ბითლზები და როლინგები (ნაწილი I)

Posted 10:00 PM by Nina in თემები , , , , ,

Beatles vs Rolling Stones (Logos)

 

© ლაშა გაბუნია

© გაგა გობრონიძე

ლაშა: – „ბითლზი“ და „როლინგ სთოუნზი“ – ორი ლეგენდარული ჯგუფია. რა უნდა ვთქვათ, ამ ჯგუფებზე ისეთი, რომ ვინმე გავაკვირვოთ? ჩვენი საუბარი არ იქნება სენსაციური, შევეცდებით დღევანდელი გადასახედიდან შევაფასოთ მათი შემოქმედება.

გაგა: – 1962 წლის მუსიკალური სტატისტიკა გავიხსენოთ, როდესაც ამერიკულ „ცხელ ასეულში“ მხოლოდ 2 სიმღერა იყო ინგლისური წარმოშობის. 1964 წელს ბალანსი რადიკალურად შეიცვალა და 68 ამერიკულ სიმღერასთან ერთად ჩარტებში უკვე 32 ინგლისური ჰიტი აღმოჩნდა. ეს ციფრები აღნიშნავდა, რომ სამყაროში მუსიკალური გემოვნებების გადაფასება დაიწყო და ამერიკულ ერთპიროვნულ ბატონობას წერტილი დაესვა. ამ ყველაფრის შემოქმედიორი ფენომენია, რომელთაც ჩვენ და მთელი გალაქტიკა The Beatles და The Rolling Stones ვუწოდებთ. და ეს ყველაზე მცირე რამაა, რაც ამ ჯგუფებმა გააკეთეს.

ლაშა: – დიახ, ამ ორმა ჯგუფმა თავდაყირა დააყენა მთელი სამყარო და მათ ძლიერ შეცვალეს კულტურაც, აზროვნებაც. უზარმაზარი გავლენა იქონიეს თანამედროვე მუსიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, – როკში, პოპში, მეტალში, პანკში და ა.შ. მათ შემოქმედებაში ნებსით თუ უნებლიეთ, თითქოს ყველაფერმა მოიყარა თავი.

გაგა: – ინფორმაციის სრული ვაკუუმის გამო ჩვენს ქვეყანაში მათ შესახებ უამრავი მითი არსებობდა და განსაკუთრებით პოპულარული იყო ლეგენდა „ბიტლების და როლინგების მუდმივი მტრობის“ შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ამ ხმებს ასე თუ ისე, საფუძველი გააჩნდა.

თუმცა ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება, რომ არანაირი მტრობა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან ამ ორი სუპერბენდის წევრები ერთმანეთთან მეგობრობდნენ. მათი მტრობის შესახებ შეთხზული ისტორიები კი მხოლოდ და მხოლოდ პრესის დამსახურება იყო.

ლაშა: – მართალი ხარ. ორივე ბენდის კარიერის დასაწყისში ჟურნალისტები განსაკუთრებული წარმატებით ახერხებდნენ ხალხის შეცდომაში შეყვანას – თითქოს, ამ ორ ჯგუფს ერთმანეთთან არასახარბიელო დამოკიდებულება ჰქონდა. 60-იანი წლების მასმედიაში კარგ ტონად თუ მოდად მიიჩნეოდა ერთი უცნაური რამ – ჟურნალისტები რამდენადაც აქებდნენ და ადიდებდნენ ბითლზებს, იმდენად აძაგებდნენ და ირონიულად ახასიათებდნენ როლინგებს. სანამ ბითლზი არსებობდა, ეს პრობლემა მუდამ იყო. ბითლზის ნებისმიერ „დანაშაულს“ პრესა ენისმოჩლექით, „ვაიმე, ლა ცაკალელები ალიან“-ის პრინციპით ამართლებდა. აი, სთოუნზები კი თუ ოდნავ მაინც ნორმიდან გადახრილად წარმოადგენდნენ საკუთარ თავს, მედია ეგრევე ერთ ამბავს ატეხდა – „ხედავთ, რა გააკეთეს ამ საზიზღრებმა!“

გაგა: – რეტროგრადმა მასმედიამ შექმნა მითი The Beatles vs The Rolling Stones. თუმცა, საბედნიეროდ, სულ სხვა სიმართლე არსებობდა, – ამ ორი ჯგუფის ბიჭებს მთელი კარიერის განმავლობაში ერთმანეთთან ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი, მეგობრული, თითქმის ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ხდებოდა მაშინაც, სანამ ბითლზი ზენიტში იყო და გაგრძელდა მისი დაშლის შემდეგაც. ბოლოს და ბოლოს, გავიხსენოთ, რომ კარიერის დასაწყისში ბითლზებმა როლინგებს სიმღერა I Wanna Be Your Man აჩუქეს, რომელსაც ორიგინალში რინგო მღეროდა. სიმღერამ სთოუნზებს საოცარი პოპულარობა მოუტანა. ეს „ძმური დახმარების“ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ფაქტი იყო, რომელიც, სხვათა შორის, იმ მომენტში ჯაგერს და კომპანიას ძალიან სჭირდებოდათ.

იხილეთ გაგრძელება>>> anarekly.blogspot.com

0 comment(s) to... “ბითლზები და როლინგები (ნაწილი I)”