ქართველი ქალის ტრადიციული ხვედრი და ოცნება რომანის შექმნაზე
Posted 9:00 PM by Nina in თემები azrebi.ge, ისტორია, მამაკაცი, მეცნიერება, ნინია კაკაბაძე, რელიგია, ქალი, ხელოვნება
ავტორი: გიორგი ძნელაძე
გასაკვირია პატრიარქალური, კონფორმისტული გონის მქონე ადამიანთა განცხადება იმის შესახებ, რომ ქალებს არასოდეს დაუწერიათ და შეუქმნიათ მნიშვნელოვანი რამ. როგორ შეიძლებოდა, ქალს შეექმნა უდიდესი შედევრი, როდესაც ერთი, პატარა რომანის შექმნაც კი საუკუნეების განმავლობაში აკრძალული იყო მათთვის? ქალი თუ წერდა, ამას სიგიჟედ, სისულელედ თვლიდნენ. ვინ იცის, რამდენი ქალის ხმა დარჩა ჩვენამდე მოუღწეველი? ვიცით, რამდენს სურდა მათგან გამხდარიყო მწერალი, მეცნიერი, ან პოეტი? ვინ იცის, რამდენი ქალის ამაგი დაშვრა ამაოდ საუკუნეების მანძილზე? ვიცით, რამდენი ბუნებით მწერალი, სიმონა დე ბოვუარივითა და ვირჯინია ვულფივით ნიჭიერი, კრეატიული ბუნების მქონე ქალმა ვერ შეძლო საკუთარი ნიჭის რეალიზება საზოგადოებრივი კლიშეების, აკრძალვების გამო? მაშინ, როდესაც დანტე წერდა ,,ღვთაებრივ კომედიას’’, თუ ,,წმინდა’’ თომა აქვინელი, სახეაწითლებული, წამოჭარხალებული ჯღაბნიდა, რომ ქალი არის არასრულყოფილი, მისი მშობელი დედა, იქნებ, ამ დროს ოჯახურ ჯაფაში იყო ჩაფლული. კლარა, დუნიაშა, შუროჩკა, ფლორა, ჟილბერტა, ჯორჟეტა. მათაც უნდოდათ, იქნებ, ორიოდე სიტყვა ეთქვათ სამწერლო ასპარეზზე?
სამწუხაროდ, ვერ მივალ თაროსთან, ვერ ჩამოვიღებ პასკალის სქელტანიან ნაწარმოებს ,,აზრებს’’. ვდგავარ ასე გარინდული და ჩაფიქრებული თაროსთან, სანამ არ გადავშლი წიგნს და იქ ერთ საინტერესო ფაქტს არ წავაწყდები: როგორც წიგნის მთარგმნელი შესავალში აღნიშნავს, პასკალის დედა სათნოებითა და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. სხვა მნიშვნელოვანი სახის ცნობები მასზე არ შემონახულა. პასკალს ჰყვდა სამი და: ანტონია, რომელიც სულ პატარა გარდაიცვალა, ჟილბერტა, რომელიც 21 წლის ასაკში მიათხოვეს პასკალის თანამოაზრეს, ასევე ჟაკლინი, რომელიც პასკალმა ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით მონაზვნად აღკვეცა. აი, პასკალის მამა კი იყო ცნობილი ინტელექტუალი, ენათმეცნიერი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, რომელიც იყო მეცნიერების თვალსაჩინო ფიგურა, ინტელექტუალური მოღვაწეობისაკენ გზა ხსნილი ჰქონდა. აქვე, კრიტიკოსი დასძენს, რომ პასკალის დის- ჟილბერტას თხზულებებს დიდი ლიტერატურული ღირსება გააჩნდათ, მეორე დის-ჟაკლინის