკუთრებით აღინიშნება წითელ და იისფერზე, ხოლო ნაკლებად – ყვითელსა და მწვანეზე. წითელ ფერთან დიდხანს მომუშავე ადამიანები კარგავენ მისი ინტესივობის აღქმის უნარს. ამიტომ მაღაზიის დიზაინერებმა უნდა იცოდნენ ამ მოვლენის შესახებ, რადგან თავიდან აიცილონ ფერადი ადაპტაცია.  ამიტომ, მათ წითელის გვერდით აუცილებლად უნდა განათავსონ მწვანე ან ლურჯი ფერის ნივთები. რაც შეეხება თეთრს, შავს და ნაცრისფერს  – ისინი აქრომატული ფერებია (რაც ძველბერძნულად ,,უფეროს’’  ნიშნავს).  ხოლო დანარჩენი _ ქრომატული ანუ  ,,ფერადი’’.

თუ სხეული აირეკლავს და გაფანტავს მასზე დაცემული სხივების უდიდეს ნაწილს, მაშინ იგი თეთრია. ხოლო თუ სხეული მასზე დაცემული სხივების უდიდეს ნაწილს შთანთქვს, მაშინ გვეჩვენება შავ ფერად. თუ უფერო სხივების ყველა შემადგენელი ნაწილი შთაინთქმება თანაბრად, მაგრამ არა მთლიანად, მაშინ იგი ჩვენი თვალის მიერ აღიქმება, როგორც ნაცრისფერი.

ზემოთ მოცემული ინფორმაციის საშუალებით, ჩვენ უკვე შევიქმენით ზოგადი წარმოდგენა ფერის შესახებ, მაგრამ მოდი განვმარტოთ თითოეული ფერის მნიშვნელობა, თუ რა ნიშნისა და ხასიათის მატარებელია ის:

წითელი – ეს არის თბილი ფერი, მაგრამ ამავდროულად აღმგზნები. იგი ზრდის სისხლის  წნევას და სუნთქვის რიტმს.  შეყვარებულები და სექსუალური ადამიანები;

ყვითელი _ ფსიქოლოგიული კვლევებით მტკიცდება რომ, იგი ყველაზე `მხიარული~ ფერია ფერთა შორის და აწესრიგებს ადამიანს ფსიქოლოგიურად. აგრეთვე სისრულეში მოყავს სიტუაციები, ამოცანები და პრობლემები. ამ ფერით სარგებლობენ  სიცოცხლით სავსე და ენერგიული ადამიანები;

ნარინჯისფერი – აწყნარებს გრძნობადობასა და გულისცემას, მაღლა წევს წნევას, აძლიერებს განწყობას, აგრეთვე კარგ ხასიათზე აყენებს ადამიანს და კარგ ატმოსფეროსაც უქმნის მას.

მწვანე -  აწყნარებს ნერვულ სისტემას, ამცირებს ტკივილს, დაღლილობას და აგრეთვე, აწესრიგებს წნევას. ამ ფერით სარგებლობენ  გაწონასწორებულები და ჭკვიანები;

ლურჯი – მას შეუძლია სისხლის წნევის, პულსისა და სუნთქვის სიხშირის შემცირება. იგი ხსნის ტკივილს ნევროლოგიის ან ანთების დროს. ამ ფერით სარგებლობენ  ბედით უკმაყოფილონი;

იისფერი – მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე. უნებისყოფო ხალხი;

ყავისფერით – ამ ფერით სარგებლობენ კონსერვატიული ხალხი, რომელთაც არ უნდათ არაფრის შეცვლა.

რა არის რეკლამა?

რეკლამა ლათინური სიტყვაა ,,RECRAMO’’და ნიშნავს ყვირილს, ძახილს, მოთხოვნას. იგი შეიძლება განისაზღვროს, როგორც კომუნიკაციური საშუალება, რომელიც ისწრაფვის გადაიტანოს საქონლის ხარისხი თუ მომსახურება მომხმარებლის მოთხოვნილებების ენაზე.

