
ავტორი - როდრიგო
ჩეხი ემიგრანტის, სელმა იეშკოვას ისტორიამ (ლარს ფონ ტრიერის “სიბნელეში მოცეკვავე”), პირველად დამაფიქრა ადამიანებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ მხედველობა. რა სირთულეების გადატანა უწევთ, როგორ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ხვდებიან და რანაირი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათთან.
სელმას დაავადება ნელ-ნელა უვითარდებოდა, ნელ-ნელა კარგავდა მხედველობას და მალე სრულ წყვდიადში აღმოჩნდებოდა. სელმას დედამიწაზე არსებული ფერების აღქმა მოესწრო და ისინი მის მეხსიერებაში მუდამ იარსებებდნენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, ბავშვობიდან – მოხუცებულობამდე, წყვიადში ატარებენ ცხოვრებას.
არ ვიცი, რა უფრო მძიმეა: ის რომ გარკვეული დროის შემდეგ ბრმავდები, თუ თავიდანვე ასეთად იბადები. როგორც არ უნდა იყოს, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მათაც, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ყურადღება და თანადგომა ესაჭიროებათ.
ძალიან გამიხარდა, როდესაც გუშინ, მაკა ასათიანმა მომწერა და შემომთავაზა დავსწრებოდი კრეატიული სტუდია “iGeo”-ს მიერ ორგანიზებულ აქციას “ვიმეგობროთ უსინათლოებთან”.
აქცია დაიგეგმა 2 საათზე, რუსთაველის მეტროსთან. მაკა ერთ-ერთი ორგანიზატორია და რამდენიმე ბლოგერს, რომლებსაც აინტერესებთ სოციალური თემები დაგვიკავშირდა ამ აქციის გასაშუქებლად. შემოგვიერთდნენ გაბო, ფიქრო და ქილიპა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა: დეფი გოგიბედაშვილმა, თამარ ფხაკაძემ, თეონა დოლენჯაშვილმა და გიორგი კეკელიძემ.
მათი პირველი დავალება ასეთი იყო:
თვალახვეულები, ჯოხით ხელში, დაუხმარებლად უნდა მისულიყვნენ კინოსახლამდე.
აი, ასე საუცხოოდ გაართვეს თავი მონაწილეებმა დავალებას:
ვრცლად>>>popularpopcorn.blogspot.com

ავტორი – როდრიგო
რამდენიმე ადამიანს შევპირდი, განახებთ მეთქი სტატიას, ეს ასე ვთქვათ ჩემ პირველ ჟურნალისტიკურ-ანალიტიკურ სტატიად შეიძლება ჩაითვალოს. ლექტორისგან მივიღეთ დავალება სათაურით “წამყვანის ფენომენი”. გადავწყვიტე ბატონი გიორგი გვახარია განმეხილა. თემაში ასევე შევეხე ქართულ მედიას და ლიბერალიზაციის პროცესებს. მომყავს თემა უცვლელად:
გაკრიტიკება იოლია. ასე მგონია, ჩემი ჯგუფელების უმეტესობა რომელიმე წამყვანს “დაშხოშიანად” გაასწორებს მიწასთან და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ, მით უმეტეს, რომ ქართულ ტელესივრცეში ასეთ მოპყრობას უმეტესი “მოდელირებული” წამყვანი იმსახურებს. თუმცა ისეთი ადამიანის განხილვა, რომელიც საზოგადოებაში უფრო მეტად უარყოფით, ბუნდოვან ემოციებს აღძრავს, მისი დადებითად წარმოჩენა, ორმაგად რთულია. ვინაიდან ყველა ადამიანს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა შეუძლია (ახალი ამბავი!) და საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებს ან კანონს, ვიქნები თავისუფალი და მიუკერძოებელი ჩემს მოკრძალებულ აზრებში.
