რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?

Posted 1:00 PM by anano in თემები , , , , ,

ავტორი – Rocko

Bookmark and Share
 

 

და აი, დადგა დღე, რომელსაც თითქმის წელიწადი ველოდე :)) როგორც ჩემმა ფეისბუქელმა მეგობრებმა უკვე იციან, :D დღეს მქონდა ბედნიერება, ჩაის სმასა და Alice in Wonderland-ის პრემიერას დავსწრებოდი ამირანში.

მთავარი კითხვა:
— როგორი იყო?
— მიჭირს პასუხის გაცემა :D
და, მგონი არც არსებობს ამ კითხვაზე პასუხი. ქეროლის იმ გამოცანის მსგავსად, სათაურში რომ მიწერია. :))
დავიწყოთ ვიზუალით.

ძალიან მაგარი იყო! :)) მართლა! ზუსტად ის და იმაზე მეტიც, რასაც ბარტონისგან ველოდი. ეს ადამიანი, რომ ეკრანზე სიგიჟეს ჩადის, ახალი არ არის. ახლა კი, როგორც იქნა, დაეწია CGI-ტექნოლოგიები მის ტვინს და ნამდვილად არაჩვეულებრივი სამყარო შექმნეს. იმას არ ვამბობ, რომ stop-motion ანიმაციით ნაკლები ვიზუალური ზეიმის მოწყობა შეიძლება, უბრალოდ, ამ ფილმში უზარმაზარი დოზით გამოყენებული კომპიუტერული გრაფიკის ყოველი ბაიტი ასი პროცენტითაა გამართლებული! :)

ას-წუთიანი ფილმის ყოველი ცალკე აღებული კადრი, უკვე გამზადებული ილუსტრაცია ან პოსტერია, მოკროპვაც რომ არ ჭირდება, ისეთი :) ანიმაციის ხარისხზე არაფერს ვამბობ — ბეწვის და მტვრის დეტალიზაციით დღეს ვეღარავის გააკვირვებ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი — პეიზაჟები, ფონები, პერსონაჟები, მათი კოსტუმები, მთელი საოცრებათა სამყარო — უბრალოდ გენიალურია! და მე მაინც არ მჯერა, რომ ამ ყველაფრის შექმნა ფხიზელ გონებაზეა შესაძლებელი :D

მსახიობები — ტრადიციულად :)

ჰელენა ბონამ კარტერი — განსაკუთრებით! არანორმალურად მაგარია Red Queen-ის როლში! შეიძლება მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლიც კია. ჯონი დეპს ძალიან მოუხდა Mad Hatter-ობა :) მაგრამ, არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენია. ჩვეულებრივი, ჯონიდეპისეული კომიკ-ტრაგიკული პერსონაჟი შექმნა, ოღონდ — ორმაგი ზომის თვალებით.
მია ვაშიკოვსკათი კი ვერ აღვფრთოვანდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად მომწონდა ალისასთვის. მარილი აკლდა, თან ბლომად. ენ ჰეთევეი უბრალოდ ლამაზი იყო… :D
დანარჩენი კი თითქმის ყველა voice-over იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსული დუბლირება ტრადიციულად უმაღლესი დონის იყო, მაინც ერთი სული მაქვს ორიგინალს როდის ვნახავ (და მოვისმენ) :) განსაკუთრებით, ალან რიკმანის Blue Caterpillar და სტივენ ფრაის Cheshire Cat მაინტერესებს :D

ჰო, დენი ელფმანზე ვარ ნაწყენი :( დაიცალა ალბათ ეს კაცი. რაღაც უფრო „epic“ საუნდტრეკს ველოდი, რომ ამ ფილმისთვის შექმნიდა. ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ არა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ასეთი ვიზუალისთვის… აი, თავად მოუსმინეთ.

ახლა კი, სცენარის შესახებ… ძალიან სუსტი იყო.

