"ნუ იქნებით უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები" - ეს სიტყვები რაღათქმაუნდა ილია მეორეს ეკუთვნის. ამის თქმა იყო და მთელ ერს ჯერ ფსიქიკური ერექცია დაემართა, მერე კი ერთადვე წამოიშალნენ ერთი ჩვეულებრივი კოსტიუმირებული კარნავალის - ჰელოუინის წინააღმდეგ.
ორი წლის წინ ვითომ მართლმადიდებლური, რეალურად კი ფაშისტური ორგანიზაციის მმკ-ს წევრებმა მათი წინამძღოლის, 21-ე საუკუნის ქართველი ინკვიზიტორის, დავით ისაკაძის მიერ ნაკურთხი მუშტებით კარგად ჩაუნაყეს თავ-პირი გასართობად შეკრებილ ახალგაზრდებს და ყველა, ვისაც ამ კარნავალში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა სატანისტებად შერაცხეს და შეაჩვენეს. ასე დატრიალდა ტოტალურად გაუნათლებელი, ფარისეველი და მოძალადე ცხვრის ჯოგის ბორბალი და გადაუარა ყველას, ვისაც კი სიტყვა "ჰელ......" დაცდა პირიდან.
მოძალადეთა არგუმენტები ასეთია: ჰელოუინი წარმართული წარმოშობისაა (მაშასადამე, "სატანისტური"). ჰელოუინი ამერიკულია, უცხოურია, "ფირმაა" (მაშასადამე, კიდევ უფრო "სატანისტური", აბა ჩვენთვის უცხოეთი ხომ მხოლოდ დასავლეთია, რუსეთი და აზია უფრო "ჩვენია" თურმე)
რატომ - გაუნათლებლები და ფარისევლები?
შევადაროთ:
ჭიაკოკონობას უკვე წლებია აღნიშნავს ლამის მთელი ერი. ქუჩაში იწვება საბურავები, ფიცრები, ყველანაირი ნაგავი, აგიზგიზდება თუ არა მყრალი ცეცხლი, ალზე რიგრიგობით დახტუნავენ მართლმადიდებელი თუ არამართლმადიდებელი ახალგაზრდები. რატომღაც ამ დროს ეკლესია დუმს. არადა, ჭიაკოკონობა სწორედაც რომ წარმართული დღესასწაულია და ცეცხლზე მოხტუნავე გოგო-ბიჭები განასახიერებენ სატანებს (ჩვენებურად, ალქაჯებს). რა თქმა უნდა ჭიაკოკონას არცერთ მონაწილეს აზრადაც არ მოუვა იფიქროს რომ, ის სატანაა, სატანისტია და "ქართველობის" დანგრევა უნდა. არ იფიქრებს, იმიტომ რომ ჭიაკოკონობა ერთი ქუჩის გასართობი სანახაობაა, უბრალოდ არაცივილური ფორმით.
სატანას, ზომბს და სხვადასხვა "ბოროტ" პერსონაჟებს (ჩვენებურად, ალქაჯებს, ჭინკებს) განასახიერებენ ჰელოუინზეც, ოღონდ გაცილებით ცივილურად, სანახაობრივად, კოსტიუმირებულად და თეატრალურად, მუსიკის ფონზე გართობით, საშინელებათა ფილმების ჯგუფურად ყურებით და.ა.შ. მაგრამ რატომღაც წარმართულად ქუჩაში ცეცხლზე მოხტუნავესგან განსხვავებით, საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდას, ვინც ჰელოუინზე მიდის, ამ ბორბალში შებმული ჯოგი სატანისტებად, ღვთისმგმობელებად, არაადამიანებად და მართლმადიდებლობის მტრად თვლის. მარტივი მიზეზის გამო: არ იციან საკუთარი ჭიაკოკონობის წარმომავლობა და ისტორია.
ქართული შოვინიზმისა და პატარა ერის შვილობის კომპლექსის დამსახურებით, ბევრ ქართველს თავი ჯერ კიდევ ყველაზე აღმატებული ერის შვილი ჰგონია. ბევრს ჯერ კიდევ სძულს "ამერიკული", უცხოური, "ფირმა" - და ზოგადად ყველაფერი, რაც კი დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარია. არადა ამ დროს, როგორია ეს ქართველი?
მან არ იცის რომელმა ცივილიზაციამ შექმნა კომპიუტერი, ტელევიზორი, მაცივარი, უთო, ელექტროობა, ონკანი. დადის უახლესი თაობის მობილური ტელეფონით, აცვია ჯინსები და კედები. ოთახში აუცილებლად უდგას პიანინო, უნთია ნათურა, აქვს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, რბილი იატაკი.
მათ არ იციან საიდან მოდის სახელმწიფოს მოწყობის დემოკრატიული თუ სხვა სახის პრინციპები, საიდან მოდის მხატვრობა, ფერწერა, ქანდაკება. არ იციან ვინ მოიგონა სკოლა, აკადემია, უნივერსიტეტი, ფილოსოფია, მეცნიერების სხვადასხვა დარგები. არ იციან ვინ შექმნა ელექტრონათურა. კლუბებში და ბარებში ერთობიან მაგრამ არ იციან ქლაბინგი ვინ, რომელმა ცივილიზაციამ მოიგონა. აუცილებლად უსმენენ ლედი გაგას. ზოგიც ბითლზს, ზოგი 2 Pac და 50 Cent-ს, მაგრამ არ იციან საიდან არიან ისინი. ძალიან უყვართ აიპოდი, მაგრამ არც მისი წარმომავლობა იციან. და საერთოდაც, გაიხედ-გამოიხედონ თავანთ გარშემო და დაასახელონ 5 ობიექტი/ნივთი რომელის წარმოშობის შესახებაც სმენიათ რამე... განა მართლა არ იციან? როგორ არა, მათ ძალიან კარგადაც იციან, რომ ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, სწორედ იმ "უცხოური მოდის", ამ შემთხვევაში, დასავლური (ევროპული და ამერიკული) ცივილიზაციის დამსახურებაა, რომელზეც პატრიარქი მოგვიწოდებს, რომ არ უნდა ავყვეთ.
არადა, თავის დროზე ეკლესიის მიერ ლამის ეშმაკის მანქანად შერაცხულ კომპიუტერს დღეს უკვე თვითონ საეკლესიო პირებიც მშვენივრად იყენებენ და ეშმაკის მეორე მანქანად შერაცხულ ტელევიზორითაც სიამოვნებით გადასცემენ თავიანთ ქადაგებებს. იმ ეკლესიაში, რომელიც უცხოური მოდის აყოლას "გვიკრძალავს", უმაღლესი პირები ძალიან კომფორტულადაც დაქრიან "უცხოურ მოდაზე" აწყობილი 100 000-იანი ჯიპებით და მშვენივრად ლაპარაკობენ "უცხოური" 2000 ლარიანი აიფონებით.
რას აკეთებს ამ დროს მრევლი? ამ დროს ჩვენი მორალისტი გოგო-ბიჭები… >>> იხილე გაგრძელება >>> liberali.ge
ავტორი ია მერკვილაძე
ხუთი წლის წინ, ერთ მშვენიერ საკონფერენციო დღეს, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში მშობლიური გენდერული სტერეოტიპების აღმნიშვნელი პლაკატები უნდა გამომეფინა. საქართველოში პატიოსნად დამზადებული, შთამბეჭდავად გაკეთებული, ლამინირებული, საშუალო ზომის ფერადი პოსტერები ჩემთვის გამოყოფილ სპეციალურ დაფაზე გავაკარი და დამთვალიერებლთა მოლოდინში ნერვიულობას შევუდექი. ამ გამოფენაზე პოსტსოციალისტური სივრციდან ერთადერთი მე გახლდით. დასახვრეტად განწირული ჯარისკაცივით ვიდექი და თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ კი გახლავართ “დემოკრატიის შუქურა” ვარდების რევოლუციის, მაგრამ მაინც პატრიარქალური, თანაც პოსტკოლონიალური ქვეყნიდან, მაგრამ, განა, მთელი ცივილიზაცია ასეთი არაა-თქო? ამხელა გამოფენაზე “ჩემზე” უარესი სტერეოტიპი ვინმეს ხომ ნამდვილად ექნება, რაღა ღმერთი, რომელიც ისედაც “ქალს გაუწყრა” და მის “გაჩენაში ხელი არ გაურია”, მე გამიწყრება და ეს ამერიკელები და კონფერენციის უცხოელი სტუმრები ყველაზე დიდ საშინელებას მაინც და მაინც ჩემს პლაკატებში დაინახავენ–თქო? თუმცა “კაცი ბჭობდაო” (აი, ანდაზა უკვე წამომცდა), სწორედ ამგვარი რამ დამემართა. მორცხვად ვიდექი, “უხერხული” კითხვებისთვის ვემზადებოდი, თუმცა ნამდვილად არ მეგონა აქაურ ბევრისმნახველ-გამგონე პუბლიკას შოკში თუ ჩავაგდები. საკითხი ეხებოდა ორ ქართულ ანადაზას, შესაბამისად, ორ დიდ პლაკატს, რომელიც ინგლისურად გადათარგმნილი და დასურათებულ - ფერადკოლაჟირებული იყო და აქაური სწავლული ობივატელის Wow-სა და “Great”-ს მოელოდა. აქედან ერთმა პლაკატმა, რბილად რომ ვთქვათ, დიდი გაკვირვება გამოიწია და ამიტომ უამრავი კითხვის ადრესატი გავხდი. ლამის ვინანე კიდეც იმიტომ, რომ ჩემი მწირი ანთოპოლოგიურ- ისტორიულ- კულტუროლოგიურ- ფოლკლორულ- ლიტერატურული თუ თეოლგიური ცოდნით ამ კითხვებს კვალიფიციურად ვერ ვპასუხობდი, თუმცა როგორც ფსიქიატრსა და “თვითნასწავლ” ფემინისტს, მხრებაჩეჩილი ხალხისთვის მეტ - ნაკლებად განვრცობილი პასუხის გაცემა ნამდვილად შემეძლო. ქართული ანდაზა ანუ “ეთიკური ფორულა” კი ასე ჟღერდა: “ქალი რომ კარგი იყოს, ღმერთს ცოლი ეყოლებოდაო”... თუმცა რატომ ჟღერდა? დღესაც ჟღერს. ყურს ხშირად არ ხვდება, მაგრამ არსებობს. ანდაზა ხომ უკვდავია. იგი ხომ საუბრის, კამათის, დისპუტის, დებატის, დიალოგისა და სხვა რაღაცეების ყველაზე არგუმენტირებული “ქიშმიშია”. “დავის მხარე” რაც უფრო მეტ მშობლიურ ანდაზას, ხალხის წიაღიდან ამოსულ ანც თუ სერიოზულ, უცხოელი თუ ლოკალური ფილოსოფოსის, მწერლის თუ მონათესავე პროფესიის წარმომადგენლის (ბლოგერის), ერთი სიტყვით, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამს წამოისვრის, მით უფრო მეტი ქულა ეწერება, ყველა მის მიმართ ანდაზური “რესპექტით” განიმსჭვალება, ხოლო უხილავი მოსამართლე თემიდას სწორედ მას გადაულოცავს.
კამათობ, კამათობ, კამათობ, საკუთარი ტვინის ხვეულებში ინტელექტის ურიგო კოეფიციენტის დამადასტურებელ სამხილებს ეძებ და მერე ვიღაც უცებ “ნოქდაუნში” ჩაგაგდებს, თავში ანდაზას სქელტანიანი ენციკლოპედიის, სნაიპერის, ქილერის საკონტროლო ტყვიის თუ მძიმე არტილერიის გასროლის დარად გხეთქავს, არისტოკრატულ ციტატას შემოგისრიალებს და საკუთარი სიტყვის ლაბორატორია დროებით დაგეხურება, ხმას ვეღარ იღებ, კაპიტალი ამოგეწურა, რაგან “ყველაფერი ცხადი გახდა”. მენტალობებით თამაში კი აღმაშფოთებლად ტრივიალური მიზეზის გამო იქვე სრულდება და კაპიტულაციაზე ნებაყოფლობით ხელს აწერ. რატომ? იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს ანდაზაა, არანორმატიული ლექსიკა კი არა და თანაც ქართული, ხალხის უძირო სიბრძნის წიაღიდან ამოხეთქილი და თუ წინადადებაში ძველქართულიცაა ანდა გამოთქმა ლათინურადაა, ან ბიბლიიდან, ჩინურ ანდა ჰინდუს ენაზეა დეკლამირებული, მაშინ შენი მდგომარეობა უიმედოდ კიდევ უფრო მძიმდება. თავდაცვისთვის და მითუმეტეს, იერიშისთვის არც ფარდობოთობის თეორიის არსი გახსნდება და არც ციტატა რომელიმე კანონიზირებული წმინა მამის ტექსტიდან, ყურანიდან, ბჰაგავად გიტადან. მითუმეტეს, თუ არც წაგიკითხავს. ჯიბრზე ხანმოკლე ამნეზია გემართება, არც ჯავშანჟილეტი გაცვია და ქვიშაზე გამოგდებული თევზივით აღებ პირს და სულს ღაფავ. საბედნიეროდ, არასამუადამოდ. არ გამოგდის ანდაზური პინგ-პონგი, მითუმეტეს, როცა გამარჯვებული “მოკაფიეს” სახეს ხედავ, რომელიც მას სიამოვნებისგან ისე უნათდება, ისე ეცვლება, როგორც ნანატრი ორგაზმის დროს. მერე ვეღარ არჩევ ანდაზაა, ფეტიში, ლოზუნგი, სოკრატე-მამარდაშვილ-ეჟი ლეცის მემკვიდრეების ნაზავი, თუ ვინმე შენთვის უცნობი თანამედროვე როკ თუ არაროკ ვარსკვლავის ფრაზა და როგორც კი სახლში მოქანდები, თედო სახოკიას ანდა ბრძნულ გამონათქვამთა წიგნში განმგმირავი ანდაზის საპირწონის ძებნას ისტერიულად იწყებ, პოულობ კიდეც, მაგრამ უკვე გვიანაა. სნობური მომენტი დაუნდობლად გაუშვი, რადგან ლოკალურ და გლობალურ რჩეულ აფორიზმთა “ფაილი” თავში არ გედო, ამიტომ ანდაზური სინდისის მტანჯველი ქენჯნა დიდხანს გაგყვება. შეიძლება გედო კიდეც, მაგრამ დროზე ვერ მოიძიე და ვერ დააწკაპე. ამიტომ ანგარიში ასეთია - 0:1, შენს არასასრგებლოდ. ეს მარცხი ისევ საკუთარ თავს საცოდავი “დავითივით” უნდა დააბრალო და შეჰფიცო, რომ ამიერიდან ქართულ ხატოვან სიტყვა-გამონათქვამს უფრო ყურადღებით მოეპყრობი, უფრო სწორედ, ტვინს ანდაზების დაზეპირებაში გაწვრთნი და აღჭურავ. იშვიათ შემთხვევაში, თუ თავხედობა გეყო, მოსაუბრესთან შეიძლება ქართული ანდაზის, მოდაში შემოსული მოღვაწის, უცხოელი ფილოსოფოსის მარგალიტის კრიტიკასაც მიჰყვე, ავტორი სუბიექტივიზმში “დაადანაშაულო”, ისაუბრო მოზაიკურ ცნობიერება-აზროვნებაზე, თეზებსა და ანტითეზებზე, არქეტიპებსა და კონტრარქეტიპებზე, პროდუქტიულობაზე და კონტრპროდუქტიულობაზე, აქსიომებსა და ანტიაქსიომებზე, დრომოუჭმულ და დრომოჭმულ სტერეოტიპებზე და კიდევ ერთხელ გაცვითო პოსტულატი, რომ პლანეტაზე ობიექტური არაფერია, დედამიწის მკვიდრ თითქმის 7 მილიარდი ადამიანისთვის გამოხატვის თავისუფლების დროშა დელაკრუას მკერდმოღეღილი ქალივით უშიშრად ააფრიალო, მაგრამ ეს სიტყვით აუწერელი მკრეხელობა და კადნიერებაა, დამსწრენი არასწორად გაგიგებენ, არ გაპატიებენ და ამიტომ სჯობს თავი დაანებო. ანდაზის ვიტალური ფუნქცია გადასიჯვასა და მითუმეტეს უარყოფას არ ექვემდებარება. როგორ ამბობს ჩვენი ანდაზა? “ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო” თუ “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს” (გამახსენდა გამზავებლის არასაშური ბედის შესახებაც). ჰო, მართლა, იმ გამოფენაზე კრამოლა – ანდაზით ინსპირირებული ყველაზე “ლოგიკური” კითხვა, რომელიც ამერიკელმა სწავლულმა, ვიმედოვნებ, ხუმრობით დამისვა, ასე ჟღერდა: “რა ჰქვია თქვენს ღმერთსო? ალბათ, ეგონა კერპთაყვანისმცემელთა ქვეყნიდან ანდა ახალი სექტა “ღვთის შვილები - 2” -ის მიმდევარი ვარ, რაც, გულახდილად ვაღიარებ, რეალობას არ შეესაბამება.
მეორე პლაკატზე გამოქვეყნებულ ქართულ ანდაზასთან დაკავშირებულ პერიპეტიების… >>> იხილე გაგრძელება >>> www.azrebi.ge
ავტორი: lex tempus
ალბათ გადაღეჭილი თემაა, მაგრამ მე პირადად ჯერ არც ერთ ბლოგზე წამიკითხავს ამის შესახებ, ხოლო ნაფიქრი საკმაოდ ბევრი მაქვს.
პოსტის დაწერა ვახო სანაიას კვირას გასულმა “რეპორტაჟმა” (ბოდიში ლინკის არქონისთვის, ვერ მოვიძიე) შთამაგონა, წამომიშალა რა ძველი ნააზრევი.
უნდა იყოს თუ არა პროსტიტუცია ლეგალური???
ეკლესიის პოზიცია, რა თქმა უნდა, ცალსახად უარყოფითია;
ჩემდა გასაკვირად, ფემინისტების პოზიციაც – აგრეთვე უარყოფითი;
სექსოპათოლოგების – უმეტესწილად, დადებითი;
ჩემი – აგრეთვე დადებითი.
მოძღვარმა, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, დაახლოებით ასეთი რამ თქვა: პროსტიტუციის დაკანონება თითოეული მამაკაცისთვის საფრთხის შემცველია, რადგან თითოეულის და და მეუღლე შეიძლება მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდესო.
ფემინისტმა – დაკანონების შემთხვევაში ქალის ჩაგვრის ხარისხი გაიზრდება და მასზე ზეწოლა გაძლიერდებაო;
სექსოპათოლოგმა თუ სექსოლოგმა – უსაფრთხოების თვალსაზრისით გამართლებულია და აგრეთვე პროფესიონალის (?) მომსახურება უფრო უსაფრთხო და ეფექტურიაო;
რაც შემეხება მე:
პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რატომ არის გარშემომყოფთა უმრავლესობა ამის წინააღმდეგი:
1. დაკანონდება უზნეობა;
2. გაიზრდება ცოლქმრული ადიულტერის რიცხვი;
3. პროსტიტუცია გახდება ჩვეულებრივი, მისაღები პროფესია და არაა გამორიცხული, სკოლებიც კი გაიხსნას (აქ ალბათ უნდა გავიღიმოთ!);
4. და ბოლოს – ყველაზე ზოგადი და არაფრისმთქმელი არგუმენტი – ქრისტიანულ ქვეყანაში ასეთი რამ მიუღებელია.
ჩემი უაღრესად მოკრძალებული აზრით>>> იხილეთ გაგრძელება>>> lextempus.wordpress.com
ავტორი: zorbegi
ცოცხალის მსგავსი, მყარი ან აირული სუბსტანცია, რომელიც თითქოსდა გამოიყოფა მედიუმის სხეულიდან. სუბსტანციას შეუძლია ტრანსფორმირება კიდურებად, სახეებად და სულების სხეულებადაც.
ექტოპლაზმა თეთრი ფერისაა და ოზონის სუნი აქვს.
ტერმინი “ექტოპლაზმა” მოიგონა ფრანგმა ფსიქოლოგმა შარლ რიშემ 1894 წელს, იმისათვის, რომ აეხსნა ევზაპი პალადინოს სხეულიდან გამოსული უცნაური მესამე ხელი, ან ფსევდოპოდი. სიტყვა მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან “ექტოს” და “პლაზმა”, რომლებიც განსხეულებულ ნივთიერებას აღნიშნავს. მანამდე ექტოპლაზმის მსგავსი რამ სერ უილიამ კრუქსმაც ნახა დ. ც. ჰოუმის ირგვლივ. შემონახულია მედიუმ მადამ დ’ესნარანსის აღწერილობა, რომელიც იფარებოდა მანათობელი ქსელით, რომელიც შემდეგ ცოცხალ ორგანიზმად იქცეოდა ხოლმე. უფრო ადრე, მე–17 საუკუნეში, ფილოსოფოსმა ვონმა აღწერა სუბსტანცია, რომელსაც ის “საწყისს” ან “ვერცხლისწყალს” უწოდებდა, რაც სავარაუდოდ ექტოპლაზმა იყო.
ეს გამონაყოფები ხშირად თბილია, წონა აქვთ, გამოყოფენ ნახშირორჟანგს, ჩნდებიან მედიუმის სხეულიდან და მასშივე ქრებიან. მაგრამ ისინი შეიძლება ასევე იყვნენ ცივიც და წელვადებიც, ან ცომის მაგვარები შესახედავად. გამონაყოფი ჩვეულებისამებრ სხეულზე არსებული ნახვრეტებიდან ჩნდება. ყველაზე ხშირად, ყურებიდან, პირიდან და ცხვირიდან, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიყოს თვალებიდან, ჭიპიდან, ძუძუსთავებიდან ან საშოდან. ექტოპლაზმა ფორმის მიხედვით შეიძება იყოს ყველანაირი. ის მთლიანად ქრება სინათლეზე. ძირითადად ჩნდება წითელ შუქზე, ან სიბლელეში. თუ უცბათ სუქზე გავიტანთ, ექტოპლაზმა მაშინვე შიგნით შედის. ამავდროულად, სუბსტანციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მედიუმს ან გარშემომყოფბს. გამონაყოფები არიან მსუბუქები, ჰაეროვნები როგორც ბოლი, ან კიდევ წებოვნები და წელვადები. ისევე როგორც სხვა ფიზიკური გამოვლინებები, ექტოპლაზმაც უფრო ხშირად რწმენის ატმოსფეროში ვლინდება და არა სკეპრიციზმის.
ექტოპლაზმა თითქოსდა ჯერ უნდა გამოიყოს მედიუმის სხეულიდან და მხოლოდ ამოს შემდეგ ხდება მისი მატერიალიზაცია. გიუსტავ გელეიმ, რომელიც პარიზში მეთანფსიქიკის ინსტიტუსტს (Institute Metanpsychique) ხელმძღვანელობს, ექტოპლაზმა აღწერა, როგორც დეცენტრალიზებული ენერგია, რომელიც მყარ, თხევად, ან აირად მდგომარეობაში გვევლინება.
დეცენტრალიზაცია მოიხმარს დიდი რაოდენობით სასიცოცხლო ენერგიას, რაც ვლინდება კაკუნში, ფოსფორეცირებაში, ტელეკინეზში და ექტოპლაზმის გამოყოფაში.
ავტორი: გიორგი ძნელაძე
გასაკვირია პატრიარქალური, კონფორმისტული გონის მქონე ადამიანთა განცხადება იმის შესახებ, რომ ქალებს არასოდეს დაუწერიათ და შეუქმნიათ მნიშვნელოვანი რამ. როგორ შეიძლებოდა, ქალს შეექმნა უდიდესი შედევრი, როდესაც ერთი, პატარა რომანის შექმნაც კი საუკუნეების განმავლობაში აკრძალული იყო მათთვის? ქალი თუ წერდა, ამას სიგიჟედ, სისულელედ თვლიდნენ. ვინ იცის, რამდენი ქალის ხმა დარჩა ჩვენამდე მოუღწეველი? ვიცით, რამდენს სურდა მათგან გამხდარიყო მწერალი, მეცნიერი, ან პოეტი? ვინ იცის, რამდენი ქალის ამაგი დაშვრა ამაოდ საუკუნეების მანძილზე? ვიცით, რამდენი ბუნებით მწერალი, სიმონა დე ბოვუარივითა და ვირჯინია ვულფივით ნიჭიერი, კრეატიული ბუნების მქონე ქალმა ვერ შეძლო საკუთარი ნიჭის რეალიზება საზოგადოებრივი კლიშეების, აკრძალვების გამო? მაშინ, როდესაც დანტე წერდა ,,ღვთაებრივ კომედიას’’, თუ ,,წმინდა’’ თომა აქვინელი, სახეაწითლებული, წამოჭარხალებული ჯღაბნიდა, რომ ქალი არის არასრულყოფილი, მისი მშობელი დედა, იქნებ, ამ დროს ოჯახურ ჯაფაში იყო ჩაფლული. კლარა, დუნიაშა, შუროჩკა, ფლორა, ჟილბერტა, ჯორჟეტა. მათაც უნდოდათ, იქნებ, ორიოდე სიტყვა ეთქვათ სამწერლო ასპარეზზე?
