საზოგადოება საერთოდ არ იცნობს კოტე ყუბანეიშვილს და რა კარგია, რომ არ იცნობს...
Posted 2:54 PM by Nina in თემები ამბები.GE, ინტერვიუ, პოეზია, საზოგადოებაძალიან დიდი ხანია, რაც კოტე ყუბანეიშვილი პრესითა და ტელევიზიით არ გამოჩენილა. არ უყვარს ინტერვიუ. არც ქართული არხები უყვარს და პრესასაც არ სწყალობს. არც ის მოსწონს, რასაც დღეს აპროტესტებენ. თავად ბევრჯერ გააპროტესტა და საზოგადოებას დღემდე ახსოვს მისი გამოსვლები.
- რატომ არ ურთიერთობთ ქართულ პრესასთან?
- თქვენ ფიქრობთ, რომ ქართული პრესა საყვარელია? ადრე ჩემთან ინტერვიუები იბეჭდებოდა და სწორედ აქედან გამომდინარე არ მიყვარს. მერე სხვანაირად მიტრიალდება. ხან ჩემს საუბარს ვერ ვცნობდი. ეტყობა, არ ესმოდათ, რას ვეუბნებოდი. არაპროფესიონალიზმი ნერვებს მიშლიდა.
- ამბობენ, ახალ თაობაში პროტესტის ნაკლებობაა. ეთანხმებით ამ აზრს?
- ალბათ ისინიც დაიღალნენ. რა უნდა გააპროტესტონ? პროტესტს რაღაც აზრი ხომ უნდა ჰქონდეს.
- უახლოესი წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ხელოვანი ვნახეთ ქუჩაში გამოსული, თუმცა თქვენ მათ რიგებს არასოდეს შეერთებიხართ.
- მე ვერ ვნახე ვერც ერთი. მე ვნახე ვიღაც ნაწყენი ტიპები. თავისი ძვალი წაართვეს პაპუასს და ეწყინა, მაგრამ რამდენად ეკუთვნოდა ეს ძვალი? ამბობენ, დაშალეს უნივერსიტეტი, გაანადგურეს აკადემია, სულში ჩაგვაფურთხეს... რა სულში, სად ჰქონდათ სული? საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, რა წაგვართვეს, ან რა გვაწყენინეს, რას ვაპროტესტებთ. ერთხელ ვერ ვნახე, რომ იმას აპროტესტებდნენ, რაც გასაპროტესტებელია.
- თქვენ გამოსულიყავით...
- მე როცა მიმაჩნდა, რომ აზრი ჰქონდა, მაშინ გამოვედი და პირველმა მე ვიყვირე. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, როცა მოსაწევს არ მაწევინებდნენ, გამოვედი და ვთქვი, აი, ახლა უნდა წავიდე და მოვწიო, აბა, დამიჭირეთ-მეთქი. ეს ყველაფერი ხომ პროტესტი იყო. რაც მე მაწუხებდა, ის ვთქვი.
- ბატონო კოტე, ამბობენ, რომ დღეს არსებობენ ელიტური პოეტები. თუ იცით, ვინ არიან ისინი?
- რა ელიტა? მე ქართველი პოეტები არ ვიცი, მე საკუთარ თავს პოეტად არ მივიჩნევ. აქედან გამომდინარე, მე ვისაც ვიცნობ, ყველა ჩემზე ცუდად წერს.
- ცოცხალ პოეტებს გულისხმობთ?
- ცოცხლებსაც და მკვდრებსაც. შოთა რუსთაველს არ ვგულისხმობ. დანარჩენი, გალაკტიონების ჩათვლით, ვაჟა-ფშაველები და სხვები, ყველა ჩემზე ნაკლებად ერკვევა პოეზიაში. მე ჩემს თავს არ მივიჩნევ პოეტად და აქედან გამომდინარე მაგათ საერთოდ არ ვაღიარებ. რის პოეტები და რა პოეტები, რა ელიტა, ვერ გავიგე. რა მწერალთა კავშირი, რის კავშირი, ვისთან კავშირი, რა ხდება საერთოდ, ვინ არიან.
- ქართულ ტელევიზიებს თუ უყურებთ, ალბათ გადაცემაში რომ დაგპატიჟონ, არ მიხვალთ...
- არ ვუყურებ და არც მივალ, მაგრამ ეთერში მაინც ვხვდები. ყველა მეუბნება, სულ ტელევიზორში ხარო. საიდან, რატომ ვარ ტელევიზორში, როდინდელი კადრებია, რა ხდება...