ალბათ, მიხვდით ვიზეც გადავწყვიტე თემის გაკეთება, ეს კინემატოგრაფის ქართველი კრიტიკოსი გიორგი (გოგი) გვახარიაა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გოგი ხელოვნებათმცოდნეა და არა ჟურნალისტი, მისი მოღვაწეობა, ქმედებები, გადაცემები ჟურნალისტური ჭრილითაც შესაძლებელია განიხილოს, თუნდაც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და ფორმირების საკმაო მაგალითებით.
თუკი გოგი გვახარიას სახელი სერიოზული კინოს კრიტიკასთან იგივდებოდა, ახლა ფსევდოლიბერალიზმთან, სოროსთან, ტრადიციების დამანგრეველ სიტყვებთან ასოცირდება.
საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორიის გადახედვისას და გაანალიზებისას ერთ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ: საზოგადოებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს და სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს, ჟურნალისტიკის ნაცვლად კინემატოგრაფიული გადაცემები იღებდნენ თავის თავზე. იმ ინფორმაციის ვაკუუმში, რასაც კომუნიზმი ერქვა, სწორედ ასეთი გადაცემებით მოედინებოდა ულევი საინტერესო, და ასე ვთქვათ, “უცნაური” აზრები დასავლეთიდან.
ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში არსებობდა ბატონ ოთარ სეფიაშვილის საავტორო გადაცემა “ილუზიონი”. გადაცემა 1981 წლის 1 ივნისს გავიდა პირველად ეთერში და საზოგადოების ფართო მასები მოიცვა, რაც საბჭოთა ხელისუფლებას არ გამოპარვია და რამდენჯერმე დახურეს კიდეც, თუმცა საზოგადოების მოთხოვნამ შეაჩერა პროცესი. პარადოქსია, მაგრამ 21-ე საუკუნეში, თითქოს უფრო ღია საზოგადოებაში არანაკლები პრობლემები ექმნება თანამედროვე გადაცემას “წითელი ზონა”, ოღონდ ამ შემთხვევაში თავად საზოგადოების მხრიდან.
ბატონი ოთარი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “თუ გინდა, რომ ძალიან თამამი იყო ტელეეკრანზე, უნდა იყო ან იდიოტი, ან ციცერონი. მე ჩემს თავს არც ერთს მივაკუთვნებდი და არც მეორეს. ძიებაში ვიყავი, რა განაპირობებდა ამ გადაცემის პოპულარობას.” ავტორი 1995 წელს ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად და გადაცემაც დაიხურა.
90-იან წლებში ტელეეკრანებზე გამოჩნდა გვახარიას, პირველი საავტორო გადაცემა “სარკმელი”, რომელიც პირველ არხზე საბოლოო ჯამში აკრძალეს და მთელი რიგი სკანდალები ახლდა თან. სკანდალები მოჰყვა მეორე გადაცემასაც “ფსიქო”, რომელიც რუსთავი 2-ზე გადიოდა. თუმცა ავტორის მიზანი არა “სკანდალებით” მანიპულირება იყო, არამედ საზოგადოების გამოფხიზლება, მოქმედებაში მოყვანა. ბატონი გოგი დღესაც თვლის, რომ ქვეყანაში კულტურული პოლიტიკა არ არსებობს, პრიორიტეტული მუდამ სხვა საკითხებია. ყველაზე მეტად რაც აკლია დღეს ქართულ მედიას და მომუშავე პერსონალს სწორედ ის 3 კომპონენტია, რომელიც თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა: ხარისხი, ფორმა და ნიჭიერება. ამ ყველაფრის დეფიციტი საზოგადოებას ინერტულს, უინტერესოს და ადვილად სამართავს ხდის.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, საზოგადოების ნაწილისთვის “ფსიქო” ერთადერთი ბედნიერების მომტანი გადაცემა იყო მედიასივრცეში და უმეტესობას, ისევე როგორ მე, სწორედ ამ გადაცემით დაგვამახსოვრდა ბატონი გოგი. ამის მაგალითად; ერთ-ერთ ფორუმზე შენიშნავს იუზერი: “ჩემს სტუდენტობაში “ფსიქო” იყო ერთადერთი სიხარული მედიასივრცეში, რომელსაც ველოდით და მერე, ორშაბათობით უნივერსიტეტის ბარში ვარჩევდით ხოლმე”.
როდესაც საზოგადოებაში მის გადაცემებს აკრიტიკებენ, არგუმენტების სიმწირისა და არარსებობის გამო, მის პირად ცხოვრებას გადასწვდებიან ხოლმე, თითქოს ის ჰომოსექსუალი ყოფილიყოს და ამით ამტკიცებენ, მის ყოვლად მიუღებელ პიროვნებად გამოყვანას. ეს არავის საქმე არაა და ჩემთვისაც მეათასე ხარისხოვანია, სიმართლეც რომ აღმოჩნდეს, ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება, რადგან ადამიანს ეთნიკური, სქესის, კანის ფერის და სხვა ნიშნით არ განვსაზღვრავ.
ბატონი გოგი აკეთებს ისეთ საქმეს, რომელთან ჭიდილი ან ეზარებათ, ან არ უნდათ, ან ძალა არ შესწვთ, ან ეშინიათ. ავტორი არცერთ გადაცემაშია ყალბი, ის დაფარულად საუბრობს პრობლემურ თემებზე და საზოგადოების სამსჯავროზე შეულამაზებლად გამოაქვს. დარწმუნებული ვარ, არ მოსწონს რომ ჟურნალისტური ფუნქციები შეითვისა და დიდი სიამოვნებით გააკეთებდა წმიდა კინემატოგრაფიულ გადაცემებს, სადაც პოლიტიკის ნასახიც არ იქნებოდა, მაგრამ დღევანდელი სივრცე ამის საშუალებას არ იძლევა. ბატონ გოგის უყვარს სამშობლო (აქამდე არაერთხელ წავიდოდა თუნდაც სხვა ქვეყანაში) და “წითელი ზონის” ეთერით, რომელიც 2007 წლიდან არსებობს, სურს საზოგადოების “აზროვნებით შეწუხება” და ლიბერალიზაცია.
რა არის ლიბერალიზაცია? ლიბერალად მოიაზრება ყველა, მიუხედავად მათი რელიგიური თუ სხვა ტიპის შეხედულებებისა, რომლებიც არიან დასავლეთთან ინტეგრირებულები. ეს სიტყვა იარლიყად იქცა იმ ადამიანებისთვის, რომელიც ასე ვთქვათ, თავისუფლად აზროვნებენ და ასოცირდება გარკვეულ ჯგუფთან, საზოგადოების რაღაც ნაწილთან. ტერმინის განმარტების გაუთვითცნობიერებულობას და არასწორ ინტერპრეტაციას ჟურნალ “ლიბერალის” ავტორი შორენა შავერდაშვილი ასე ხსნის: “ლიბერალიზმს საქართველოში ხელს უშლის განათლების არ ქონა, განათლება რომელიც საშუალებას გაძლევს, ორიენტირებდე რაღაც სივრცეში, სადაც ვცხოვრობთ. არ ვგულისხმობ კონკრეტული ზერაოდენობის წიგნების წაკითხვას. განათლება მხოლოდ წიოგნების კითხვას არ გულისხმობს, არამედ სწორედ ამ ორიენტაციის უნარს იმ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ.”
ვიმედოვნებ, რომ ნელ-ნელა საზოგადოებისთვის გააზრებული გახდება ეს ტერმინი და თავად დაგაწყვეტს, სურს თუ არა ასეთი ღირებულებების მატარებელ საზოგადოებაში ცხოვრება. გოგი გვახარიას მიზანი, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს მოიცავს, რომლის პრეზენტაციასაც თავისი გადაცემების საშუალებით ახერხებს. და მიუხედავად მისი არაჟურნალისტობისა, ჟურნალისტიკის ცხრა პრინციპიდად უმეტეს დებულებებს ასრულებს, და ველაზე მნიშვნელოვანს: საზოგადოებას აძლევს კრიტიკისა და მსჯელობის საშუალებას. გვაძლევს ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საკითხზე ჩამოსაყალიბებლად. რაც მეტ აზრს ვისმენთ და ვაგროვებთ გარკვეულ საკითხებზე, მით მეტად დამოუკიდებლები ვხდებით.
