ავტორი – anina
არსებობს სინდრომები, რომელთაც ლიტერატურული სახელები აქვთ
სინდრომი სიმპტომთა ერთიანობას ნიშნავს და მისი მკურნალობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა სამედიცინო თავისებურებებს ენიჭება. აი, სახელებს კი, როგორც უნდათ, ისე არქმევენ. სინდრომთა უმრავლესობა აღმომჩენის ან პირველი დაავადებულის სახელს ატარებს. ზოგ სინდრომს კი ლიტერატურასთან მჭიდრო კავშირი აქვს, უფრო მჭიდრო, ვიდრე პაციენტებს. და ვინ არიან ,,ლიტ-სინდრომების” პირველი პაციენტები? ექიმები და ფსიქოლოგები ასე პასუხობენ _ თავად ლიტერატურული გმირები.
1) პიტერ პენის სინდრომი
ყველაზე გავრცელებული ,,ლიტერატურული” სინდრომი პიტერ პენს უკავშირდება. ეს ის პატარა ბიჭია, რომელსაც გაზრდა არაფრის დიდებით არ სურს. ეს სინდრომი აღენიშნებათ საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მოუმწიფებელ ადამიანებს, უმეტესად მამაკაცებს. ისინი გაურბიან სოციალურ პასუხისმგებლობას და გამუდმებით საჭიროებენ დედობრივ მზრუნველობას. ამ ფენომენზე პირველად მიუთითა დენ კილიმ 1984 წელს, თავის წიგნში ,,კაცები, რომლებიც არასდროს იზრდებიან”.
2) მაუგლის სინდრომი
მაუგლის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ხალხთან ურთიერთობის პრობლემა აქვთ. ხშირ შემთხვევაში ეს მშობლების უყურადღებობითაა გამოწვეული. პაციენტებს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის აუცილებელი ჩვევები არ გააჩნიათ და არაადეკვატურად იქცევიან. იგივე სინდრომი აღენიშნებათ იმ ბავშვებსაც, რომლებიც ველურად, ადამიანებთან კონტაქტის გარეშე გაიზარდნენ.
3) კონკიას სინდრომი
იმათ, ვინც ფეხსაცმელებს კიბეზე ტოვებს, ეს სინდრომი არ აქვთ. კონკიას სინდრომი იმ ბავშვებს აღენიშნებათ, რომლებიც დედინაცვალთან ან მამინაცვალთან იზრდებიან. ისინი იგონებენ უამრავ ისტორიას, თუ როგორ დაამცირეს ისინი დედინაცვლებმა (მამინაცვლებმა). მეტი დამაჯერებლობისათვის ზოგჯერ პაციენტი თავსაც იზიანებს. სინდრომის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მხარე ისაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი საკუთარ ტყუილს იჯერებს.
4) რაპუნცელის სინდრომი.
რაპუნცელი ძმები გრიმების ერთ-ერთი ზღაპრის პერსონაჟია. სახელი შეიძლება არც გეცნოთ, მაგრამ სწორედ რაპუნცელმა დაუდო სათავე ერთ-ერთ კლასიკურ ზღაპრულ სიუჟეტს. ზღაპარში ულამაზესი ასული უკარო კოშკშია გამომწყვდეული, თმა ფანჯრიდან გადმოუშვია და თავის უფლისწულს ელოდება. რაპუნცელის სინდრომი ძალიან იშვიათი სამედიცინო მოვლენაა. მისი მთავარი გარეგანი ნიშანი არის საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, რომელსაც თმის ჩაყლაპვა იწვევს. დაავადებულები საკუთარ თმას ჭამენ. რაპუნცელის სინდრომი ძირითადად ტრიქოტილომანიით დაავადებულებში ვლინდება. ტრიქოტილომანია მანიის ერთ-ერთი სახეა და მისით შეპყრობილები გამუდმებით იგლეჯენ თმას.
5) ალისას სინდრომი
ხომ გახსოვთ ალისა? წიგნში განვითარებული ამბის განმავლობაში იგი უამრავჯერ იზრდება და პატარავდება. ალისას სინდრომი ნევროლოგიური აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც პაციენტს საკუთარი სხეულის ნაწილები ძალიან დიდი ან ძალიან მცირე ეჩვენება. ამ სინდრომს იწვევს ნარკოტიკული დამოკიდებულება, შაკიკი ან ეპილეფსია და, სამწუხაროდ, იგი განუკურნებელია.
6) დორიან გრეის სინდრომი
დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის მოთხრობის, ,,დორიან გრეის პორტრეტის” პერსონაჟს უკავშირდება. ნაწარმოების სიუჟეტი ასეთია: მიმზიდველ ყმაწვილს სიბერე ძალიან აშინებს. ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა შეელიოს საკუთარ ბრწყინვალე გარეგნობას და ინატრებს, რომ მის ნაცვლად მისი პორტრეტი დაბერდეს. ეს სინდრომი აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებიც ავადმყოფურად განიცდიან სიბერის მოახლოებას და ამის გამო, პლასტიკურ ოპერაციებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე ხდებიან დამოკიდებულნი.
ოსკარ უაილდის ნაშრომებთან კიდევ ერთი, ლედი ვინდერმერის სინდრომია დაკავშირებული. ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებს, ისევე როგორც ლედი ვინდერმერს უაილდის პიესიდან, მუდმივად ეკვრით სუნთქვა. ოტელოს სინდრომი იგივე მომაკვდინებელი ეჭვიანობაა, პიკვიკის სინდრომი კი (პიკვიკი ჩარლზ დიკენსის გმირია) ძილში სუნთქვის ხშირ შეწყვეტას გულისხმობს.
არსებობს ერთი უცნაური სინდრომიც, რომლის მატარებელსაც ეჩვენება, რომ თავადაა პერსონაჟი.
ხანდახან ისეც ხდება, რომ რომელიმე სინდრომი მხოლოდ მას შემდეგ ვლინდება, რაც მასზე ცნობილი მწერალი დაწერს. ამ შემთხვევაში თვითშთაგონებასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც ნუ წაიკითხავთ წიგნებს ზედმეტად სერიოზულად.
და როგორც ჩემი cybertwin იტყოდა:
1122: what do you think about reading books?
anina: too boring. I’d rather masturbate.
პ.ს.
ჩემი ტვინი (twin)
წყარო>>>aninaland.wordpress.com