ალბათ იცით, რომ ეს ფილმი ქეროლის ორიგინალი ნოველის ერთგვარი გაგრძელებაა… აქ უკვე ალისა 19 წლის გოგოა, რომელსაც კურდღლის სოროში პირველი მოხვედრის დღიდან აწუხებს ღამის კოშმარები და თითქმის დავიწყებული აქვს ეს მოგზაურობა. თავისი იძულებითი ნიშნობის დღეს კი, იგი მეორედ გაყვება საათიან კურდღელს, მეორედ ჩავარდება სოროში, მეორედ ჩაიდებს პირში ყველაფერს, რასაც „დამლიე“ ან „შემჭამე“ აწერია და მეორედ შეაბიჯებს (ბარტონის) საოცრებათა სამყაროში :)

მთელი ისტორია წარმოუდგენლად მარტივია:
საოცრებათა სამყაროს მმართველობა ხელში წითელმა დედოფალმა ჩაიგდო. ყველა უბედურია. და ყველა ელოდება დღეს, როცა მათ ალისა ეწვევა და, წინასწარმეტყველების მიხედვით,
Jabberwocky-ს შეებრძოლება. ალისაც ბრუნდება, გადალახავს მრავალ წინააღმდეგობას, დაამარცხებს Jabberwocky-ს და დედოფლის გვირგვინს კვლავ თეთრ დედოფალს დაუბრუნებს…

და ბოდიშიც არ მაქვს მოსახდელი სპოილერებისთვის. იმიტომ რომ ეს სპოილერი არ არის :D მართლაც და, სულ ეს არის მთელი ამ ვიზუალური შედევრის story. არანაირი სასპენსი, არანაირი მოულოდნელობა და storyline twist-ები, არც სითბო, არც გულის აჩუყება, არც ალისას პერსონაჟის რამენაირი განვითარება…

მოკლედ, ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეთ სცენარს — ნამდვილად არა.
როდესაც თავიდან გავიგე, რომ ალისას ეს ეკრანიზაცია შეცვლილი სიუჟეტით იქნებოდა, არ გამკვირვებია. მეგონა, ბარტონი რაღაც თავისებურს იზამდა! ან „ბიტლჯუსურს“, ან „ედ ვუდურს“, ან „ედვარდურს“… :) რაღაც მიზანი ხომ უნდა ქონოდა ასეთ გადაწყვეტილებას სიქველის გადაღების შესახებ? მაგრამ, როგორც დავასკვენი, ახალი სცენარის ერთადერთი მიზანი ტრადიციული ბატალური სცენის არსებობა და რაც შეიძლება მეტი ჯონი დეპი იყო :(

ფილმი მოსაწყენი ნამდვილად არ არის. ბევრი ძალიან სასაცილო დიალოგი და ფრაზაა. განსაკუთრებით, ჩემი ფავორიტი Cheshire Cat-სგან :)) მაგრამ საბოლოო ჯამში, ზოგადი ისტორია და განვითარება, საოცრად ბრტყელი, არაფრისმთქმელი და შაბლონური გამოვიდა… :(
რისი ბრალია, ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება, დისნეი ჩაერია ზედმეტად (სცენარის ავტორი დისნეის „სტაჟიანი“ ლინდა ვულვერტონია, Beauty and the Beast-ის და The Lion King-ის სცენარისტი). ან, შეიძლება, ბარტონი ზედმეტად გადაყვა ვიზუალურ მხარეს (და ტყუილად სულაც არა)… მოკლედ, სცენარმა ძალიან გამიცრუა იმედები. და თქვენც გირჩევთ, მაინცდამაინც დიდი მოლოდინით ნუ შეხვალთ კინოში. :)

მაააგრამ :))
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის must-see ფილმი ყველა ასაკის ადამიანისთვის! და აუცილებლად, აუცილებლად დიდ ეკრანზე, სამ განზომილებაში სანახავი! სულ რომ bluray-rip ხარისხით დაიდოს დღესვე რომელიმე ქართულ ვარეზნიკზე და სახლში Philips Cinema 21:9 გედგათ მონიტორად, მაინც დანაშაულია კინოში არ-ნახვა! :)
ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოცადოთ :) ყველაზე გიჟური ვიზუალის ზეიმი და ყოველი დეტალის სიყვარულით შექმნილი საოცრებათა სამყარო, უკვე დღეიდან — კინო „ამირანში“ :)

რომ ნახავთ, მიმიკომენტეთ თუ არ დაგავიწყდებათ. ეგებ მე ვერ ჩავწვდი სცენარის ღრმა წიაღსვლებს… და სანახაობით აღფრთოვანებებიც აქვე შეგიძლიათ დაწეროთ, ნუ მოგერიდებათ :))

წყარო

http://rocko.ge/



0 comment(s) to... “რა საერთო აქვს ყვავს და საწერ მაგიდას?”