სამწუხაროდ, ვერ მივალ თაროსთან, ვერ ჩამოვიღებ პასკალის სქელტანიან ნაწარმოებს ,,აზრებს’’. ვდგავარ ასე გარინდული და ჩაფიქრებული თაროსთან, სანამ არ გადავშლი წიგნს და იქ ერთ საინტერესო ფაქტს არ წავაწყდები: როგორც წიგნის მთარგმნელი შესავალში აღნიშნავს, პასკალის დედა სათნოებითა და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. სხვა მნიშვნელოვანი სახის ცნობები მასზე არ შემონახულა. პასკალს ჰყვდა სამი და: ანტონია, რომელიც სულ პატარა გარდაიცვალა, ჟილბერტა, რომელიც 21 წლის ასაკში მიათხოვეს პასკალის თანამოაზრეს, ასევე ჟაკლინი, რომელიც პასკალმა ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით მონაზვნად აღკვეცა. აი, პასკალის მამა კი იყო ცნობილი ინტელექტუალი, ენათმეცნიერი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, რომელიც იყო მეცნიერების თვალსაჩინო ფიგურა, ინტელექტუალური მოღვაწეობისაკენ გზა ხსნილი ჰქონდა. აქვე, კრიტიკოსი დასძენს, რომ პასკალის დის- ჟილბერტას თხზულებებს დიდი ლიტერატურული ღირსება გააჩნდათ, მეორე დის-ჟაკლინის პოეტური ტალანტი, კორნელის ყურადღებას მიიპყრობს. მისი სცენაზე დახვეწილი თამაში კი კარდინალ რიშელიესაც კი მოხიბლავსო, მაგრამ... ჟილბერტა 21 წლის ასაკში მიათხოვეს პასკალის თანამოაზრეს, შემდგომ მას ლიტერატურული თხზულება აღარ დაუწერია. იჯდა და ამზადებდა კერძებს, ინტელექტუალური მოღვაწეობისაგან დაღლილ ქმარს დამამშვიდებელ ჩაის უმზადებდა, ხარშავდა კარტოფილს, ან შვილს უწერდა სკოლის რომელიმე კონცერტზე შესასრულებელი სიმღერისა თუ ლექსის ტექსტს. სხვა მიზნით, მას კალმისათვის ხელი აღარ უხლია. მეორე და, ჟაკლინი, დახვეწილად თამაშობდა სცენაზე, ნიჭიერიც იყო, მაგრამ საკუთარმა ძმამ ფსიქიკა იმ დონემდე დაუმძიმა, რომ მონაზვნად აღკვეცა. იჯდა ეს ჟაკლინი და სახარებას იზუთხავდა, ლოცვებს სწავლობდა, მისთვის შორეულ წარსულში დაინთქა სცენაზე თამაში, იჯდა მონასტერში და ,,ფედრას’’ სიტყვების ნაცვლად საღამოს ლოცვებს იზეპირებდა. მათგან ვერცერთი გახდა მწერალი, ვერც-მსახიობი.
წარმოვიდგენ ასევე ერთ ქართველ გოგონასაც, სახელად, ვთქვათ, სალომეს, რომელიც მაშინ დაიბადა, როდესაც ევროპაში პოსტმოდერნის დეკონსტრუქციული სული და რევოლუციურ გარდაქმნათა ქარტეხილები ბობოქრობდა. ნიჭიერი იყო სალომე, მწერლობაც უნდოდა, მაგრამ მისი ბედი მშობლებმა გადაწყვიტეს, ან იქნებ, მოიტაცეს კიდეც, იყო იმ მამაკაცის ცოლი, რომელიც არ უყვარდა. გათხოვებამდე, სალომემ იტირა, მამას განუცხადა, მე მინდა მწერალი (ან მსახიობი) გამოვიდეო. მამამ დაუღრიალა, ხმა გაკმინდე, თორემ ,,გაგამწერლებ კარგადო’’ და კარი გაიჯახუნა. სალომემ იტირა, იტირა, ბალიში დაალბო ცრემლებით, იქნებ, მაგრამ მაინც დაჰყვა მამის ნებას. მან კი, საგულდაგულოდ შეურჩია ,,მზითევი’’, იქვე ჩაუჩურთა ,,ვეფხისტყაოსანი’’, რომელიც საქართველოში მზითევის აუცილებელ ,,ატრიბუტს’’ წარმოადგენდა, გადასწერა პირჯვარი, უთხრა, შვილო, იყავი ქმრის მორჩილიო და ეკლესიაში ჯვრის დასაწერად გააქანა. რა იცოდა, უგუნურმა მამამ, თუ რას აძლევდა ხელთ საკუთარ შვილს ,,ვეფხისტყაოსნის’’ სახით? იქ რომ ლომის ლეკვთა თანასწორობის შესახებ ეწერა? მაგრამ ესეც არ წაეკითხა უგუნურ მამას. ,,ვეფხისტყაოსანი’’ მაშინ გადაშალა, როდესაც სოფლის მასწავლებელი, ლილი გამოიყვანა წყობიდან და იძულებული გახდა, რამდენიმე სტროფი ამოეზუთხა ,,ავთანდილის ანდერძიდან’’. იქნებ, კლასში ჩატოვებითაც დაემუქრა, მაგრამ ეს იყო მუქარა, რომელიც ქრთამის მეშვეობით ადვილად იქცა ,,სამიანად’’. აი, ასე ვერ მივიდა სალომეს მამა ლეკვის ლომების ფრაზამდე.
მერე, სალომე მოხვდა ეკლესიაში, სადაც სოფლის გამობრუჟებულმა, ღვინითსახეწამოწითლებულმა მღვდელმა დასწერა ჯვარი და გაუმეორა, ქმრის მორჩილი იყავიო. ამის შემდეგ, ,,მაყარმაც’’ და საერთოდ ყველამ, დიდი წიოკითა და ალიაქოთით გადაინაცვლა საგულდაგულოდ გაწყობილ სეფაში და მოუთმენლობისაგან ტუჩების ლოკვა დაიწყეს. დაუწერელი ზრდილობის კანონის გამო, ცოტა ხანი არ მისხდომიან სუფრას, ჯერ კარგად უნდა გაერკვიათ, ვინ იყიდა ახალი შუბა, ვის უკეთია ახალი საყურე, ვისი შვილი აპირებს გათხოვებას, ვისი-ცოლის მოყვანას, უნდა გამოერკვიათ, როგორი ოჯახის შვილი იყო ეს გოგო, ხომ არ ჰყავდა ვინმე ,,სახელგატეხილი’’ მოდგმაში. მამიდა, ბიცოლა, ნათლია, მაზლისშვილის ქმარი, თუ მძახალის დედიაშვილის შვილი. ამ საფუძვლიანი გამორკვევების შემდეგ მიუსხდნენ სუფრას, დაიწყო ტრადიციული ქართული ქეიფ-გეიფი. სუფრას ღიპიანი, ჩასუქებული ბიძა ,,მართავდა’’. წარმოთქვამდა ყალბი, გაცვეთილი ფრაზებით სავსე სადღეგრძელოებს და სუფრის წევრებიც, ბატებივით ჰყვებოდნენ. იმ დღეს, სალომემ, დაახლოებით 500 ადამიანისაგან მოისმინა ,,ჯანმრთელობის’’, ,,დედ-მამიშვილების’’, ,,მშობლების’’, ,,ვაჟკაცობის’’, თუ ,,მშვიდობის’’ სადღეგ-ძ-ელო. მერე ატყდა ჩხუბი. ისეთი ორომტრიალი დატრიალდა, ისეთი ბუღი ავარდა, რომ სალომემ იფიქრა, ის, რაც ჰოლივუდურ ფილმებში მინახავს, ფანტასტიკურ ორთაბრძოლებზე, მთლად ულტრა-თანამედროვე სპეც-ეფექტების დამსახურებაც არ ყოფილაო. იყო ერთი წივილ-კივილი, შეხლა-შემოხლა, გინება, წყევლა. კაცები ერთმანეთს დასდევდნენ, გაურკვეველი დანიშნულების ნივთებს ესროდნენ, მეორე დღისათვის ,,საქმის გასარჩევად იბარებდნენ’’ ერთმანეთს. მათი ცოლები სახელოებაკაპიწებულნი იცქირებოდნენ და ქმრებს წყევლიდნენ. წყევლიდნენ მათი, თუ საკუთარი გაჩენის, ქორწინების დღეს. იმ დღესაც, როდესაც მაჭანკალს ისტუმრებდნენ. მერე, როგორც იქნა, დაშოშმინდა ჩხუბი. სუფრაც შეთხელდა. ტანსაცმელშემოხეულმა კაცებმაც თავიანთი ცოლების მათ თავიანთი საქმრო გააცნო. საუკუნო წყევლას უგზავნიდნენ მათ და მოუსვლელეთში გზავნიდნენ. კაცებმაც თავიანთი ცოლების წყევლა-კრულვის აკომპანიმენტით განვლეს სეფა და სახლებისაკენ გაეშურნენ. დარჩა დაახლოებით, ოცამდე კაცი, თავიანთი ცოლ-შვილით. უკვე გვიან იყო, უნდა დაშლილიყვნენ, მაგრამ რატომღაც წასვლა ვერ მოეფიქრებინათ. სუფრაც შელანძღული იყო. ჭიქები დალეწილი, ღვინო დასხმული, საცივი, მანდარინი და მჟავე კიტრის მწნილი ერთმანეთში არეულიყო. ისმოდა ამ ოციოდე მამაკაცის ,,მრავალჟამიერის’’ გუგუნი, ჩქეფდა სხვადასხვა გეი-ფურ ,,ხატოვან თქმათა’’ კასკადი. ,, გენაცვალე ჩემი ძმა. ჭირიმე შენი, გეხუტუნე, ბიჭო, თამაზა, გეხუტე ძმობაში, ჩახუტებაში, ამბავში. მიყვარხარ ბიჭო, (უი!! გეი-ფური სიტყვა!) მოდი, გაკოცო, ბიჯო, სულხანია, მოდი ჩემთან შენ გეხუტუნე. ა, კაცი, ბიჯო! ’’ . როგორც იქნა, ესენიც დაიშალნენ. მის მერე, სალომემ გადაიტანა უღიმღამო საქორწინო ღამე, იმ ტრადიციული შეგნებით, რომლის მიხედვითაც აუცილებლად საქორწინო ღამეს უნდა ჩახეულიყო საქალწულე აპკი. უმარილო ბღლარძუნის შემდეგ ქმარი გადაბრუნდა და ხვრინვა ამოუშვა, სალომე კი ცრემლად იღვრებოდა. სალომეს, ქორწინებიდან 68 საათის გავლის შემდგომ დაუდგა კრიზისი, რომელიც დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო მწვავდებოდა.
პირველი შეხლა-შემოხლა ოჯახში მაშინ მოხდა, როდესაც დედამთილმა გარეცხილი პერანგი დაუწუნა, მერე-ქმარმა- გაუთოვებული შარვალი. მერე უთხრეს, მოკლე კაბას ნუ იცვამო, მერე მიაყოლეს, ფანჯარას ცუდად წმენდო, მერე უთხრეს, კარტოფილს ძალიან სქლად თლი, ასე გავღარიბდებითო. მერე, გამოგვილი ოთახი დაუწუნეს, მერე უთხრეს, ერთ თეფშზე ძალიან ბევრ ჭურჭლის სარეცხ საშუალებას ხმარობ, ეკონომია გააკეთეო. ერთ დღესაც სალომეს ყელში ამოუვიდა ეს ყოველივე და გაბრაზებულმა ქმარს მიახალა, აღარ შემიძლია, დავიღალე, წელში გავწყდი, ამდენი დაუნახავი, დაუფასებელი შრომა ყელში ამომივიდა, მე მინდოდა, მწერალი გავმხდარიყავიო. ქმარმა დაუღრიალა, იქნებ, შეაგინა, ან-დაარტყა კიდეც. უთხრა,სახლში დაეგდე და ოჯახს მიხედე, თორემ ,,მწერალს მოგცემ მე შენ’’-ო. სალომემ ისევ ტირილში გაათენა ღამე, განქორწინებამაც გაუელვა თავში, მაგრამ ისიც იცოდა, რომ წასასვლელი არსად ჰქონდა, განქორწინებულ ქალს როგორი თვალითაც უყურებდნენ, ეს ,,უბიწო’’ და ,,ტრადიციული ღირებულებების დამცველმა საზოგადოებამ’’ კარგად იცის. სალომემ კარგად იცოდა, რომ თუ ქმარს გაშორდებოდა, დედ-მამა არ მიიღებდა, ან ისევ ქმართან დააბრუნებდნენ. საზოგადოება მოიძულებდა. დედა ეტყოდა: ,,რას იტყვის ხალხი?!’’ აი, იჯდა ასე სალომე სახლში. რეცხდა, აუთოვებდა, ალაგებდა, ხვეტდა, ქმრის წინდებს რეცხავდა. შორეულ ოცნებად დარჩა სალომესათვის რომანების მომხიბვლელი სამყარო და ის ემოციები, რასაც მწერალი წერისას განიცდის. რეცხდა, კერძებს ამზადებდა, მძიმე საოჯახო საქმიანობისაგნ დაქანცულს, არათუ იმის დრო, რომ რამე მნიშვნელოვანი დაეწერა, არამედ იმის დროც კი არ ჰქონია, რომ უკვე დაწერილს გაცნობოდა და საკუთარი სამწერლო ხელოვნება დაეხვეწა და სრულეყო.