კოტლერის განმარტებით რეკლამა არის კომუნიკაციის არაპიროვნული ფორმა, რომელიც ხორციელდება ინფორმაციის გავრცელების ანაზღაურებადი საშუალებებით, დაფინანსების ზუსტად ნაჩვენები წყაროებიდან.

რეკლამა არის ფასიანი, არა პირადი კომუნიკაცია, რომელსაც ახორციელებს იდენტიფიცირებული სპონსორი და რომელიც იყენებს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, რათა დაიყოლიონ ან ზემოქმედება მოახდინონ აუდიტორიაზე.

კარგი ორგანიზაციის შემთხვევაში, რეკლამა ძალზედ ეფექტურია და ხელს უწყობს წარმოებული პროდუქციის ჩქარ და განუწყვეტლივ რეალიზაციას, ამიტომ დასავლეთში შექმნილია უამრავი ლაბორატორია, რომელთა მიზანია გამოააშკარავონ მასობრივი მყიდველის ფსიქოლოგია.

დოქტორმა ე. დიტჩერმა, რომელიც აშშ-ში ,,საიდუმლო შთაგონების უდიდეს მაგიად’’ არის მონათლული, გუძონში შექმნა `მოთხოვნილებების მოტივთა შესწავლის ინსტიტუტი~, სადაც ათასობით თანამშრომელი ეძებს რეკლამის ეფექტურ საშუალებებს, ფორმებსა და მეთოდებს. ამ ლაბორატორიის თითოეულ რეკომენდაციაში კლიენტი იხდის $10000-დან $60000-მდე, რადგან მის დამუშავების პროცესში მონაწილეობს 30 მეცნიერი და 30000-მდე გამოკითხვის სპეციალისტი.

სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ აშშ-ში წარმატებული სარეკლამო სააგენტოების ყველა ხელმძღვანელი  ქალია. ამერიკელები ხუმრობენ: ,,სარეკლამო საქმე დაფუძნებულია წარმოსახვასა და ფანტაზიაზე, ხოლო ქალებს ეს თვისებები იმდენი აქვთ, რამდენიც გნებავთ’’.

ძირითადად, გამოიყენება შემდეგი სახის სარეკლამო მეთოდები:

