გალაკტიონ ტაბიძისა და ლელა წურწუმიას შედარებითი დახასიათება
Posted 4:37 PM by Nina in თემები doin.ge, ისტორია, იუმორი, ლიტერატურა"ლელა & გალა"
ავტორი: მჩხაპნელი
შესავალი:
ქალაქი ცხელისი (გლობალური დათბობის ერამდელი “თბილისი”)
2013 წელი მ.გ–დან (“მიშას გადადგომიდან”)
ძვ.თემქის სამეფოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია უძველესი (სავარაუდოდ, “მხედრული”) ანბანით თხელ ქაღალდზე (ერთგვარი საწერი მასალა, რომელსაც საუკუნეების წინ იყენებდნენ. ამჟამად გვხვდება მუზეუმებსა და ანტიკური ქალაქების ნანგრევებში) შესრულებული ჩანაწერი. მესიჯ–ლათინურ ანბანზე გაზრდილი ქართველი მკვლევარები ჯერჯერობით ამაოდ ცდილობენ ტექსტის გაშიფვრას. ერთადერთი დადგინდა ის, რომ უწინ ამ ადგილზე საშუალო სკოლა მდებარეობდა.
გალაკტიონისა და ლელა წურწუმიას შედარებითი დახასიათება
დიდი ქართველი მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის (“ყველა ადამიანის ბიოგრაფია იმ ეპოქაში რატომღაც ამ სიტყვებით იწყებოდა” – მკვლევარის შენიშვნა) ლელა წურწუმიას აღმასვლა ჩვენი ქვეყნის იმ ბედკრულ პერიოდს დაემთხვა, როდესაც “ჟიგულის“ ”ჟიგულობის” მიუხედავად, ქართველ ერს არამხოლოდ ქადა, ორი ხელით საჭმელი სხვა ბევრი ნუგბარიც არანაკლებ ენატრებოდა. სწორედ ამიტომ გასაკვირი აღარ არის ის პესიმიზმი და სევდის ზეობა, რომელიც ლელას სიმღერებიდან ხშირად გამოსჭვივის (“ღამდება, ცივა, ზაფხულის წვიმა, თითქოს დაიკლავს თავს”). რა თქმა უნდა, ცოტა რთული წარმოსადგენია ის, თუ როგორ იღებს წვიმა ცულს და ირტყამს მას კისერში (რამდენჯერმე), მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ იმ ეპოქის ქართული სიმღერების ტექსტებში წვიმას ერთმნიშვნელოვნად საკრალური დატვირთვა ჰქონდა და ხშირად მას მაგიურ თვისებებსაც მიაწერდნენ ხოლმე (“წვიმა მოგონებებს ასველებს…” – ვ.ტურაშვილი).
თუმცა, მკვლევართა მეორე (და უფრო სანდო) ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ თავისი მოღვაწეობის მწვერვალზე ლელა ცნობილი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ფაქტის დასადასტურებლად რამდენიმე მაგალითიც მოაქვთ:
“ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი…”
(გალაკტიონი)
“ღამე ქუჩას მი–ვუ–ყვე–ბი,
წვიმს და სევდა მე–მა–ტე–ბა”
(ლელა წურწუმია)

"წვიმს და სევდა მემატება"
“ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი?
რომელი საათია? რომელი საათია?” – გ.ტ.
“გათენებას ველოდები,
წვიმაც გადაიღებს ალბათ…” – ლ.წ.
როგორც სჩანს, გალაკტიონის სიმაღლეზე ასვლის სურვილი ბევრი სხვა შემოქმედის მსგავსად ნელ–ნელა ლელა წურწუმიაშიც გაღვივდა… >>> იხილე გაგრძელება >>>doin.ge