რკინის ფრაუ: ანგელა მერკელი

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , ,

merkel

 

indipendent1

საკუთარი კანცლერის წყალობით, რომელიც ხისტი რიტორიკითაა ცნობილი დარომელიც შინაც და უცხოეთშიც პოპულარობით სარგებლობს, გერმანია კვლავ კუნთებს ათამაშებს. როგორ მოახერხა ეს ანგელა მერკელმა? ტონი პარსონსიგვიამბობს

ორ მრისხანე პოლიტიკოს ქალს შორის მსგავსება თითქმის იმდენად ცხადია, რომ ამაზე ლაპარაკი არცაა საჭირო, მაგრამ ნამდვილად გადაიქცა კი ანგელა მერკელი ევროპის ახალ მარგარეტ ტეტჩერად?

თუ გერმანულ და ევროპულ მედიას დაეჯერება, ადვილად მივალთ იმ დასკვნამდე რომ დიახ, ის ევროპის ახალი ტეტჩერია. გერმანიის პირველ კანცლერ ქალს, ლიდერს რომელსაც ერთ დროს ”მის ევროპად” მოიხსენიებდნენ, ახლა უკვე არა მხოლოდ ბრიტანეთის ჰიპერ-კრიტიკული, არამედ მისი მშობლიური ქვეყნის პრესაც ”გერმანიის ფრაუს”, ”რკინის ლედის”  და ”მეგი მერკელსაც” კი უწოდებს.

კონსერვატორი ლიდერისთვის, რომელიც თითქოს ”გერმანიის გამაერთიანებელი კანცლერის”, მისი სახელგანთქმული წინამორბედისა და ყოფილი მენტორის ჰელმუტ კოლის პრო-ევროპული ერთობის ტრადიციებით უნდა იყოს გაჟღენთილი, ”ტეტჩერის” წოდება, ოდესმე მისთვის მიწებებულ იარლიყებს შორის, ალბათ ყველაზე უცნაური და  წინააღმდეგობრივია. ახალი მეტსახელები ბრიუსელის ევროკავშირის გასული თვის იმ სამიტზე შეთხზეს, სადაც 56 წლის ლიდერმა საბერძნეთის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით მისთვის უჩვეულოდ მკაცრი პოზიცია დაიკავა. მიუხედავად ევროპის ცენტრალური ბანკის და ეცროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების  ხმამაღალი გოდებისა, გერმანიის კანცლერმა მოახერხა და ევროზონა იძულებით დაითანხმა იმაზე, რომ საბერძნეთს ევროკავშირი ფინანსურად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუკი ქვეყანა გაკოტრების ზღვრამდე მივა და მაშინაც დახმარების პაკეტი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უნდა დააფინანსოს.

ტეტჩერისეული სიჯიუტით, მერკელმა შეხვედრა ვეტო-ს უფლებით შეიარაღებულმა დატოვა, იმ უფლებით რომელიც გერმანიას მომავალშიც მისცემს საბერძნეთისთვის გამიზნული ნებისმიერი ფინანსური დახმარების ტორპედირების საშუალებას. თითქოს ეს არ კმაროდა, მერკელმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და იმით დაიმუქრა, რომ თუ ვინმე განაგრძობს ფინანსური წესების დარღვევას, ის ევროკავშირის ურჩ წევრ-ქვეყნებს ევროზონიდან გამოაძევებს. ევროპულ სცენაზე მერკელის ამ ბოლო ქმედებამ ბევრი კომენტატორი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ გერმანიაში რაღაც შემაშფოთებელი ხდება.

ისინი ხედავენ, რომ კონტინენტის ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანა და ევროკავშირის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, თავისი და არა მთელი ევროპის ინტერესების დასაცავად, აგრესიულად ათამაშებს კუნთებს. ”ხომ არ უარყო კანცლერმა ის ძველი არგუმენტი, რომლის თანახმადაც კონტინენტის ერთიანობა მთავარი პრიორიტეტია?” – იკითხა „შპიგელმა“. ბერძნულ პრესაში მერკელს ვამპირად ხატავდნენ და ერთი გაზეთი აცხადებდა კიდეც – ”გერმანელები ევროპაში ჩვენი უმთავრესი მტრები არიან”.

