როცა აღარ ფეთქავს ოქროს გული, ლურსმანა ავი ხდება
Posted 5:40 PM by anano in თემები Next, ამბები, ლიტერატურა
ავტორი - Next
ძალიან ცუდია როცა აღარ ფეთქავს გული. არც ისაა კარგი, როცა საათი გაჩერდება, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა მუშაობას წყვეტს საათი, რომელიც გულის მაგივრობას წევს, განსაკუთრებით, თუ ეს გული ლურსმანას ეკუთვნის, ყველაზე ძლიერსა და ყველაზე ღონიერ რკინის ბიჭუნას.
ვიდრე ოქროს გული მომართული იყო და თანაბრად ფეთქავდა, ბიჭუნაც ძალიან კეთილი და მოსიყვარულე გახლდათ, მაგრამ, როგორც კი საათი ჩერდებოდა, ლურსმანა ავი და ბოროტი ხდებოდა. პერლინა კი არც მესაათე იყო და არც არაფერი გაეგებოდა ამ საქმისა. ხანდახან, როცა რკინის ბიჭუნას დაბნეულობისგან ავიწყდებოდა თავისი ოქროს გულის მომართვა, პერლინა საშინლად განიცდიდა მეგობრის უგუნებობას: "იქნებ თავი მოვაბეზრე და მარტო თავის მამილოსთან უნდა რომ იცხოვროს, ბოლოს და ბოლოს, ვინა ვარ მათთვის? ვიღაც უცხო, რომელიც სამოწყალოდ შეიფარეს", - ფიქრობდა დანაღვლიანებული გოგონა.
მაგრამ, როგორც კი ლურსმანა თავის ოქროს გულს მომართავდა და კვლავინდებურად მხიარული და ხალისიანი ხდებოდა, პერლინას ყველაფერი ავიწყდებოდა და ფიქრობდა: "არა, ლურსმანას ძალიან ვუყვარვარ, ღვიძლ დასავით ვუყვარვარ".
ერთხელ ლურსმანამ ძალიან აწყენინა პერლინას. გოგონამ იმდენი იტირა, კინაღამ ცრემლად დაიღვარა. აბა, რას წარმოიდგენდა საბრალო პერლინა, რომ მექანიკურ ბიჭუნას ოქროს გული მოსამართი დარჩენოდა და თანაც იმ დილით ელექტრონის შტეპსელში შეყო თითი, დენმა დაარტყა და ლურსმანას ნერვები აეშალა.
პილუკა შინ არ იყო. ამით ისარგებლა ბიჭუნამ. ჯერ კიკინებში სწვდა გოგონას, მერე კი თავისი რკინის თითებით უბწკინა კიდეც. და, როცა პერლინამ გაბედა და უსაყვედურა მეგობარს, ლურსმანამ იყვირა:
-- ჩემს სახლში მე ვარ ბატონ-პატრონი და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. თუ არ მოგწონს, შეგიძლია მიბრძანდე!
პერლინა შეურაცხყოფისგან ატირდა:
- თუ გინდა, რომ წავიდე, წავალ!
- წადი! ეხლავე წადი! - დაიყვირა ლურსმანამ, - ვერ გიტან!
თვალცრემლიანი გოგონა თითის წვერებზე გაემართა კარებისაკენ.
- მართლა გინდა, რომ წავიდე? - წაიბუტბუტა, როცა ზღურბლს გადააბიჯა, - აღარ გიყვარვარ?
- ოოჰ! - მძიმედ ამოიოხრა ლურსმანამ.
გოგონა უხმოდ გავიდა და კარები მიიხურა.
ფილოსოფოსები ამბობენ: არა არის რა იმ მწუხარებაზე უარესი, მოულოდნელად და დაუმსახურებლად რომ მოგაყენებს ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარს.
ამიტომ განუზომელი იყო პერლინას მწუხარება.
http://nextdreamhacker.blogspot.com/