აუტსაიდერის ცრემლები…

Posted 2:00 PM by anano in თემები , , , , ,

 

ავტორი – Sweety

Bookmark and Share

სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტას ყოფილმა შეყვარებულმა ერთხელ უთხრა:

- შენ ვერასდროს მიაღწევ წარმატებას, ვერასდროს აიღებ „გრემის“, შენი არცერთი სიმღერა ჰიტი არ გახდება და მეც სწორედ ამის იმედი მაქვს!

სტეფანიმ კი მიუგო:

- ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩვენ უკვე ერთად აღარ ვიქნებით, კაფეში შეხვალ და ყავასაც კი ვერ დალევ ჩემი სიმღერის მოსმენისა და ჩემი სახის დანახვის გარეშე…

* * *

ორიოდე კვირის წინ მეგობარს ვკითხე მოსწონდა თუ არა მისი სიმღერები. მისი აზრი მართლა მაინტერესებდა, მაგრამ უფრო საპასუხო შეკითხვას მოველოდი – შენ?

მინდოდა გამერკვია იმ მომენტში რას ვუპასუხებდი. უფრო სწორად – ჩემი პასუხი ერთხელ და სამუდამოდ ხმამაღლა, სიტყვებში დაბეჭდილი დამეფიქსირებინა, რადგან აგერ უკვე ერთ თვეზე მეტია ვფიქრობდი მომწონდა თუ მძულდა და აქამდე ვერ გადამეწყვიტა.

და მან დამისვა საპასუხო შეკითხვა… ჩემი პასუხი კი ისევე გაურკვეველი იყო, როგორც ფიქრები.

- რიტმებზე მეცეკვება… – მელოდია მემღერება… – გარეგნობა არ მომწონს… – ჩაცმულობა მაღიზიანებს… – მუსიკის სიღრმეს დიდად ვერ ვწვდები… – არ ვიცი… – ვერ გადამიწყვეტია მომწონს თუ არა!

გავიდა რამდენიმე დღე და იგივე მაგობარმა შემთხვევით მისი ერთ-ერთი სიმღერა ჩართო

და უცებ გონება გამინათდა! უცებ მივხვდი რას მეუბნებოდა ეს სიმღერა!

ეს იყო მოთქმა ქალისა, რომელსაც დასცინოდნენ, არ აღიარებდნენ, რომელსაც მხარს არ უჭერდნენ, რომლისაც არავის სჯეროდა, რომელსაც ყველა მახინჯად მიიჩნევდა, რომელიც დაეცა და ხელი არავინ შეაშველა…

მაგრამ ის მუდმივ წარუმატებლობებს არ შეუშინდა… გაძლიერდა, გარს ფოლადის გარსი შემოიკრა, თმა პლატინისფრად შეიღება, სქელი მაკიაჟი წაისვა, დამამცირებელ სიყვარულზე უარი თქვა, ძალები მოიკრიბა და ყველას დაუმტკიცა, რომ მას სიძნელეების გადალახვა შეუძლია და ის სხვებზე ძლიერი და წარმატებულია!

ახლა ის ჭრელი და მოულოდნელია. ახლა მის გამოჩენაზე ფანატიკოსები ექსტაზში ვარდებიან. მისი ყველა სიმღერა ჰიტია. მას უკვე ორი გრემი გადასცეს… მაგრამ ძველი ნაიარევი და ის სასოწარკვეთა, რაც წლების წინ გადაიტანა მუდამ ამ ჭრელი და ექსტრავაგანტული გარსის ქვეშ იქნება და ხანდახან… ნაირფერი ელექტრო-ნათურებით განათებულ სცენაზე მრავალმილიონიანი შოუს დასრულების შემდეგ როცა სინათლე ჩაქრება… ის იდგება სცენის ცენტრში, მხოლოდ ერთი ნათურით განათებულ სახეზე ცრემლები ჩამოუგორდება და გაიხსენებს, რომ მას ატკინეს, რომ ის დაამცირეს, რომ მას დასცინოდნენ და მან ყველას სამაგიერო გადაუხადა, ყველას დაუმტკიცა რაც შეეძლო, მაგრამ იმ ტკივილის დავიწყება მაინც ძალიან ძნელია!

ის შეიარაღდება ცეცხლითა და მახვილით! რევანშის შემდეგ კი მსხვერპლის ცხედარს მოთქმით დაიტირებს…

უცებ შემეცოდა ეს ქალი. უცებ მომინდა გულში ჩამეკრა. უცებ მივხვდი, რომ მეც შეიძლებოდა ვყოფილიყავი მის ადგილას.

მთელი მონდომებით შევეცადე ამეხსნა იმ მეგობრისთვის, რასაც ჩავწვდი. მინდოდა ისიც მიმხვდარიყო. არა მარტო ის… მინდოდა ყველასთვის ამეხსნა, ვინც კი გზად შემხვდებოდა…

უცებ მომინდა თქვენთვისაც მეთქვა, რომ ეს ქალი… ეს არაჩვეულებრივი ქალი, თავის ექსტრავაგანტულობისა და სკანდალურობის ქვეშ ყველაზე ფაქიზ და ემოციურ ბუნებას მალავდა…

მინდოდა, თქვენთვის ყველასთვის მეთხოვა, რომ შეიყვაროთ იგი!

რადგან როდესაც ის სუსტად განათებული სცენის ცენტრში როიალზე უკრავს, სიმღერის დროს ტირის და მე ვხედავ როგორ ეცემა მისი ცრემლები თეთრ კლავიშებზე!

მე მიყვარს ეს ქალი.

* * *

„ზოგიერთი ქალი ირჩევს გაჰყვეს მამაკაცს, ხოლო ზოგი – თავის ოცნებას მიჰყვება. თუკი თქვენ ოდესმე დადგებით არჩევანის წინაშე, გახსოვდეთ, თქვენი კარიერა არასდროს გეტყვით, რომ აღარ უყვარხართ.“

- ლედი გაგა

წყარო>>>sweet.ge

 



0 comment(s) to... “აუტსაიდერის ცრემლები…”