რას გვიშვრება ეს უნიქარდი?
Posted 3:00 PM by Nina in თემები Lord vader, ბიზნესი, საქართველო, ტექნოლოგია, ფსიქოლოგიაby Lord Vader
დაგროვების ბარათების ბუმმა რომ საქართველომდეც მოაღწია, ვინ არ იცის – ჩაიხედე საკუთარ საფულეში, და თუ იქ ერთ დაგროვების ბარათს მაინც ვერ აღმოაჩენ, ძალიან გამიკვირდება… სხვა თუ არაფერი, სტილი-ბარათი ხომ მაინცა გაქვს?
ახლა კი, “უნიქარდის” გამოჩენით, ალბათ, უნივერსალური დაგროვების ბარათ(ებ)ის ბუმიც დაიწყება. და კარგია, თუ დაიწყება.
დასავლეთში ეს იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. როდესაც მამაკაცებს საფულის საბარათე განყოფილებაში ცარიელი ადგილი არ დარჩათ და ქალები კი ხელჩანთაში უამრავ სხვა ბარათს შორის საჭირო ბარათის ძებნით დაიღალნენ – კორპორაცია Western Union-ის თანამშრომლებმა სქოთ ფეინთინმა, გეილ გალუფომ და მელანი რობერთსმა მიიღეს პატენტი “ერთგულების უნივერსალურ მეთოდიკასა და სისტემაზე” (დასავლეთში დაგროვების ბარათებს – ერთგულების ბარათები / Loyalty Cards ქვიათ).
ჰოდა დაიწყო და დატრიალდა…
ამჟამად მსოფლიოში არა ერთი კომპანიაა, რომელიც უნივერსალურ ბარათებს თავაზობს. შემოთავაზება, მცირე განსხვავებებით, ერთმანეთის მსგავსია: ზოგი – უკვე არსებულ ბარათებს კრებს ერთად, უფრო მეტი – კიდევ ახლებსაც უმატებს. ისეც არის, როდესაც ფიზიკურად არანაირი ბარათი არ გჭირდებათ – ამათგან ყველაზე თანამედროვე და რევოლუციური CardStar-ია, რომლის ამოქმედებისთვის საჭიროა სპეციალური პროგრამა თქვენს მობილურ ტელეფონში ჩატვირთოთ, რის შემდეგაც სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში მობილურის სკანირება ხდება და ქულებიც დარიცხულია (თუმცა, თითეულ ბარათზე – ცალ-ცალკე).
მოკლედ, სისტემა და მეთოდიკა მრავალფეროვანია და გამართული, ბევრგან მუშაობს და, თავისთავად, “საეჭვო” და “აფერისტული” (ინტერნეტ სივრცეში ასეთი ეჭვები ბევრი გამოითქვა) აქ არაფერია.
რა თქმა უნდა, ის საჩუქარი, რომელსაც დაგროვების ბარათზე დარიცხული ქულებით ირჩევთ, მთლად “უფასო” არ არის, მაგრამ არც მთლად ის ყველია, სათაგურში რომ დევს.
დაგროვების ბარათი ვაჭრობის წახალისებისთვისაა საჭირო და ეს გამოცდილი და ნაცადი ხერხია – ბარათის მფლობელს “აიძულებს” დახარჯოს მეტი, ვიდრე ამას ბარათის გარეშე გააკეთებდა… ძალით არა (ამიტომაც მოვიშველიე ბრჭყალები), მაგრამ ქვეცნობიერად თქვენ მეტი თანხის და უფრო ხშირად დასახარჯად ხართ განწყობილი ბარათით ხელში, ვიდრე ბარათის გარეშე. რა თქმა უნდა, გააჩნია საქონელს, ფასს, კონკურენციის დონეს, მაგრამ სხვადასხვა გამოკვლევებით ეს “საბარათე ხელგაშლილობა” 10-15%-მდეც კი აღწევს.
ცხადია, უშუალო კონკურენტების ერთ ბარათზე მიბმა, მათ გაყიდვებზე ნაკლებპოზიტიურად აისახება. მაგალითად სუპერმარკეტების ორი ქსელი (ყველამ იცის, რომელიც) საკუთარი ბარათებით თუ კლიენტს “იბამს” და კონკურენტს ართმევს, უნივერსალური ბარათით ეს “კვანძი” სუსტდება, თუმცა, შეიძლება ამუშავდეს სხვა ფაქტორი: ჩარევას რომ ჩაყოლა ჯობია – ის და კიდევ – სტატისტიკა. თუ უნივერსალური ბარათი ბევრად მეტი ადამიანის ჯიბეში აღმოჩნდება, ვიდრე ამ ორი ქსელის საკუთარი ბარათის მფლობელთა ჯამია, გაყიდვებზე გავლენა კვლავ საკმარისად პოზიტიური იქნება, საკმარისად პოზიტიური იმისთვის, რომ ის კონკურენტი, რომელიც ჯერ-ჯერობით სისტემაში ჩართვისგან თავს იკავებს, “უნიქარდს” მიუერთდეს.
დაბოლოს თავად “უნიქარდზე” – კომპანიის ხელში უნიკალური და უაღრესად ფასეული საბაზრო ინფორმაცია მოიყრის თავს – არსებული თუ პოტენციური კლიენტების ქცევის შესასწავლად კომპანიები უდიდეს თანხას და დროს ხარჯავენ…
იხილე გაგრძელება>>>lifestylebox.wordpress.com