მაგრამ გერმანიაში მერკელმა წარმატებას მიაღწია და  მკაცრი, უჩვეულოდ მედგარი პოზიცია საბერძნეთის ვალებთან დაკავშირებით, თავის მთავარ პოლიტიკურ გამარჯვებად გაასაღა. ბრიუსელში კამერების წინ, ტეტჩერისეულ ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი, ის საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან იდგა, იღიმოდა და აცხადებდა რომ ”ნასიამოვნებია” შედეგით, რომელიც არა მხოლოდ ევროს სტაბილურობის გარანტიად დაასახელა, არამედ ”მომავალი სავალუტო” ერთიანობის საფუძვლადაც.

როდესაც სამიტის წინ საბერძნეთის ფინანსური კრიზისი გაღრმავდა, პოპულარულმა გერმანულმა გაზეთმა იმაზე მოთქმა დაიწყო, რომ გერმანიას გაკოტრებული საბერძნეთის თავდებობა ელის. ახლა ის ბრიუსელში მერკელის გამარჯვებით ხარობს: ”ჩვენმა კანცლერმა დანარჩენ ევროპას ხმა ჩააწყვეტინა” – იგესლებოდა გაზეთი.

მერკელისთვის ეს ყველაფერი ისეთ საგარეო-პოლიტიკურ ტრიუმფად იქცა, რომელმაც ის მაშინ როდესაც ეს ყველაზე ძალიან სჭირდებოდა,  ომის შემდგომი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კანცლერად აქცია. შინ მისი პოლიტიკური იღბალი იწურება, რადგან მისი კოალიცია კონსერვატორებისა და ლიბერალების გაერთიანება, რომელიც მთავრობაში ისე აირჩიეს, როგორც ქვეყნის ”საოცნებო გუნდი”, არჩევნებიდან სულ ექვს თვეში, დაგეგმილი რეფორმების გამო გადაუწყვეტელ დისპუტში გაება, მაგრამ გარე სამყაროსთვის, მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის მერკელი დღემდე უმაღლესი მმართველია, ევროპის უგვირგვინო დედოფალთან გათანაბრებული. ამერიკულმა ”ფორბსმა” სამჯერ მიანიჭა მას მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქალის წოდება. კონტინენტზე ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერის სტატუსში ის ხელისუფლებაში უფრო დიდხანსაა, ვიდრე მისი ევროპელი პარტნიორების უმეტესობა. საფრანგეთში მას ჰიპერაქტიურ სარკოზიზე მეტად სცემენ პატივს, სარკოზიზე რომელთანაც მან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება მოახერხა. ევროპულ სცენაზე პოპულარობით, გამოცდილებითა და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური გავლენით, მერკელი ისეთ ფიგურებს ჩრდილავს, როგორიც გორდონ ბრაუნია. იმ დროს როდესაც ბრიტანეთის მთავარ არჩევნებამდე სულ ცოტა დარჩა, აღარავისთვის საიდუმლო არაა ის, რომ  ევრო-სკეპტიკოსის დევიდ კამერუნის მეთაურობით ხელისუფლებაში ტორების მოსვლის პერსპექტივას, მისი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია ერთგვარი უნდობლობითა და შეშფოთებით შეჰყურებს. ეს ანგელას პირადად აღიზიანებს, რადგან კამერუნმა შესაძლებლად მიიჩნია  ბრიტანელი კონსერვატორები, ევროპის პარლამენტის პრო-ევროპელ კონსერვატორთა ალიანსიდან, ხალხის პარტიიდან გამოეყვანა.

”კამერუნის მმართველობით, ბრიტანეთი ევროპისთვის ირელევენტური გახდება” – გასულ კვირას აი ასე განაცხადა ერთმა გერმანულმა წყარომ.

მერკელი შინ ნაკლებად დემონსტრაციულად და ნაკლებად პრეტენზიულად იქცევა, რაც მას მკვეთრად განასხვავებს მისი უშუალო წინამორბედი კანცლერისგან, კაშკაშა გერჰარდ შრიოდერისგან. მისი მუშაობის სტილის წყალობით, უმრავლესობამ უზარმაზარი, კოლექტიური შვებით ამოისუნთქა. მხოლოდ სულ ბოლო დროს გახდა შესაძლებელი იმის თქმა, რომ მერკელი როგორც სჩანს ის კანცლერია, რომელსაც გერმანელები ყოველთვის ელოდნენ. ნაციონალური ლიდერისთვის უცნაურია, მაგრამ მერკელს პოპულარობა სწორედ საერთაშორისო არენაზე მიღწეულმა წარმატებებმა მოუტანა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ის პირველი ვადით ძალიან უმნიშვნელო უპირატესობით აირჩიეს და მან თანამდებობაზე შრიოდერი შეცვალა. თითქმის მყისიერად მან ამერიკულ-გერმანული ურთიერთობების გამოსწორება იწყო, რადგან ეს ურთიერთობები, ერაყში აშშ-ს ინტერვენციისადმი კატეგორიული ოპონირებით იყო შერყეული. გარდა ამისა, მერკელმა იმით რომ გაბედა და რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა გააკრიტიკა, ბოლო მოუღო შრიოდერის კომფორტულ ურთიერთობებს რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.

მან იგივე გააკეთა ჩინეთთანაც. დიდი რვიანის სამიტზე მან, გერმანიის ეკოლოგიურად მოაზროვნე ამომრჩევლებზე აპელაციით, ნახშირბადის ემისიის სამიზნეები განსაზღვრა. ევროპაში დაამტკიცა, რომ გაწაფული მომლაპარაკებელი და რუხი კარდინალია, ისეთი რომელსაც ერთი შეხედვით გადაუწყვეტელი კონფლიქტების სულ ბოლო მომენტში მოგვარების ძალა შესწევს.

სხვა თუ არაფერი, მხოლოდ საბერძნეთის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებული მისი რეაქცია იმის დასტურია, რომ  ის მოვლენებს მართავს ისე, რომ საბოლოოდ ყველაფერი მის პოლიტიკურ მიზნებს მოხმარდეს. გერმანიაში კოლექტიური მეხსიერებიდან ვერაფერი წაშლის მოგონებებს ვაიმარის ერაზე, დროზე რომელშიც მოქალაქეები მაღაზიებთან რიგში, გაუფასურებელი რეიხსმარკებით სავსე ურიკებით იდგნენ. ამის გამეორების შიშმა აიძულა კონრად ადენაუერი, დასავლეთ- გერმანიის პირველი კანცლერი, ხმარებაში შემოეტანა ის, რაც შემდგომში ძლევამოსილ გერმანულ მარკად იქცა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ 1990-იან წლებში, ამომრჩევლები ძალიან უხალისოდ დაეთანხმნენ ჰელმუტ კოლის გადაწყვეტილებას მარკა ევროს შეეცვალა. კოლი ამტკიცებდა, რომ გერმანიისა და ევროპის გაერთიანება ერთი მედლის ორი მხარეა, ხოლო უფრო დიდი ევროპული ერთობა ევროს ნიშნავს.

როდესაც მარტის ბოლოს ბერძნული კრიზისი გამწვავდა, მერკელი ზუსტად მიხვდა რომ გლობალური ფინანსური კრიზისის დასრულებიდან სულ მცირე დროში, გერმანელი ამომრჩეველი უბრალოდ არ ისურვებდა ევროპისთვის მსხვერპლის გაღებას, მით უფრო  საბერძნეთის მხსნელის როლის შესრულებას. ”ჩვენ აღარასდროს ვიქცევით ევროპის სალაროდ” – გაჰყვიროდა ბილდი და აი მერკელი  შინ საკუთარი პოზიციის გადასარჩენად რისკზე მიდის, ”ტეფტონი ტეტჩერის” წოდებას თანხმდება  და პირველად ომის შემდგომი გერმანიის ისტორიაში ევროპაში ხისტ თამაშს იწყებს.

საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება, როგორც სჩანს, ანგელა მერკელმა თავიდანვე ისწავლა. ის ჰორსტ კესნერის ქალიშვილია, პროტესტანტი პასტორის, რომელმაც 50-იან წლებში საოცრად უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და ოჯახთან ერთად დასავლეთ-გერმანიის ქალაქ ჰამბურგიდან, კომუნისტური აღმოსავლეთ-გერმანიის ღრმა პროვინციაში საცხოვრებლად გადავიდა, სადაც შეზღუდული გონებრივი უნარების მქონე პირთა თავშესაფარს ხელმძღვანელობდა. იმდროინდელ ანგელა მერკელს დისიდენტობა შეეძლო. ”ჩემთვის ძალიან ადრე გახდა ცხადი, რომ აღმოსავლეთ-გერმანიას ფუნქციონირება არ შეეძლო” – ამბობს ის დღეს, მაგრამ ამისთვის ის ზედმეტად ამბიციური იყო.

მარგარეტ ტეტჩერივით ის სანიმუშო მოსწავლე იყო, თუმცა კომუნისტურ სახელმწიფო სკოლაში, რომელიც ქალაქ ტემპლინში, ბერლინის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ის გერმანელი ახალგაზრდობის თავისუფალ კავშირში გაწევრიანდა და თავი გამოიჩინა რუსულის, საბჭოთა ოკპუნატების საძულველი ენის სწავლაში. ერიკა ბენი რუსულის ყოფილი მასწავლებელი, რომელიც მას შინ რუსულის დამატებით გაკვეთილებს უტარებდა, იხსენებს – „ანგელა დაუჯერებლად ბეჯითი იყო. ის ახალ სიტყვებს ავტობუსის გაჩერებაზეც კი სწავლობდა. არასდროს უშვებდა შეცდომას. თავშეკავებული იყო, მაგრამ მორცხვი არ ყოფილა“  – ამბობს ის და დასძენს – „ასეთი ნიჭიერი მოსწავლე მას შემდეგ აღარ მყოლია“.

კესნერის ოჯახი აღმოსავლეთ-გერმანიის სხვა ოჯახების უმეტესობისგან განსხვავდებოდა. გონებრივად შეზღუდულ პირთა თავსეშაფარი, რომელსაც ეკლესია ხელმძღვანელობდა, კომუნიზმით ალყაშემორტყმულ, პრივილეგირებულ დასავლურ სივრცეს წარმოადგენდა. კესნერები ეკლესიის წყალობით დასავლურ გაზეთებს ყიდულობდნენ და კითხულობდნენ, ისინი მონოპოლიასაც კი თამაშობდნენ. როდესაც კესნერები ღამ-ღამობით ტელევიზორს რთავდნენ, საიდუმლო პოლიციას იმისდა მიხედვით, თუ საით იყო მიმართული მათი ანტენა, შეეძლო დასკვნა გაეკეთებინა რომ კესნერები აკრძალულ დასავლურ-გერმანულ გადაცემებს უყურებდნენ, მაგრამ ეკლესიაში ჰორსტ კესნერის პოზიციის გამო, ისინი ამას ვერაფერს მოუხერხებდნენ.

მიუხედავად ამისა ახლაგზარდა ანგელა ვერაფრთით გათავისუფლდა ზუთხიას რეპუტაციისგან. ”ის არასდროს იყო იქ, სადაც ახალგაზრდები სვამდნენ, ცურავდნენ ტბებში ან ყველაზე ახალ პოპსიმღერებს უსმენდნენ” – იგონებს მისი თანატოლი – ”როდესაც ექსკურსიაზე მივდიოდით, ის მასწავლებელებთან სამეცნიერო დისკუსიაში შედიოდა. ეს ჩვენი სამყაროს მიღმა მიმავალი გზა იყო. არასდროს მინახავს ის ბიჭთან, ყოველთვის მარტო დადიოდა” – დასძენს იგი.

ისევე როგორც მილიონობით აღმოსავლელმა გერმანელმა, ანგელა მერკელმაც მოძებნა ისეთი ნიშა, რომელმაც კომუნიზმისგან გადარჩენა ისე შეაძლებინა, რომ დიდი დარტყმები არ მიუღია. ის ლაიფციგში ქიმიის სასწავლებლად წავიდა და შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში განაგრძო. ისევე როგორც მის სხვა თანატოლ სტუდენტებს, მასაც შეეძლო  ეცხოვრა უფასოდ იმ უამრავ, ნახევრად მიტოვებულ კორპუსთაგან ერთ-ერთში, რომელიც კომუნისტური ბერლინის სახასიათო ნიშნად იქცა.

