ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ ვერ ვიტანთ ერთმანეთს…

Posted 2:00 PM by anano in თემები , , ,

ავტორი – Mchxapneli

შეცდომებზე სწავლობენ” - ვიღაც ოპტიმისტი ფილოსოფოსი
    “მე საქართველოს ნაკრების ყველა საშინაო თამაშს ვესწრები” - ჩემი კონტრარგუმენტი

    ჩვენ, ქართველებს რომ გვკითხო, ”ძალიან ერი” ვართ – ყველაფერში ყველაზე მაგრები, ამტანები, სტუმართმოყვარეები, თხილის გულის რვა ძმისთვის გამყოფები, გასაბრწყინებლები, მებრძოლები… თუმცა, ბოლო პერიოდში, რატომღაც,  სიყვარულისა და პატივისცემის ბიუჯეტში დიდი გარღვევა გვაქვს. ხანდახან ისიც კი მგონია, რომ ერთმანეთს უბრალოდ ვერ ვიტანთ.
    ზოგჯერ ეს ვერატანა “სოციალური სტატუსიდან” მომდინარეობს: ახასიათებს ირონიული კომენტარები, სადაც ჭარბობს სიტყვები “სოფლელი” და “გოიმი”, ასევე ნაწილაკი “ფუ”. ამა სოფლის მაღალთა მხრიდან მათი დაცინვისას  კი აქცენტი ძირითადად “ლ” ბგერაზე კეთდება.

     ხშირად კი ეს ვერატანა ეროვნულ მაშტაბებს იძენს: გამყიდველი ვერ იტანს მყიდველს, ოფიციანტი - კლიენტს, ნახევარი საქართველო – თეა თუთბერიძეს, ოპოზიცია – სააკაშვილს, ვიღაცეები – ოპოზიციას… ვუბღვერთ ყველას და ღიმილებს (”smiles”) მხოლოდ ინტერნეტ-საუბრებისა და მესიჯების წერის დროს ვიმეტებთ. ვინმე კიბეზე, ან ქუჩაში თუ წაიქცევა, ჯერ ვიცინით და მხოლოდ ამის შემდეგ დავაყოლებთ ხოლმე სიმორცხვენარევი დანანებით: “უი, საწყალი…”
    ბოლოს, ეს ვერატანა აგრესიაში გადადის: გამყიდველი გიყვირის, თეა თუთბერიძეს ინკვიზიციით ემუქრებიან, სააკაშვილს კაბინეტიდან ყურებით გამოთრევას პირდებიან, ოპოზიციის აქტივისტებს - დანაპირებს უსრულებენ… აი, სულ ცოტა ხნის წინ, მეტროში, ბავშვის უმოსწავლისბარათოდ გატარების გამო დაწყებული კამათი იმით დამთავრდა, რომ მეტროს მეთვალყურემ დედას “შე დეგენერატო და უზრდელო” ეძახა, ექსკავატორზე მდგომი დედა კი “შე ძროხა”-ს ძახილით რამდენჯერმე ამობრუნდა უკან…
     არადა, ჩვენ გვიყვარს ღმერთი… მაგრამ ვერ ვიტანთ ერთმანეთს.

იხილეთ ვრცლად...

http://doin.ge/



0 comment(s) to... “ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ ვერ ვიტანთ ერთმანეთს…”