შემდეგ, ოჯახს ფინანსური კრიზისი დაუდგა. ქმარმაც, ჯიბეში ფული მოვიმრავლოო, ოჯახს რამე შევმატოო და რუსეთში წასასვლელად მზადება დაიწყო. წავიდა კიდეც. შეიძლება, რაღაცას აგზავნიდა კიდეც, მაგრამ უმთავრესად, მაინც, საკუთარ სიამოვნებაში ფანტავდა. მერე დაბრუნდა ისევ სახლში და ცოლთან და ,,ძმა ბიჭებთან’’ დაიწყო სლავური წარმოშობის ლამაზმანებზე სექსუალური უპირატესობის მოპოვების ნაირ-ნაირი ისტორიების თხზვა. ,,ვაიმე, ბიჯო, თემოია, რა ქალი იყო ტანია, იცი? უჰ…..’’ და ა.შ. რადგან ამით ოჯახური ბიუჯეტის კრიზისი ვერ დაიძლია, სალომემ გადაავლო თვალი მისი ნათესავებისა და მეზობლების ცოლებს, რომლებიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო სულ უფრო და უფრო აქტიურად მიიწევდნენ პლატონისა და საფოს სამშობლოსაკენ.ჯერ იყო და ოჯახმა ითაკილა, წესიერ ქალს ოჯახის მიტოვება არ შეშვენისო, მაგრამ რაკი თავიანთი კუჭის სისავსის დაბალი მაჩვენებლის ფატალურ გავლენას ვერ აუარეს გვერდი, ამიტომ გადაწყვიტეს, სალომე საბერძნეთში გაეშვათ. გაუშვეს კიდეც. შრომობდა სალომე, შრომობდა, რასაც შოულობდა, ოჯახში აგზავნიდა, იქნებ ჩემმა შვილმა უნივერსიტეტში ჩაბარება მოახერხოსო. მისი ქმარი კი მხართეძოზე წამოწოლილიყო და ცოლის გამოგზავნილ ნივთებს ფხიზელი ყარაულივით ელოდა. ასე გაივსო სახლი ბერძნული ტექნიკით, სხვადასხვა საოჯახო ნივთებით, ბერძნულწარწერიანი მაისურებით. მალე, ქმარმაც და შვილმაც ტოტალიზატორში, კაზინოსა და სხვადასხვა სლოტ-კლუბებში სიარულს მიჰყვეს ხელი. მალე დიდი თანხა წააგეს. გაყიდეს სალომეს გამოგზავნილი ტექნიკა, დააცარიელეს სახლი და სალომეს გამოგზავნილი ფულიც შეჭამეს. ამასობაში კი სალომეს იმ რესტორნის მეპატრონე ეარშიყებოდა, სახელად, ვთქვათ, იასონი, ან, თუნდაც, ფაონი, ან აპოლონი. მოხდენილი კაცი იყო, დაკუნთული, შავგვრემანი, მაღალი. მოსწონდა სალომე, მოსწონდა მისი დაშაშრული ტერფები, იზიდავდა ეს სევდიანი თვალები, რომელშიც ირეკლებოდა დაკარგული ცხოვრებისაგან გამოწვეული სევდა. ცოლობაც შესთავაზა სალომეს, სალომე დაფრთხა, აილეწა.. უცნაურმა გრძნობამ მოიცვა ქალი. იფიქრა, იქნებ, ღირდესო.. წარმოუდგა თვალწინ გაუბედურებული ცხოვრება, დაკარგული დრო, უსიყვარულო ცოლქმრობა, სექსუალური ცხოვრებაც, აგერ, ათიოდე წელი, თითქმის შეწყვიტა.. მაგრამ სალომე მაინც შეშინდა.. წარმოუდგა თვალწინ ის, თუ რა მოჰყვებოდა ამ ამბავს მის ,,ზეციურ საქართველოში’’. წარმოიდგინა, თუ როგორ ასპიტთა ხროვასავით ასისინდებოდა უამრავი მისი ნათესავი.მისკენ მოიწევენ,ლანძღავენ, წყევლიან ,,ბოზს’’, რომელმაც ვიღაც ,.,გრეციელში’’ გასცვალა მოსიყვარულე ქმარი. სალომეს შეეშინდა და თავი დაივალდებულა, უარი ეთქვა ამ წინადადებაზე. ასე თქვა უარი ერთადერთ შანსზე.
მერე დაბრუნდა ,,ივერიაში’’ და გაპარტახებული დახვდა თავისი სახლ-კარი, ქონება.. ქმარ-შვილი ეუბნებოდა, რატომ მეტი არ გამოგვიგზავნეო.. სალომეს გულს შემოეყარა. მისი შვილიც უკვე ყოყლოჩინობდა, კაზინოებში დაძვრებოდა და მამის მხარეს იჭერდა. სალომემ გააგრძელა ცხოვრება და მიჰყვა დინებას, ის უკვე აღარ ზრუნავდა საკუთარ ბედზე. ხშირად გადმოვარდებოდა ცრემლი საბრალოს: ,,ამისთვის ვიწვალე და ვიშრომე?’’.. მაინც მზრუნველი დედა იყო. გამრჯე დიასახლისი. როცა წიგნების თაროს ჩაუვლიდა, გულისგულ ამოიოხრებდა ხოლმე.. მერე, სალომე მოხუცდა და გარდაიცვალა.. წნევამ ,,დაარტყა’’, თუ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, არ ვიცი, ეს მის ნათესავებს ვკითხოთ.
ახლა მე ვწყვეტ სალომეს ამბის თხრობას და ვსვამ კითხვას: რატომ არ დაწერა სალომემ ,,შაგრენის ტყავი’’, ,,30 წლის ქალი’’, ,,ოსტატი და მარგარიტა’’, ,,ულისე’’, თუ ,,სტუმარ-მასპინძელი?’’ წიგნები, ნაირფერად ყდებში ჩასმულნი რომ შემოგვციცინებენ თაროებიდან, მათგან არცერთი შექმნილა ერთ დღეში. ლიტერატურა არ იქმნება ჰაერისაგან, მას ხელშემწყობი პირობები სჭირდება შესაქმნელად. სალომე და ვერც ერთი მისი თანამედროვე ქალი (ვერც მანამდე) ვერ შექმნიდა დიდებულ ნაწარმოებს, რადგან სალომესეული ბედი, ტრადიციულად იყო განკუთვნილი ქალთათვის, სუკუნეების მანძილზე. უამრავი სალომე წევს, ახლა სადღაც, პროვინციის ერთ-ერთ სასაფლაოზე და საფლავის გამწმენდიც არავინა ჰყავს. გარდაიცვალა ისე, რომ ერთი ფურცელიც არ დაუწერია. ვინ იცის, რამდენი უსახელო, უცნობი ქალის ამაგი და შრომა დარჩა ამაო და დაუფასებელი? იქნებ, უამრავი შარლოტა ბრონტეს, სიმონა დე ბოვუარის და ვირჯინია ვულფის მსგავსი ნიჭიერი, ბუნებით მწერალი ქალის ხმა დარჩა ჩვენამდე მოუღწეველი შუა საუკუნეებში, მეთექვსმეტე, თუ მეოცე საუკუნეში? იქნებ, რამდენს უნდოდა, გამხდარიყო დიდი მწერალი, ან მეცნიერი, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნებისა და აკრძალვების გამო ეს ვერ შეძლეს? ვინ იცის, რამდენი მოწოდებით მწერალი ქალის ნიჭი ჩაიკარგა ქმრის ტანსაცმლის რეცხვაში, სადილების კეთებასა და ბავშვის ფაფების მზადებაში?!
ავტორი:პაატა შამუგია
ბეხუანოსები ცხოველს რომ მოკლავდნენ, მერე ბოდიშს უხდიდნენ. ეს მნიშვნელოვანი რიტუალი იყო, რომელიც ისეთივე მონდომებით ხორციელდებოდა, როგორც თავად ნადირობა. დარწმუნებული ვარ, ცხოველისთვის ვერაფერი შვება იქნებოდა, სამაგიეროდ, ბეხუანოსებისთვის ეს აქტი ერთგვარი კათარზისი იყო, აგრესიის მაკომპენსირებელი, დანაშაულის გამოსყიდვის საკრალური მომენტი, რომელიც მითოლოგიური აკრიბიით გაამაგრეს.
აქვთ, თუ არა მორალის აგრესიულ გუშაგებს მსგავსი რიტუალი, როდესაც დანაშაულის გაცნობიერების მომენტი დგება? იქნებ არც დგება ეს მომენტი? ვინ არიან ისინი? პასიური მრევლი, რომელიც მხოლოდ ლიდერის თითის დაქნევაზე აქტიურდება და ხალხს ფიზიკურად უსწორდება? რიტორიკული კითხვებია. თითქმის.
უხამსობაა, იყო პასიური, პიროვნული იდენტობის გაუცნობიერებლად ემსახურებოდე კვლავწარმოებას, გენოფონდის ჭირვეულ კონსტიტუციას, ხედავდე პოლიტკორექტულ სიზმრებს, ათვალიერებდე რეალობას სპეციალურად შენთვის გამოყოფილი ჭუჭრუტანიდან, საიდანაც მოჩანს მორფოლოგიური კენტავრი: მედია-მრევლი. და იყო კმაყოფილი.
არ ვაპირებ კულტუროლოგიური დისკურსების გაფილტვრას და დასკვნების ჩამოყრას, ამისათვის ზედმეტად თავმდაბალი ვარ. იმდენად თავმდაბალი, რომ მინისტრის შვილიც კი არ ვარ. შესაბამისად, ჩემი ყოველდღიური ტრანსპორტი ყვითელი, კარგა ხნის წინ ჩამოსაწერი ავტობუსია, საიდანაც უკეთ მოჩანს საქართველო, ქართველი საზოგადოება. მგზავრული თემების მრავალფეროვან და ფაქტობრივად, უსასრულო ციკლს ამ დღეებში ილიას უნივერსიტეტის თემა შეემატა. „საიდუმლო სირობის“ გამოქვეყნების შემდეგ ილიას უნივერსიტეტი რამდენიმედღიანი აქციების ტალღაში მოჰყვა. მართალია, აქციები და მიტინგები საქართველოში ვის უკვირს, მაგრამ იყო აქ რაღაც სხვა, რაღაც თავისებური და ძალიან, ძალიან ნიშანდობლივი:
ერთ მხარეს იდგნენ ანონიმური ღმერთების გუშაგები, მოინტელიგენტო რელიქტები, საკუთარ ჰორმონებზე ამხედრებული გრაალის მცველები, რომლებიც მუშტით ავრცელებდნენ „რწმენას“, „ზნეობას“ და მეორე მხარეს - ცენზურის მოწინააღმდეგე, დაქსაქსული ლიბერალები, რომლებიც ეს-ესაა, მემარცხენე და მემარჯვენე დისკურსებზე კამათობდნენ და ჯერ კარგად ვერც გამოერკვიათ, როგორ უნდა დაეცვათ თავი „წმინდა წიხლისგან“.
რომ არა ტელეკომპანია „კავკასიის“ეთერში შევარდნა და ჟურნალისტებისა და სტუმრების სასტიკი ანგარიშსწორება, ალბათ, ეს დარბევაც შერჩებოდა მმკ-ს, როგორც ჰელოუინი შერჩა, ზაუტაშვილის გამოფენის დარბევა შერჩა, „დიდი ათეულის“ დახურვა შერჩა და ა.შ. ამ დროისთვის დაკავებულია „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი. ხელმძღვანელები გარეთ არიან.
