ზაფხულის თამაშები: თაგაობა

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , , ,

561962_price_tag3

ავტორი: ნიკო ნერგაძე

ქართველ ბლოგერებს (ალბათ არა მარტო ქართველებს, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს), აქვთ ასეთი ერთგვარი თამაში. ერთი დაწერს რამე თემაზე. ვთქვათ - რომელია ჩემი საყვარელი პოკემონი (ცხადია, მადკიპი!), ან - რატომ ვარ ასეთი რაღაცნაირი... მერე „დათაგავს“ (თუ „დათეგავს?“ რად დუმხარ, ორთოგრაფიულო ლექსიკონო?) სხვებს და იმათაც ამ თემაზე უნდა წერონ და მერე სხვები დათაგონ და ასე, ვიდრე ბლოგერთა მარაგი არ ამოიწურება. მოკლედ, ერთგვარი „შეგრჩას“ თამაშია, ან კიდევ, სკოლაში „აჩკო“ რომ იცოდნენ ხოლმე და ტუალეტში უკან ხელაფარებულს რომ უნდა გევლო. ისე, რა მაგის პასუხია, მაგრამ ზრდილობიანად ფეხსალაგს რომ ამბობენ ხოლმე, ბევრად უარესი ასოციაციები მიჩნდება, ვიდრე ტუალეტზე. ფეხსალაგის გაგონებისას სკოლის ტუალეტის სუნი მახსენდება. არადა, თითქოს დიდი ოთახი უნდა წარმოიდგინო, სადაც ფეხები ალაგია...
მოიცა, საქმეს მოვუბრუნდეთ. რაღაც ხნის წინ ასე მეც დამთაგეს. ეს „რაღაც ხანი“ კაი თვენახევრის წინ იყო, მაგრამ, მოდი, არ შევიმჩნიოთ. თემა იყო ”ქუჩაში რომ შემოგხვდეთ...“. მოკლედ, როგორც მივხვდი, უნდა დაწერო, შენი აზრით, როგორ გხედავენ სხვები, ქუჩაში რომ მოდიხარ. ჰოდა, ერთი მხრივ, როდესაც გეთამაშებიან, უნდა ითამაშო და არ დაემსგავსო ჩემს მეგობარ კოკის, რომელსაც რომ ეტყვი, მოდი, ცხრანი ვართ და მაფია ვითამაშოთო, იტყვის, მე მეზარება და არ მინდაო და გაღმა გასული თვალებით მესიჯობას გააგრძელებს. მეორე მხრივ, თემაზე, „ქუჩაში რომ შემოგხვდეთ...“ დასაწერი ბევრი არაფერი მაქვს. თუ ვინმეს აინტერესებს, მაგისთვის ფეისბუკი არსებობს. თუ მაინცდამაინც, აჰა - „ქუჩაში რომ შემოგხვდეთ დაინახავთ ზომიერად მსუქან, მელოტ აღარცთუისეახალგაზრდას, რომელიც ამოუხსნელი მიზეზებით ზიგზაგებით მოდანდალებს“ (არ ვიცი რატომ, მაგრამ სწორ ხაზზე ვერ დავდივარ). აჰა. მოვრჩი.
მაგრამ, თამაში თამაშია და, კიდევ ერთხელ, არ უნდა დავემსგავო ჩემს მეგობარ კოკის, რომელიც, თუ ეტყვი, ბარემ ოთხნი ვართ და ნამიოკობანა ვითამაშოთო, დაემსგავსება სულს, ჯერეთ უმანკოს, მხურვალე ლოცვით მიქანცებულს და მესიჯობას გააგრძელებს. ამიტომ, მოდი ჩავერთვები და მეც მოვიფიქრებ ახალ თემებს. ოღონდ ისეთებს, მარტო საკუთარი თავის აღწერა რომ არ იყოს და ერთმანეთისგან რამე ვისწავლოთ.

მამის დარიგებები, რომლებსაც ყოველთვის ვასრულებ

მამაჩემის აღმზრდელობითი მიდგომა ასეთი იყო - გაიზრდება და თავისით ისწავლის. ამის მიუხედავად, ძალიან იშვიათად, მაინც გადაწყვეტდა ხოლმე, რომ გამოცდილება გაეზიარებინა. ამ რჩევებს შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვასრულებ ხოლმე. >>> იხილე გაგრძელება >>> www.tavisupleba.org



0 comment(s) to... “ზაფხულის თამაშები: თაგაობა”