პოეტური ტალანტი, კორნელის ყურადღებას მიიპყრობს. მისი სცენაზე დახვეწილი თამაში კი კარდინალ რიშელიესაც კი მოხიბლავსო, მაგრამ... ჟილბერტა 21 წლის ასაკში მიათხოვეს პასკალის თანამოაზრეს, შემდგომ მას ლიტერატურული თხზულება აღარ დაუწერია. იჯდა და ამზადებდა კერძებს, ინტელექტუალური მოღვაწეობისაგან დაღლილ ქმარს დამამშვიდებელ ჩაის უმზადებდა, ხარშავდა კარტოფილს, ან შვილს უწერდა სკოლის რომელიმე კონცერტზე შესასრულებელი სიმღერისა თუ ლექსის ტექსტს. სხვა მიზნით, მას კალმისათვის ხელი აღარ უხლია. მეორე და, ჟაკლინი, დახვეწილად თამაშობდა სცენაზე, ნიჭიერიც იყო, მაგრამ საკუთარმა ძმამ ფსიქიკა იმ დონემდე დაუმძიმა, რომ მონაზვნად აღკვეცა. იჯდა ეს ჟაკლინი და სახარებას იზუთხავდა, ლოცვებს სწავლობდა, მისთვის შორეულ წარსულში დაინთქა სცენაზე თამაში, იჯდა მონასტერში და ,,ფედრას’’ სიტყვების ნაცვლად საღამოს ლოცვებს იზეპირებდა. მათგან ვერცერთი გახდა მწერალი, ვერც-მსახიობი.
წარმოვიდგენ ასევე ერთ ქართველ გოგონასაც, სახელად, ვთქვათ, სალომეს, რომელიც მაშინ დაიბადა, როდესაც ევროპაში პოსტმოდერნის დეკონსტრუქციული სული და რევოლუციურ გარდაქმნათა ქარტეხილები ბობოქრობდა. ნიჭიერი იყო სალომე, მწერლობაც უნდოდა, მაგრამ მისი ბედი მშობლებმა გადაწყვიტეს, ან იქნებ, მოიტაცეს კიდეც, იყო იმ მამაკაცის ცოლი, რომელიც არ უყვარდა. გათხოვებამდე, სალომემ იტირა, მამას განუცხადა, მე მინდა მწერალი (ან მსახიობი) გამოვიდეო. მამამ დაუღრიალა, ხმა გაკმინდე, თორემ ,,გაგამწერლებ კარგადო’’ და კარი გაიჯახუნა. სალომემ იტირა, იტირა, ბალიში დაალბო ცრემლებით, იქნებ, მაგრამ მაინც დაჰყვა მამის ნებას. მან კი, საგულდაგულოდ შეურჩია ,,მზითევი’’, იქვე ჩაუჩურთა ,,ვეფხისტყაოსანი’’, რომელიც საქართველოში მზითევის აუცილებელ ,,ატრიბუტს’’ წარმოადგენდა, გადასწერა პირჯვარი, უთხრა, შვილო, იყავი ქმრის მორჩილიო და ეკლესიაში ჯვრის დასაწერად გააქანა. რა იცოდა, უგუნურმა მამამ, თუ რას აძლევდა ხელთ საკუთარ შვილს ,,ვეფხისტყაოსნის’’ სახით? იქ რომ ლომის ლეკვთა თანასწორობის შესახებ ეწერა? მაგრამ ესეც არ წაეკითხა უგუნურ მამას. ,,ვეფხისტყაოსანი’’ მაშინ გადაშალა, როდესაც სოფლის მასწავლებელი, ლილი გამოიყვანა წყობიდან და იძულებული გახდა, რამდენიმე სტროფი ამოეზუთხა ,,ავთანდილის ანდერძიდან’’. იქნებ, კლასში ჩატოვებითაც დაემუქრა, მაგრამ ეს იყო მუქარა, რომელიც ქრთამის მეშვეობით ადვილად იქცა ,,სამიანად’’. აი, ასე ვერ მივიდა სალომეს მამა ლეკვის ლომების ფრაზამდე.