რომ არა ბერლინის კედლის დაცემა, მერკელი ალბათ აღმოსავლელ-გერმანელი მეცნიერის ერთფეროვანი ცხოვრებით იცხოვრებდა, მაგრამ კომუნიზმის კოლაფსმა მისთვის ყველაფერი შეცვალა. იმ ეიფორიულ ვითარებაში, რომელიც ბერლინის კედლის დაცემას მოჰყვა, მერკელმა მალე გამოიჩინა ინტერესი პოლიტიკისადმი. ის აღმოსავლეთ-გერმანიის პირველი და ბოლო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის პრეს-სპიკერის მოადგილე ხდება, ხოლო შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის გერმანიის კონსერვატიულ პარტიის (CDU) წევრი ხდება.

მერე კი ის იმ კაცმა შენიშნა, რომელსაც მერკელი თავის შესანიშნავ პოლიტიკურ კარიერას უნდა უმადლოდეს – ჰელმუტ კოლს. ისინი 1990 წელს პარტიის კონფერენციაზე შეხვდნენ ერთმანეთს. მერკელი ბევრი თვალსაზრისით იყო უნიკალური – ახალგაზრდა, კონსერვატიული, კომუნიზმით შეულახავი, აღმოსავლეთ-გერმანიის მოქალაქე და ქალი – იდეალური კანდიდატი აღმოსავლელ-გერმანელ კონსერვატორთა ხმების მოსაგებად. 1989 წელს ძნელი იყო ისეთი ახალგაზრდა პოლიტიკოსის მოძიება, რომელიც ამ მოდელს მოერგებოდა. კოლი მას ”მფარველურად” “Das Mädchen” (გოგონას) ეძახდა, მაგრამ ამავე დროს ურთიერთობებში, რომელიც აშკარად ორივესთვის სასარგებლო იყო, კოლმა მალე ითავა მისი მენტორისა და პრომოუტერის როლი. მალე მერკელი კოლის გარემოს დაცვის, შემდეგ ქალთა და მოზარდთა საქმეების მინისტრი და აღმოსავლეთ-გერმანიის მთავრობაში პირველი ქალი გახდა.

ყოველთვის ამბიციური, ის პარტიაშიც წინ მიიწევს. 2000 წელს, ბინძური ფინანსური სკანდალის პიკზე, რომელშიც კოლმა ღრმად შესტოპა, მერკელმა დრო იხელთა და კოლი პარტიის ლიდერის პოსტიდან გააძევა. ეს მაკიაველის საკადრისი  ოსტატობით შესრულებული გადატრიალება იყო. ახლა მერკელი იმ ახალ ცოცხად იქცა, რომელსაც ძველი გვარდია უნდა მოეშორებინა, მაგრამ კოლის გარეშე მერკელი ამდენს ვერასდროს მიაღწევდა.

უკვე ათი წელია ანგელა მერკელი გერმანელი კონსერვატორების ლიდერია. აქედან ნახევარზე მეტ ხანს მან კანცლერის პოსტზე გაატარა, მაგრამ ანგელა მერკელი, პერსონა საზოგადოების ყურადღებას გაურბის. ის და მისი ქმარი იოახიმ ზაუერი ქიმიის განდეგილი პროფესორი, აღდგენილი ბერლინის გულში, მაღალსართულიანი სახლის იმ ბინაში ცხოვრობენ, რომელიც პერგამონის მუზეუმს გადმოჰყურებს.  შაბათ-კვირას ისინი მოკირწყლული ქუჩით მიემგზავრებიან ქალაქგარეთ, ბრანდენბურგში, სოფლის კოტეჯში და იქ უჩინარდებიან.