ბოლოს კი თემა მინდა დავასრულო ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის სიტყვებით, რომელიც ბაქოს რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტისას წარმოთქვა: “მიმაჩნია, რომ დროა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და მშვიდობიანი თანაარსებობა. ჩვენ უნდა დავძლიოთ კატეგორიული აზროვნება და ძალის პოზიციით მოქმედება.”
ავტორი: როდრიგო
“სინათლე ჩრდილის გარეშე არ არის”
იაპონური ანდაზა
მოგაბეზრეთ თავი ჩემი სიყვარულით იაპონიის მიმართ, თან როდესაც შესანიშნავი ბლოგი ემსახურება ამ ქვეყანას, მაგრამ რა ჩემი ბრალია თუკი თავისუფლ დროს მხოლოდ იაპონელი მწერლების კითხვას ვასწრებ ან მათ ცხოვრებაზე დაწერილ ნაშრომებს?
წინამდებარე წიგნი დაწერეს ვ. პრონიკოვმა და ი. ლადანოვმა იაპონელებზე. წიგნი რუსთაველზე შევიძინე, კარგა ხანია ვკითხულობდი და აი, როგორც იქნა დავასრულე და თქვენც მინდა გაგიზიაროთ.
ალბათ, იფიქრეთ კომუნისტური ელფერი დაჰკრავსო წიგნს, მაგრამ გარდა ამ ელფერისა, მნიშვნელოვან რამეებსაც გაიგებთ იაპონელებზე. წიგნში დაწვრილებითაა მიმოხილული იაპონელების ეროვნული ხასიათი, სოციალური ისტორია, ქცევის წესები, რელიგიები, ღმერთები, ბუსიდოს სული, ძენის არსი, იკებანა, ჩაის ცერემონიალი, ბონსაი, გო და ა.შ.
მოვიყვან საინტერესო ფაქტებს წიგნიდან:
იაპონურ ენაში არის ესთეტური შინაარსის მქონე სიტყვები: ჰანამი (ყვავილების ცქერით ტკბობა); ცუკიმი (მთვარის ჭვრეტით ტკბობა); იუკიმი (თოვლის ცქერით ტკბობა). ასეთი ენობრივი კატეგორიებით გამოიხატება ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.
თუკი სურვილი გაგიჩნდათ გახდეთ სინტოისტი, ამას ვერ გააკეთებთ, რადგან ყველაფერი იაპონური მხოლოდ იაპონელს ხელეწიფება. იაპონელის თვალში სასაცილოდ გამოჩნდებით, რადგან ეს რელიგია მხოლოდ ამ ერის კუთვნილებაა და სხვა ვერ გახდება მისი მიმდევარი.
იაპონელის მისწრაფება – ბეჯითად ისწავლოს, ისწავლოს და ისწავლოს – იაპონური ხასიათის საწყისშივე არის ჩადებული.
იაპონური გაგებით, ჭეშმარიტი გზა არის მშობლებისადმი სიყვარულის გამოხატვა, უფროსების პატივისცემა და რიტუალთა ჯაჭვის დაცვა. იაპონური ტრადიციის თანახმად, ასეთი გზა ადამიანის ხელთაა, შორს წასვლა საჭირო არა არის.
გზის ასეთი გაგება იაპონელებმა მემკვიდრეობით მიიღეს კონფუცის ცნობილი მოძღვრებებიდან.
ჰაძი შეიძლება გავიგოთ, როგორ მოკრძალება, კდემამოსილება, მორცხვობა. მისი შინაარსით არის განმსჭვალული იაპონელის მთელი ცხოვრება. ამბობენ, რომ იაპონელთა აბსოლუტური უმეტესობა ჰაძის აღიარებს. თუ იაპონელი უწესოდ იქცევა, მაშინ ის განიცდის ცუმის (დანაშაულის) გრძნობას.
