ალტერნატიული ტფილისის ტექსტი
Posted 4:00 PM by Nina in თემები tavisufleba.org, თბილისი, ისტორია, მალხაზ ხარბედიაავტორი მალხაზ ხარბედია
ჯაზით დაწყებულ თემას ვაგრძელებ. დღეს ლიტერატურის ჯერია, უფრო სწორად, ტფილისური ტექსტის. მინდა შემოგთავაზოთ "ტფილისური ტექსტის" ალტერნატიული ნიმუშები. ეს მცირე ანთოლოგია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანების მიერ სხვადასხვა თეორეტულ ჭრილში წაკითხული ქალაქია.
დავიწყოთ ბორხესით, გავხურდეთ:
ხორხე ლუის ბორხესი
ტფილისი
რა არის ტფილისი?
ეს პირველ რიგში მეიდანია, სადაც დაღლილი აქლემები კლდეს აჰყურებენ.
ესაა ცეცხლების ლაბირინთი, რომელიც მამადავითიდან გადაიშლება.
სახრჩობელა მახათაზე და ცაცხვის ხე ვაკეში, ტრამვაის წრესთან. სიკვდილი და ჩრდილი, თაკარა მზე და სიგრილე.
ქოხებიანი გრძელი ქუჩა, რომლის მოქცეულ სახურავებსაც ჩამავალი მზის ბოლო სხივები ეცემა.
ეს ფოტო 1978 წელსაა ტფილისში გადაღებული. მაშინ იტალო კალვინოსა და ხორხე ლუის ბორხესს Zakaria Chichinadze Memorial Lectures-ის ფარგლებში სამ-სამჯერ მოუწიათ ტფილისურ კათედრასთან მისვლა
ტივების მისადგომი და ბევრი, ბევრი წისქვილი მტკვრის ნაპირებთან.
ჭიშკარი ბაღის ქუჩაზე, რომლის წინაც დაყუდებულმა ერთხელ მთელი ღამე გავათიე.
ერეკლე მეფის ბრინჯაოს ძეგლი, ღამით რომ პედესტალიდან ჩამოდიოდა ხოლმე და მუხრანის ხიდთან მტკვარში ხტებოდა, სადგაფუნოდ.
ტფილისი მოგონებად ქცეული ხმალია და მიწად ქცეული გალავანი.
ვიტრინა, სადაც უკანასკნელად ჩაიხედა ვაკელმა მაიამ.
დაკეტილი კაფეები, კაფეების თავზე გამოღებული ფანჯრები და კაფეს მეზობლების ღამეული გადაძახილები.
ტფილისი ქალაქია, სადაც ამბობენ, რომ სიკვდილი არ არსებობს.
აქ, მტკვრის კალაპოტში, ადრე გველეშაპი იყო გაწოლილი, დღეს კი ამ კალაპოტში დრო მიედინება. დღეს უკვე ერთ მტკვარში ორჯერ ვეღარ შეხვალ.
ტფილისი ბუკინისტია, ვისთანაც ყოველდღე ახალ საიდუმლოს ნახულობ.
მე დავიწყე ტფილისის გადაფურცვლა.
ქვიშხეთი , 1935
ესეც ტფილისელი დეკონსტრუქტივისტის, რაჟდენ ხელაიას ფრაგმენტი ცნობილი სტატიიდან, რომელიც 2001 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში Geo Urban Studies:
რაჟდენ ხელაია
ტფილისური ტექსტის შესავალი
<...> როგორც ნებისმიერ ქალაქს, ტფილისსაც აქვს თავისი ენა და მეტყველება და იგიც იმ სოციალური თუ ისტორიული სისტემებით გვესაუბრება, რომლის ფარგლებშიც “აცნობიერებდნენ” ქალაქის ქუჩები, შენობები, მოედნები, ქედები და მდინარეები (კუნძულიც კი) თავიანთ მნიშვნელობასა და ფუნქციას. “თვითგამორკვევის” ამ ხანგრძლივ პროცესში ძალზე ძნელია ერთიანი საზრისის ამოკითხვა და გარკვეული მითოლოგიური ტექსტის რეკონსტრუირება. კულტურული თვალსაზრისით ტფილისი განსხვავდება სხვა ქალაქებისგან და მისი საზრისი არაა ისეთი ერთმნიშვნელოვანი, რომ საშუალება მოგვცეს, მყარ ნიადაგზე დავაფუძნოთ “ტფილისური ტექსტი” და საერთო ნიშნებით დავახასიათოთ იგი.
ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ტფილისის შესახებ შექმნილ ტექსტებში ისეთივე სემანტიკური მთლიანობა უნდა იგრძნობოდეს, როგორიც ერთ კონკრეტულ ტექსტში და იგიც რაღაც საერთო კანონზომიერებას უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ როგორც ირკვევა, ამას ბევრი რამ უშლის ხელს, უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ არ არსებობს აღწერის ერთიანი ობიექტი და კონკრეტული ქალაქის ადგილს ამგვარ სურათში აბსტრაქტული (აზიური თუ ევროპული) ქალაქები და მისი ნიშნები იკავებენ.
ამ მრავალფეროვნების გამო ქალაქისთვის (ქალაქური ტექსტისთვის) დამახასიათებელი “ლოკალური ლექსიკონი” იმდენად ჭრელია, რომ ძნელია ტფილისური ტექსტის თემატური პარადიგმის რეკონსტრუირება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის კვლევას. სწორედ ამიტომ, ტფილისური ტექსტის კვლევა არამხოლოდ ქართველოლოგიის ფაქტად იქცევა, არამედ სომხური, რუსული, თურქული, სპარსული, ინგლისური, ამერიკული, ინდური და, თქვენ წარმოიდგინეთ, სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის სივრცესაც მოიცავს <...>.
Geo Urban Studies, 2001, Vol. 12
ეს სტატია კი ტფილისური კულტურის კვლევის გარიჟრაჟზეა დაწერილი:
გიგო მესხია
ქუთაისი – ტფილისი
ქარებიდან – ქარებამდე
ტფილისი და ქუთაისი ძველი, მაგრამ ცოცხალი თემაა. ამ ორი სახელის ურთიერთობაში იმხელა ისტორიული შინაარსი დევს, რომ ამ შინაარსის გარეშე ძნელი წარმოსადგენია ქართული ისტორია. ყოველი ქუთაისელი, რომელიც პირველად ჩამოდის დედაქალაქში, გაოცებულია ხოლმე ტფილისის თავისებურებით, დაწყებული არქაული პეიზაჟიდან, ადამიანებით დამთავრებული, სრულიად უცხო ადამიანებით. აი მაგალითად, ქუთაისში წარმოუდგენელია ასეთი ვინმე ნახოთ: