ქინძი და ქინძაობა ქართულად
Posted 6:00 PM by Nina in თემები azrebi.ge, ისტორია, იუმორი, კულინარია, კულტურა, პოპულარული, საქართველოავტორი: ლევან ბუთხუზი
გუშინდელმა გახურებულმა კამათმა მოულოდნელი შედეგი გამოიღო. უცებ მივხვდი, რომ ძირძველი ქართული ტრადიცია არ ნიშნავს, რომ ტრადიცია მაინცდამაინც ქართველების “გამოგონილია”.
ეს დაახლოებით იმას გავს, ინდოეთში ნიგვზიანი ბადრიჯანი თითქმის ქართულის გემოს რომ ატარებს. ბოლობოლო ბადრიჯანიც აზიიდან მოდის და სუნელების უმრავლესობაც, ჩვენ რომ ვხმარობთ, ინდურია. მიუხედავად ამისა, ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადება ნამდილად ქართული ტრადიციაა, რადგან ჩვენი სუფრისა და შემეცნების დიდი ნაწილი უჭირავს. აქვე, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ქართულ ძირძველობას არამარტო ეს ფაქტორი (ჩვენს კულტურაში მისი ინტეგრულობა) განსაზღვრავს, არამედ კერძში ის ინგრედიენტი, რომელსაც მხოლოდ ქართველები ვხმარობთ ასეთი რაოდენობით და რომელიც მხოლოდ საქართველოშია ასე სურველოვანი - ქინძზე ვსაუბრობ! ჰოდა იქმნება ძირძველი ტრადიციების ორი განზომილება - ინტეგრული ტრადიცია და ქართულ-სპეციფიკური ტრადიცია (ვიმეორებ, ორივე ძირძველ-ქართულია).
“პირველ სიტყვასა ზედა” რომ მოვიდე კულინარული ექსკურსი გვერდზე უნდა გადავდო და გუშინდელი კამათის საკითხს, ანუ ტრადიციის სიმყარეს დავუბრუნდე. ქართული სუფრის აკაკისეული და “სტუმართ-მასპინძლობის” ვაჟასეული ტრადიციები გადააჯიშა კომპატრიულმა ქართულმა სუფრამ და კომპარტიულმა “სტუმარ-მასპინძლობამ” რომლებსაც, თავის მხრივ ნელნელა ანაცვლებს დასავლური “ა-ლა-ფურშეტ ფართი” და რაციონალური მასპინძლობა. სინამდვილეში ამ სუქცესიურ პროცესში არაფერი საშიში და საგანგაშო არ არის, რადგან ევოლუციის ფარგლებიდან არ გადის. მაგრამ მაინც გვინდა გვქონდეს ის, რაც დროს და ევოლუციას არ ექვემდებარება. ის რაც ნამდვილად ძირძველია, რაც მხოლოდ ქართულია და ვერავინ შეგვედავება ამაში. ჰოდა, კითხვაც სწორედ ესაა.
რომელია ნამდვილად ქართული ძირძველი ტრადიცია, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა როდის წარმოიშვა, მაგრამ რომელიც უსასრულოდ ჩვენს გვერდით იქნება და, რაც მთავარია, რომელსაც ვანახებთ სამყაროს და ამაყად ვიტყვით:
“აჰა ბატონო! ამას საუკუნეებმა ვერა დააკლეს რა! ეს ნამდვილად ქართულია!”
დიახ ბატონებო! გვაქვს ასეთი ძირძველი ქართული საგანძური. თან ორი გვაქვს! ერთი ქინძივით სპეციფიკურ-ქართულია ხოლო მეორე კი ნიგვზიანი ბადრიჯანივით ინტეგრული, მაგრამ ორივე ძირძველ-ქართულია.
დოკუმენტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორივე ტრადიცია ჩვენს გვერდითაა მინიმუმ ბოლო 35 წელი (ანუ რაც მეხსიერება მაქვს) და იმედი მაქვს, რომ მას ვერანაირი საზოგადოებრივი რყევა ვერ მოერევა და დარჩება ჩვენთან უკუნითი უკუნისამდე, რადგან ჩვენი იდენტობის ფუნდამენტთა ფუნდამენტია!
ესენია:
ა) ქუჩაში ფურთხება და
ბ) ქუჩაში ჭუჭუს წვალება
ახლა, მინდა ჩემს მიერ ჩატარებულ, არცთუ მთლად ზედმიწევნით და ცოტა უხეშ, მაგრამ მაინც კვლევაზე შევჩერდე. კვლევაზე, რომელიც დამარწმუნებდა, რომ ეს ტრადიციები ნამდვილად ჩვენია და ვერც პუტინი, ვერც მიშა, ვერც ორივე გრეჩიხა კვადრატში და ვერც თავად პატრიარქი წაგვართმევს.
ორმოცამდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი. აქედან ბევრ მათგანში დიდი პერიოდის მანძილზეც მიმუშავია. ყოველ შემთხვევაში იმდენი ხანი მაინც, რომ რაღაც გარკვეული სტატისტიკურად სარწმუნო მასალა დამგროვებოდა. სწორედ ამ მასალის ანალიზმა მიმანიშნა, რომ ქუჩაში ჭუჭუს წვალება ინტეგრული ქართული ტრადიციაა, ხოლო ქუჩაში ფურთხება სპეციფიკურ-ქართული.