იაპონია თვითმკვლელობების მხრივ მოწინავე პოზიციებზე იმყოფება. 1961 წელს რეგისტრირებულია 18 216 თვითმკვლელობა. ჯგუფურ თვითმკვლელობათა შორის პირველი ადგილი უცვლელად უკავიათ შეყვარებულებს. ასეთ თვითმკვლელობას სინძიუს (შეთანხმებულ თვითმკვლელობა) ანდა დეაიოსის (რომანტიკულ თვითმკვლელობა) ეძახიან…
ავტორი - როდრიგო სანტორო
საიტმა www.soultracks.com ჩაატარა გამოკითხვა “ათწლეულის საუკეთესო სოულ ალბომი”. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 25,000 ადამიანმა, რომლის უმეტესობა ამ საიტის მომხმარებელია.
სია ხმის მიცემით შედგა და გამოავლინა 100 საუკეთსო ალბომი.
სიის სათავეში აღმოჩნდა ჯილ სკოტი, რომელმაც თავისი ალბომით "Who Is Jill Scott?" 2000, საყოველთაო აღიარება დაიმსახურა და ჩემთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან ეს ალბომიც და მთელი მისი შემოქმედება ძალიან მომწონს.
ემი ვაინჰაუსიმ 27-ე ადგილი დაიკავა, ალიშა ქისიმ მე-14 და 21-ე. ასეულში მოხვდა ბიონსეც 47-ე ადგილზე.
ასე გამოიყურება ათეული:
1. Jill Scott - Who Is Jill Scott? 2000
2. Eric Benet - Love Life 2008
3. Ledisi - Lost Found 2007
4. Lalah Hathaway - Self Portrait 2008
5. India.Arie - Acoustic Soul 2001
6. Rahsaan Patterson - Wines Spirits 2007
7. Sade - Lovers Rock 2000
8. Jill Scott - Beautifully Human 2004
9. John Legend - Get Lifted 2004
10. Anthony Hamilton - Comin' from Where I'm From 2003
სრული სია ნახე აქ
ავტორი – როდრიგო სანტორო
(1908-1973)
ბიოგრაფია:
ანნა მანიანი არის უდიდესი იტალიელი მსახიობი. ის პირველი იტალიელი ქალია, რომელმაც “ოსკარი” აიღო ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
მიტოვებული ჯერ მამისგან, შემდეგ კი დედისგანაც, ანნა მანიანი იზრდებოდა დედის მშობლების მიერ რომში. ერთი პერიოდი დრამატურგიის სკოლაში დადიოდა, შემდეგ გადავიდა სან-რემოში, სადაც მოეწყო ღამის კლუბში და ვარიეტაში არასახარბიელო სიმღერებით. იქ ყურადღება მიაპყრო რეჟისორმა ჯოფრედო ალეკსანდრინმა, რომელმაც მანიანი ედიტ პიაფს მიამსგავსა. ანნა ფეთქებადი ტემპერამენტით ხასიათდებოდა და ტრადიციულ სამსახიობო მოთხოვნებში ნაკლებად ჯდებოდა: ის საკმაოდ დაბალი და მსუქანი იყო.
1938 წ. ითამაშა თავად ტარაკანოვის როლი მარიო სოლდატის ფილმში. თუმცა თეატრის სცენაზე უფრო უმართლებდა. ფილმებში მხოლოდ ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. თავისი პირველი მთავარი როლი შეასრულა დე სიკას ფილმში “ტერეზე-პარასკევს”. ვაჟის შეძენის შემდეგ მსახიობ მასიმო სერატოსგან ანნამ წელიწადი შეისვენა. თუმცა ამ დროს ჰყავდა მეუღლე ჯოფრედო ალესანდრინი და მიუხედავად იმისა, რომ სხვა მამაკაცებთან აბამდა რომანს, მხოლოდ 1950 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. ის აღიარებდა: “ჩემნაირი ქალები მხოლოდ ისეთ მამაკაცებს ემორჩილებიან, რომელთაც შეუძლიათ ბატონობა; მე არასოდეს შევხვედრილვარ ისეთს, რომელსაც ჩემი დამორჩილება შეეძლებოდა.”
1945 წ. მანიანს თავს დაატყდა საყოველთაო აღიარება. როსელინის ეპოქალურ ფილმში “რომი-ღია ქალაქი”, მან ითამაშა ფეხმძიმე ქვრივის როლი, რომელიც ტრაგიკულად ამთავრებს სიცოცხლებს რომში შემოჭრილი ნაცისტების მიერ. მისი სიკვდილის სცენა მსოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთ საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარია. ამ ფილმის შემდეგ სთავაზობდნენ უამრავ ნეორეალისტურ ფილმებში მონაწილეობას და მალე ის იტალიური კინოს სახე გახდა. კამათი მოჰყვა მის როლს როსელინის ფილმში “სიყვარული”, სადაც მან გულმართალი გლეხის როლი ითამაშა, რომელსაც გამვლელი გააუპატიურებს (გამვლელის როლს თამაშობდა ფედერიკო ფელინი).
50-იანი წლების დასაწყისისთვის მანიანს უკვე შესრულებული ჰქონდა წყება ემოციური როლებისა – დაწყებული სულიერი ტანჯვიდან, ღრმა ტკივილებიდან დამთავრებული სასაცილო კომედიებით. ამ ჩარჩოებს გასცდა ის ლუიჯი ზამპას ფილმში “დეპუტატი ანჯელინა”. ამ როლისთვის ვენეციის კინოფესტივალის პრიზი მიიღო. როსელინთან ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, მსახიობი წარმატებით მოღვაწეობდა ვისკონტისთან და რენუართან.
50-იანი წლების შუაში ნეორეალიზმი განიცდის კრიზისს, ამიტომ მანიანს ოკენისგადაღმა უწევს ფილმებში მონაწილეობის მიღება. ნახევრად ხუმრობით მსახიობმა განაცხადა: “სიკვდილივით მომბეზრდა ისტერიჩკას როლები, მუშათა კლასის მყვირალა წარმომადგენლები”. დრამატურგმა ტენეს უილიამმა მისთვის დაწერა პიესა “ვარდის ტატუ”, მაგრამ მან უარი განაცხადა ბროდვეიზე თამაშის, ინგლისური ენის კარგად არცოდნის გამო. თუმცა დათანხმდა კინოვერსიაზე გადაღებას, რამაც “ოსკარი” მოუტანა. 1957 წ. რეჟისორმა ჯორჯ კიუკორმა შესთავაზა სცენარი “ველური ქარი” და ანნას ჰოლივუდში დაბრუნება მოუწია. ამ როლისთვისაც წარადგინეს “ოსკარზე”.
მისი გვიანდელი როლებიდან აღსანიშნავია პაზოლინის ფილმი “დედა რომა”. ამ ფილმით საბჭოთა კავშირში განადიდეს ის. რუსეთში 1965 წელს გასტროლებზე იყო ჩასული. ბოლო წლებში ავადმყოფობდა, დაუსვეს კუჭქვეშაჯირკვლის კიბოს დიაგნოზი. მისი უკანასკნელი ფილმი გახდა ფელინის “რომი” 1972 წელს, სადაც საკუთარ თავს თამაშობს პატარა მონაკვეთში.
ანნა მანიანი გარდაიცვალა 1973 წლის 26 სექტემბერს 65 წლის ასაკში. დაკრძალულ იქნა როსელინების საოჯახო სასაფლაოზე, რომელსაც ბოლო წლებში შეურიგდა.
შემოქმედება:
1. პრინცესა ტარაკანოვა 1938 წ.
2. ტერეზე-პარასკევს 1941 წ.