ავტორი: finiki
ანელიზ მიშელი დაიბადა 1952 წლის 21 სექტემბერს, ის ეწეოდა მისი ასაკისთვი სრულიად შესაფერის და ნორმალურ ცხოვრებას, იყო მხიარული და მორწმუნე ადამიანი. ყოველგვარი წინა პირობის გარეშე მისი ცხოვრება შეიცვალა 1968 წელს, როდესაც მას პირველად დაემართა კრუნჩხვა და აღმოაჩინა, რომ არ შეეძლო საკუთარი სხეულის მართვა. მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ დასახმარებლად დაეძახა თავისი მშობლებისთვის (იოსები და ანა) ან მისი დებისთვის. ”ვურცბურგის ფსიქიატრიულ კლინიკაში” ნევროლოგმა მას დაუსვა ეპილეფსიის დიაგნოზი. იმის გამო, რომ ეპილეფსიური შეტევები იყო ძალიან ხშირი, რასაც შემდგომ მოჰყვა დეპრესია, გადაწყდა, რომ ანელიზე მოეთავსებინათ კლინიკაში. აღნიშნული ეპილეფსიური შეტევების, შემდეგ მალევე ანელიზეს დაეწყო ”ჰალუცინაციები” და იგი ყოველდღიური ლოცვის დროს ხედავდა ეშმაკის სახეებს. ეს იყო 1970 წლის შემოდგომა, და სანამ დანარცენი ახალგაზრდობა უბრალოდ ტკბებოდა ცხოვრებით, ამასობაში ანელიზ მიშელი იტანჯებოდა იმ აზრით, რომ ის იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ მეტ ახსნას უბრალოდ ვერ უძებნიდნენ იმ ფაქტს, რომ ის ხედავდა დემონებს ლოცვის დროს. საკმაოდ მალე მას ხილვების გარდა უკვე ხმებიც ესმოდა, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ის ”ჯოჯოხეთში დაიწვებოდა”. მან ექიმთან საუბარში ერთხელ აღნიშნა, რომ შემოჩენილი ყავდა დემონები, რომლებმაც მისი მართვა და მისთვის ბრძანებების მიცემა დაიწყეს. ექიმები ვერაფრით ეხმარებოდნენ, და ანელიზემ დაკარგა იმედი იმისა, რომ მისთვის დანიშნული მედიკამენტები რაიმე შედეგს გამოიღებდნენ. 1973 წლის ზაფხულში, მიმსმა მშობლებმა, მიაკითხეს რამოდენიმე ეკლსესიას და მღვდელს ეგზორციზმის მოთხოვნით. თუმცა არავინ თანხმდებოდა და ურჩევდნენ 20 წლის ანელიზეს გაეგრძელებინა დანიშნული მკურნალობდა და მიეღო შესაბამისი მედიკამენტები. მათ აუხსნეს, რომ პროცესი, რომლის მიხედვითაც ეკლესია უფლებას იძლევა ჩატარდეს ეგზორციზმი, მკაცრადაა გაწერილი, და მანამ სანამ ყველა კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება, ეკლესიის წინამძღვარი ვერ გასცემს თანხმობას ეგზორციზმის ჩატარებაზე (1952 წელს ეგზორციზმის რომაულ რიტუალში შევიდა ცვლილება, იმის შესახებ, რომ მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ფსიქიკური აშლილობა და სატანით შეპყრობა ერთმანეთისგან და პაციენტის მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს, რამოდენიმე კრიტერიუმს (იხილეთ ზოგადი წესები ეგზორციზმის შესახებ)). რამოდენიმე კრიტერიუმი კი ასეთია: განსაკუთრებული აუტანლობა რელიგიური სიმბოლოების მიმართ, საუბარი პაციენტისთვის უცხო ენაზე და არაადამიანური ძალების ფლობა. 1974 წელს, ანელიზეზე დაკვირვების შემდგომ, მღვდელმა ერნსტ ალტმა, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარს სთხოვა თანხმობა ეგზორციზმის ჩატარებაზე. ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა, და ანელიზეს მიეცა რჩევა, რომ უფრო მეტად რელიგიური ცხოვრებით ეცხოვრა, რათა ეპოვა სულიერი სიმშვიდე. ამის მიუხედავად შეტევები არ შემცირებულა და მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ანელიზ მიშელი, სახლში (კლინბენბერგში) ცხოვრობდა, ის გახდა აგრესიული, დაიწყო საკუთარი თავის დასახიჩრება, ცემა, კბენდა ოჯახის სხვა წევრებს. ის უარს აცხადებდა კვებაზე, ვინაიდან ამბობდა, რომ დემონები არ აძლევდნენ ამის უფლებას. ეძინა ქვის იატაკზე, ჭამდა ობობებს, ტარაკნებს და სვამდა საკუთარ შარდს. საათების განმავლობაში ისმოდა მისი განწირული ყვირილი, ის ამტვერვდა ჯვარცმებს, იესო ქრისტეს ხატებს. ანელიზესთვის ბუნებრივი მდგომარეობა გახდა თვითდაშავება, საკუთარ შარდში ძილი ქვის იატაკზე, საკუთარი ტანსაცმის დახევა.
მას შემდეგ რაც გაჩნდა მტკიცებულებები იმისა, რომ ანელიზე მიშელი იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ, 1975 წლის სექტემბერში, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარმა, იოსებ სტანგლმა, მისცა უფლება არნოლდ რენცს და ერნსტ ალტს, ჩაეტარებინათ ეგზორციზმი ანელიზე მიშელისთვის. გამოვლინდა, რომ ანელიზესგან უნდა გაედევნათ 6 დემონი (ეგზორციზმის რიტუალში მთავარია ჩასახლებული დემონების ვინაობის დადგენა, რასაც როგორც წესი ძალიან დიდი დრო მიაქვს, თუმცა ამის გარეშე წარმატება გამორიცხულია, ეგზორციზმის დროს დადგინდა რომ ანელიზეში ჩასახლებული იყო 6 დემონი) ლუციფერი (რაც ყველაზე მეტად იწვევს ეჭვს), იუდა ისკარიოტელი, ნერონი, კაენი, ჰილტერი და ფლაიშმანი (ეს უკანასკნელი არის მე-16 საუკუნეში მოღვაწე დაცემული მღვდელი). 1975 წლის სექტემბრიდან 1976 წლის ივლისამდე კვირაში დაახლოებით ერთი ან ორი ეგზორციზმის სესია უტარდებოდა ანელიზეს. ზოგჯერ შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი დაჭერა სამ კაცს უხდებოდა ან ჯაჭვითა აბამდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ანელიზეს მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაიწყო კვლავ ინსტიტუტში სიარული და ეკლესიაშიც დადიოდა.
თუმცა შეტევები არ შეწყვეტილა, ის ხშირად ხდებოდა პარალიზებული. ეგზორციზმი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ერთი და იგივე ლოცვებით. ანელიზ მიშელი ეგზორციზმის დროს ჩაიწერა 40 აუდიო კასეტა (ეს ადუიო მასალები შემდეგ გამოყენებულ იქნა სასამართლოზე მტკიცებულებად, ამ მასალის მოსმენა შეგიძლიათ youtube.com-ზე, თუმცა სუსტი ნერვების პატრონებს ვურჩევ თავი შეიკავონ). ეგზორციზმის უკანასკნელი სესია ანელიზეს ჩაუტარდა 1976 წლის 30 ივნისს, მას ამ დროს უკვე ჰქონდა ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე და გამოფიტული იყო უჭმელობისგან. იმდენად დასუსტებული იყო, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეეძლო, იმ დღეს უტხრა დედამისს, რომ ძალიან ეშინოდა.
ანელიზე ცხოვრების უკანასკნელ დღეებში ასე გამოიყურებოდა, მანამდე კი სავსებით ნორმალური ახალგაზრდა იყო.
მეორე დღეს 1 ივლისს ანელიზ მიშელი გარდაიცვალა. გამოძიება ღნიშნულ საკითხზე დაიწყო დაუყოვნებლივ….
ავტორი: anina
საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რელიგიურად ცხოვრობს, თუმცა რელიგიური განათლება თითქმის არავის აქვს. ქუჩაში გამვლელი 10 მოქალაქიდან 9 გეტყვის, რომ მართლმადიდებელია, მაგრამ მათგან ბიბლია შეიძლება არცერთს არ ჰქონდეს წაკითხული. რა თქმა უნდა, ბიბლიის წაკითხვას ხომ მისი ინტერპრეტაციების მოსმენა ჯობია. აბა რისთვის არსებობენ მოძღვრები! თუკი გეზარება შენი რელიგიის წმინდა წიგნის წაკითხვა, უბრალოდ აიღე მობილური ხელში, გადარეკე მოძღვართან და ჰკითხე: მამაო, შეიძლება მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმა? მამაო, ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტი ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება? მამაო, შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია? .. და ასე შემდეგ. მოძღვარი სახელდახელოდ გადაგიწყვეტს, რა არის ცოდვა და რა _ არა და ცოტა ხანში შენ, საშუალო-სტატისტიკურ მორწმუნეს ხელთ გექნება მზა რეცეპტი: არ შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია; მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმისათვის კურთხევაა საჭირო: რაც შეეხება ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტს, ალბათ, პასუხი ასეთი იქნება: ხომ შეგიძლიათ, ერთი დღე სულის ცხონებაზე ფიქრს დაუთმოთ. სტომატოლოგი მოიცდის. რა უფრო მნიშვნელოვანია, თქვენი დაზიანებული მინანქარი თუ სასუფეველი ცათა?
თუ შენს მოძღვარს მობილური არ აქვს (ისე, მე ეგეთ მღვდლებს ხშირად ვერ ვხვდები), ან მისთვის კითხვის დასმა გერიდება, შეგიძლია, რამე სხვა სცადო. მაგალითად, კვირის პალიტრის ელექტრონული გაზეთის განყოფილება: რას გვეტყვი, მამაო? . 2 დღეა ეგ გვერდი გახსნილი მაქვს და ნელ-ნელა ვაგემოვნებ. სანამ კარგად გავერკვეოდი, მხოლოდ მეცინებოდა კითხვებზე და პასუხებზე, აი, ბოლოს კი სასტიკად დავიგრუზე.
უბრალოდ გადახედეთ:
ჯერ მხოლოდ კითხვები :
უთავბოლო სანთელი
კითხვა1: ,,აქვს თუ არა სანთელს თავი ან ბოლო?”
გაცნობა-დაოჯახება
კითხვა2: ,,ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, რა ლოცვები უნდა წავიკითხო სიყვარულის, მეორე ნახევრის პოვნისთვის და ბედნიერად გათხოვებისათვის?”
კითხვის ავტორი_ ზურაბ ნოღაიდელი
კითხვა3: ,,არის თუ არა ქვეყნის ღალატი ცოდვა?”
და კიდევ 2-იც
კითხვა 1: ,,თუკი ავადმყოფობა ღმერთისგან ჩვენი ცოდვებისათვის გვეძლევა, მკრეხელობა ხომ არ არის მკურნალობა ღვთისგან ბოძებული სასჯელის ასაცილებლად? ”
კითხვა2: ,,არსებობენ თუ არა მართლმადიდებელი ებრაელები?”
კიდევ კარგი, რომ მართლმადიდებლობაზე მხოლოდ ამ საიტის მეშვეობით არ ვიქმნი წარმოდგენას, თორემ მომეჩვენებოდა, რომ ეს რელიგია კი არა, ცრურწმენებისა და შეუწყნარებლობის სავანეა.
1) წყევლა
ჩემს წინაპარს ცოდვა მიუძღვის უფლის წინაშე – ეკლესიებს ანგრევდა. მისი ცოდვის გამოსასყიდად გადაწყვეტილი მქონდა ეკლესიის აგება, მაგრამ ლტოლვილად ვიქეცი ჩემსავე სამშობლოში. ჩემი სურვილის ოდნავი კომპენსაციის მიზნით ეკლესიას შევწირე მამის ნაჩუქარი ხატი. კიდევ რით შემიძლია ვუშველო წინაპრის ცოდვას?
უფალი ხედავს ადამიანის გულისთქმას – თქვენ მთელი გულით შესწირეთ ხატი ეკლესიას. რაც შეეხება თქვენი წინაპრის დანაშაულს, ეპისკოპოსს უნდა სთხოვოთ ლოცვის წაკითხვა თქვენი ოჯახისათვის, რათა მასზე წყევლა არ იდოს.
კატეგორია – ცოდვა
2. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები
არის თუ არა ცოდვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება და რამდენად სერიოზულია ეს ცოდვა?
ეს სერიოზული ცოდვაა, რადგან შეუღლების მიზანია გამრავლება და შვილების აღზრდა.
აბორტიც ცოდვაა. ამიტომაც , ნურც გაფრინდები- ნურც მოფრინდები_ ვითარებაა.
3. სცემე, ოღონდ სახის არეში არა!
ცოდვაა თუ არა გაჯიუტებული ბავშვის დატუქსვა და ცემა, თუ სხვა საშუალებებით იგი არ გვემორჩილება?
