ლიბერალი “ანტიგოგი”

Posted 4:00 PM by anano in თემები , ,

 

ავტორი – როდრიგო

Bookmark and Share

რამდენიმე ადამიანს შევპირდი, განახებთ მეთქი სტატიას, ეს ასე ვთქვათ ჩემ პირველ ჟურნალისტიკურ-ანალიტიკურ სტატიად შეიძლება ჩაითვალოს. ლექტორისგან მივიღეთ დავალება სათაურით “წამყვანის ფენომენი”. გადავწყვიტე ბატონი გიორგი გვახარია განმეხილა. თემაში ასევე შევეხე ქართულ მედიას და ლიბერალიზაციის პროცესებს. მომყავს თემა უცვლელად:
გაკრიტიკება იოლია. ასე მგონია, ჩემი ჯგუფელების უმეტესობა რომელიმე წამყვანს “დაშხოშიანად” გაასწორებს მიწასთან და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ, მით უმეტეს, რომ ქართულ ტელესივრცეში ასეთ მოპყრობას უმეტესი “მოდელირებული” წამყვანი იმსახურებს. თუმცა ისეთი ადამიანის განხილვა, რომელიც საზოგადოებაში უფრო მეტად უარყოფით, ბუნდოვან ემოციებს აღძრავს, მისი დადებითად წარმოჩენა, ორმაგად რთულია. ვინაიდან ყველა ადამიანს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა შეუძლია (ახალი ამბავი!) და საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებს ან კანონს, ვიქნები თავისუფალი და მიუკერძოებელი ჩემს მოკრძალებულ აზრებში.


ალბათ, მიხვდით ვიზეც გადავწყვიტე თემის გაკეთება, ეს კინემატოგრაფის ქართველი კრიტიკოსი გიორგი (გოგი) გვახარიაა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გოგი ხელოვნებათმცოდნეა და არა ჟურნალისტი, მისი მოღვაწეობა, ქმედებები, გადაცემები ჟურნალისტური ჭრილითაც შესაძლებელია განიხილოს, თუნდაც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და ფორმირების საკმაო მაგალითებით.
თუკი გოგი გვახარიას სახელი სერიოზული კინოს კრიტიკასთან იგივდებოდა, ახლა ფსევდოლიბერალიზმთან, სოროსთან, ტრადიციების დამანგრეველ სიტყვებთან ასოცირდება.
საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორიის გადახედვისას და გაანალიზებისას ერთ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ: საზოგადოებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს და სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს, ჟურნალისტიკის ნაცვლად კინემატოგრაფიული გადაცემები იღებდნენ თავის თავზე. იმ ინფორმაციის ვაკუუმში, რასაც კომუნიზმი ერქვა, სწორედ ასეთი გადაცემებით მოედინებოდა ულევი საინტერესო, და ასე ვთქვათ, “უცნაური” აზრები დასავლეთიდან.
ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში არსებობდა ბატონ ოთარ სეფიაშვილის საავტორო გადაცემა “ილუზიონი”. გადაცემა 1981 წლის 1 ივნისს გავიდა პირველად ეთერში და საზოგადოების ფართო მასები მოიცვა, რაც საბჭოთა ხელისუფლებას არ გამოპარვია და რამდენჯერმე დახურეს კიდეც, თუმცა საზოგადოების მოთხოვნამ შეაჩერა პროცესი. პარადოქსია, მაგრამ 21-ე საუკუნეში, თითქოს უფრო ღია საზოგადოებაში არანაკლები პრობლემები ექმნება თანამედროვე გადაცემას “წითელი ზონა”, ოღონდ ამ შემთხვევაში თავად საზოგადოების მხრიდან.
ბატონი ოთარი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “თუ გინდა, რომ ძალიან თამამი იყო ტელეეკრანზე, უნდა იყო ან იდიოტი, ან ციცერონი. მე ჩემს თავს არც ერთს მივაკუთვნებდი და არც მეორეს. ძიებაში ვიყავი, რა განაპირობებდა ამ გადაცემის პოპულარობას.” ავტორი 1995 წელს ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად და გადაცემაც დაიხურა.
90-იან წლებში ტელეეკრანებზე გამოჩნდა გვახარიას, პირველი საავტორო გადაცემა “სარკმელი”, რომელიც პირველ არხზე საბოლოო ჯამში აკრძალეს და მთელი რიგი სკანდალები ახლდა თან. სკანდალები მოჰყვა მეორე გადაცემასაც “ფსიქო”, რომელიც რუსთავი 2-ზე გადიოდა. თუმცა ავტორის მიზანი არა “სკანდალებით” მანიპულირება იყო, არამედ საზოგადოების გამოფხიზლება, მოქმედებაში მოყვანა. ბატონი გოგი დღესაც თვლის, რომ ქვეყანაში კულტურული პოლიტიკა არ არსებობს, პრიორიტეტული მუდამ სხვა საკითხებია. ყველაზე მეტად რაც აკლია დღეს ქართულ მედიას და მომუშავე პერსონალს სწორედ ის 3 კომპონენტია, რომელიც თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა: ხარისხი, ფორმა და ნიჭიერება. ამ ყველაფრის დეფიციტი საზოგადოებას ინერტულს, უინტერესოს და ადვილად სამართავს ხდის.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, საზოგადოების ნაწილისთვის “ფსიქო” ერთადერთი ბედნიერების მომტანი გადაცემა იყო მედიასივრცეში და უმეტესობას, ისევე როგორ მე, სწორედ ამ გადაცემით დაგვამახსოვრდა ბატონი გოგი. ამის მაგალითად; ერთ-ერთ ფორუმზე შენიშნავს იუზერი: “ჩემს სტუდენტობაში “ფსიქო” იყო ერთადერთი სიხარული მედიასივრცეში, რომელსაც ველოდით და მერე, ორშაბათობით უნივერსიტეტის ბარში ვარჩევდით ხოლმე”.