  • ლაბორატორიული მეთოდი – სპეციალური ტექნიკური ხელსაწყოების მეშვეობით დგინდება თუ რამხელა, როგორი და რა შიინაარსის უნდა იყოს რეკლამა.
  • გამოკითხვისა და აღრიცხვის მეთოდი - მისი მეშვეობით ხდება იმის გაგება, თუ რომელი რეკლამა იქნება უფრო ეფექტური, რათა პროდუქტი გახდეს უფრო კომერცული. ამისათვის ისინი ატარებენ სოციოლოგიურ გამოკითხვებს.
  • ფსიქოანალიზის მეთოდი - ეს მეთოდი გამოიყენებს `სიღრმით ფსიქოლოგიას~, რაც იმას ნიშნავს რომ, ფსიქოლოგი ატარებს `ქვეფსიქიკურ~ ძიებას, რასაც სჭირდება დიდი დრო, მაგრამ შედეგი უტყუარი და ამავე დროს მცირე მოცულობისაა. ამის უფრო გასაგებად წარმოჩენისათვის გამოდგება შემდეგი მაგალითი: აშშ-ში ერთ-ერთმა ლუდის მწარმოებელმა ფირმამ გამოუშვა ახალი სორტის ლუდი, რომლის ეტიკეტზეც ეწერა ესეთი სლოგანი: `ეს ლუდი არ ასუქებს ადამიანს~. როგორც წესი, ამას მისი ყიდვისუნარიანობა უნდა გაეზარდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ბევრი კვლევისა და ცდის შემდეგაც კი ვერ მიხვდნენ მიზეზს. ბოლოს, მოიწვიეს ფსიქოლოგები და მათი დაკვირვების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეტიკეტის წარწერაში უნდა ამოეღოთ სიტყვა `მსუქანი~. ხოლო, ეს ყოველივე იმით ახსნეს, რომ როცა ადამიანს სწყურია და სურს ლუდის მირთმევა, იგი არ ფიქრობს შედეგზე ანუ გასუქებაზე. ამ შემთხვევაში კი, ეს ეტიკეტი ახსენებს მას, რომ ლუდი ფორმას შეუცვლის (გაასუქებს) და ამიტომ იგი წყურვილს სხვა გამაგრილებელი სასმელით იკლავს.
  • შედეგთა შემოწმების მეთოდი - იმისათვის რომ გავიგოთ რამდენად სანდოა გამოკითხვით მიღებული შედეგი, საჭიროა მათი შემოწმება. ხოლო შედეგთა შემოწმების მრავალი ხერხი არსებობს. კერძოდ, გამოკითხული პირები, 48 სთ-ის გასვლის შემდეგ, ხელახლა გამოიკითხებიან იმ მიზეზით, ვითომ პირველად მიღებული მასალა დაიკარგა. ხოლო, თუ მათ თითქმის იგივე პასუხი გასცეს, მაშინ გამოკითხვის შედეგის სანდოობაც დადგენილია.
  • კითხვარის მეთოდი - კითხვარი შეიქმნა იმისთვის, რომ შეეცვალა ის დრო, კვალიფიციური სპეციალისტები და სხვა ხარჯები რაც გამოკითხვით მიღებული მასალების შედეგების შეგროვებას სჭირდებოდა. რაც ამ ყოველივესთან არის დაკავშირებული. მათი შედგენა ცოტა არ იყოს და რთულია, რადგან საჭიროა პასუხები დაყვანილი იყოს მინიმუმამდე, როგორიცაა `დიახ~ ან `არა~.
  • იძულების მეთოდი - ცდისპირს, სწორად შევსებული ანკეტის სანაცვლოდ, სთავაზობენ რაიმე სუვენირს ან ფულს. ასეთი ტიპის გასამრჯელოს მეშვეობით, ადამიანს აიძულებენ შეავსოს სწორად ანკეტა.
  • წერილობითი ინტერვიუს მეთოდი- ექსპერტებს ხშირად აინტერესებთ საზოგადოების აზრი ამა თუ იმ მაღაზიის, ფირმის ან სხვა დაწესებულების შესახებ. ამიტომ ისინი მიმართავენ წერილობითი ინტერვიუს მეთოდს. კერძოდ, მათ აქვთ სიაში ჩამოწერილი ის ადგილები, ფირმები თუ პროდუქცია, რომლის შესახებაც აინტერესებთ ხალხის განწყობა. ანკეტა თითოეულ ცდისპირს სთხოვს თითოეული სახელის გასწვრივ აღნიშნოს თავისი დამოკიდებულება: რომელია უსიამოვნო, ოდნავ სასიამოვნო, ძალიან სასიამოვნო და ნეიტრალური.
  • ისტორიული მეთოდი - რეკლამის ფსიქოლოგიას აგრეთვე შეისწავლიან `ისტორიული მეთოდით~. იგი გულისხმობს, რომ შეისწავლიან გასულ წლებში ამა თუ იმ ჟურნალში არსებულ რეკლამას და მის განვითერებას შემდეგ წლებში. თუ რეკლამა უფრო ფერადი გახდა, მაშინ მან დადებითი ზეგავლენა მოახდინა მის წარმატებულობაში. ხოლო თუ პირიქით _ უარყოფითი, ანუ ფერზე მეტად დატვირთვა ტექსტზე მოდიოდა.
  • პირდაპირი შთაგონების მეთოდი - აშშ-ში რეკლამის `მიმზიდველობით უნარებს~ ორ კატეგორიად ყოფენ: `მოკლე წრედად~ და `გრძელ წრედად~. პირველი გულისხმობს პირდაპირ ზეგავლენას მყიდველზე და შთაგონების მეშვეობით აიძულებს იყიდოს ესა თუ ის პროდუქცია. ხშირად ასეთ სარეკლამო აგენტებს ტაქსის მძღოლები წარმოადგენენ აშშ-ში. ისინი უკეთებენ ერთგვარ რეკლამას რომელიგაცა ფირმის სიგარეტს. ანუ მანქანაში ჩამჯდარ კლიენტს ისე სასიამოვნოდ უყვებიან თავის შთაბეჭდილებებს იმ ფირმის სიგარეტის შესახებ, რომლის აგენტსაც წარმოადგენს, რომ უმრავლესობა ადამიანებისა ქვეცნობიერად ეძებს მას შესაძენად.
  • არაპირდაპირი შთაგონების მეთოდი – ჩვეულებრივ, რეკლამაში უპირატესობას ანიჭებენ `გრძელვადიან წრედს~ ანუ არაპირდაპირ შთაგონების მეთოდს. იგი გულისხმობს ისეთ საშუალებათა გამოყენებას, რომელიც ასოციაციას შეგიქმნის პროდუქციაზე.
  • ცნობილ პიროვნებათა დამოწმების მეთოდი – ამ მეთოდს არაპირდაპირი შთაგონების ერთ-ერთ სახედ თვლიან. მას უმეტესწილად კონსულტაციის ფორმა აქვს. რეკლამის ეს ტიპი შემდეგნაირად წარმოიშვა: კლიენტი, რომელიც კმაყოფილი იყო ამა თუ იმ პროდუქციით, მადლობის წერილს წერდა მის მწარმოებელ ფირმას. ხოლო, ამით ერთმა ჭკვიანმა პიროვნებამ ისარგებლა და ეს წერილები გაზეთში გამოაქვეყნა რეკლამის სახით. ამას მოჰყვა ის რომ, შემდეგ ასეთი ტიპის რეკლამებში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი პიროვნებები, რომლებიც ურჩევდნენ საზოგადოებას ამ პროდუქციის შეძენას.

