სექსი ანუ სიყვარულის ანაგოგია
Posted 1:00 PM by Nina in თემები demo.ge არტ-პორტალი, პოპულარული, რელიგია, სექსი, ფსიქოლოგიაავტორი:ვეფხვია უძილაური
სექსი განვითარებული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მითია.
სექსის ისტორიის, მოდერნის, სექსისა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ უნდა მომეთხრო, მაგრამ გადავიფიქრე; უნდა მომეთხრო, მაგალითად:
— როგორ მიიღწევა სექსის გზით კოსმიური მთლიანობის განცდა;
— სექსი როგორც ზღურბლი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის; — სპირიტუალურ და სექსუალურ გამოცდილებათა ურთიერთდამამიზეზებულობა ანუ კორელაციურობა;
— საზოგადოდ, მონოთეისტური რელიგიები...
არც ღირს ლაპარაკი; ჰინდუიზმში სპირიტუალიტეტს (ე. ი. რელიგიურობას) და სექსს შორის ჩინური კედელი არაა აღმართული; ჩინური კედელი კი არა, ტყრუშული ღობეც არაა გავლებული. სექსუალური ენერგია ანუ ცეცხლი — ჰინდუს ენაზე “ტაპას” თავშეკავებისას გროვდება და საღმრთო ენერგიად ტრანსფორმირდება;
— სულის სიღრმეში არც მონოთეისტური რელიგიები მტრობენ სექსს, ისლამურ სამოთხეში კაცურ ფანტაზიას სრული გასაქანი ეძლევა, ქრისტიანულ მისტიკაში კი “სძალი”, “სასიძო” და “ქორწილი” ფიგურირებს.
— სექტები, რომლებიც რელიგიებია გამადიდებელი შუშის ქვეშ, ზოგჯერ უკიდურესად მტრობენ სექსს, მაგალითად, რუსული “სკოპცების” სექტა; ამ სექტის მამამთავარმა კონდრატი ზელივანოვმა (გარდაიცვალა 1832 წელს) თავი დაიკოდა, ე. ი. კვერცხების ამორთმევის გზით გამოისაჭურისა, რა თქმა უნდა, სასუფევლისათვის. გულუბრყვილომ სახარებაში დაწერილის დაიჯერა! მერე ასოც მოიჭრა და ჯაგებში მოისროლა; ბოლოს ის, სამივეს უარმყოფელი, მისმა ათასობით მიმდევარმა ერთდროულად მამა ღმერთად, ძედ და პეტრე III-დ აღიარა, თითქოსდა ამ სამეულიდან ერთი არ კმაროდა.
ზოგი სექტები, პირიქით, უზომოდ სურვილობენ სექსს, ორგიებს აწყობენ, სექსს შემოქმედებითად უდგებიან და რელიგიის სამსახურში აყენებენ. მთავარ მაგალითად კმარა კამა-სუტრა, ტანტრა, მანტრა, სანტრა და თუნდაც ბაბილონური საკრალური პროსტიტუცია.
— სექსისგან თავის შორს დაჭერა, ცელებატი რომაულ-კათოლიკურად და საყოველთაოდ აღიარებულად ბერული ასკეტიზმი ქრისტიანული რელიგიის წყალუხვი მდინარის ნაცადი ჯებირია. ჯებირი აგუბებს მდინარეს და წარმოიქმნება “ჰიდროელექტროსადგური”, ე. ი. გროვდება წყალი და ენერგია, რომელიც სინათლედ გვეფინება. ეს სინათლე ჩვენთან, ანუ უბრალო მრევლთან, მოდის მავთულებისა და ბოძების გზით. მავთულები და ბოძები ღვთისმსახურნია, განსაკუთრებით, ბერები.
— სხვაც ბევრი მქონდა სათქმელად, ერთი მომცრო ტრაქტატის ჩართვაც მინდოდა, სათაურით Coincidentia oppositorum... ახლა ამას ყველაფერს შევეშვები, სექსი მითია და მიტომ. ინგლისური ენით დამიზეზებული მითია. ინგლისური ენა ორსქესიანია, ბიოლოგიურ სქესს ჰქვია sex, ხოლო სოციალურს — gender. ენობრივი დიფერენცირებაა ყველაფრის თავი და ბოლო, ენა, ვითგენშტაინი, ლოგოსი და ა. შ. — სხვათა შორის, არც ფალოსის კულტს დავივიწყებდი (სექსი და აგრესია?). ინი, იანი — ჩინური; იონი, ლონგა — ინდური და ა. შ.
რაღა შორს ვიაროთ. ხევსურეთში ერთ სოფელში ქალთა სულისა და ხორცის საკურნებლად ქვის დიდი ფალოსი მდგარა; ის ამჟამად მუზეუმში ინახება.
ზემოურები აღარ გვაინტერესებს. სექსი, ერთხელაც ვიმეორებთ, მითია, გაზვიადება. სექსი რომ დასავლეთში მორალური სფეროდან გამოუშვეს, — როგორც დევს დააზეზებს ხოლმე დროდადრო ღთიშვილი, — ამაში ლომის წილი ზიგმუნდ ფროიდს მიუძღვის. მან ლიბიდო, როგორც მთავარი ადამიანური ლტოლვა, Trieb, — მთავარი თვით რელიგიის წარმოშობისთვისაც, — აღმოაჩინა და გამოკვერა ცნებები, როგორიცაა “კომპენსაცია”, “სუბლიმაცია”, “განდევნა”(Verdrängung). ამით ზიგმუნდ ფროიდმა სექსუალურობა მორალური სფეროდან ანალიზირებადი, “უცოდველი” არაცნობიერისაკენ გადაქაჩა. რა ამის პასუხია და საინტერესოა, რომ შუასაუკუნეების ევროპაში იმპოტენცია ჯადოქრობას ჰბრალდებოდა. სწორედ ამ ბრალდების საფუძველზე დაწვეს ევროპაში ბოლო ჯადოქარი 1782 წელს. ინკვიზიციის დასასრულიც ეს იყო. ერთი სიკეთე მაინც ჰქონია ინკვიზიციას: პოტენციის მხარეზე ყოფილა…
იხილეთ ვრცლად>>>
http://demo.ge/
0 comment(s) to... “სექსი ანუ სიყვარულის ანაგოგია”