3. მეწვრილმანე და ქალბატონი 1943 წ.
4. უკანასკნელი ვაგონი 1943 წ.
5. რომი-ღია ქალაქი 1945 წ.
6. დაცემა სიღარიბესთან 1945 წ.
7. უცნობი კაცი სან მარინოდან 1946 წ.
8. ბანდიტები 1946 წ.
9. მის წინაშე მთელი რომი ცახცახებს 1946 წ.
10. დეპუტატი ანჯელინა 1947 წ.
11. ქალის პრობლემა 1948 წ.
12. სიყვარული 1948 წ.
13. ასუნტა სპინა 1948 წ.
14. ვულკანი 1950 წ.
15. ყველაზე ლამაზი 1951 წ.
16. ოქროს კარეტა 1953 წ.
17. ვარდის ტატუ 1955 წ.
18. გამოღვიძება 1957 წ.
19. ველური ქარი 1957 წ.
20. და ველური ველური ქალი 1959 წ.
21. გაქცეული ბავშვი 1959 წ.
22. მხიარული სიცილი 1960 წ.
24. იოზეფას ძარცვა 1963 წ.
25. იტალიიდან 1965 წ.
26. სანტა ვიტორიას საიდუმლო 1969 წ.
საინტერესო ფაქტები:
1. მასთან შეხვედრის შემდეგ ტენეს უილიამსმა თქვა: ”არასოდეს მინახავს მსგავსი სილამაზის ქალი, უდიდესი თვალები, ნაღებისფერი კანი.”
2. მისი უსაყვარლესი შვილი ლუკა, ხანმოკლე რომანის შედეგია მასიმო სერატისთან.
3. დარწმუნებული იმაში რომ ვერ მიიღებდა “ოსკარს” “ვარდის ტატუში”, ის არ მივიდა დაჯილდოებაზე. რეპორტიორმა, რომელმაც გააღვიძა ის რომში, ძლივს დაარწმუნა რომ მან გაიმარჯვა და არ ხუმრობდა. “შენ ტყუი,” ვარაუდით განაცხადა ანნამ “ თუკი ეს ხუმრობაა, მე შენ მოგკლავ!”
4. იტალიელი მსახიობის ოლივია მანიანის ბებია.
5. მანიანის იტალიელი დედა მკერავი იყო. მამა ეგვიპტელი ყავდა. თუმცა ეგვიპტეში არ გაზარდა. რომში დაიბადა ბებია-პაპის ოჯახში და იქვე აღიზარდა.
6. 7 წლის ასაკში მიაბარეს სამონასტრო სკოლას, სადაც ისწავლა ფრანგული. ის ასევე მღეროდა, უკრავდა ფორტეპიანოსა და გიტარაზე.
7. იყო იპოქონდრიკი, მუდმივად ატარებდა თერმომეტრს და ტემპერატურას იმოწმებდა.
8. ანნა ამბობდა: “ცხოველები ადამიანებს მირჩევნია, ისინი არ გიმტყუნებენ.”
ავტორი - როდრიგო სანტორო
დედამიწელები
გავიხსენოთ რომ ადამიანები ვართ, მივიხედ-მოვიხედოთ და შევამჩნევთ, რომ ჩვენს გარდა კიდევ სხვა არსებებიც ბინადრობენ დედამიწაზე. ესენი არიან: ცხოველები, ფრინველები, ქვეწარმავლები, მწერები, თევზები, და მცენარეები. როგორ ვეპყრობით მათ? როგორ მდგომარეობაში ვამყოფებთ? ჩვენ მათ: ვჭამთ, ვაწვალებთ, ვკლავთ, ვიყენებთ ფუფუნების საგნად, ვერთობით მათი წვალებით (ცირკი), ვამწყვდევთ გალიაში (ზოოპარკი) და ა.შ. და ამ ყველაფრიდან ცოტაა ის ადამიანები რომლებიც, მათ უვლიან, პატრონობენ და საკუთარ მეგობრად იხდიან...