ჩვენ ვიცით, რომ მერკელი ხანდახან ნამცხვრებს აცხობს და მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერება აქვს – ენერგიის დამზოგავ ნათურებს ხმარობს. დადის რამდენიმე ანეგდოტი, რომელიც მის ადამიანურ თვისებებზე თვალის შევლების საშუალებას გვაძლევს. ეს მაშინ წამოსცდა, როდესაც კანცლერის ოფისში პირველად შევიდა, რათა თავისი წინამორბედის და ოდესღაც მტრის, გერჰარდ შრიოდერის პორტრეტის გახსნა ეხილა – ”ვიცოდი, რომ შრიოდერის ჩამოკიდების დღეს ოდესმე მოვესწრებოდი” – გესლიანად ჩაილაპარაკა მან. ამბობენ რომ სხვა პოლიტიკოსებს ძალიან კარგად ბაძავს, მაგრამ ეს უნარი საჯაროდ არასდროს გაუმჟღავნებია. მისი პოლიტიკური გამოსვლები არ გამოირჩევა დიდი შთაგონებით, ზოგიერთმა ისიც კი შეიძლება სთქვას, რომ  მისი „სპიჩები“ საოცრად მოსაწყენია. ისინი, ჩვეულებრივ უშფოთველი სახით და თითქმის მონოტონურად წარმოითქმება. შინაარსი უფრო საუნივერსიტეტო ლექციას წააგავს ვიდრე გზავნილს, რომელმაც ქუჩაში რიგითი მოქალაქის, ან ქალების ენთუზიაზმს უნდა წაუკიდოს ცეცხლი. მის მიტინგებზე მხარდამჭერთა შორის ბევრი ქალია. უმეტესობის თქმით, ისინი აქ იმიტომ მოდიან, რომ მისით აღფრთოვანებულები არიან.

გერმანელი კანცლერის იდუმალება მისი მმართველობის სტილმაც განაპირობა. ის ბერლინში, კანცლერის ოფისში ცემენტითა და მინით ნაგები, თეთრი ფუტურისტული ყუთის მეშვიდე სართულზე, დიდ კაბინეტში მუშაობს, კონრად ადენაუერის პორტრეტის ქვეშ. მას ქალი მრჩეველების გუნდი ეხმარება, მათ „გოგოების ბანაკს“ უწოდებენ. ბანაკის საკვანძო ფიგურა ბიტე ბაუმანია, 47 წლის მკაცრი ქრისტიან-დემოკრატი მეცნიერი, რომელსაც მერკელი 1992 წელს შეხვდა, როდესაც საავადმყოფოში მოტეხილ ფეხს მკურნალობდა. ბაუმანი კანცლერის რუხი კარდინალია. მას საფრთხეების პრევენცია ევალება და ადრეული განგაშის სისტემის ფუნქციასაც ასრულებს. ბაუმანის მოვალეობა კანცლერის გამოსვლების გასწორებაცაა ისე, რომ როგორც თვითონ ამბობს, მათ გაპრიალებული ქვის სიგლუვე მიეცეს“.

როგორ ინარჩუნებს მერკელი ძალაუფლებას? 10 წლის მანძილზე, როგორც პარტიის ლიდერი  და 5 წელი კანცლერის სტატუსში, ის შეუბრალებლად უსწორდება მეტოქეებსა და ოპონონტებს. ბევრი იმასაც იტყოდა, რომ მან წარმატებით მოიცილა თავიდან კრიტიკოსები და ახლა ქვეყანას ოპოზიციის გარეშე მართავს. ოთხი წლის განმავლობაში მას გერმანელ სოციალ-დემოკრატებთან, კონსერვატორთა ტრადიციულ ოპონენტებთან ერთად კოალიციური მთავრობა ჰქონდა, მაგრამ გასული სექტემბრის არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე წარუმატებელი საქმიანობისთვის დამამცირებელი მარცხი განიცადეს. ახლა მერკელის ქრისტიან-დემოკრატების კავშირი ლიბერალებთან, თავისუფალი ბაზრის მომხრე თავისუფალ დემოკრატებთან ალიანსში მართავს ქვეყანას. ამგვარ კოალიციას ერთ დროს „საოცნებოდ“ აცხადებდნენ, მაგრამ კოალიციის წევრი პარტნიორები გადასახადების შემცირებასა და ჯანდაცვის რეფორმებთან დაკავშირებით, დაუსრულებელი დავების ჩიხში მოექცნენ. გასული თვის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ გერმანელთა 84%-ის აზრით, სამთავრობო პარტიები მუდმივად კინკლაობენ და მხოლოდ 8%-ის შეხედულებით ისინი საერთო მიზნის გარშემო არიან გაერთიანებულები.