მერე, სალომე მოხვდა ეკლესიაში, სადაც სოფლის გამობრუჟებულმა, ღვინითსახეწამოწითლებულმა მღვდელმა დასწერა ჯვარი და გაუმეორა, ქმრის მორჩილი იყავიო. ამის შემდეგ, ,,მაყარმაც’’ და საერთოდ ყველამ, დიდი წიოკითა და ალიაქოთით გადაინაცვლა საგულდაგულოდ გაწყობილ სეფაში და მოუთმენლობისაგან ტუჩების ლოკვა დაიწყეს. დაუწერელი ზრდილობის კანონის გამო, ცოტა ხანი არ მისხდომიან სუფრას, ჯერ კარგად უნდა გაერკვიათ, ვინ იყიდა ახალი შუბა, ვის უკეთია ახალი საყურე, ვისი შვილი აპირებს გათხოვებას, ვისი-ცოლის მოყვანას, უნდა გამოერკვიათ, როგორი ოჯახის შვილი იყო ეს გოგო, ხომ არ ჰყავდა ვინმე ,,სახელგატეხილი’’ მოდგმაში. მამიდა, ბიცოლა, ნათლია, მაზლისშვილის ქმარი, თუ მძახალის დედიაშვილის შვილი. ამ საფუძვლიანი გამორკვევების შემდეგ მიუსხდნენ სუფრას, დაიწყო ტრადიციული ქართული ქეიფ-გეიფი. სუფრას ღიპიანი, ჩასუქებული ბიძა ,,მართავდა’’. წარმოთქვამდა ყალბი, გაცვეთილი ფრაზებით სავსე სადღეგრძელოებს და სუფრის წევრებიც, ბატებივით ჰყვებოდნენ. იმ დღეს, სალომემ, დაახლოებით 500 ადამიანისაგან მოისმინა ,,ჯანმრთელობის’’, ,,დედ-მამიშვილების’’, ,,მშობლების’’, ,,ვაჟკაცობის’’, თუ ,,მშვიდობის’’ სადღეგ-ძ-ელო. მერე ატყდა ჩხუბი. ისეთი ორომტრიალი დატრიალდა, ისეთი ბუღი ავარდა, რომ სალომემ იფიქრა, ის, რაც ჰოლივუდურ ფილმებში მინახავს, ფანტასტიკურ ორთაბრძოლებზე, მთლად ულტრა-თანამედროვე სპეც-ეფექტების დამსახურებაც არ ყოფილაო. იყო ერთი წივილ-კივილი, შეხლა-შემოხლა, გინება, წყევლა. კაცები ერთმანეთს დასდევდნენ, გაურკვეველი დანიშნულების ნივთებს ესროდნენ, მეორე დღისათვის ,,საქმის გასარჩევად იბარებდნენ’’ ერთმანეთს. მათი ცოლები სახელოებაკაპიწებულნი იცქირებოდნენ და ქმრებს წყევლიდნენ. წყევლიდნენ მათი, თუ საკუთარი გაჩენის, ქორწინების დღეს. იმ დღესაც, როდესაც მაჭანკალს ისტუმრებდნენ. მერე, როგორც იქნა, დაშოშმინდა ჩხუბი. სუფრაც შეთხელდა. ტანსაცმელშემოხეულმა კაცებმაც თავიანთი ცოლების მათ თავიანთი საქმრო გააცნო. საუკუნო წყევლას უგზავნიდნენ მათ და მოუსვლელეთში გზავნიდნენ. კაცებმაც თავიანთი ცოლების წყევლა-კრულვის აკომპანიმენტით განვლეს სეფა და სახლებისაკენ გაეშურნენ. დარჩა დაახლოებით, ოცამდე კაცი, თავიანთი ცოლ-შვილით. უკვე გვიან იყო, უნდა დაშლილიყვნენ, მაგრამ რატომღაც წასვლა ვერ მოეფიქრებინათ. სუფრაც შელანძღული იყო. ჭიქები დალეწილი, ღვინო დასხმული, საცივი, მანდარინი და მჟავე კიტრის მწნილი ერთმანეთში არეულიყო. ისმოდა ამ ოციოდე მამაკაცის ,,მრავალჟამიერის’’ გუგუნი, ჩქეფდა