ამ პოსტის დაწერის სურვილი იდეაში მქონდა და დააჩქარა გოგი გვახარიას გადაცემამ "წითელი ზონა", რომელმაც საეთერო დრო ცხოველებს მიუძღვნა და 2009 წლის 28 ნოემბერს გავიდა პირველი არხის ეთერით. გადაცემის ბოლოს ნანახი იყო დოკუმენტური ფილმი "დედამიწელები", სადაც ასახულია შემზარავი ფაქტები ცხოველების მოპყრობის შესახებ. ფილმის ნახვის შემდეგ არამგონია რომელიმე ადამიანი გულგრილი დარჩეს ჩვენი მეგობრების მიმართ და შეიძლება ვეგეტარიანელიც კი გახდეს.
დღესდღეობით მეცნიერები იმაზე აღარ კამათობენ, რომ ისევე როგორც ადამიანი განიცდის ტკივილს, სიხარულს, შიშს, შიმშილს, წყურვილს ასევე განიცდის ცხოველიც. გარდა ამისა ადამიანის 3 შემადგენელი ნაწილიდან: ხორცი, სამშვინველი და სული, პირველი ორი ცხოველსაც გააჩნია. სწორედ ამიტომ ცხოველზე ნებისმიერი საშუალებით განხორციელებული წამების, ცემის ფაქტი დაუშვებელია. ელემენტარული ადამიანობის მხირდანაც, მაგრამ ადამიანი ხომ ყველაზე უცნაური არსებაა და ზოგჯერ ცხოველის გონიერებაზე დაბლა ეშვება თავისი ქცევით. ჩვენს ისტორიას ასეთი არაერთი ფაქტი ახსოვს. ადამიანები არ ინდობენ თავად ადამიანებს. ნაცისტებისთვის ებრაელი ერი ცხოველის მეტს არაფერს წარმოადგენდა...
ავტორი – როდრიგო სანტორო
ახალი საუკუნის დადგომა ბევრმა დედამიწის აღსასრულად ჩათვალა, მაგრამ როგორც ვიცით ეს არ მოხდა. პირიქით, დედამიწა თითქოს უკეთესობისაკენ წავიდა და არც ნიკოლ კიდმანის კინოკარიერა აეწყო ცუდად. მისი ბოლო როლი საუკუნის მუწურულს კუბრიკის "ფართოდ დახუჭულ თვალებში" 1999 წ. ვიხილეთ, სადაც უკანასკნელად უწევდა პარტნიორობას თავის ყოფილ მეუღლეს ტომ კრუზს. ფილმი სავალალო აღმოჩნდა: 11 წლიანი თანაცხოვრება დაინგრა ტომ კრუზთან, თავად ფილმის რეჟისორი გარდაიცვალა.
2000 წელი კიდმანის ცხოვრებაში დეპრესიის ხანაა, ფუჭდება ურთიერთობები ქმართან. არც რაიმე კინოროლი ჩანს. და აი, 2001 წ. 8 აგვისტოს ყველაფერი მორჩა. 9 მაისს კი სატინის გმირმა გამოაცოცხლა სამყარო, თანაც მიუზიკლი! კიდმანს მანამდე ხომ არასოდეს ეთამაშა მსგავს პროექტში: ის მღეროდა, ცეკვავდა, ხტოდა, უყვარდა! ბაზ ლურმანის ხელწერამ ფილმი შედევრად აქცია. ნიკოლი ოსკარზე წარადგინეს, თუმცა სხვას ხვდა წილად ოქროს ქანდაკება. ქერათმიანის ცხოვრებაში დადგა მარტოობის წლები, უაზრო "სიყვარულობანას", ფუჭი რომანების და ჭორების ხანა. ვიდრე 2006 წ. არ იპოვა ნამდვილი გულის რჩეული... მაგრამ მანამდე ისეთი როლები შეიქმნა, რომ აჯობებდა მარტო ყოფილიყო ჩვენი გმირი!