ტელემისტერია ქართულად
Posted 3:00 PM by Nina in თემები tavisufleba.org, გიორგი გვახარია, დაჯილდოვება, კინო, ომი, პოლიტიკა, ტელევიზიაავტორი გიორგი გვახარია
სულ არ ვაპირებდი ბლოგის გაფუჭებას ”იმედის” გადაცემით. თანაც, ვიფიქრე, ”იანეთში” ისედაც იმსჯელებენ ამ თემაზე და რა აზრი აქვს მეთქი.
”ოსკარზე” დავიწყე წერა. ვცდილობდი ამეხსნა, რატომ გაიმარჯვა ობამას ამერიკაში სრულიად მეორადმა ”გამნაღმველმა” და ვერ გაიმარჯვა ასევე სრულიად მეორადმა ”ავატარმა”... დავწერე, რომ კინოს მოყვარულები, ვისაც თუნდაც 70-იან წლებში გადაღებული კენ ლოუჩის ფილმები უნახავს, უთუოდ დამეთანხმებიან; ამერიკის კინოაკადემიის მიერ საუკეთესოდ აღიარებული ”განმნაღველი” დღეს უკვე ხავსმოკიდებული კონიუქტურაა. აი, ”ავატარს” რაც შეეხება... აქ გამიჭირდა! ბლოგისთვის განკუთვნილი სივრცე არ აღმოჩნდა საკმარისი ”სამგანზომილებიანი კინოს” ისტორიის მოყოლისთვის, იმის ახსნისთვის, რომ სტერეოკინოს საფუძვლები ჯერ კიდევ დავით კაკაბაძემ მოამზადა, მერე ეიზენშტეინმა განავითარა და ბოლოს დაგვირგვინდა დისნეილენდით, სადაც სტერეოკინოს ეფექტი არაერთ ატრაქციონზე იქმნება. შედიხარ ბნელ დარბაზში, იკეთებ სათვალეს და გგონია, რომ ტანკი, ძმები ლიუმიერების მატარებელივით, გადმოვა ეკრანიდან და გადაგჭყლიტავს.
მახსოვს, როგორ წიოდა და კიოდა ჩემი 10 წლის ძმისშვილი, პირველად რომ წავიყვანე პარიზის დისნეილენდში, ასეთი ატრაქციონის სანახავად.
ჰოდა ვწერდი ”ავატარზე”, ძმები ლიუმიერების პირველ სეანსზე, ალფრედ ჰიჩკოკზე, რომელმაც თავისი ”სასპენსებით” პირველ რიგში თავის მშობლებზე იძია შური (ასე სასტიკად რომ დასაჯეს ბავშვობაში, ასე რომ შეაშინეს)... ქშიშტოფ კიშლოვსკიზე, რომლის ფილმს ”მოკლე ფილმი მკვლელობაზე” ჩემი ერთი ფრანგი მეგობარი და კოლეგა მარილინ ფელუსი ”ყველაზე ფაშისტურ ფილმს” უწოდებს კინოს ისტორიაში... ”როგორ ბედავს მაყურებლის მანიპულაციას? რა ვერ გაიაზრა თავისი ეს არასრულფასოვნების კომპლექსი და მესიანური ვნებები” - მოთხრა ერთხელ მარილინმა... და, რასაკვირველია, ორსონ უელსი, რომელიც ამ დღეებში არაერთხელ გავიხსენეთ. ვეჭვობ, მის შესახებ რაღაც იცოდა ”იმედის” ხელმძღვანელობამაც, როცა სკანდალური ”ქრონიკის” მომზადება დაიწყო. ყურში მესმის კიდეც, როგორ იტყოდნენ: ”აი, ორსონ უელსი რომ იყო... ასიათასობით ამერიკელი რომ შეაშინა და ქუჩაში გამოიყვანა. მას მერე გახდა სახელგანთქმული.”
სხვათა შორის, ორსონ უელსმა სახელი არა ამ აქციით, არამედ თავისი კინოდებიუტით, ”მოქალაქე კეინით” მოიპოვა. ისიც, ჯერ ევროპაში. კინოაკადემიამ, ”ავატარისა” არ იყოს, არც ამ სურათისთვის -დღესდღეობით ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმისთვის - გაიმეტა ”ოსკარი”. თუმცა მთავარი ეს არაა.
მთავარი ისაა, რომ ”სამგანზომილიან კინოზე”, ”ავატარზე”, ჰიჩკოკსა და უელსზე წერისას ვერაფრით დავხურე ეს ”ფეისბუკი”, ვერაფრით დავივიწყე ის, რაც მოხდა 13 მარტს ჩემი საყვარელი მეგობრის, დათო მელიქიშვილის დაბადების დღეზე. SMS-ი მომწერა, რას იტყვი ამ ნაძირლებზეო და მე - ყოველთვის რომ მაღიზიანებდა ეს ”კოლექტიური ვნებები” (სხვა დროს ამაზეც ვილაპარაკოთ ჩემო საყვარელო მკითხველო) - ვუპასუხე, მოსკოვში, კრემლში რომ დაეწყნენ ჩვენი პოლიტიკოსები, იმაზე რატომ არ გამოხატე პროტესტი მეთქი... მერე ვიღაცას ორსონ უელსი გავახსენე, ვიღაცას ”კვერცხების აქცია” დავუწუნე... გამაცოფა იმანაც, რომ ”რას ერჩოდნენ ხალხს?”... ამას მეუბნებოდნენ ისინი, ვისაც ასეთივე ვნებით ათასჯერ აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ ისტერიული, მშიშარა, ორმაგი სტანდარტებით მოცული ქართველი ხალხი ვერასდროს იქცევა საზოგადოებად. მაგრამ ამ გაცოფებაში ჩემი მეგობრების მიმართ კითხვები არ გამჩენია; ყველა მოიქცა საკუთარი ტემპერამენტის, მრწამსის, გემოვნების მიხედვით. მე არავის ვავალდებულებ ჩემსავით ღიზიანდებოდეს ”პატიოსნების სადარაჯოზე” მდგარ მასებზე. და საერთოდ, ჩემგან განსხვავებულ ადამიანებთან მეგობრობა ძალიანაც მსიამოვნებს.
კითხვა ”რატომ?” მე მხოლოდ და მხოლოდ ამ მარაზმატული გადაცემის შემკვეთებისა და ავტორების მიმართ გამიჩნდა.
რას ელოდნენ ისინი ქართული საზოგადოებისგან? განა არ ახსოვდათ, რომ საზარელი ომის დასრულებიდან მხოლოდ წელიწადნახევარი გავიდა? უფრო მეტიც, ჩემი რწმენით, ეს ომი ჯერ არც დასრულებულა... და მისი დასრულება-არდასრულება ყოველ ჩვენგანზე, ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჩვენს გონებაზეა დამოკიდებული.
ელოდნენ თუ არა გადაცემის ავტორები ამ სურათს - გულგახეთქილ ქართულ საზოგადოებას, რომლის შესახებ, უკვე მერამდენედ გაიმეორებენ ახლა რუსები ”бежали робкие грузины“, სადღაც ევროპაში კი გაეცინებათ - რა ტელევიზიაა ასეთი, მთელი ქვეყანა რომ შეაშინაო?
დავიჯერო, ეს უნდოდათ?
იხილე ვრცლად >>> www.tavisupleba.org