საწარმო

Posted 3:54 PM by Nina in თემები , , , ,

22438_1282890705607_1030279807_30904620_3585762_n

ავტორი: pulpbubble

 

- მოგესალმებით ყველას. დღეს მე გავუძღვები ექსკურსიას დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდ საწარმოში. მინდა გითხრათ, რომ თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ და ნუ დაგენანებათ ეგ ბოლო ხუთლარიანიც. აქ იხილავთ იმას, რასაც ვერავითარი წარმოსახვა ვერ გასწვდება. დიახ, ჩვენ ადამიანებს ვაწარმოებთ.

***

ვიწრო, უხილავ, კარებში მომცრო ტანის, ბაინდერით და ტელევიზორის პულტით შეიარაღებული, მამაკაცი ხუთიოდე გზააბნეულს შეუძღვა და დიდ, ტელევიზორებით მორთულ დარბაზში შეიყვანა. მამაკაცი პირველ ტელევიზორთან გაჩერდა, ჩართო და დამთვალიერებლებს პირველი ნიმუში წარუდგინა – ბექა. 23 წლის.

***

ბექა ჯერ ახალგაზრდაა. თავისებური ადამიანია. ბექას უყვარს საკუთარი თავი, სხვებიც. ბექა ბევრ ისეთ რამეს ხვდება, რასაც სხვები ვერ ხვდებიან. ბექას უნდა სხვებსაც გააგებინოს. ბექა საშიშია. ბექას უყვარს მუსიკა. ბექა მუსიკოსია. ბექას ავიწყდება სამყარო, როცა უკრავს. ბექა უკვდავია, მაგრამ მაინც მოკვდება. ოდესმე.

- მოდით ცოტა უკან დავბრუნდეთ. – და ექსკურსიათმძღოლმა კადრი უკან გადაახვია.

პატარა, წყნარი ქალაქი. ინფორმაციის ვაკუუმი. ხელოვნებისაც. მუსიკისაც, რა თქმა უნდა. ქუჩაში შემთხვევით პოულობს  აუდიო-კასეტას. ნივთი ჯერ უცხოა ბექასთვის. გახუნებულ, თეთრ ფურცელზე ცუდი კალიგრაფიით აწერია : ნირვანა. ბექა პირველად უსმენს მუსიკას. ეს რაღაც განსხვავებულია მისი რეალობისგან. ბექას მოსწონს. სხვას არავის. ბექა მარტოა. ბექა იწყებს დაკვრას. კურტი უკვე მოკვდა, ბექა ჯერ ცოცხალია.

სტოპ. უკან. ერთი შემთხვევითობა და შენ სხვა ადამიანი ხარ. რომ არა შემთხვევითობა, შენ იზრდები და მხოლოდ ღმერთს სთხოვ შემწეობას წამდაუწუმ. არ გიგზავნის. არც გჭირდება. აბარებ უნივერსიტეტში. ხდები იურისტი. ყიდულობ საშუალო ფასიან მანქანას. გაცვია ნორმალური პიჯაკი. გყავს ნათესავები, რომლებსაც დღესასწაულებზე ნახულობ. გიხარია. მუშაობ პატარ ფირმაში და სავსებით კმაყოფილი ხარ ნორმალური ცხოვრებით.

მაგრამ, ერთი შემთხვევითობა და შენ ვერ აკმაყოფილებ სტანდარტებს. ზედმეტი ხარ.

ამიტომ, უარი ეთქვას კვლავწარმოებაზე !!!

***

მეორე ტელევიზორი.

ლეონი.

ლეონი ახალგაზრდაა? არა, ლეონი სულ ახალგაზრდაა. ლეონის ცხოვრება რთულია. ლეონის თვალებში სულ სხვადასხვა ფერებია. ამიტომ ყველაფერს სხვადასხვანაირად ხედავს. გაატარო ბავშვობა ოთხმოცდაათიანების თბილისში, უკვე ნიშნავს იყო სიურეალისტი. ლეონიც სიუარეალისტია? არა, ლეონმა თვითონ მოიგონა სიურეალიზმი. ლეონი მხატვარია. ყველა ხედავს ლეონის ნახატებს? არა, მარტო ლეონმა იცის რას ხატავს.

ლეონი არასდროს იძინებს რბილ საწოლზე. ლეონს ძინავს ფერებში. უფერულ ფერებში. ზოგჯერ. ლეონს სახეზე ყველაზე მეტი საღებავი ედება. ლეონი იღვიძებს. ლეონი ყოველ დილით სახეს იწმენდს ქაღალდით. ასე ხატავს ლეონი. ყოველ დილით სხვადასხვა ლეონი იღვიძებს: კიბერწმინდანი, რეტრობუშტი, LSD-ბუდისტი, ცალთვალა მონსტრი.

ლეონის თითები არასდროს ეხება ერთმანეთს. როცა, ლეონის თითები ერთმანეთს შეეხება ლეონი გაქრება. ლეონი ყოველ საღამოს თითებს ერთმანეთის წინ აყენებს. მთვარის შუქზე ატრიალებს ჰაერში. უხილავ ღრუბლებს წიწკნის ციდან და ჩუმად ჭამს. არავინ რომ არ დაინახოს. მაგრამ ლეონის თითები მაინც არ ეხება ერთმანეთს.

ლეონი ზედმეტად ლეონია. ლეონიც საშიშია.

ამიტომ, უარი ეთქვას კვლავწარმოებაზე !!!

***

ანანა.

ანანამ სამჯერ მოპარა ცეცხლი  ზევსს. პრომეთემდე. ანანამ სამჯერვე დაუბრუნა ცეცხლი ზევსს. ანანა გულუბრყვილოა.

ანანა არაა მხატვარი. არც მუსიკოსი. არც გაეროს გენერალური მდივნობის კანდიდატი. ანანა – ანანაა. ანანას გარეშე არც ლეონის ნახატებს აქვს აზრი და არც ბექას მუსიკას. ანანა იწოვს ფერებს თვალებით და ამიტომ მას ყველაფრისფერი თვალები აქვს. ანანასთვის ერთნაირად სასიამოვნოა შპალერის ორნამენტების და სალვადორ დალის ნახატების ყურება. მთავარია მოინდომოს. ანანა ცხოვრების ხელოვანია და ამიტომ მის გარშემოც ყველაფერი ხელოვნებაა. შპალერიც კი.

ანანა არ ცეკვავს მაშინ, როცა ყველა იწყებს ცეკვას. ანანას მუსიკა განსხვავებულია. როცა დილით ნაგვის მანქანა აახმაურებს პოლიეთილენის და ბანანის ქერქის სიმფონიას, მაშინ ანანა ჰაერს ეცეკვება ვალსს. პამ-პამ-პამ-პამ-პამ.

ანანას შეუძლია ჰაერიდან შეისუნთქოს მხოლოდ ნახშირორჟანგი და ჟანგბადად აქციოს. ანანამ იცის, რომ ეს დაახრჩობს. ანანა არასდროს  ფიქრობს საკუთარ თავზე. სხვებმა რომ ისუნთქონ ანანას ჟანგბადი, სხვებიც დაიწყებენ ფიქრს. სხვებსაც შეუყვარდებათ ერთმანეთი. ამიტომ, ანანა საშიშია.

ამიტომ, უარი ეთქვას კვლავწარმოებაზე !!!

***

შემდეგი ტელევიზორი.

ეკო... >>> იხილე გაგრძელება >>> pulpbubble.wordpress.com



0 comment(s) to... “საწარმო”