ბავშვის დასჯა შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ არაფრით არ შეიძლება სახის არეში ფიზიკური შეხება…
ავტორი: მჩხაპნელი
“ნახევარი საქართველო თუ გაგინებს… ესე იგი, პოპულარული ხარ” - ყველაფერში დადებითის მაძიებელი ადამიანი
“პოპულარობის სურვილი” კაცობრიობაში ძალიან პოპულარულია.
ადამიანთა უმეტესობას, მინიმუმ ქვეცნობიერად მაინც სურს, რომ ქუჩაში სახეზეცნობდნენ და საზოგადოებაში “სახის” ინგლისური ფორმით მოიხსენიებდნენ, ტაქსით მგზავრობაში ფულს არ ართმევდნენ და მეტროში ჩასვლას თავმდაბლობად უთვლიდნენ, თაყვანისმცემლების არმია ჰყავდეთ და ინტერვიუებში წუწუნებდნენ, რომ “თაყვანისმცემლებმა თავი მოაბეზრეს”, ჟურნალების გარეკანზე იყვნენ დაგარე კანი ყოველთვის ტონა ტონალურით ჰქონდეთ დაფარული…
მოკლედ, “თითით საჩვენებლის” როლში ყოფნა თითქმის ყველას უნდა. თუმცა, პოპულარობის მოპოვების ზოგიერთი მცდელობა იმითაც სრულდება ხოლმე, რომ დიდებისათვის მებრძოლ კანდიდატს საჩვენებელიდან მცირე მანძილით დაშორებული თითის ერთ სახესხვაობასთან აიგივებენ (ბილწი ლექსიკის გამოყენების ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში, რა თქმა უნდა). თერთმეტი სიტყვით, დღევანდელ საქართველოში პოპულარობის მოპოვების რამდენიმე მარტივი, მაგრამ ამავდროულად ნარ-ეკლიანი გზა არსებობს:

"ამ სტერეოტიპს ვერ გავცდი რა..."
1. ”ტანთ განძარცვა” - უცხოეთში პოპულარობისათვის ძუ ლომივით ბრძოლაა საჭირო, ჩვენთან კი უბრალოდ ამ “ძუ”-ს გაორმაგება და შემდეგ მისი გამოჩენაც საკმარისია. ანუ, აქ თავი სალაპარაკოდ რომ გაიხადო, ჯერ იგივე ზმნა საკუთარ ტანსაცმელზე უნდა გამოიყენო. მნიშვნელობა არ აქვს სად მოხდება ეს – ფილმში, ჟურნალში, ჭავჭავაძის გამზირზე, თუ, პარლამენტის წინ (მოთხოვნით: მცხელა, აღარ მინდა სტადიონები, აუზები გახსენით)… მთავარია, გახდა საკუთარ აბაზანაში და ისიც შხაპის მიღების წინ არ მოხდეს. დანარჩენ სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ პოპულარობა მეორე დღესვე გარანტირებული გაქვთ…
2. რელიგიის დაცინვა – დღეს ჩვენთან ორი რელიგიური უკიდურესობაა მოდაში:
1. მართლმოდიდებელი ადამიანები - რომლებიც ეკლესიაში ძირითადად ვიღაცეების დასანახად დადიან, წვალებით მარხულობენ (ანუ, წინა დღეს შაურმას ჭამენ – მარხვა იწყებაო და მის დასრულებას კვლავაც შაურმით აღნიშნავენ), ნებისმიერი სახის საკვებთან სოიალური დამოკიდებულება აქვთ და ა.შ. ერთი სიტყვით, მათთვის მთავარია, რომ გარკვეულ წესებს პირნათლად ასრულებენ და მნიშვნელოვანი სიტყვა “როგორ” უკვე ყურადღების მიღმა რჩება.
2. “სიბნელიდან გამოსული” ადამიანები – რომლებიც რელიგიას მარქსისეულ “საყოველთაო ოპიუმად” მიიჩნევენ, მართლმადიდებლურ რიტუალებზე ხუმრობენ და პირველ კატეგორიაში მოხვედრილ ადამიანებს დასცინიან. მართალია, დღეს თითქოს ათეისტობა მოდაშიც კი შემოვიდა, მაგრამ რამდენიმე ანტირელიგიური განცხადების საჯაროდ გაკეთება სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ამ ქმედებამ პოპულარობა მხოლოდ ერთ ადამიანს კი არა, მთელ მის სანათესავოს – მის კარგისმსურველებსა და კეთილისმყოფელებსაც კი მოუტანოს…

ყველაზე პოპულარული "სულელი"
3. სისულელის აპოთეოზი - საერთოდ, ადამიანს უყვარს, როდესაც თავს ვინმეზე უპირატესად გრძნობს და მისი დაცინვის საშუალება ეძლევა. შესაბამისად, ხალხის ყურადღების მისაქცევად, სავსებით საკმარისია უცნაური ტექსტის მქონე სიმღერა დაწერო, წაიტინგიცო, ან, რაიმე ისეთი ჩაიდინო, რაც მათ მობილურის გამოყენებასა და პროდუქტის “youtube”-ზე ატვირთვას აიძულებს. მართალია, საწყის ეტაპზე ყველა შუკაში, შოუში, შესახვევში, თუ, შუშაბანდში თქვენზე იცინებენ, მაგრამ პოპულარობა ხომ გარკვეულ მსხვერპლსაც მოითხოვს. ძალიან მალე, ის ვინც თქვენზე ბჟირდებოდა, ქუჩაში ავტოგრაფს გთხოვთ და მეტიც, თქვენთან ერთად სურათის გადაღებასაც შეეცდება.
4. “მართლმადიდებელ მშობელთა კლანჭებში” – (ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ამ მეთოდის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. იწვევს დაჟეჟილობას თავისა და სხეულის არეში)…
ბანგლადეშში სოციალური იტერნეტ-ქსელი ”ფეისბუკი” დაბლოკეს იმის გამო, რომ იქ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები და ბანგლადეშის ლიდერთა ”შეურაცხმყოფელი” ფოტოებია განთავსებული. ბანგლადეშის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებით ”ფეისბუკის” დაბლოკვა იმის გამო გადაწყდა, რომ იქ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებით ”ქვეყნის მუსულმანური უმრავლესობის რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს”.
ავტორი: მჩხაპნელი
1. “რა პლასტიკური ოპერაცია უნდა გააკეთოს ქირურგმა, რომელსაც საკუთარი გვარისათვის კუზი ვერ მოუშორებია” – ჩემი მუზა
2. “თუკი ღმერთი ნამდვილად არსებობს, მაშინ მაიკლ ჯექსონი პირველ ივნისს უნდა გარდაცვლილიყო” – სტივენ რაითი
შეკითხვა: "რატომ მოკვდა მაიკლ ჯექსონი 3:15-ზე?" პასუხი: "რადგან დიდი ხელი სწორედ ამ დროს ჩაეჭიდა პატარას" (ამერიკული შავი იუმორი)
3. “პოლიტიკოსს სჭირდება უნარი, იწინასწარმეტყველოს, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ, შემდეგ კვირას, შემდეგ თვეს, ან, შემდეგ წელს და კიდევ ერთი უნარი, მომავალში იმის ასახსნელად, თუ რატომ არ მოხდა ეს ყოველივე” - უინსტონ ჩერჩილი
4. “პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც გპირდება ხიდის აშენებას იქ, სადაც მდინარეც კი არ არის” – ნიკიტა ხრუშჩოვი
5. “ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება” – © ტროელები
6. “შენ შეცდები იშვიათად, თუკი ერთი იშვი ათად” – ჩემი მუზა
7. “თუკი ჰარი პოტერი ასეთი ძლიერი ჯადოქარია, მაშინ რატომ ვერ ახერხებს ის, რომ მხედველობის პრობლემა მოიგვაროს?!” - ამერიკელი ინტრიგანი
…
14. კათოლიკური ეკლესიის რეკლამა:

- “ლოგინში დარჩენა და “ოჰ, ღმერთო”-ს ძახილი, ეკლესიაში სიარულს არ გულისხმობს”
აპრილში History Channel_ზე პირველად იქნა ნაჩვენები იესო ქრისტეს სამგანზომილებიანი სახე, რომელიც იესოს კვართის გამოსახულებიდან იქნა აღდგენილი.
ავტორი: Dav1D
ისტორიაში ჯადოქრების წამების და გასამართლების ფაქტები ბევრია. მათ ბრალს დებდნენ სატანის თაყვანისცემაში და წამებისგან გატეხილი ბევრი “კუდიანი” ამას აღიარებდა. ხალხში გავრცელებულ მითებში ჯადოქრობა კვლავ ეშმაკის თაყვანისცემასთან არის დაკავშირებული. თუმცა თანამედროვე ნეო პაგანიზმის მიმდევრები ამას უარყოფენ.
სატანიზმი როგორც ორგანიზებული სექტა მეჩვიდმეტე საუკუნემდე არ გვხვდება. 17ე საუკუნიდან კათოლიკურმა ეკლესიამ მღვდლების დევნა დაიწყო, რომლებსაც ბრალს დებდნენ მაგიური, ბოროტი ძალის გამოყენებაში. ასევე მეჩვიდმეტე საუკუნეში პირველად დაიბეჭდა მაგიის წიგნი The Grimoire of Honorius რომელშიც დაწერილი იყო დემონის გამოსაძახებელი ლოცვები.
მეთვრამეტე საუკუნეში სატანიზმის მიმდევრები ნაკლებად გვხვდება. ინგლისში კლუბ Hellfire ს წევრებს ხშირად მოიხსენიებდნენ სატანისტებად, მაგრამ სერ ფრანცის დაშვუდის მიერ დაარსებული კლუბის წევრები სულაც არ იყვნენ სატანისტები. ისინი უბრალოდ ეწეოდნენ ისეთ ცხოვრებას რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო.
მეცრამეტე საუკუნის ყველაზე გამოჩენილი სატანისტი Joseph Boullan ია. იგი კარმელის ეკლესიის მთავარი მღდელი გახდა და მრევლთან ერთად შავი მაგიის გამოყენება დაიწყო.
კარმელის ეკლესია Eugene Vintras ის მიერ დაარსდა. 1839 წელს ვინტრასმა განაცხადა რომ მას ქონდა ხილვა სადაც მთავარანგელოზ მიქაელისგან და სულიწმინდისგან მიიღო ცნობა რომ მას უნდა დააერსებინა ახალი რელიგია. ( გამოდის რომ სატანიზმი თავად მთავარანგელოზების მიერ ყოფილა შექმნილი
)
ძველი სატანიზმის მიმდევრებს უფრო შავი მაგიის გამო ეძახდნენ სატანისტებს. დაზუსტებით არ ვიცი ისინი თაყვანს სცემდნენ თუ არა ლუციფერს. თუმცა “ბნელი ძალების” გამოყენების გამო ისინი საზოგადოებისთვის სატანისტები იყვნენ.
თანამედროვე სატანიზმი
თანამედროვე სატანიზმის ყველაზე მრავალრიცხოვანი მოძრაობა 60 იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. მორაობის წინამძღოლი ანტონ ლავეი იყო. მან 1966 წელს სან ფრანცისკოში სატანის ეკლესია დაარსა რომელმაც ძალიან მალე მიიქცია მედიის ყურადღება. ეკლესიის სიმბოლოდ ამოტრიალებული პენტაგრამა აირჩიეს რომელსაც ბაფჰომეტს ეძახდნენ. ლავეი რიტუალებისთვის ენოქიურ ენას იყენებდა.
ეკლესიას მალევე გაუჩდნენ მიმდევრები. ისინი ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენელი ოკულტისტები, რასისტები და პოლიტიკოსები იყვნენ. ერთი წლის შემდეგ მათი რიცხვი 25 000 აღემატებოდა და მათ რიგებში გამოჩენილი ადამიანებიც იყვნენ.
ლავეი დაიქირავა რეჟისორმა რომან პოლანსკიმ რათა ეთამაშა სატანის როლი ფილმში როზმერის ჩვილი. ლავეიმ ასევე პოლანსკის აუხსნა სატანისტური რიტუალების დეტალები…
ავტორი:იაგო ხვიჩია
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მადანაშაულებენ იმაში, რომ უარყოფით მოვლენებზე ვწერ, მინდოდა შემდეგ სტატიაში ეს კრიტიკა გამეთვალისწინებინა და დამეწერა რამე კარგი ისეთზე, რომელიც ჩვენია, ტრადიციული, საამაყო და ისეთი სხვაგან რომ ვერსად შეხვდებით.