სხვადასხვა გეი-ფურ ,,ხატოვან თქმათა’’ კასკადი. ,, გენაცვალე ჩემი ძმა. ჭირიმე შენი, გეხუტუნე, ბიჭო, თამაზა, გეხუტე ძმობაში, ჩახუტებაში, ამბავში. მიყვარხარ ბიჭო, (უი!! გეი-ფური სიტყვა!) მოდი, გაკოცო, ბიჯო, სულხანია, მოდი ჩემთან შენ გეხუტუნე. ა, კაცი, ბიჯო! ’’ . როგორც იქნა, ესენიც დაიშალნენ. მის მერე, სალომემ გადაიტანა უღიმღამო საქორწინო ღამე, იმ ტრადიციული შეგნებით, რომლის მიხედვითაც აუცილებლად საქორწინო ღამეს უნდა ჩახეულიყო საქალწულე აპკი. უმარილო ბღლარძუნის შემდეგ ქმარი გადაბრუნდა და ხვრინვა ამოუშვა, სალომე კი ცრემლად იღვრებოდა. სალომეს, ქორწინებიდან 68 საათის გავლის შემდგომ დაუდგა კრიზისი, რომელიც დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო მწვავდებოდა.
პირველი შეხლა-შემოხლა ოჯახში მაშინ მოხდა, როდესაც დედამთილმა გარეცხილი პერანგი დაუწუნა, მერე-ქმარმა- გაუთოვებული შარვალი. მერე უთხრეს, მოკლე კაბას ნუ იცვამო, მერე მიაყოლეს, ფანჯარას ცუდად წმენდო, მერე უთხრეს, კარტოფილს ძალიან სქლად თლი, ასე გავღარიბდებითო. მერე, გამოგვილი ოთახი დაუწუნეს, მერე უთხრეს, ერთ თეფშზე ძალიან ბევრ ჭურჭლის სარეცხ საშუალებას ხმარობ, ეკონომია გააკეთეო. ერთ დღესაც სალომეს ყელში ამოუვიდა ეს ყოველივე და გაბრაზებულმა ქმარს მიახალა, აღარ შემიძლია, დავიღალე, წელში გავწყდი, ამდენი დაუნახავი, დაუფასებელი შრომა ყელში ამომივიდა, მე მინდოდა, მწერალი გავმხდარიყავიო. ქმარმა დაუღრიალა, იქნებ, შეაგინა, ან-დაარტყა კიდეც. უთხრა,სახლში დაეგდე და ოჯახს მიხედე, თორემ ,,მწერალს მოგცემ მე შენ’’-ო. სალომემ ისევ ტირილში გაათენა ღამე, განქორწინებამაც გაუელვა თავში, მაგრამ ისიც იცოდა, რომ წასასვლელი არსად ჰქონდა, განქორწინებულ ქალს როგორი თვალითაც უყურებდნენ, ეს ,,უბიწო’’ და ,,ტრადიციული ღირებულებების დამცველმა საზოგადოებამ’’ კარგად იცის. სალომემ კარგად იცოდა, რომ თუ ქმარს გაშორდებოდა, დედ-მამა არ მიიღებდა, ან ისევ ქმართან დააბრუნებდნენ. საზოგადოება მოიძულებდა. დედა ეტყოდა: ,,რას იტყვის ხალხი?!’’ აი, იჯდა ასე სალომე სახლში. რეცხდა, აუთოვებდა, ალაგებდა, ხვეტდა, ქმრის წინდებს რეცხავდა. შორეულ ოცნებად დარჩა სალომესათვის რომანების მომხიბვლელი სამყარო და ის ემოციები, რასაც მწერალი წერისას განიცდის. რეცხდა, კერძებს ამზადებდა, მძიმე საოჯახო საქმიანობისაგნ დაქანცულს, არათუ იმის დრო, რომ რამე მნიშვნელოვანი დაეწერა, არამედ იმის დროც კი არ ჰქონია, რომ უკვე დაწერილს გაცნობოდა და საკუთარი სამწერლო ხელოვნება დაეხვეწა და სრულეყო.