რა ზეგავლენას ახდენს ფერი რეკლამაზე?!

ცნობილია, რომ ფერისადმი უპირატესობის მინიჭება სუბიექტურია და ადამიანები ფერთა კომბინაციებს სხვადასხვანაირად აფასებენ, რადგან თითოეული ფერი ცალკეულ პიროვნებაში სხვადასხვა ემოციას აღძრავს. ამას მრავალი ექსპერიმენტები მოწმობს. კერძოდ, ერთ ადამიანს, წითელი ფერი იმიტომ მოსწონს, რომ იგი ახსენებს მზის ჩასვლას `თაფლობის თვეში~, ხოლო მეორე  ცისფერს ანიჭებს უპირატესობას, რადგან მისი საუკეთესო მოგონება ოკეანესთან არის დაკავშირებული და ა.შ.

ცნობილია, რომ სპექტრის რამდენიმე ფერი ატარებს თავისებურ ატმოსფერულ თვისებას, რომლის გათვალისწინება აუცილებელია რეკლამის შექმნისას. (ქვემოთ მოცემულია ცხრილი ფერისთვის დამახასიათებელი თვისებების მიხედვით.).

ამ ფერების მოქმედებას ადამიანებზე მრავალი ფაქტი მოწმობს. კერძოდ, ერთ-ერთ საამქროში მუშებმა გამოთქვეს პროტესტი, რომ სამუშაო ადგილას ციოდა. ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ კედლები იყო შეღებილი ცისფრად. საკმარისი აღმოჩნდა ამ კედლების გადაღებვა წითლად, რომ მათ სიცივე აღარ აწუხებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა არ შეუცვლიათ. ასევე დადგენილია, რომ ფერადი რეკლამა დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე.

საინტერესოა იმის დადგენაც, თუ რომელი ფერის ასოები და ციფრები იკითხება ყველაზე უკეთ ამა თუ იმ ფერის ფონზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე უკეთ ლურჯი ფერის ასოები იკითხება თეთრ ფონზე. (გავიხსენოთ თიბისი ბანკი). შემდეგ მოდის:

  • შავი – ყვითელზე; მწვანე – თეთრზე; შავი – თეთრზე; მწვანე – წითელზე; წითელი – ყვითელზე;
  • წითელი – თეთრზე; ნარინჯისფერი -შავზე; შავი -ალისფერზე; ნარინჯისფერი – თეთრზე;
  • წითელი – მწვანეზე.