მაგრამ ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, ამის სურვილი გამიქრო, არც კი ვიცი რა ვუწოდო იმას, რაც გასული რამდენიმე დღეეების განმავლობაში ხდებაოდა, ხან ილიას უნივერსიტეტთან, ხან ინტერნეტ სივრცეში და ბოლოს ტელევიზია „კავკასიის“ ეთერში, არ არსებობს ქართულ ენაში ეგეთი სიტყვა, სრულყოფილად რომ დაახასიათებდა მოცემულ სიტუაციას, მაგრამ ყველაზე პირველი რაც ამ ამბების დასახასიათებლად მომივიდა თავში ეს იყო ,,კრიმინალური გოიმობა,,.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ მმკ–ს, სმმ–ს და ძმათა მისთა ,,შემოქმედებას,, ჩემში აღშფოთება არ გამოუწვევია, იმიტომ კი არა, რომ აღმაშფოთებელი არ იყო, არამედ იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო (არ ვამბობ სატირალი რომ არ იყოს-მეთქი, არა, ეს არ არის სატირალი, ეს სასაცილოა).
მოკლედ, მინდა მოცემული სიტუაციის ჩემეული დახასიათება შემოგთავაზოთ, ,,ქორინოკონს ქრისტეს აქეთ,, თუ არ ვცდები 2010 წლის 15 აპრილს, ლიტკაფე „ლიგამუსში“ გაიმართა ახალგაზრდა მომღერლის და მწერლის ერეკლე დეისაძის მოთხრობათა კრებულის პრეზენტაცია, ამ პრეზენტაციაზე მეც გახლდით, საინტერესო იყო, სხვათაშორის.
ნაწარმოებებს რაც შეეხება, ამ კრებულში შესული მოთხრობების ნაწილს, მათ თემატიკას ვიცნობდი, ვიცნობდი მასზე დაწერილ აბსურდულ და მშვენიერ რეცენზიებსაც. წიგნში შესული ნაწარმოებთა თემატიკა პირდაპირ არ იყო კავშირში წიგნის სათაურთან („საიდუმლო სირობა“), მაგრამ თითქოს წინასწარმეტყველება იყო იმისა, რაც ამ წიგნს მოჰყვა.
პრეზენტაციის დღემ მშვიდად ჩაიარა, ეკოს მიერ დაგეგმილი ,,მინეტი,, საზოგადოებისათვის, რომლის მერეც უნდა დაბადებულიყო ახალი ქართველი („99“) იმ დღეს არ შედგა, მაგრამ ყველაფერი წინ იყო.
არ ეძინა ქართული ღირსების, ქართული ნამუსის, ქართული სუფრის, ქართული საქალწულე აპკის დამცავ ,,პატრიოტებს,, და დაიწყო: ხელმოწერების შეგროვება ლიგამუსის გვერდზე სამლოცველოს მოწყობის მოთხოვნით. აქციებით მამათმავლების წინააღმდეგ და სხვა ათასი გოიმური ფსევდორელიგიური, ფსევდოძველბიჭური, ფსევდოპატრიოტული, ფსევდოგულწრფელი, გამოხტომებით.
საინტერესო იყო იმ ადამიანების პოზიცია, რომელიც გაემიჯნა ,,მართლმადიდებლებს’’, მაგრამ ასევე შეურაცხყოფილი იყო ეკო დეისაძის წიგნით, ასეთები იყვნენ ძირითადად პოლიტიკოსები, რომლებიც არც მწვადს სწვავდნენ და არც შამფურს. არასოდეს არ მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს ვიღაცის წიგნის, ვიღაცის მიერ განხორციელებული ინცესტის, ქართლის დედის შეურაცხყოფის, გეი აღლუმის გამართვის, ეკლესიისადმი ნეგატიური დამოკიდებულების, შორენას ძუძუების და თოქ შოუ ,,პროფილის’’ გამო. ეს ხომ სხვისი თავისუფლების ნაწილია, ან უბრალოდ შენი საქმე არ არის.
კიდევ ერთი დამოკიდებულება, რომელიც ამ წიგნის მიმართ ჩამოყალიბდა შემდეგნაირია, წიგნი არ ვარგა, მას არ გააჩნია ლიტერატურული ღირებულება, მწერალი ცდილობს მხოლოდ სკაბრეზით გააღეზიანოს საზოგადოება, მაგრამ სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და ბლა ბლა ბლა...
ფაქტი კი ასეთია, ამ წიგნში მართლაც არის სკაბრეზი (შეიძლება ითქვას, საჭიროზე მეტი), მაგრამ ამ წიგნის გამო ითხოვენ უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას, ამ წიგნით ეკო უფრო პოპულარულია, ვიდრე ქართული შოუბიზნესის ყველა ,,სუპერსტარი’’, ამ წიგნით ეკომ რამდენიმე დღით დაგვავიწყა პოლიტიკა, თანაც მაშინ როდესაც არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი, ამ წიგნის გამო დაარბიეს ტელევიზია, გაიმართა და კიდევ გაიმართება მხარდამჭერი და საწინააღმდეგო აქციები, ამ წიგნის გამო დაპატიმრებულია 7 ნეოფაშისტი, ამ წიგნით ავტორმა მიაღწია თავის მიზანს, მე მომწონს ეს წიგნი, შესანიშნავი დებიუტია, ხმაურიანი.
მაგრამ რა მოხდებოდა რომ არ ყოფილიყო მმკ, სმმ და სხვა მსავსი კრიმინალური მიდრეკილების გოიმები? იმ წიგნებისგან განსხვავებით რომელშიც სკაბრეზის უკან არაფერი დგას, ამ წიგნზე პრეზენტაციიდან 10 დღის განმავლობაში მიდიოდა ჯანსაღი დებატები, მოხდა წიგნის ლიტერატურული განხილვა, წიგნის დამცველები და მოწინააღმდეგეები შეებნენ ერთმანეთს, დაიწერა რამდენიმე საინტერესო რეცენზია და ათი ამდენი აბსოლუტური იდიოტიზმი, მაგრამ ,,მართლმადიდებლებმა,, მოკლეს ჯანსაღი დებატები წიგნის გარშემო იმით, რომ მსჯელობა მორალურ ასპექტში გადაიტანეს, ანუ მათი საპროტესტო გამოსვლის შემდეგ წიგნის განხილვა დამთავრდა და დაიწყო სხვა ისტორია, ალბათ არანაკლებ საინტერესო.
დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის, ამ ბრძოლაში ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, კომუნისტური პარტიის პატივცემული ამხანაგები, არშემდგარი პოეტები, უკაცო ან ,,სექსით გამძღარი’’ ქალიშვილები, ჩრდილოელ მეზობელთან თანამწოლები, გაურკვეველი ჯიშის და ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები, ლატენტური მამათმავლები, შიშველი ქალების ნახვით შეშინებული ძველი ბიჭები, მონათმფლობელი „მამაოები“, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ქვეყნის გამთლიანების იდეით შეპყრობილი ნეანდერტალერები, მონარქიის აღდგენაზე მეოცნებენი (მაგათ სახელს ვერ დაარქმევ), გოიმები.
ხოლო მეორე მხარეს ე.წ ლიბერალური საზოგადოება, თავისი მემარჯვენე–მემარცხენეებით, ,,ლიბერალ’’–,,ტაბულათი’’, ანარქისტებით და სნობებით.
ლიბერალები გაილახნენ, ხოლო მარგინალები დაიჭირეს, მთავარი კი აწი იწყება გამოუშვებენ თუ არა მარგინალებს, ან დაიჭერენ თუ არა მონათმფლობელებს?
ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხსაც ერთნაირად ელოდება:
საპატრიარქოც– თან ამ ლოდინში დროს არ კარგავს და ერთ–ერთ მონათმფლობელს აჯილდოებს.
ფაშისტები – ამაზეა დამოკიდებული გულაშვილი თხოვს თუ არა თავშესაფარს პუტინს.
ოპოზიციის მარგინალური ნაწილი – რომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს ხელისუფლება გულაშვილისნაირი კვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინებაში.
ეკო დეისაძე –ესენი თუ ციხიდან არ გამოუშვეს ვინღა გააპიარებს მის ახალ წიგნს, რომელსაც ,,ზეგ’’ გამოაქვეყნებს.
მე კიდევ ერთი რამე დანამდვილებით ვიცი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გამოუშვებენ თუ არა დაკავებულებს, ეპოქას უკან ვერავინ დააბრუნებს, მათი დრო წავიდა, მე მათი არ მეშინია ისევე როგორც:
არ მეშინია მალხაზ გულაშვილის და ზურაბ ნოღაიდელის იმიტომ რომ ორივე არარაობაა (მაპატიეთ კორექტულობისათვის).
არ მეშინია პუტინის და მისი ავატარის, იმიტომ რომ ახლა შიშის დრო არ არის.
არ მეშინია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ახალგაზრდა ფაშისტების, იმიტომ რომ უკვე დიდი ვარ და ,,გუდიანი კაცების’’ არ მეშინია
არ მეშინია ჯანსუღ ჩარკვიანის და მის ლექსებზე გაზრდილი პოლიტიკოსების, იმიტომ რომ ისინი სხვა განზომილებაში დარჩნენ.
არ მეშინია გლობალიზაციის, იმიტომ რომ ქართულ გენზე უკეთესი წარმოდგენა მაქვს.
არ მეშინია ტიტველი ქალების, იმიტომ რომ... ისინი ძალიან საყვარლები არიან.
არ მეშინია სექსუალური უმცირესობების, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი ჩემი ორიენტაცია.
არ მეშინია კანონიერი ქურდების, იმიტომ, რომ არ შეიძლება დინოზავრების მეშინოდეს.
არ მეშინია სტუდია „გრაალის“ წინასწარმეტყველების, იმიტომ რომ ეგ სრული სისულელეა.
არ მეშინია მასონების და სატანისტების იმიტომ, რომ ისინი კანონს არ არღვევენ.
ავტორი: ჯორჯ პაიკი
ცოტა ხნის წინ, ირანულმა მედიამ, გააცრცელა მაღალი რანგის სასულიერო პირის ქადაგებიდან ნაწყეტი. აი, ისიც: “მრავალი ქალი, რომელიც მოკრძალებულად არ იცვამს… რყვნის ახალგაზრდა კაცებს, ლახავს მათ პატიოსნებას და ავრცელებს ღალატს, რაც ამრავლებს მიწისძვრებს”.
გამოდის, ყველაფერი ქალების ( თუ, გარყვნილი კაცების?) ბრალი ყოფილა, მიწისძვრაც და ვულკანიც, რომელიც 14 აპრილს ამოიფრქვა ისლანდიაში.
ვულკან ეიაფიალაიოკულის (რომლის გამოთქმაც ვულკანის ამოფრქვევაზე უფრო რთულია) გაღვიძებამ ევროპას დიდი პრობლემები შეუქმნა. ვულკანიდან ამოსულმა ფერფლმა უზარმაზარი ღრუბელი გააჩინა ევროპის თავზე, რამაც საჰაერო გზებზე, ზვავის ჩამოწოლის ეფექტი შექმნა და ცათმფრენების მიმოსვლა სერიოზულად შეაფერხა. თვითმფრინავებმა ასაფრენ ბილიკზე დაიდეს ბინა, გასაფრენად გამზადებულმა მგზავრებმა კი აეროპორტის მოსაცდელში. სერიოზულად დაზარალდა ეკონომიკა. ევროპა დიდ “ვულკანიზაციას” დაემსგავსა.
ევროპაში ახალი ტერმინი გაჩნდა – volkation. ტერმინი ორი სიტყვის ნაზავს წარმოადგენს: volcano – ვულკანი და vacation – არდადეგები, ანუ “ვულკანური არდადეგები”.
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა ახალი ხილი არ არის, ასეთები ადრეც მომხდარა, მაგალითად 1821 – 1823 წლების განმავლობაში დიდი წარმატებით აბინძურებდა გამოღვიძებული ვულკანი ევროპის ზეცას. ეიაფიალაიოკულთან ახლოს, სულ რამოდენიმე კილომეტრში, სხვა ვულკანიცაა – ლაკი – რომალსაც ჯერ სძინავს, თუმცა მისი ბოლო გამოღვიძების დროს (1783 წ.) მთელი ისლანდია ლავით დაფარა.
ექსპერტების პროგნოზებიც ნაკლებად დამამშვიდებელია. მათი ვარაუდით ვულკანი 60 წლის მანძილზე იბობოქრებს, ამორქვევის პიკი კი 2030 – 2040 წლებში ექნება. ძალიანაც არ შეშინდე ჰანა! იგივე ექსპერტები, მაშინ როცა მარტის შუა რიცხვებში ვულკანი გამოღვიძებას იწყებდა, ამბობდნენ რომ ამოფრქვევის საფრთხე არ იყო.

