ტოტემი და ტაბუ (პოლინეზიის ველურ ტომებშიც ლიდერი ყოველთვის მართალი იყო!)
Posted 2:51 PM by Nina in თემები tavisufleba.org, ია ანთაძე, პოლიტიკა, საქართველო, ფსიქოლოგია
ავტორი ია ანთაძე
ტოტემი – ზოგიერთ პრიმიტიულ ხალხში: ცხოველი, რომელსაც თაყვანს სცემენ, როგორც ტომის წინაპარსა და მფარველს.
ტაბუ – პირველყოფილ ხალხებში: რაიმე მოქმედების, სიტყვის, საგნის აკრძალვა, რომლის დარღვევაც ზებუნებრივი ძალებისაგან მოვლენილ სასჯელს იწვევს.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბლოგისთვის ახალ წერილზე ფიქრი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებს და დონეცკის ამბების გამო ჩემს ენერგიულ პროტესტს დაემთხვა. რა საზოგადოება ვართ ჩვენ, სადაც ზოგიერთისთვის ყველაფერი დასაშვებია და ზოგიერთისთვის – ყველაფერი აკრძალულია?
ჩაიფიქრა მიხეილ სააკაშვილმა, რომ უკრაინის არჩევნების ბედი გადაეწყვიტა და საქმეს უკანმოუხედავად, ზვავის მონდომებით შეუდგა. ჩაიფიქრა გივი თარგამაძემ, რომ თავისი გრანდიოზული წვლილი შეეტანა სასურველი კანდიდატის არჩევაში და ორ დღეში კლასიკურ რევოლუციონერებს გაასწრო. კარგია თუ ცუდი ეს საქართველოს სახელმწიფოსთვის, მოგვწონს თუ არა ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს – ან ერთის და ან მეორის საქციელი, – ამას არავინ კითხულობს. ახლა მალე არჩევნების მეორე ტური ჩატარდება და, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის არ იყოს, წინასწარ ვიცით, რა უბედურებაც შეიძლება დატრიალდეს. ვიცით და გულხელდაკრეფილები ველოდებით!
ამიტომ, არც მიშაზე ვბრაზობდი, არც გივიზე, არც ვანოზე... ვბრაზობდი ჩვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც წლიდან წლამდე დადის არჩევნებზე და, როგორც წესი, ნაციონალურ მოძრაობას აძლევს ხმას – იმიტომ, რომ ვიღაცა დააშინეს; ვიღაცა მოისყიდეს; ვიღაცა აგიტაციით მოწამლეს; ვიღაცა ციხიდან გამოუშვეს; ვიღაცა რაღაცაში გამოიჭირეს; ვიღაცა დაჩაგრეს; ვიღაცა მოატყუეს და ვიღაცას, უბრალოდ, უყვარს პრეზიდენტი ისეთი, როგორიც ის არის...
ჰოდა, როცა ჩვენზე ვფიქრობდი, ხან რა გამახსენდა, ხან რა და ბოლოს ზიგმუნდ ფროიდის ძალიან ცნობილი ნაშრომი „ტოტემი და ტაბუ“ ამეკვიატა. „არააააა,“ – ვამბობდი, – „ნამეტანია!“ ორი დღე ვებრძოლე ჩემს თავს და ბოლოს დავნებდი: წიგნი ინტერნეტში მოვძებნე და კიდევ ერთხელ გადავიკითხე. მასში აღწერილია პრიმიტიული ხალხი, რომელიც ირჩევს ტოტემს (როგორც წესი, რომელიმე ცხოველს) და ამ ტოტემს მთელი ტომის მამად და მფარველ ანგელოზად აღიარებს. ტოტემის დაცვა და ხელშეუხებლობა გარკვეულ წესრიგს მოითხოვს, წესრიგი კი აკრძალვებს გულისხმობს. ეს აკრძალვები ტოტემს აძლიერებს, მის მტრებს კი ანადგურებს. ძირითადად, ორი წესია – ერთი: ტოტემის წევრებს შორის სექსუალური ურთიერთობა დაუშვებელია; მეორე: ტოტემის (ანუ ტომის მამის) მოკვლის მცდელობა ან მის მიმართ რაიმე აგრესია უმკაცრესად ისჯება.