- ალბათ საზოგადოებას ისევ აინტერესებს კოტე ყუბანეიშვილი...
- საზოგადოებას აინტერესებს, მაგრამ რა საზოგადოებაზეა ლაპარაკი. მე საქართველოში საზოგადოებას არ ვიცნობ. ვინ არის საზოგადოება. შეიძლება, ვიღაც კაი ტიპია, ჩამოვიდა, ლონდონში სწავლობდა, მაგრამ მამამ რა ფულით გაუშვა ლონდონში. ვინ არის და რატომ სწავლობს, რა უნდა, რომ ჩამოვა აქ რისი გაკეთება უნდა...
- დღეს ბევრი ქართველი იმყოფება ემიგრაციაში...
- აი, ახლაც ორმოცდაათი ქართველის ექსტრადირება მოხდა ირლანდიიდან. ქუჩაში დაიჭირეს და გამოყარეს. ამ დროს გამოდის მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, ჩვენთან უკეთესად არის ვიზები, ევროგაერთიანებაში შევდივართ. მე ამაში ვერ ვერკვევი. მე უბრალოდ მიყვარს წიგნები. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს მისი წარმოშობა. ამას იმდენი დრო მიაქვს... არადა, ეს ყველაფერი იმისთვის მინდა, რომ გავარკვიო, მე ვინ ვარ, დღეს რას ვაკეთებ.
- არ გიჭირთ საქართველოში ცხოვრება?
- როგორ არ მიჭირს. ბოლო 15 წელიწადია, ერთი სული მაქვს, აქედან გავძვრე, მაგრამ ვერ მოვახერხე. ორი შვილი მყავს რომ წავიდე, რაღაც ხომ უნდა დავუტოვო.
- ქართველ მწერლებს თქვენი კრიტიკა არ სწყინთ?
- როგორ არ სწყინთ. ჩემზე ყველა ნაწყენია, უბრალოდ, არ მეუბნებიან. მე კი მინდა, პირიქით იყოს, ხმა მომაწვდინონ, რომ გაიგონ რა აზრის ვარ. როგორი სიტუაციაც არის საქართველოში, რაც ხდება, ასეთივეა მწერლობაც. ასეთივეა ჟურნალ-გაზეთები. ხალხიც ასეთი დადის ქუჩაში და ასეთივე მთავრობა და პრეზიდენტია. ყველაფერი ერთმანეთს შეესაბამება. კიდევ კარგად ვართ რა. მშვენივრად ვართ და ეს ხალხი ტყუილად ღელავს.
- მშვენიერ ქვეყანაში გვიცხოვრია და ვერ გაგვიგია?
- ამ ხალხს მეტ შეურაცხყოფას ვეღარ მიაყენებ. სანამ საკუთარი თავის დაცვის მექანიზმი არ გამოუმუშავდებათ, არაფერი ეშველებათ. დღეს საშუალო ფენა, ბურჟუები არ არსებობენ. იყვნენ მდიდრები, მე სიმდიდრის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ მთავრობიდან მოპარული ფულით და სახელწიფოს ხარჯზე გამდიდრებული ხალხია, ფეხებზე რომ ჰკიდიათ 2013 წლამდე. მერე წავლენ თვითონ და ეს ვალები ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიხადოთ. ის ბურჟუა რომ მდიდრდებოდა, მევახშეობით მდიდრდებოდა.
- ადრე სხვანაირები ვიყავით ქართველები?
- მე მგონი, ყოველთვის ასეთი ფეხებზემკიდიები ვიყავით. ტიპებს წიგნის კითხვის მოთხოვნილება არ აქვთ. აი, დღეს ბევრი მათვალიერებინებს თავის სახლს, მეკითხებიან, აი, ეს ინტერიერი მოგწონს? თუმცა იქ ცოტა ადგილი უჭირავს წიგნებს. ძალიან ცოტა ხალხთან მაქვს საერთო, ვისთანაც შემიძლია დავჯდე და წიგნებზე ვისაუბრო.
- 1990 წელს თქვენ, ირაკლი ჩარკვიანმა და პაატა ქურდაძემ "რეაქტიული კლუბი" შექმენით. მაშინ ბევრ ახალგაზრდას მოსწონდა თქვენ პროტესტი... >>>იხილე გაგრძლება >>>