შემდეგ, ოჯახს ფინანსური კრიზისი დაუდგა. ქმარმაც, ჯიბეში ფული მოვიმრავლოო, ოჯახს რამე შევმატოო და რუსეთში წასასვლელად მზადება დაიწყო. წავიდა კიდეც. შეიძლება, რაღაცას აგზავნიდა კიდეც, მაგრამ უმთავრესად, მაინც, საკუთარ სიამოვნებაში ფანტავდა. მერე დაბრუნდა ისევ სახლში და ცოლთან და ,,ძმა ბიჭებთან’’ დაიწყო სლავური წარმოშობის ლამაზმანებზე სექსუალური უპირატესობის მოპოვების ნაირ-ნაირი ისტორიების თხზვა. ,,ვაიმე, ბიჯო, თემოია, რა ქალი იყო ტანია, იცი? უჰ…..’’ და ა.შ. რადგან ამით ოჯახური ბიუჯეტის კრიზისი ვერ დაიძლია, სალომემ გადაავლო თვალი მისი ნათესავებისა და მეზობლების ცოლებს, რომლებიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო სულ უფრო და უფრო აქტიურად მიიწევდნენ პლატონისა და საფოს სამშობლოსაკენ.ჯერ იყო და ოჯახმა ითაკილა, წესიერ ქალს ოჯახის მიტოვება არ შეშვენისო, მაგრამ რაკი თავიანთი კუჭის სისავსის დაბალი მაჩვენებლის ფატალურ გავლენას ვერ აუარეს გვერდი, ამიტომ გადაწყვიტეს, სალომე საბერძნეთში გაეშვათ. გაუშვეს კიდეც. შრომობდა სალომე, შრომობდა, რასაც შოულობდა, ოჯახში აგზავნიდა, იქნებ ჩემმა შვილმა უნივერსიტეტში ჩაბარება მოახერხოსო. მისი ქმარი კი მხართეძოზე წამოწოლილიყო და ცოლის გამოგზავნილ ნივთებს ფხიზელი ყარაულივით ელოდა. ასე გაივსო სახლი ბერძნული ტექნიკით, სხვადასხვა საოჯახო ნივთებით, ბერძნულწარწერიანი მაისურებით. მალე, ქმარმაც და შვილმაც ტოტალიზატორში, კაზინოსა და სხვადასხვა სლოტ-კლუბებში სიარულს მიჰყვეს ხელი. მალე დიდი თანხა წააგეს. გაყიდეს სალომეს გამოგზავნილი ტექნიკა, დააცარიელეს სახლი და სალომეს გამოგზავნილი ფულიც შეჭამეს. ამასობაში კი სალომეს იმ რესტორნის მეპატრონე ეარშიყებოდა, სახელად, ვთქვათ, იასონი, ან, თუნდაც, ფაონი, ან აპოლონი. მოხდენილი კაცი იყო, დაკუნთული, შავგვრემანი, მაღალი. მოსწონდა სალომე, მოსწონდა მისი დაშაშრული ტერფები, იზიდავდა ეს სევდიანი თვალები, რომელშიც ირეკლებოდა დაკარგული ცხოვრებისაგან გამოწვეული სევდა. ცოლობაც შესთავაზა სალომეს, სალომე დაფრთხა, აილეწა.. უცნაურმა გრძნობამ მოიცვა ქალი. იფიქრა, იქნებ, ღირდესო.. წარმოუდგა თვალწინ გაუბედურებული ცხოვრება, დაკარგული დრო, უსიყვარულო ცოლქმრობა, სექსუალური ცხოვრებაც, აგერ, ათიოდე წელი, თითქმის შეწყვიტა.. მაგრამ სალომე მაინც შეშინდა.. წარმოუდგა თვალწინ ის, თუ რა მოჰყვებოდა ამ ამბავს მის ,,ზეციურ საქართველოში’’. წარმოიდგინა, თუ როგორ ასპიტთა ხროვასავით ასისინდებოდა უამრავი მისი ნათესავი.მისკენ მოიწევენ,ლანძღავენ, წყევლიან ,,ბოზს’’, რომელმაც ვიღაც ,.,გრეციელში’’ გასცვალა მოსიყვარულე ქმარი. სალომეს შეეშინდა და თავი დაივალდებულა, უარი ეთქვა ამ წინადადებაზე. ასე თქვა უარი ერთადერთ შანსზე.