ტოტემი და ტაბუ – ეს არის ხელშეუხებელი მამის ხატი და მის დასაცავად შექმნილი აკრძალვების ჩარჩო. წიგნში, ფაქტობრივად, ჩვენი ცხოვრებაა აღწერილი: პრიმიტიული ტომების არსებობის მთავარი ღერძი პირდაპირ არის გადმონერგილი 21-ე საუკუნის საქართველოში. ოღონდ, თანამედროვე ენაზე ტოტემისა და ტაბუს სისტემის ქართულ ვერსიას ჰქვია: „ლიდერი ყოველთვის მართალია!“.
„მბრძანებელს განსაკუთრებული უფლებები აქვს. მისთვის დასაშვებია ის, რაც სხვებისთვის აკრძალულია. მას შეუძლია, დატკბეს იმით, რაც სხვებისთვის ხელმიუწვდომელია ტაბუს გამო... ადამიანი, რომელიც არღვევს ტაბუს, თავად უნდა გადაიქცეს ტაბუდ, რათა მისი მაგალითი გადამდები არ აღმოჩნდეს. ეს ადამიანი სრულად უნდა გაირიყოს, ვიდრე მისი მიბაძვის სურვილი სხვებსაც გაუჩნდებათ.“ – აი, თუ ჩვენნაირები არ ყოფილან და თუ მშვენივრად არ სცოდნიათ გართობაც და „შავი პიარიც“; ეჭვი არ მეპარება, იმათაც საკუთარი სააკაშვილები და ნოღაიდელები ჰყავდათ.
უფრო მეტიც, ნაშრომის მიხედვით, „ტოტემიზმის სოციალური მხარე, პირველ რიგში, მკაცრად დაცული აკრძლავების და შეზღუდვების სისტემას მოიცავს. ტოტემის კლანის წევრები ერთმანეთის დები და ძმები არიან. მათ ერთმანეთის დახმარების და დაცვის ვალდებულება აქვთ. ტოტემის უღელი უფრო მძიმეა, ვიდრე ოჯახური უღელი. ტოტემისა და ოჯახის წევრობა კი ერთმანეთს არ ემთხვევა, რადგან ტოტემის მემკვიდრეობა, როგორც წესი, დედის ხაზით გადადის.“ ამ ეპიზოდის წაკითხვისას, ალბათ, მეც და თქვენც ერთი და იგივე ხალხი გაგვახსენდა. ოღონდ, ხმამაღლა ჩამოთვლა არ ღირს, საქმე დებს და დედებს ეხება...
და „რეალ ტვ“–ს სიუჟეტი თუ მოგაგონდათ, ზოოპარკში გადაღებული? „ცხოველური პოლიტიკა“ რომ ერქვა და პოლიტიკოსების ცხოველებთან მსგავსებაზე რომ გვიამბობდა? ეს სიუჟეტი ბევრმა მკვახედ შეიცხადა, ბევრმაც – ზრდილობიანად გაიკვირვა. მართლაც, მეტისმეტად არაეთიკური იყო, ოღონდ, მხოლოდ იმათთვის, ვინც ჯერ არ იცის, რომ ტოტემის ხანაში ვცხოვრობთ. მართალია, გურამ დონაძეს თავის მრუდესარკეებიან სამყაროში ცოტა ფოკუსი აერია, მაგრამ, მაინც, ზიგმუნდ ფროიდი ამ სიუჟეტს აუცილებლად DVD-ზე გადაწერდა და თავის წიგნს დაურთავდა, როგორც მისი თეორიის უკვდავების დასტურს.
როდესაც პრეზიდენტი დემოკრატიის რომელიმე მორიგ ტალღას გამოაცხადებს – და ამას აუცილებლად გააკეთებს, რადგან ის, რაც სამჯერ მოხდა, მეოთხედაც მოხდება – მე ყოველთვის ფროიდის „ტოტემი და ტაბუ“ გამახსენდება.