ცოტა კინოზე, მოდაზე და ისტორიაზე

Posted 5:01 PM by Nina in თემები , , ,

coco_chanel_01

ავტორი: ნინო კლარჯეიშვილი

შანელამდე ... არც დისნეი, არც ერკიულ პუარო 

ყველაფერი ახალი რომ კარგად დავიწყებული ძველია - ეს ფრთიანი ფრაზა, კონცეფციის თვალსაზრისით, აბსოლუტური სიზუსტით ერგება მოდას: დაასახელეთ ნებისმიერი ექსტრავაგანტული, ნოვატორული, შოკის მომგვრელი ავანგარდული, გნებავთ კონსერვატორული გამოვლენა მოდის სფეროში, რომ მას არ მოეძებნოს წინაპარი. მცირე ისტორიული ექსკურსი ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს; გავიხსენოთ XX საუკუნეს, რომელსაც დიზაინის თეორეტიკოსები მოდის რევოლუციის საუკუნეს უწოდებენ, წინ რა უსწრებდა:

ჩვ.წ-მდე I საუკუნეში რომაელმა ’’მოდელიორებმა’’ ტრადიციული ტოგა მსუბუქი ბერძნული ტუნიკით შეცვალეს, რითაც სენატორთა აღშფოთება გამოიწვიეს - მათ ამ სიახლეში რომის რესპუბლიკის ტრადიციულ ფასეულობებზე თავდასხმის საფრთხე ამოიკითხეს;
900 წელს, ჩინურ მატიანეში აღწერილია პატარა გოგონებისათვის ტერფების დაბინტვის წესი, რათა ფეხის ზომა მინიატურული ყოფილიყო. ეს ქალის სილამაზის ერთ-ერთი აუცილებელი ნიუანსია;
ლუი XV ფავორიტმა, მადამ დე პომპადურმა, შემოიღო მინიატურული ქისა ნელსაცხებლების და სხვა აუცილებელი ნივთების სატარებლად, რომელსაც "პომპადურკა" ეწოდა;
ნაპოლეონ III ცოლმა, იმპერატრიცა ევგენიამ პირადი მოდელიორი აიყვანა. მანვე საქვეყნოდ უარყო ფარჩის კაბა და განაცხადა, რომ ეს მატერია ფარდებისთვის უფრო გამოდგებოდა;
1860 წელს მყვინთავის კოსტიუმი ოფიციალურად აღიარეს ბრიტანელი ათლეტების უნიფორმად;
1939 წელს სკარლეტ ო’ხარამ მაინც შეიკერა კაბა ფარდისაგან;
1970 წელს შორტებმა დაიპყრეს ჯერ ევროპა, შემდეგ ამერიკა;
2000 წელს დონატელა ვერსაჩემ შექმნა კაბა ტუნიკის სტილში სახელწოდებით ’’ბერძენი ქალღმერთი’’.

ჩამოთვლამ ისე გამიტაცა, რომ მე-20 საუკუნეში უნებლიეთ შემოვიჭერი.

და მაინც, როდის დაიწყო ე.წ. ”ტანსაცმლის რევოლუცია”? დიზაინის თეორეტიკოსთა აზრით, მოდის ფენომენის ჩანასახი, XIV საუკუნეში, ევროპაში გამოიკვეთა. სწორედ მაშინ გაჩნდა მკერავის ხელობა - როგორც პროფესია. ტანსაცმლის კონცეფცია იცვლებოდა რელიგიის მიმართულების ცვლილების თუ საომარი გამარჯვებების კვალდაკვალ.

XVI საუკუნეში კულტურამ უკვე გააცნობიერა ახალი მოვლენის არსებობა და სახელიც შეურჩია - ”მოდა”. ეს პერიოდი ხასიათდება ისტორიული რეალობის ცვლილებებითა და ცხოვრების რიტმის დაჩქარებით, რაშიც, პრაქტიკულად, ადამიანთა სამოსიც იყო ჩართული. ამიტომ, ის იმაზე უფრო სწრაფად იცვლებოდა, ვიდრე გაცვეთას მოასწრებდა.

მაგრამ ამ ეპოქაში ტანსაცმლის დიზაინის შექმნის ახალ-ახალი იდეები ეკუთვნოდათ არა მკერავებს, არამედ ე.წ. დამკვეთებს. მკერავის ორსაუკუნოვანი პროფესია ემსახურებოდა მდიდარი კლიენტების ახირებებისა და ”მიგნებების’’ რეალიზებას. ამ უკანასკნელთა არჩევანი კი ქაოსური იყო, ყოველგვარი სტილისაგან დაცლილი, სადღაც ჟურნალებში ნანახი ან ბოჰემურ სალონებში თვალმოკრული. ქსოვილსა და ფერსაც დამკვეთი თავად არჩევდა, ასე რომ, მოდელიერის პროფესიის წინაპარს - მკერავს - მხოლოდ თარგის გამოჭრა და ნემსისა და ძაფის გამოყენებაღა ევალებოდა. ასეთი როლისაგან ისინი ჩარლზ უორტმა იხსნა. ეს XIX საუკუნეში მოხდა.

ერთი კალამბური მახსენდება: ორი დამწყები დიზაინერი შანელის სტილს განიხილავს. - სულაც არ მოუგონია მას ქალის შარვალი, ეს აღმოჩენა უოლტს ეკუთვნის, - კატეგორიულად ამბობს ერთი. - რომელს, დისნეის? - თვალებს აფახულებს მეორე...

იხილეთ ვრცლად>>>

http://www.polity.ge/



0 comment(s) to... “ცოტა კინოზე, მოდაზე და ისტორიაზე”