როდესაც საზოგადოებაში მის გადაცემებს აკრიტიკებენ, არგუმენტების სიმწირისა და არარსებობის გამო, მის პირად ცხოვრებას გადასწვდებიან ხოლმე, თითქოს ის ჰომოსექსუალი ყოფილიყოს და ამით ამტკიცებენ, მის ყოვლად მიუღებელ პიროვნებად გამოყვანას. ეს არავის საქმე არაა და ჩემთვისაც მეათასე ხარისხოვანია, სიმართლეც რომ აღმოჩნდეს, ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება, რადგან ადამიანს ეთნიკური, სქესის, კანის ფერის და სხვა ნიშნით არ განვსაზღვრავ.
ბატონი გოგი აკეთებს ისეთ საქმეს, რომელთან ჭიდილი ან ეზარებათ, ან არ უნდათ, ან ძალა არ შესწვთ, ან ეშინიათ. ავტორი არცერთ გადაცემაშია ყალბი, ის დაფარულად საუბრობს პრობლემურ თემებზე და საზოგადოების სამსჯავროზე შეულამაზებლად გამოაქვს. დარწმუნებული ვარ, არ მოსწონს რომ ჟურნალისტური ფუნქციები შეითვისა და დიდი სიამოვნებით გააკეთებდა წმიდა კინემატოგრაფიულ გადაცემებს, სადაც პოლიტიკის ნასახიც არ იქნებოდა, მაგრამ დღევანდელი სივრცე ამის საშუალებას არ იძლევა. ბატონ გოგის უყვარს სამშობლო (აქამდე არაერთხელ წავიდოდა თუნდაც სხვა ქვეყანაში) და “წითელი ზონის” ეთერით, რომელიც 2007 წლიდან არსებობს, სურს საზოგადოების “აზროვნებით შეწუხება” და ლიბერალიზაცია.
რა არის ლიბერალიზაცია? ლიბერალად მოიაზრება ყველა, მიუხედავად მათი რელიგიური თუ სხვა ტიპის შეხედულებებისა, რომლებიც არიან დასავლეთთან ინტეგრირებულები. ეს სიტყვა იარლიყად იქცა იმ ადამიანებისთვის, რომელიც ასე ვთქვათ, თავისუფლად აზროვნებენ და ასოცირდება გარკვეულ ჯგუფთან, საზოგადოების რაღაც ნაწილთან. ტერმინის განმარტების გაუთვითცნობიერებულობას და არასწორ ინტერპრეტაციას ჟურნალ “ლიბერალის” ავტორი შორენა შავერდაშვილი ასე ხსნის: “ლიბერალიზმს საქართველოში ხელს უშლის განათლების არ ქონა, განათლება რომელიც საშუალებას გაძლევს, ორიენტირებდე რაღაც სივრცეში, სადაც ვცხოვრობთ. არ ვგულისხმობ კონკრეტული ზერაოდენობის წიგნების წაკითხვას. განათლება მხოლოდ წიოგნების კითხვას არ გულისხმობს, არამედ სწორედ ამ ორიენტაციის უნარს იმ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ.”
ვიმედოვნებ, რომ ნელ-ნელა საზოგადოებისთვის გააზრებული გახდება ეს ტერმინი და თავად დაგაწყვეტს, სურს თუ არა ასეთი ღირებულებების მატარებელ საზოგადოებაში ცხოვრება. გოგი გვახარიას მიზანი, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს მოიცავს, რომლის პრეზენტაციასაც თავისი გადაცემების საშუალებით ახერხებს. და მიუხედავად მისი არაჟურნალისტობისა, ჟურნალისტიკის ცხრა პრინციპიდად უმეტეს დებულებებს ასრულებს, და ველაზე მნიშვნელოვანს: საზოგადოებას აძლევს კრიტიკისა და მსჯელობის საშუალებას. გვაძლევს ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საკითხზე ჩამოსაყალიბებლად. რაც მეტ აზრს ვისმენთ და ვაგროვებთ გარკვეულ საკითხებზე, მით მეტად დამოუკიდებლები ვხდებით.
ბოლოს კი თემა მინდა დავასრულო ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის სიტყვებით, რომელიც ბაქოს რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტისას წარმოთქვა: “მიმაჩნია, რომ დროა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და მშვიდობიანი თანაარსებობა. ჩვენ უნდა დავძლიოთ კატეგორიული აზროვნება და ძალის პოზიციით მოქმედება.”



0 comment(s) to... “ლიბერალი “ანტიგოგი””