ავტორი: ლევან ფრუიძე
ქართველ ხალხს ღვინის დაყენების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. საუკუნეთა მანძილზე ჩვენი სამშობლოს თითოეულ კუთხეში გამომუშავდა ყოველმხრივ დახვეწილი ვაზის ჯიშები, რომელთაც ძირითადად განაპირობებს ცალკეული ტიპის საუკეთესო ღვინოების წარმოება. რქაწითელი, საფერავი, ოჯალეში, ჩხავერი, ცოლიკოური, ალექსანდრეული, უსახელოური, ჩინური და სხვ. ქართველი მევენახის ღრმა ემპირიული ცოდნისა და უდიდესი შემოქმედებითი პოტენციის ნაყოფია. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ თითოეულ ცნობილ ჯიშს თან სდევს ღვინის დაყენების განსაკუთრებული წესი, რომელიც ხშირად მოცემული ჯიშის გავრცელების არეალს არ სცილდება. ყოველივე ეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის უაღრესად დასპეციალიზებაზე მეტყველებს. ამიტომ არის საქართველო მიჩნეული ვაზის კულტურის კლასიკურ ქვეყნად. ბუნებრივია ასეთ ქვეყანაში ღვინის ღირსება-ნაკლის შეფასების ხელოვნება ძველი დროიდანვე მაღალ დონეზე იდგა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამეფო კარზე მეღვინეთ-უხუცესს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ამ თანამდებობას პირველად თამარ მეფის ისტორიკოსი იხსენიებს (ქართლის ცხოვრება. II, თბ., 1959, გვ. 55.), მაგრამ როგორც აკად. ი. ჯავახიშვილი მიუთითებს, მეღვინეთ-უხუცესობა საქართველოში უფრო ძველი მოხელეობა უნდა ყოფილიყო (ი. ჯავახიშვილი. ქართული სამართლის ისტორია. წ. II, ნაკვ. I. 1928. გვ. 190). რა თქმა უნდა, მეღვინეთ-უხუცესად ღვინის ავკარგის მცოდნე დაწინაურდებოდა. მართლაც, ზოგი მათგანი თავისი საქმის ნამდვილი ვირტუოზი იყო. ასე მაგალითად: "გურიელს ერთი მეღვინეთ-უხუცესი ჰყოლია გვარად ანთაძე. კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების გამოცნობაში, რითაც თავი დიდად მოჰქონდა თურმე გურიელსა. ერთხელ სასახლეში უცხო სტუმრებთან ჩამოვარდნილა მის შესახებ ლაპარაკი და გადაუწყვეტიათ, გამოვცადოთო. აურევიათ ერთმანეთში სამნაირი ღვინო: 2/5 ფერსათული (სოფელია), 2/5 ოსეთური (სოფელია) და 1/5 ჩაქვური. მოუხმიათ მეღვინეთუხუცესი ანთაძე და უთქვამთ – გამოიცანიო. იმასაც გემო უნახავს თუ არა, შემდეგი პასუხი მოუხსენებია მთავრისათვის:
"ფერად ფერსათულიო,
გემოდ ოსეთურიო,
ცოტას მოიჩაქურებსო”. (თ. სახოკია. მოგზაურობანი. თბ. 1950, გვ. 90.)
მსგავსი თქმულება რაჭაშიც შემონახულა: როსტომ ერისთავს კარზე დიდად სახელგანთქმული მეჭაშნიკე ჰყოლია. როდესაც რაჭის მბრძანებელს იმერეთის მეფე სოლომონ I ესტუმრა, ერისთავმა გადაწყვიტა თავისი ჭაშნაგირის ხელოვნება მეფისათვის ეჩვენებინა. დეგუსტატორმა შესანიშნავად გამოიცნო თურმე ღვინის სადაურობა, თვისებები და იმასაც მიხვდა, თუ მის გამოსაცდელად სასმელში რა იყო შერეული. გადმოცემა მთელს რაჭაშია მოარული. აღნიშნული თქმულებათა ვარიანტები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება.
მოტანილი მასალები ღვინის დაჭაშნიკების მხოლოდ ფაქტზე მიუთითებს, მაგრამ როგორ და რითი წარმოებდა დაჭაშნიკება, ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. საბას მოეპოვება "ჭაშაკები სასმისი ჭურჭლები” (ლექს). შესაძლოა ისინი ჭაშნაგირთა სახმარებელი იყო. სირაჯებს ჩვეულებრივ "ნიტრით” ან ბოთლით უგზავნიდნენ ჭაშნიკს, რაც შედარებით ახალი მოვლენაა.
რაჭაში ღვინის დაჭაშნიკება ყოველი "უხადი” ჭურის მოხდის დროს იცოდნენ. ჭურიდან ახლადამოღებულ ღვინოს გამჭვირვალე ჭიქაში ასხამდნენ. მეჭაშნიკე ჯერ "მზეზე გახედავდა” – ფერს გაუსინჯავდა, ხოლო შემდეგ ყნოსვით "სულს” შეუმოწმებდა, ბოლოს გემოს გაუსინჯავდა. ამგვარად, ღვინის შეფასება ხდებოდა ფერის, სუნის და გემოს მიხედვით. თუ ამ სამი თვისების ბუნებრიობა დაირღვეოდა, მაშინ ღვინოს რაღაც "ხელი” ჰქონდა, რომლის გამოცნობა მეჭაშნიკის მოვალეობა იყო.
