სამშობლო უპირველეს ყოვლისა

Posted 5:30 PM by anano in თემები , ,

ავტორი – მამუკა ღლონტი

სამოციანი წლების ბოლოს ქუვეითში მომიწია წასვლა, მაშინ ნავთობის განვითარების სქემებზე ვმუშაობდი ხარაგაულში. შეტყობინება რომ მომივიდა, ჭაბურღილთან ვიდექი, სხვა რა გზა მქონდა, ჩავალაგე ჩემოდანი და ქუთაისში გავემგზავრე. იქიდან თვითმფრინავი დაფრინავდა, მახსოვს, დიდი ასოებით ეწერა გვერდზე- `ქუთაისი-ელ ქუვეითი~. ელ-ქუვეითში ჩავედი თუ არა იქაური გიდი შემომეგება, მუჰამედი, ახალგაზრდა, შავულვაშა, დაძარღვული ბიჭი იყო. თავაზიანად მომესალმა და ერთ-ერთ საბადოზე წამიყვანა.
ქუვეითში თორმეტი წელი ვიმუშავე და 1971 წელს ისევ ხარაგაულში დავბრუნდი, ვერტმფრენით. იქ კიდევ სამი წელი გავატარე, სანამ თბილისში მთავარ ოფისში არ გადამიყვანეს. მე კი ჭაბურღილზე მერჩივნა, მაგრამ სამშობლომ ასე მოითხოვა. თბილისში რომ ჩავედი, პირველ რიგში ნავთობის დეპარტამენტის უფროსთან, გაიოზ ადამიასთან შევედი, ის ახალი დანიშნული იყო და არ ვიცნობდი. ვიფიქრე, გავიცნობ მეთქი. მისაღებში მდივანი დამხვდა. ძალიან გამიკვირდა,, როცა მდივნის პოსტზე ახალგაზრდა ლოყაწითელი მამაკაცი დავინახე. აქამდე დეპარტამენტში სულ ქალები მუშაობდნენ დივნებად. გავეცანი და ვუთხარი, რომ შიო ფასადური ვარ, ბატონი გაიოზის გაცნობა მსურს-მეთქი. რაღაც ცუდი თვალით შემხედა, შემდეგ კი უფროსის კაბინეტში შევიდა, გაიოზის ხმაც მალე მომესმა:-მობრძანდით, ბატონო შიოო,- გავიგონე მისი ოთახიდან. არ დავაყოვნე და შევედი.
გაიოზი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა, სუფთად გაპარსული პირისახით. რომ დამინახა, შეცბა. ვიფიქრე, ალბათ, ჩემმა ავტორიტეტმა თუ იმოქმედა ასე-მეთქი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს ასე არ იყო, გაიოზს რაღაც აწუხებდა, თვალებს ვერ მისწორებდა... და მეც დავეჭვდი. მოკლედ მიმოვიხილეთ ძირითადი სტრატეგიული მომენტები და დავშორდით. მთელი ღამე არ დამეძინა. გაიოზის სახე არ მიქრებოდა თვალებიდან. რას მალავდა ეს ადამიანი? რა აწუხებდა? რატომ ვერ მისწორებდა თვალებს? Aაი, ძირითადი კითხვები, რომელიც შემდეგ კიდევ რვა წელი არ მაძინებდა. ყოველთვის, როცა მას ვხვდებოდი, კინოში მივდიოდით თუ დაბადების დღეზე, ის ცდილობდა, თვალებში არ ჩაეხედა ჩემთვის. ვეღარ გავუძელი წამებას და გადავწყვიტე გამოცდა მომეწყო მისთვის.
შემოდგომის ერთ ნაღვლიან დღეს გაიოზი რესტორანში დავპატიჟე, თავიდან არ მომყვებოდა, უარზე იყო, მერე როცა შვილები დავაფიცე, უარი ვეღარ მითხრა და წამომყვა. რესტორანში მყუდროდ მოვეწყვეთ, ოფიციანტი რომ მოვიდა -ორი ღორის მწვადი მეთქი, ვუთხარი. გაიოზმა თავი ვერ შეიკავა და -ერთი ხბოსი იყოსო, თქვა. _ ღორის ხორცს არ ჭამ მუჰამედ? შევძახე და გაიოზი, იგივე მუჰამედი, რომელიც ელ-ქუვეითში მუშაობდა, იატაკზე დავაგდე...
მომავალში გაირკვა, რომ ის აგენტი იყო. მას 26 წელი მიუსაჯეს, მე კი ორდენი გადმომცეს, ოღონდ საიდუმლოდ, რომ არაბებს შური არ ეძიათ. ძალიან მიყვარდა გაიოზი, მაგრამ, სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!
შიო ფასადური

იხილეთ აქ...



0 comment(s) to... “სამშობლო უპირველეს ყოვლისა”