გოგი გვახარია – “ერთიანი და მრავალფეროვანი”
Posted 12:00 PM by Nina in თემები გიორგი გვახარია, კინო, კულტურა, ფილმები, ხელოვნებაავტორი: გოგი გვახარია
(ყველაზე იდეალური იდეა კინოში)
კინორეჟისორის ხელობის სწავლება, როგორც წესი, ე.წ. “კულეშოვის ეფექტით” იწყება ხოლმე. ესაა მარტივი ექსპერიმენტი, რომელიც რუსმა კინორეჟისორმა, ლევ კულეშოვმა, გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩაატარა. დაჭრა ერთი რუსული ფილმი, იმ პერიოდის კინოვარსკვლავით, ივან მოჟუხინით მთავარ როლში და მოჟუხინის ყველაზე ნეიტრალურ ახლო ხედს “მიაწება” კადრები სხვა ფილმებიდან; ერთ კადრში სუპის ცარიელი თეფში იყო წარმოდგენილი, მეორეში – ვირთხა, მესამეში – კუბო. სხვადასხვა ფილმის კადრებით აწყობილმა მონტაჟურმა ფრაზებმა ლევ კულეშოვი დაარწმუნა, რომ კადრი მხოლოდ და მხოლოდ აგურია დიდ კონსტრუქციაში, რომელსაც “ფილმი” ჰქვია, და რომ ერთი და იგივე კადრების განსხვავებულ კომბინაციებს აბსოლუტურად განსხვავებული განწყობილების შექმნა შეუძლია; დაახლოებით ისე, როგორც წინადადებაში სიტყვების გადაადგილებისას ხდება ხოლმე: მარტივ წინადადებაშიც კი ორი სიტყვის გადაადგილებამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს აზრი.
კულეშოვის ექსპერიმენტშიც ასეა – ივანე მოჟუხინი სადღაც კადრს მიღმა “იყურება”. მისი გამოსახულება არ იცვლება, მაგრამ განსხვავებულ კადრებთან “კონტაქტში” ხან დამშეულის (სუპის თეფში), ხან შეშინებულის (ვირთხა), ხანაც სასოწარკვეთილ და მგლოვიარე კაცის (კუბო) სახეს იღებს. ნათელია, რომ კინომონტაჟი ეფუძნება კონტაქტის, ურთიერთობის იდეას, რომლის თანახმად ეპიზოდის იდეა თუ კინემატოგრაფიული მხატვრული სახე უნდა ვეძებოთ არა ცალკეულ კადრებში (გამოსახულებებში), არამედ ამ კადრების კონტაქტში, ურთიერთობაში.
სერგეი ეიზენშტეინი – Sergei Eisenstein
“წერტილი, სადაც ორი მოცემულობის შეჯახებით იბადება აზრი” – წერდა ეიზენშტეინი მონტაჟზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეალური “მოცემულობა”, ის, რასაც ვხედავთ, რაც შემოსაზღვრულია დროსა და სივრცეში, მეორე “მოცემულობასთან” კონტაქტში ბადებს “არახორცშესხმულ რეალობას” – აზრს, იდეას. ლათინურ ენას რომ დავუბრუნდეთ, ეს “მოცემულობა” იგივეა, რაც “პერსონა” (persona), იდეა კი იგივე, რაც “იმაგო” (imago). “პერსონა” ჯერ მსახიობის ნიღაბს ნიშნავდა, შემდეგ მის როლს, მერე ადამიანის როლს, ”იმაგო” კი – სახიერებას, ოცნებას, წარმოდგენას; “პერსონა” – ერთი ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის, ერის, რელიგიის, კულტურის ისტორიას, რომელიც სხვა “პერსონასთან”, სხვა კულტურასთან ურთიერთობაში ქმნის “იმაგოს”, ანუ – ისევ კულეშოვის ეფექტთან პარალელს თუ მივმართავთ – იდეას, რომელიც არაა ჩადებული არც ერთ და არც მეორე “პერსონაში” (თუ კულტურაში), რომელიც მხოლოდ განსხვავებულის შეჯახებით იბადება.
20-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირში ჰეგელიანურ-მარქსისტული იდეების დისკრედიტაცია ჯერ მხოლოდ იწყებოდა… >>> იხილე გაგრძელება >>>