საინტერესოა ღვინოთა შეფასების ტერმინები. ცნობილი ქართველი მეცნიერი ვ. პეტრიაშვილი საგანგებოდ განიხილავს "იმ სიტყვებს, რომლებითაც ღვინის დამფასებელნი ღვინის ღირსებას და ნაკლოვანებას ჰხატავენ”, მკვლევარი შენიშნავს "სამწუხაროდ, კარგად არ ვიცი ამის შესახებ ქართული ტერმინოლოგია; შეიძლება, რომ ჩვენ ამისათვის ცოტა სიტყვები გვქონდეს და ისიც შესაძლებელია, რომ ჩვენი ენა მდიდარი იყოს ამგვარი სიტყვებით. ვინც ამ სიტყვების შეკრებას იკისრებს, ის დიდ ამაგს დასდებს ჩვენს მეღვინეობას. ამასთან ესეც უნდა აღვიაროთ რომ ამგვარი სიტყვები მხოლოდ საფრანგეთის ლიტერატურაშია კარგად შემუშავებული და ყველანი იძულებულნი არიან ეს სიტყვები იხმარონ. ამისათვის, ვიდრე ჩვენს სიტყვებს და გამოხატულებას შევკრებდეთ, იძულებულნი ვართ ფრანგული ტერმინოლოგია მოვიშველიოთ” (ვ. პეტრიაშვილი, ღვინის დაყენება. თბ. 1895, გვ. 413-4.). მაგრამ სწავლულმა მეღვინემ ბევრი ორიგინალური ადგილობრივი სიტყვა გამოავლინა, რითაც საფუძველი დაუდო ქართულ ენაზე ღვინის შეფასების მეცნიერულ ტერმინოლოგიას.
სულხან-საბა ორბელიანს ღვინის ღირსება-ნაკლოვანების დასაფასებლად მრავალი ტერმინი მოეპოვება: "ბლანდი მოსქე და მძიმე სასმელი ღვინო”; „დალეკება დათხლევება”; "მჟავე ესე არს რომელი თვით ბუნებით მჟავე იყოს, ხოლო პირველ არამჟავე რაიცა მომჟავდეს, ეწოდება წმახე და ღვინოსა კაცთაგან დამჟავებულსა, ანუ თვთ დამჟავდეს ეწოდების ძმარი. ხოლო მჟავისა გარდარეულობასა ეწოდების მყვირტლე, რომელსა მჟავისა და ტკბილისა საშუალი გემო ჰქონდეს ეწოდება მხე”; "კამკამი წყალი და ღვინო დაწმედილი გამჭვირვალი”; "წმიდა... ხოლო შეუმრღვეველთა ღვინოსა, ზეთსა და ეგევითართა არა ვიტყვით წმიდად არამედ დაწმედილად და კამკამად (კამკამულად) და მორავაყუნად”, "მორავაყუნი შეუმრღუეველად გაწურვილი ("ვისცა მორავაყუნი ღვინო არა მიხუდების თხლის სმა არა ებრალების”: ვისრამ.)”; "მჭახე ღვინო მოძმარებულივით”; "პირმომწიე მაჭარი ტკბილი და პირს მაჭიდარი” (ლექს. 1928) (სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან ჩვენ მხოლოდ ზოგიერთი ტერმინი მოგვაქვს).
ღვინოთა დამახასიათებელი ტერმინები ვახუშტის გეოგრაფიაშიც უხვადაა გაბნეული, მკვლევარის ცნობით, ატენში "დგება ღვინო წარჩინებული” (57, 10), ასევე ღვინო კონდოლისა წარჩინებული” (100 10) ყოფილა; ქსნის ხეობის ღვინოები "თხელი და მომჟავო (ა), გარნა სამო სასმელად” (70 29), ასევე ლიახვის ხეობაში "თხელი და მომჟავნო ღვინო” სცოდნია, მაგრამ "სასმელად მშვენი”, პანკისის ხეობის "ღვინო კეთილი და კარგი”-ა (102 36); ოკრიბული "ღვინო მსუბუქი მხე-გემოიანია” (165 14); ოდიშური "ღვინო მსუბუქი და კარგი(ა). აქა არს ღვინო ზარდაგი (აკად. ი. ჯავახიშვილის განმარტებით "ზარდაგი” სპარსული სიტყვაა, ოქროვანს, ოქროსფერს, ე.ი. ყვითელს ნიშნავს (მას. საქ. ეკონ. ისტ. წ. I, ნაკვ. იV-V, გვ. 72)), ფერისთვის ეგრეთწოდებული, ფრიად კეთილი, ძალიანი და ქებული ყოველთა შინა” (170 426); გურიაში მოდის "ღვინო კეთილი, მსუბუქი და შემრგო, გემოიან-სუნიანი მრავლად” (176 24); მთიულები "მოიღებენ ბარიდან ტკბილსა, შთაასხმენ აქა და ლომისას, და დადგების ღვინო კეთილი, თეთრი და ტკბილი” (160 10).
პროფ. ვ. ბერიძეს რაჭაში ჩაუწერია "ციცხინა (რჭ) ფუცხუნა ღვინო”. აღსანიშნავია აგრეთვე "ყეფა (დ.ყ.) ღვინის სიმაგრის გამოსახატავად. "ცოლიკოურის ღვინო ისე ყეფს, რომ ერთი ბოთლი კისერს მოგტეხს”; "ძელგი, მძლაგე ღვინო” (სიტ. კონ).
ქართული წერილობითი ძეგლებისა და დიალექტების შესწავლა ამ მიზნით უხვ მასალას გამოავლენს.
რაჭაში ჩვენს მიერ შეკრებილი იქნა ღვინის დაჭაშნიკებასთან დაკავშირებული ტერმინები: …
გაგრძელება იხილეთ აქ>>> vinoge.com