ავტორი: გიგა ზედანია
რეცენზია გიგი თევზაძის წინგზე ”განჯადოება. ხუთი ესე თანამედროვე საქართველოს შესახებ” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009).
ზუსტად ათი წლის წინათ გიგი თევზაძის წიგნი გამოქვეყნდა სახელწოდებით ”ძალაუფლების სიმულაციები”. არ ვიცი, მისი რამდენი მკითხველი დაეთანხმა მაშინ წიგნის არგუმენტაციას, მაგრამ დღეს ვერავინ უარყოფს იმას, რომ ავტორმა საოცარი სიზუსტით მიაგნო ფაქტორს, რომელიც 2003 წლამდე განსაზღვრავდა პოლიტიკური პროცესების განვითარებას და რომელიც 1999 წელს სულაც არ იყო ნათელი: სიმულაცია. ცხადია, სიმულაციის კონცეპტი ფრანგი სოციოლოგის, ჟან ბოდრიარის თეორიიდან იყო ნასესხები. მაგრამ გიგი თევზაძემ ამ მოდურ პოსტ-მოდერნულ ცნებას ზუსტი მნიშვნელობა შესძინა ქართულ კონტექსტში: სიმულაცია ძალაუფლებისა, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სახელწიფოსათვის აუცილებელ ვერც ერთ მოთხოვნას: ვერც საჯარო სიკეთეებს სთავაზობდა მოქალაქეებს და ვერც - ძალადობაზე მონოპოლიას.
გავიდა ათი წელი, რომელთა განმავლობაშიც გიგი თევზაძემ კიდევ რამდენიმე წიგნი დაწერა: ”ინსტიტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია”, ”ძალაუფლების დაბრუნება” და დიალოგების კრებული ”აქ და ახლა”. მაგრამ ის ტექსტი, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, ყველაზე მეტად მაინც მისივე 1999 წლის წიგნის ასოციაციებს იწვევს. მიზეზი სწორედ იმ საერთო თემის მოძებნაა, რომელიც აერთიანებს ახალ წიგნს: განჯადოება…