ისლანდიელი ვულკანოლოგი, ფროინშტეინ ზიგმუნდსონი, რომელიც 18 წლის მანძილზე სწავლობდა ეიაფიალაიოკის ხასიათს, ვულკანის ამოფრქვევის დროს პარიზში იმყოფებოდა და ძალიან წუხდა რომ თვალს ვერ ადევნებდა მისი ვულკანის თავს დატრიალებულ ამბებს. ერთი სტატიის ავტორი კი მის ვულკანს, მის საყვარლად მოიხსენიებდა. ასეა, რაც ერთისთვის საყვარელია, მეორისთვის თავის ტკივილია.
ვიცით, რომ ავიაკომპანიებმა დიდი ფინანსური ზარალი განიცადეს, სხვა საწარმოებმაც და კიდევ რომანტიკამ – ყვავილების ბიზნესი ჩავარდნილა სერიოზულად. თურმე ევროპაში ერთ ქალს ვერ ნახავდი ყვავილით ხელში. მილიონობით ადამიანი აეროპორტის მოსაცდელებში რომ დასახლდა უკვე გითხარი. ისე, თითოეულ მგზავრს შანსი მიეცა ვულკანური არდადეგების დროს ერთი წიგნი მაინც წაეკითხა და უფრო კარგი ადამიანი გამხდარიყო ვიდრე მანამდე იყო – ესეც დადებითი მხარე.
კიდევ შეილება დადებითი მომენტების აღმოჩენა ამ ამბებში…
ავტორი: გიორგი გვახარია
ბლოგის ტექსტი თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა 2008 წელს, "ცხელ შოკოლადში" გამოქვეყნებული "ცრემლიანი სათვალე" გამახსენდა. მივხვდი, რომ ვმეორდები, რადგანაც მეორდება ისტორია. უფრო მეტიც, საქართველოში ის თითქოს ადგილიდან არ იძვრის. რაკი ეს წერილი "ცხელი შოკოლადის" საიტზე არ არის გამოქვეყნებული, გადავწყვიტე, ჩემს ბლოგზე დავდო. შემოკლებით, რა თქმა უნდა!
"ფსიქოს" დასრულების შემდეგ, საბურთალოზე, შუაღამეს, როცა ქალაქი წყვდიადში იყო ჩაფლული (გადაცემაშიც, იმხანად, როგორც წესი "დვიჟოკიანი დამრეკავები" გვიკავშირდებოდნენ), ბენზინს მხოლოდ პავლოვისა და ვაკე-საბურთალოს კუთხეში ჩაასხამდი. ეს "კალონკა" ხატებით და საეკლესიო კალენდრებით იყო მორთული, "ჩამსხმელები" კი მაშინაც მიბღვერდნენ, როცა ლარიანს ვუტოვებდი "ჩაისთვის" და არ ვიმჩნევდი, რომ ერთ-ორ ლიტრს მუდმივად მპარავდნენ.
მეზიზღება ეგ "კალონკა"! სამი სიზმარი დავითვალე, რომელიც ზამთარშიც კი ოფლში გაწურულს მაღვიძებს. პირველი ცოფიანი ძაღლია, დაჟინებით რომ ცდილობს, მეცეს ფეხზე; მეორე - ჩემი მანქანა, რომელსაც მუხრუჭი უმტყუნებს და უფსკრულში გადაიჩეხება; და მესამე - ეგ "კალონკა", თავისი დაბღვერილი "ჩამსხმელებით" და "მამაოთი".
ჩემს "ლურჯაში" პირველი და მეორე სიზმარი არაერთხელ გაგვირჩევია ფსიქოლოგებთან. რამდენი წელია მანქანას ვატარებ და, თუკი არ მეჩქარება (არადა, როგორც წესი, სულ მეჩქარება), სიამოვნებით ჩავისხამ ხოლმე ავტომობილში ნაცნობ-მეგობრებს აქეთ-იქით დასარიგებლად. უკვე ვიცი, რატომ გრძნობს კაცი თავს კომფორტულად საკუთარ მანქანაში და საიდან ჩნდება "ტაქსის შოფრის" ეს კომპლექსი, უფრო სწორად, სხვისი მართვის კომპლექსი. ადვილია და კარგ დეტექტივს ჰგავს ეს ყველაფერი. მაგრამ "მამაოს" ამბავი, რომელიც მე-20 საუკუნის უკანასკნელი (თუ "ბოლოსწინა") წლის მიწურულს გადამხდა, ფსიქოანალიზს ნამდვილად არ ექვემდებარება.
არადა, დეკემბრის იმ ღამეს, როცა ეს ინციდენტი მოხდა, სწორედ ფსიქოლოგები მესხდნენ "ლურჯაში".
ბენზინი ჩავასხი და უკანა სვლით გასვლას ვაპირებდი, როცა აღმოვაჩინე, რომ გზა ვერცხლისფერმა BMW-მ გადამიკეტა. გული უნდა გაგიტეხოთ, ამ მარკის მოყვარულებო. ჩემთვის BMW-ს პატრონი იგივეა, რაც ჟულიეტ ბინოში (ხო, მიყვარს ამის გამეორება)! დისკომფორტი სახეზე მაწერია ხოლმე, როცა ამ ჯიშის ხალხს ვხედავ.
ვერცხლისფერი მანქანის მძღოლი მღვდელი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე "დავუსიგნალე", მშვიდად აგრძელებდა მობილურით ლაპარაკს. ბოლოს, მანქანიდან გადმოვიდა და ასე, მობილურით ლაპარაკ-ლაპარაკით, პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა.
"შენ გვახარია არა ხარ?"
ნუ, ეს ჩვეულებრივი კითხვაა... გვარით როცა მოგმართავენ, გასაგები ხდება, მერე რა უნდა დააყოლონ. სკოლაში იცოდნენ ასეთი მიმართვა საბჭოთა მასწავლებლებმა. სხვათა შორის, სკოლაც ერთ-ერთი კოშმარული სიზმარია, რომელიც დროდადრო არღვევს ხოლმე ჩემს მყუდროებას.
"ერთი კითხვა მაქვს შენთან. ჯოჯოხეთის არ გეშინია, შვილო?"
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი (არადა მომზადებული მქონდა). ფსიქოლოგმა ქალებმა ერთხმად შესძახეს: "მანქანის გაჩერება ისწავლეთ და ჯოჯოხეთზე მერე გველაპარაკეთ!"
ფსიქოლოგი ქალები იდეალური დაცვაა ნებისმიერი ნევროტიკი მამაკაცისთვის, რომელიც სიზმარში ცოფიან ძაღლებს ხედავს. მით უმეტეს, როცა საკუთარ მანქანაში ზის. ამ დროს იგი ორმაგად დაცულია.
მანქანის გადაყენება ვთხოვე. ჩემი ჭკუით გაქცევას ვაპირებდი. მაგრამ "ვერცხლისფერი რაშის" მფლობელი, როგორც ჩანს, არანაკლებ დაცულად გრძნობდა თავს. ლაპარაკობდა ხმამაღლა. ძალიან ხმამაღლა, რათა როგორმე მიეპყრო გარემომცველთა ყურადღება და ჯოჯოხეთის თემაზე "დისკუსიაში" ბენზინის ჩამომსხმელი ბიჭებიც ჩაება.
ბოლოს და ბოლოს, მღვდელი იყო და ყველაფერს ხომ ვერ იკადრებდა?
მრევლს კი ეპატიებოდა, ერთ-ორს თუ წაუთაქებდა "ჯოჯოხეთის მოციქულს". მეორე დღეს კი მოინანიებდა. შეიძლება, არც მოენანია. მას ხომ ასე სჯეროდა - "ჯოჯოხეთის მოციქულები" ისე უნდა სცემო, რომ სამუდამოდ ჩაიწყვიტონ ხმა.
"მამაომ" გაიხსენა "გრძნობათა იმპერია", ტიმ როტის "ომის ზონა", ენდრიუ ბირკინის "ცემენტის ბაღი". ის ფილმებიც მიაყოლა, რომლებიც არასდროს გვეჩვენებინა "ფსიქოში" - მაგალითად, სკორსეზეს "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება". ჩემს საყვარელ კითხვაზე, რატომ უყურებთ, თუ არ მოგწონთ, დაუფიქრებლად მიპასუხა, მე არ ვუყურებ, მრევლი მიყვებაო. დათო მელიქიშვილმა ჰკითხა, "მობილურით გიყვებიან?". ცოტა დაიბნა. მობილური ეგრევე ანაფორაში ჩაიდო. თუმცა, მანქანის გადაყენებაზე ისევ უარს ამბობდა.
ფსიქოლოგმა ქალებმა უთხრეს, თუკი ამ ფილმების ჩვენება დანაშაულად მიგაჩნიათ, მიდით და სასამართლოში იჩივლეთო. ამ სიტყვამ, "სასამართლომ", ცოტა გამახალისა. "სამსჯავროს" ხსენებაზე რატომღაც მიქელანჯელო გამახსენდა. შიშველ სხეულებს მიქელანჯელოც ხატავდა და აქანდაკებდა-მეთქი.
მიქელანჯელომ კიდევ უფრო გაათამამა:
"ჰოდა, მეც ამას არ ვამბობ? თქვენ ყველას - პაპისტებს, იეღოველებს, კრიშნაიტებს, ჯოჯოხეთი გელით. არ გეშინიათ?"
"იეღოველი" მაგიური სიტყვა იყო 1999 წლის საქართველოში. მე-20 საუკუნე იწურებოდა, მაგრამ "კურიერის" ყველაზე რეიტინგულ სიუჟეტად ისევ იეღოველების დარბევა ითვლებოდა. ბასილ მკალავიშვილის მრევლი მუდმივად ჩნდებოდა ხოლმე "რუსთავი 2"-ის ოფისში. ზოგიერთი ჟურნალისტი მეგობრობდა კიდეც მამა ბასილის ხალხთან. ატყობინებდა, სად იგეგმებოდა იეღოველებისა თუ ბაპტისტების მორიგი შეკრება, რათა ეს ხალხი მერე "გლდანის მრევლს" დაერბია,
"მამაოს" გრძელსა და ხმამაღალ მონოლოგში სიტყვა "იეღოველი" ასევე კარგად ნაცნობმა სიტყვამ, "ავადმყოფმა" შეცვალა. პრინციპში მართალი იყო ეს კაცი - "ფსიქო" ავადმყოფებისთვის იყო განსაზღვრული. "ფილმის ტრავმის" ძიება საკუთარი ტრავმის ძიებას ემსგავსებოდა. უფრო სწორად, გასაანალიზებელ ტექსტზე საკუთარი ტრავმის პოზიტიურ გადატანას, შეიძლებოდა, გამოჯანსაღების შანსი შეექმნა ნევრიტიკ-ანალიტიკოსისთვის (იმავე "დამრეკავისთვის"). მაგალითად, ვიტგენშტაინი თვითმკვლელობას ხომ სწორედ "ლოგიკურ-ფილოსოფიურმა ტრაქტატმა" გადაარჩინა...
"მამაო" თავისას აგრძელებდა. მანქანას უკვე მოუახლოვდნენ ბენზინის ჩამომსხმელი ბიჭები. ერთმა, მგონი, მითხრა კიდეც, გადმოდი მანქანიდანო. მაგრამ სიტყვა "იაღოველი" (ჰო, ასე თქვეს "ბენზინის ბიჭებმა") სწორედაც რომ მაგიური აღმოჩნდა.
მარჯვენა ხელი "ზევიდან", ე.ი. ტვინიდან ბრძანების გარეშე ჩაცურდა ჩემს მაისურში და ნათლობის ჯვარი ამოიღო. პატარაა ეს ჯვარი. მაგრამ, საბედნიეროდ, ბენზინის "კალონკა" მაგრად იყო განათებული - დაინახეს.
უჰ, დაინახეს კი არა, თვალი გაუშტერდათ, გაქვავდნენ. და, რაც მთავარია, ხმა ჩაუწყდათ. აი, როგორ უყვარს ღმერთს სიზუსტე - სიტყვა "იაღოველი" რომ არ ეხსენებინათ, მარტო მიქელანჯელოთი, პაპიზმით, გარყვნილებით და ჯოჯოხეთით რომ დაკმაყოფილებულიყვნენ, ჯვარი ხომ შეიძლებოდა არც გამხსენებოდა. ისევ "სასამართლო-სასამართლოს" ძახილში ვიქნებოდით მე და ჩემი ქალები. მაგრამ სიზუსტე რა მოსატანია "კალონკის" სამყაროში, სადაც ხატები და საეკლესიო კალენდრები კი უკიდიათ კედელზე, მაგრამ ერთი-ორი ლიტრით მოტყუებაზე არასდროს ამბობენ უარს. სიზუსტე რა მოსატანია ამ მობილურიან "მამაოსთან"?!
დაქოქა თავისი BMW და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ფეხები კი მიკანკალებდა, მაგრამ საჭე ადვილად დავიმორჩილე. დავარიგე სახლში ჩემი კეთილი ფსიქოლოგი ქალები...




