მტრის ხატი
Posted 2:01 PM by Nina in თემები demo.ge არტ-პორტალი, ომი, პოლიტიკა, რელიგია, რუსეთი, საქართველოავტორი:პაატა შამუგია
არც ისე დიდი ხნის წინ მოვიდნენ თავქარიანი პოსტმოდერნისტები და ცხვირაბზუებულ ინტელექტუალებს თავზე გადააფშვნეს ბინარული ოპოზიციები. ხალხს, რომელსაც სწამდა, რომ ჭეშმარიტების უმაღლეს მწვერვალებს ზედმიწევნით ლაშქრავდა, ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და კარგა ხანს ებრძოდა ამ, ერთი შეხედვით, ავანტიურისტულ იდეას. არადა, კი იყო, ისე, ავანტიურისტული...
და მიუხედავად იმისა, რომ აღიარებული სამეცნიერო შეხედულების თანახმად არ არსებობს კარგი და ცუდი, ბოროტი და კეთილი, (მოკლედ რომ ვთქვათ, ტრადიციული ბინარული ოპოზიციები), არამედ არსებობს კონკრეტული გარემოება, კონკრეტული წამი და კონკრეტული ადამიანი (ჰომო კონკრეტუსი:)), მიუხედავად ამისა, არსებობს ომები, დისკრიმინაცია... ნებისმიერ ომს კი თან ახლავს გამოცდილი მეტაფორა: მტერი.
და ვინ არის ეს მტერი?
ნიცშეს თანახმად, მტერი არის ღმერთი. მაგრამ ვინაიდან, (ნიცშესვე თანახმად) ის მოკვდა, განეიტრალებულია და მტერიც აღარ ეთქმის. ეგეც რომ არ იყოს, ბერძნულმა მითოსმა ასობით ღმერთი დაუნანებლად მიაბარა მიწას და ჩვენ ერთი ღმერთი (თუნდაც, ვინმეს თეორიით _ მკვდარი) როგორმე უნდა ავიტანოთ.
საქართველოს ლამისსახალხო დამცველის - დიმიტრი ლორთქიფანიძის- თანახმად, მტერი არის სექსუალური უმცირესობა.
ნებისმიერი თუნდაც საშუალო ცივილიზაციის მქონე ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, დიმიტრი ლორთქიფანიძე არის მტერი თუ არა, რასისტი მაინც.
რასისტების და ტერორისტების ვარსკვლავბიჭუნა _ ბინლადენისათვის მტერი არის ჯორჯ ბუში და სალმან რუშდი.
სალმან რუშდისათვის მტერი არ არსებობს (თვითონ ასე თქვა).
რელიგიურმა წმინდა წიგნებმა სულაც გლობალურ მოწინააღმდეგეზე ალესეს ხმალი და მოგვცეს ისეთი ინტერნაციონალური იკონი, როგორიცაა ლუციფერი, მეფისტოფელი, სატანა, კაენი, იუდა...
ბიბლია და სხვა კანონიკური წიგნები წარმოადგენდა უძველეს მედია-საშუალებებს. ღმერთი კი მედია-მაგნატი იყო, როგორიცაა, ვთქვათ, რუპერტ მერდოკი, ოღონდ მერდოკზე უფრო „ნავაროჩენი“ და ქარიზმატული.
საბაზრო ეკონომიკის პრინციპების კარგად ცოდნისა და ამავდროულად, მისი იგნორირების გამო უფალი მედია-მონოპოლისტად ჩამოყალიბდა. ანტიმონოპოლიური სამსახური დუმდა, ალბათ იმიტომ, რომ არ არსებობდა.
პიარ-მანქანა დაიქოქა, მანქანის საჭესთან ცხადია ღმერთი იჯდა, “ასტრას” ნერვიულად ექაჩებოდა და ბიბლიის მომდევნო თავისათვის დასაწერ სიუჟეტზე ფიქრობდა. სიუჟეტი ძალიან გულისამაჩუყებელი და რადიკალური უნდა ყოფილიყო. მთავარ როლში _ეშმაკი, რომელიც კაცობრიობას დაღუპვას უქადის. როგორც ჟურნალ „თბილისელების“ რესპონდენტები იტყვიან: პირველ ეფექტს „გარეგნულობა“ ახდენს და შესაბამისად, ეშმაკს კუდი, მახინჯი სიფათი და ბანჯგვლები არცერთ შემთხვევაში არ აწყენდა ნეგატიური ვიზუალური ეფექტისათვის.
ასე (ან დაახლოებით ასე) შეიქმნა საინფორმაციო ომის მთავარი კომპონენტი _ მტრის ხატი _ ეშმაკისგან.
გაგრძელება იხილეთ აქ>>> demo.ge