ქართული ეროვნული იდეა
Posted 8:00 PM by Nina in თემები burusi, ისტორია, პოლიტიკა, რელიგია, საქართველოთეიმურაზ ზაქრაძე – ქართული ეროვნული იდეა
Teimuraz Zakradze – Georgian National Idea
ენა, მამული, სარწმუნოება – ამ იდეით ვიზრდებით ბოლო საუკუნის განმავლობაში და ეს სავსებით მართებულია.
მაგრამ ეს მხოლოდ აუცილებელი ფორმულაა, რომელიც სჭირდება ნებისმიერ ერს საკუთარი იდენტიფიკაციის შესანარჩუნებლად. ილიას დროინდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდებოდა გადარჩენის სახელმწიფეობრივი იდეა. ცნობილია, რომ ილია დიდ პატივს სცემდა და იზიარებდა გერმანელი ფილოსოფოსის ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის იდეებს, რომლის ენათმეცნერულ ნაშრომებს კაცობრიობა დღესაც იყენებს. საქართველოს უნდა გამოეძებნა საშუალება, რომ მონობის პირობებში გადარჩენილიყო. საეკლესიო გადმოცემით, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. იბადება ბუნებრივი კითხვა – რატომ? რატომ გვაქვს ასეთი პატივი? და რას გვავალებს ღმერთი ასეთი გამორჩეული სიყვარულით? რაშია ერის პასუხისმგებლობა? რა ნიჭის და რა დანიშნულების ქვეყანაა საქართველო?
ყველა ადამიანი იბადება თავისი გამორჩეული ნიჭით. მეორე საკითხია პოულობს თუ არ ის თავის დანიშნულებას და თუ პოულობს, აქვს თუ არა იმის ძალა, რომ ამ დანიშნულებას ემსახუროს. ერებსაც ახასიათებს ასეთივე ნიჭი და ფუნქცია. სახარებაში წერია, რომ ხალხთა განკითხვის ჟამიც დადგება. ასე რომ, ზეგარდმო ბოძებულ ნიჭზე და ტალანტზე პასუხი ადამიანებსაც მოეთხოვება და ერებსაც. დანიშნულების მოძიება “ვალდებულებაა”, მაგრამ ღმერთი არავის არ ავალდებულებს, ყველას აქვს არჩევანის უფლება. ამაშია მისი უსაზღვრო სიყვარული.
ფუნქციადაკარგულობა ვერ გააბედნიერებს ვერც ადამიანს და ვერც ერს. დღემდე ბევრი ქართველი დათა თუთაშხიასავით სიბნელეში დაეხეტება. დათამ ვერ იპოვა გამოსავალი. მისი სიკვდილიც საკუთარი შვილის ხელიდან სიმბოლურია. ახალმა თაობამ უნდა მოძებნოს ერის ფუნქცია. სავსებით სიმბოლურია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში ილია ჭავჭავაძის პორტრეტია. ილია ქართული სახელმწიფოს არქიტექტორია. “ენა, მამული, სარწმუნოება” სახელმწიფოს კონსტრუქციაა, ფორმაა. დღეს მიმდინარეობს სახელმწიფოს “კონსტრუქციული” მშენებლობა. მაგრამ ნებისმიერ ფორმას შინაარსი სჭირდება. თანამედროვე დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფოების ძირითადი ფასეულობა ადამიანია. მისი უფლებების დაცვა, მისი თვითრეალიზება და ა.შ. ეს შეადგენს ცივილიზებული ქვეყნების ყველანაირ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ ინტერესს. წარმატებული ადამიანი ნიშნავს წარმატებულ ქვეყანას. გარდა ამისა, თავად ქვეყნები თვითრეალიზებას ახდენენ. ყველა წარმატებული ქვეყანა აუცილებლად პოულობს თავის დანიშნულებას, თავის იდეალს, რომელსაც ყველა მოქალაქე “ოჯახის” წევრივით ემსახურება. როგორი შეიძლება იყოს ადამიანი თანამედროვე საქართველოში და რა არის საქართველოს დანიშნულება? ადამიანის, პიროვნების შინაარსი და საქართველოს დანიშნულება, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ისევ ჩვენი ერის უდიდესი ადამიანების შემოქმედებით მემკვიდრეობაში მოიძიება.
ათასწლეულზე გადებული ხიდი შოთადან ვაჟამდე და ილიამდე მხოლოდ ახლა გამოიკვეთა, როდესაც ქვეყანამ თავისუფლება მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. მხოლოდ თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი ტალანტის გამოვლინება. ჩემთვის ალუდა ქეთელაურის პიროვნული დახასიათება: “ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი. საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი….”. რუსთაველის პიროვნული მოდელის იდენტურია: “მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა…”. უფრო მეტიც, ალუდამ მტრის ღირსების დაფასებით ცივილიზაციისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. მაშ ასე, თუნდაც, ქართული ეროვნული სამოსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართველისთვის სრულიად გამოირიცხულია სიმსუქნე და ღიპი. დავით გურამიშვილმა მაგდებურგის ციხის მერე გაკვირვებულმა დაწერა: “..ვნახე კაცნი მაკენი…”. ტანადები იყვნენ ქართველნი. ჩოხას და კაბას ღიპი არ უხდება! მაგრამ შინაარსი? რა თვისებებიც უნდა ახასიათებდეს პიროვნებას, სულ თავზარდამცემია: “სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა”. და ამავე დროს: “ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა”. ასეთი “ძნელია” ქართველობა…
გაგრძელება იხილეთ აქ>>> burusi.wordpress.com