მერე დაბრუნდა ,,ივერიაში’’ და გაპარტახებული დახვდა თავისი სახლ-კარი, ქონება.. ქმარ-შვილი ეუბნებოდა, რატომ მეტი არ გამოგვიგზავნეო.. სალომეს გულს შემოეყარა. მისი შვილიც უკვე ყოყლოჩინობდა, კაზინოებში დაძვრებოდა და მამის მხარეს იჭერდა. სალომემ გააგრძელა ცხოვრება და მიჰყვა დინებას, ის უკვე აღარ ზრუნავდა საკუთარ ბედზე. ხშირად გადმოვარდებოდა ცრემლი საბრალოს: ,,ამისთვის ვიწვალე და ვიშრომე?’’.. მაინც მზრუნველი დედა იყო. გამრჯე დიასახლისი. როცა წიგნების თაროს ჩაუვლიდა, გულისგულ ამოიოხრებდა ხოლმე.. მერე, სალომე მოხუცდა და გარდაიცვალა.. წნევამ ,,დაარტყა’’, თუ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, არ ვიცი, ეს მის ნათესავებს ვკითხოთ.
ახლა მე ვწყვეტ სალომეს ამბის თხრობას და ვსვამ კითხვას: რატომ არ დაწერა სალომემ ,,შაგრენის ტყავი’’, ,,30 წლის ქალი’’, ,,ოსტატი და მარგარიტა’’, ,,ულისე’’, თუ ,,სტუმარ-მასპინძელი?’’ წიგნები, ნაირფერად ყდებში ჩასმულნი რომ შემოგვციცინებენ თაროებიდან, მათგან არცერთი შექმნილა ერთ დღეში. ლიტერატურა არ იქმნება ჰაერისაგან, მას ხელშემწყობი პირობები სჭირდება შესაქმნელად. სალომე და ვერც ერთი მისი თანამედროვე ქალი (ვერც მანამდე) ვერ შექმნიდა დიდებულ ნაწარმოებს, რადგან სალომესეული ბედი, ტრადიციულად იყო განკუთვნილი ქალთათვის, სუკუნეების მანძილზე. უამრავი სალომე წევს, ახლა სადღაც, პროვინციის ერთ-ერთ სასაფლაოზე და საფლავის გამწმენდიც არავინა ჰყავს. გარდაიცვალა ისე, რომ ერთი ფურცელიც არ დაუწერია. ვინ იცის, რამდენი უსახელო, უცნობი ქალის ამაგი და შრომა დარჩა ამაო და დაუფასებელი? იქნებ, უამრავი შარლოტა ბრონტეს, სიმონა დე ბოვუარის და ვირჯინია ვულფის მსგავსი ნიჭიერი, ბუნებით მწერალი ქალის ხმა დარჩა ჩვენამდე მოუღწეველი შუა საუკუნეებში, მეთექვსმეტე, თუ მეოცე საუკუნეში? იქნებ, რამდენს უნდოდა, გამხდარიყო დიდი მწერალი, ან მეცნიერი, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნებისა და აკრძალვების გამო ეს ვერ შეძლეს? ვინ იცის, რამდენი მოწოდებით მწერალი ქალის ნიჭი ჩაიკარგა ქმრის ტანსაცმლის რეცხვაში, სადილების კეთებასა და ბავშვის ფაფების მზადებაში?!