იმაში რომ მთავრობა ნაკლებადაა პოპულარული, ბრალი ყველაზე მეტად თავისუფალ დემოკრატებს მიუძღვით. მათ სათავეში გერმანიის ხმაურიანი საგარეო საქმეთა მინისტრი უდგას. ამომრჩეველთა უმეტესობა თავისუფალ დემოკრატებს იმაში ადანაშაულებს, რომ მთავრობამ ვერ შესძლო პროგრესის მიღწევა. ამჯერად მერკელმა თავდასხმები თავიდან აიცილა და ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ვაიმარის ეპოქის შემდეგ ყველაზე მძიმე ფინანსური კრიზისის მიმდინარეობისას მას ქვეყნის გადარჩენის მისია პირადად აკისრია.

მაგრამ  შინ  მიჩნიათ, რომ მას ხედვის დეფიციტი აქვს, არ შეუძლია რეფორმების სტიმულირება, განზრახ იცილებს თავიდან პოლიტიკურად ისეთ არაკომფორტულ საკითხებს, როგორიცაა ავღანეთის ომი. ეს ყველაფერი კი უკვე კვალს სტოვებს. ამერიკულმა გაზეთმა Newsweek-მა ამას წინათ მას „ზანტი მერკელი“ უწოდა. ის უკვე ამჟღავნებს ამოუხსნელ მსგავსებას თავის ყოფილ მენტორთან, ზორბა ჰელმუტ კოლთან, რომელიც მუდამ გაურბოდა პრობლემებს. შედეგად მისი პოპულარობაც იკლებს. „ტეტჩერის“ მსგავსი მიდგომა საბერძნეთისადმი ბალანსის გამოსწორების მცდელობა იყო, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია რამდენად  იმუშავებს  ბერძნული ეკონომიკის მისეული პროექტი, ან მინიშნებები ევროს მომავალზე.

მომავალ თვეს, ის მეორედ არჩევის შემდეგ პირველი პოლიტიკური გამოცდის პირისპირ აღმოჩნდება, მისმა პარტიამ გერმანიის ყველაზე დიდი პოპულაციის მქონე მიწაზე (North Rhine Westfalia) არჩევნები უნდა გაიაროს. შედეგებმა შეიძლება იმაზე, თუ რა მიმართულება შეიძლება აირჩიოს სამომავლოდ, მას საინტერესო მითითებები მისცეს. ამ მიწაზე მთავრობა ბერლინის კონსერვატიულ-ლიბერალურ ალიანსს სარკისებურად ირეკლავს და თუ გამოკითხვების შედეგები სწორია, მაშინ მას უმრავლესობის დაკარგვის საფრთხე გაუჩნდა.

მერკელის პარტიამ მიანიშნა, რომ თუ ლიბერალები დამარცხდებიან, ის მწვანეებთან ალიანსის შექმნას გეგმავს. მერკელმა მას „სისულელე“ უწოდა იმის ვარაუდს, რომ ასეთი ალიანსი შეიძლება ნაციონალურ დონეზეც შეიქმნას, მაგრამ როგორც ერთმა კომენტატორმა შენიშნა, მისი რეაქცია იმდენად მწვავე იყო, თითქოს იმაზე წაუსწრეს, თუ როგორ გეგმავს ნაციონალური მთავრობის შექმნას მწვანეებთან  კოალიციაში და კიდევ როგორც მისმა ბიოგრაფმა Gerd Langguth-მა აღნიშნა – „არავინ უნდა შეცდეს იმის შეფასებაში, თუ რამდენად ეჭიდება ის ძალაუფლებას“.

ორიგინალი

წყარო>>>foreignpress.ge



0 comment(s) to... “რკინის ფრაუ: ანგელა მერკელი”