ამერიკულ ფერმცოდნეობაში უკანასკნელ წლებში ფერების შემდეგი კლასიფიკაციაა მიღებული:

წითელ ფერს სტიმულაციური ზეგავლენის უნარი აქვს და ემოციურ რეაქციებს იწვევს;

ცისფერი ცივი ფერია და დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე;

მწვანე გამომაცოცხლებელი ფერია და ამშვიდებს, აცხრობს ძალზე კაშკაშა მზის განათებას;

ყავისფერი ამშვიდებს, მაგრამ დეპრესიას იწვევს, როდესაც იზოლირებულად არის გამოყენებული. იგი უსათუოდ ყვითელთან ან ნარინჯისფერთან ერთად უნდა გამოვიყენოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მისი ასეთი გავლენა;

ნარინჯისფერი ძალზე ნათელია და აღტაცებას იწვევს;

იასამნისფერი განსაკუთრებით კეთილშობილი ფერია და სევდას იწვევს;

შავი თუ მას იზოლირებულად გამოვიყენებთ, მძიმე დარდს იწვევს, მაგრამ იგი ძალზედ სასარგებლო ფერია, განსაკუთრებით კონტრასტების შესაქმნელად;

თეთრი ფერი სიწმინდისა და სისფუთავის სიმბოლოა. იგი ცივი ფერია, თუ მასთან ერთად არ არის გამოყენებული წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი.

რეკლამისათვის ძირითად ფერებს წარმოადგენს წითელი, ყვითელი და მწვანე ან მათ თანაბრად ანაწილებენ ამა თუ იმ ფართობზე. ამ ფერების შეხამება მკვეთრ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე და ყურადღებას იპყრობს ძალზე შორი მანძილიდან.

ჩვენ ვისაუბრეთ ბეჭდვით რეკლამაზე, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ რომ, მაღაზიის ვიტრინაც ერთგვარი რეკლამაა ამ მაღაზიისთვის. ამიტომ მის გასაფორმებლადაც საჭიროა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება. კერძოდ:

  • ჩრდილი _ ეს ფერის დასახელებაა: ლურჯი, წითელი, მწვანე და ა.შ.
  • ინტესიურობა _ ეს არის ამა თუ იმ ფერის სიჭარბე.
  • სიღრმე _ ეს ამა თუ იმ ფერის სინათლეა ან სიმუქე.

მაგალითად, თუ ნათელ საგნებს დავაწყობთ მუქ ფონზე, ისინი უფრო ნათლად გამოიყურებიან. თუ დავაკვირდებით საიუველირო მაღაზიის დახლს, სადაც გამოტანილია ვერცხლის პროდუქცია, შევამჩნევთ რომ იგი გამოფენილია შავ ბარხატზე. ანუ ამ მოქმედებით, სამკაულები უფრო თვალის მომჭრელია და მეტ ყურადღებას იპყრობს.

ამის გარდა, არსებობს ვიტრინის გაფორმების 4 ფორმა:

>>მონოქრომალური – გაფორმება ერთი ფერის გამოყენებით;
>>ანალოგიური- ერთი ფერის საგნის, მსგავსი ფერებით გაფორმება.
>>კონტრასტული – გაფორმება სხვადასხვა ფერით.
>>მრავალფეროვანი – კომბინაცია რამოდენიმე ფერის.

ზემოთ მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფერი მართლაც ზემოქმედებს ადამიანზე, მის ფსიქიკასა და განწყობილებაზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფერთა შეხამება არა მარტო რეკლამებისთვისაა სასარგებლო, არამედ იმ დარგისთვისაც, რომელსაც ვემსახურებით. ნებისმიერი პროფესიის ადამიანს აქვს საზოგადოებასთან კავშირი და იმის სურვილიც, რომ ამ საზოგადოებაში იყოს ყურადღების ცენტრში, რაზეც ქვეცნობიერად ზემოქმედებს ის ფერები, რასაც იგი იყენებს.

წყარო



0 comment(s) to... “ფერი რეკლამაში და PR”