ზემოხსენებული 40 ქვეყნიდან მხოლოდ თურქეთში, იორდანიაში და ესპანეთში მინახავს 16-დან 30 წლამდე მამაკაცების მიერ ქუჩაში დემონსტრირებული ჭუჭუს წვალება. ეს ნიგვზიანი ბადრიჯანივითაა, წარმოიშვა სადღაც შორს, მაგრამ ჩვენთან შემოსვლისას ისე დამკვიდრდა, რომ მის გარეშე ცხოვრება ერთი დღეც კი ვერ წარმომიდგენია. თუმცა, როგორც ნიგვზიან ბადრიჯანს, ჭუჭუს ქართულად წვალებას თავისი ქართული ელფერი და ხიბლი დაჰკრავს. იქ (თურქულ-არაბულ და, ალბათ, ამ უკანასკნელის გავლენით, ესპანურ კულტურებში) ეს დემონსტრატორების ნაკლები ინდივიდუალური ჰიგიენის ბაზაზეა დამყარებული (უმარვლეს შემთხვევაში). ჩვენთან კი ნურას უკაცრავად! დგას მშვენივრად ჩაცმული, სუფთა და გაწკრიალებული (თუმცა ოდნავ გაუპარსავი) ახალგაზრდების ნახირი (ასე 4-7 კაცი), ნამდვილი (არა ბაზრობის), მაგრამ “ოპტომ” ნაყიდი და ერთ თარგზე მოჭილი “დოლჩე & გაბანას” მაისურებით, “გუჩის” ქამრებით, შუბლზე აწეული “რეი ბან”-ებით, ძერზკად ამოგდებული ჯვრებით და საშუალოდ 16,4 სიტყვის შემდეგ ერთერთი მაინც წაისრისავს ხოლმე კუტუს. არიელის მძაფრი სურნელი ძნელად მაჯერებსა, რომ დილით შხაპი არ მიიღეს ან რომ შვიდივეს ტრიქომონების არმია ეტაკათ, ამასთან ერთდროულად და უცბაშად.
აი, ჭუჭუს წაწვალება თუ თურქულ-არაბულ კულტურას ეხმიანება და ნიგვზიანი ბადრიჯნის კეთების ძირძველ ქართულ ტრადიციას გავას, ქუჩაში ფურთხება ნამდვილად ქინძია და ქინძის მოხმარების სპეციფიკურ-ქაართული ტრადიციის დარია!
რა საოცარია, თუ კუტუს წასრესვა მაინც სტანდარტული მოძრაობაა და გავს ჩვენი მეზობლების ქცევას (ანუ ქმედების ნაკლები იმპროვიზაციით გამოირჩევა), ფურთხების მეთოდი და შესრულების მანერა ისევე დაიხვეწა ათწლეულების მანძილზე და ისეთი მრავალფეროვანი გახდა, როგორც დასავლურ კულტურაში “სქეითბორდზე” სრიალი.
ღრმა ჩასუნთქვა და ხრინწიანი ამოხველება, ალბათ, კლასიკაა. ტუჩების მომრგვალება, მკვეთრი “თფუ” და გასროლა, ალბათ, სამყაროს ერთერთი საგანძურია, ხოლო ზედა ორ საჭრელ კბილს შორის ნერწყვის გამოტყორცნა ეს უკვე ყველა ხალხისა და დროის შედევრია!
და აქაც, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჯგროდ დამდგარ ახალგაზრდებს ერთროულად და უცბაშათ ეტაკათ ანორექსია ან ყველას ერთად ისეთი რამ უდევს პირში, რომ მისგან გათავისუფლება გადაულახავ სურვილს წარმოადგენს.
ეს ასე, ვთქვათ, ჯოგური ქცევის “პატერნებია”, მაგრამ რა? ინდივიდუალურ “პატერნებს” ნაკლები ხიბლი აქვთ? ნურას უკაცრავად! ქუჩაში ქალთან მოსეირნე ყმაწვილის ფურთხება (ხანდახან ისე, რომ ნერწყვი მისი კომპანიონის ფეხებთან ვარდება) ხომ დაუვიწყარო სანახაობაა! (შენიშნვა: ამ დროს ჭუჭუს სრესას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, რადგან ამ ქცევის ბაზისი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემის მოკრძალებული აზრით, ძირძველ ტრადიციაში არ უნდა იყოს. ეს უფრო ან ქალისადმი ლტოლვის გამოვლენას ჰგავს ან მამაკაცობის დემონსტრირებას და, შესაბამისად, ამ კვლევისთვის უგულვებელსაყოფია ან სხვა საკვლევი თემის საგანია).
კვლევაზე ჩამოვარდა საუბარი და მინდა აქვე გაგაფრთხილოთ: მე ერთი რიგითი ბიოლოგი ვარ და ვერ გავბედავ რაიმე ანალიზი შემოგთავაზოთ ან მიზეზები ვეძიო. მაქსიმუმი, რაც შემიძლია გავაკეთო, ესაა სტატისტიკური მასალა მოგიგროვოთ და თქვენ დაამუშავეთ. არც კვლევის შედეგების თანაავტორობაზე მაქვს პრეტენზია, მაგრამ მადლობელი ვიქნები თუ დაინტრესებული პირის მიერ გამოქვეყნებული სტაიტიის ან მონოგრაფიის სათაურში როგორმე ჩაეკვეხება სიტყვები “ქინძი” და/ან “ქინძაობა ქართულად” და სადმე კიდეში მოკრძალებით დაიწერება:
“მასალა მოგვაწოდა ლევან ბუთხუზმა”.